გაეროს კვლევების სკანდალური პუნქტი _ საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება

ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე (საპატრიარქოსთან დაკავშირებული სკანდალი, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები და ა. შ.) ჩრდილში დარჩა უმნიშვნელოვანესი პრობლემა: გაერომ საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე წლის წინათ სკანდალური მონაცემები გამოაქვეყნა _ 2050 წლისთვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, ხოლო სომხეთის მოსახლეობა _ 7%-ით იმატებს. კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი ირღვევა.

რას აკეთებს საქართველოს მთავრობა?! ადრე თუ გვიან, ყველა პრობლემა მოგვარდება, ერის გენოფონდის გადარჩენის გარდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე _ თამარ ჩიბურდანიძე:

_ რამ განაპირობა ასეთი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში? იქნებ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც გვითხრათ, თუ არსებობს საერთოდ ასეთი?

_ 2010 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოს 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება, ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით მცირდება, მაშინ, როცა ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის 7%-ით იზრდება. ამავე კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის კლება მხოლოდ ეთნიკურ ქართველებზე მოდის. კავკასიაში ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი, რაც თავისთავად ცვლის რეგიონულ პოლიტიკას. თუკი მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის მოსახლეობის ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე იყო, დღეს ეს ყოველი მე-6-ა. საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა 90-იანი წლების შემდეგ შეინიშნება. დაიწყო შიდა კონფლიქტებით, შემდეგ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რამაც ქვეყნიდან დიდი მიგრაცია გამოიწვია, ასევე, შიდა მიგრაციაც. მოსახლეობა თავის გადასარჩენად თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს დესტრუქციული რეგიონული განვითარება დაიწყო. ქვეყნიდან დღემდე გაედინებიან რეპროდუქციული ასაკის მქონე პირები, ძირთადად, ქალები. ბუნებრივია, შემცირდა შობადობა, ქორწინება, გაიზარდა აბორტების რაოდენობა, თანდათან ინგრევა ოჯახის ინსტიტუტის ღირებულებები. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი გათანაბრებული რეგიონული განვითარება ქვეყნის პოლიტიკის საყრდენია და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მას. არადა, ექვს რეგიონში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.

_ რომელია ის ექვსი რეგიონი?

_ რაჭა-ლეჩხუმი _ ქვემო სვანეთი, სამეგრელო _ ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი.

_ დარჩა რამე? მთიან რეგიონებში როგორი მდგომარეობაა?

_ საქართველოს მთა თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. 2003 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით, საქართველოს 162 სოფელი აბსოლუტურად გაუკაცრიელებული იყო, ხოლო 154 სოფელში 5 და ნაკლები კაცი ცხოვრობდა. გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ, ბოლო აღწერის შედეგად, 200-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით დაცლილია საქართველოს საზღვრისპირა ზოლი. აქ უკვე დემოგრაფიული ანექსიის საფრთხე იქმნება იმიტომ, რომ თუ ასახლდები, ჩასახლდება სხვა და ეს შემდგომში სწორედ ტერიტორიების დაკარგვას იწვევს. ამიტომ შემუშავდა „მთის კანონი“ და მთის ეროვნული საბჭო შეიქმნა, რომლის წევრი მეც გახლავართ. 1700-მდე სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა, რაც სერიოზულ შეღავათებს ითვალისწინებს. სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებში პირველი კრიტერიუმი სწორედ სოფლის დემოგრაფიული მაჩვენებლებია. კანონის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან მთაში, პირველ და მეორე ბავშვზე, 100-ლარიანი დახმარება გაიცემა ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად, ხოლო მესამე და შემდგომ ახალშობილზე კი _ 200 ლარი 2 წლის მანძილზე. მჯერა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ სერიოზულ სასიკეთო ცვლილებებს მივიღებთ და ბევრი მოქალაქე დაუბრუნდება თავის კერიას.

_ არ მჯერა. დასაწყისისთვის ცუდი არ არის, მაგრამ არასაკმარისია. სახელმწიფომ 4 წლის მანძილზე 300 მილიონამდე ლარი დემოგრაფიულ ინიციატივებში დახარჯა. ამან რა შედეგი მოგვცა?

_ შედეგად მოგვცა ის, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში შობადობამ საგრძნობლად იმატა, შემცირდა სიკვდილიანობა, განსაკუთრებით _ ბავშვთა სიკვდილიანობა; 9000 ერთეულით შემცირდა აბორტების რაოდენობა. გაიზარდა ქორწინებათა რაოდენობა. ეს ცოტაა? მსურს, ის ინიციატივები ჩამოგითვალოთ, რაც ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა მხოლოდ დემოგრაფიული მიმართულებით: მშობიარობების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ორსულობის მონიტორინგი, რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში ფოლიუმ მჟავის მიწოდება ორსულებისთვის, დეკრეტული შვებულების გაზრდა როგორც ფულადი ანაზღაურებით, ასევე დროის ხანგრძლივობით; 6 რეგიონში მესამე და შემდგომი შვილის დაფინანსება 2 წლის მანძილზე ყოველთვიურად ბარში 150 ლარის, ხოლო მთში 200 ლარის ოდენობით.

_ ორი წელი ძალიან ცოტა არ არის?

_ ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რისი საშუალებაც ჰქონდა, ის გავითვალისწინეთ. ჩვენ 6 წელი გვსურდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ინიციატივის შედეგია ის, რომ 2015 წელს მესამე და შემდგომ ახალშობილებში შობადობის პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს ინიციატივა სრულად ჩვენს ფონდში შემუშავდა და ამით განსაკუთრებით ვამაყობთ. გარდა ამისა, მომზადდა ინიციატივები აბორტების წინააღმდეგ. მაგალითად, აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადის გაზრდა 3-დან 5 დღემდე.

_ აი, ეს ბოლო, უბრალოდ, სასაცილოა…

_ რატომ? ბევრ ევროპულ სახელმწიფოში აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 7 და 10 დღეც კი არის და ცდილობენ, დედა მაქსიმალურად გადაარწმუნონ, რომ უარი თქვას აბორტზე. გეთანხმებით, რომ ეს 5 დღე თუ არ დაიტვირთა, ეფექტი არ ექნება. ჩენ გვსურს, რომ ეს დღეები დაიტვირთოს ფსიქოლოგის, გინეკოლოგის და თუ სურვილი ექნებათ, სასულიერო პირთან კონსულტაციებით. 2014 წელს სელექციური აბორტების აკრძალვა მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა და რაც მთავარია, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, უკანონო აბორტებზე სასჯელი გამკაცრდა, რაც პირველივე შემთხვევაზე პატიმრობით ისჯება; ასევე, განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი. უკვე თითქმის მიღებულია კანონი შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ. გარდა ამისა, 2016 წლის ივნისში, ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით და პარლამენტის დადგენილებით, მიღებულია ორი მსხვილი დოკუმენტი: დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი და დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური დოკუმენტია, რაც კი საქართველოს პარლამენტს ოდესმე მიუღია.

_ მაშინ 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები ნეგატიურად რატომ არის შეცვლილი და მდგომარეობა გაუარესებულია?

_ ამას ველოდით და ამის შესახებაც არაერთხელ განგვიცხადებია.

_ რას აცხადებდით, რომ შობადობის კლება გარდაუვალია?

_ დიახ! ეს არის 20 წლის წინათ განვითარებული მოვლენების შედეგი. საქმე ის გახლავთ, რომ 1990-იან წლებში საქართველოში დაიბადა 455 000 გოგონა, ხოლო 2000-იანი წლებში _ 224 000. ეს თაობა სწორედ ახლა შედის დედობის ასაკში და განახევრებული გოგონების რაოდენობა, ბუნებრივია, განახევრებულ შობადობას მოგვცემს.

_ რა პერსპექტივა გვაქვს?

_ პერსპექტივა არის ის, რომ ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებით უნდა ავიცილოთ ის სერიოზული კატასტროფა, რაც გველის. არადა, ეს რეალურია. ეს ცუნამია. ჩვენ ვცდილობთ, ცუნამი ძლიერი ღელვით შევცვალოთ. კრიზისი უკვე გვაქვს და სწორედ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად შეიქმნა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, რასაც ახლა უნდა მოჰყვეს 2020-2050 წლების სამოქმედო გეგმის შედგენა. კონცეფცია პარლამენტმა მიიღო და იგი პრემიერთან ეროვნული საბჭოს შექმნას განსაზღვრავს. სწორედ ამ საბჭომ უნდა წარმართოს შემდგომში ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს შედეგს, ამიტომ ამ თემით პიარს არავინ ვაპირებთ. ეს მხოლოდ უზღვავი შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. სხვანაირად ქართველი ერი გადაშენდება, დამიჯერეთ. ამას როგორც სპეციალისტი, ისე გეუბნებით.

_ მაშინ, თუ ეს ასეთი დიდი პრობლემაა, ხომ შეიძლებოდა, ამაზე მუშაობა უფრო ადრე დაგეწყოთ?

_ ამაზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 90-იან წლებში უნდა დაწყებულიყო. მით უმეტეს, 2002 წლიდან, როდესაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა და უმძიმესი შედეგები მივიღეთ. მოგვიანებით, 2010 წელს, როდესაც გაერომ ეს კვლევა წარმოადგინა, მე მაშინ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი და სხვადასხვა მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ამ თემაზე მუშაობის დაწყება ვერ შევძელით. 2012 წელს ეს პროექტი მაშინდელი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან შევიტანე. სწორედ ის გახლდათ ხელისუფლების მხრიდან ამ პროექტის დაწყების ინიციატორი, ხოლო არასამთავრობოებიდან მე ვხელმძღვანელობდი. 4 წლის მანძილზე, მართლაც, ჯოჯოხეთურად ვშრომობდით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ასევე მომავალშიც ვაგრძელებთ. განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ხანდაზმული მეცნიერი, დემოგრაფი ბატონი ანზორ თოთაძე, რომელიც ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჩვენზე მეტი ენერგიით მუშაობს და რაგინდ არ უნდა გაგიკვირდეთ, მოხუცებულ პროფესორს თავისი ხელფასი მოაქვს უნივერსიტეტიდან და ფონდში რიცხავს, ხან საკუთარ წიგნებს გამოსცემს, ხან კვლევებს აკეთებს. ეს პიროვნება ყველას გვაოგნებს. ის ამ თემაში ჩვენი მასწავლებელია და ძირითად მიმართულებებს სწორედ ის გვაძლევს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი რეკავს და დახმარებას გვთხოვს, ჩვენც ვუხსნით, რომ ფონდი ამ მიმართულებით არ მუშაობს. დიახ, ჩვენს წესდებაში წერია, რომ ერთ-ერთი საქმიანობა ქველმოქმედება უნდა იყოს, მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა მიმართულებით ვმუშაობთ. როდესაც დავფუძნდით, ფულადი შემოწირულობა რამდენიმე პირმა გააკეთა, მათ შორის, დეპუტატებმაც, ოღონდ არა დიდი. ამ თანხით ვეხმარებოდით მრავალშვილიან ოჯახებს და მშობიარობის თანხას ვუფინანსებდით. შემდგომ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, მათ ამ კუთხით დახმარება აღარ სჭირდებოდათ. თავიდანვე ერთ რამეს მივხვდით, ან უნდა გვემუშავა ფულის მოზიდვაზე და გაცემაზე,  ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც არსებითად არაფერს ცვლიდა, ანდა დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაზე გვემუშავა, რომელიც უამრავ კვლევასა და ანალიზს მოიცავდა საზოგადოების ჩართულობით. გამომდინარე იქიდან, რომ ერთჯერადი დახმარებებით დემოგრაფიულ სურათს ქვეყანაში ვერ შევცვლიდით, მეორე გზა ავირჩიეთ, უფრო რთული და საპასუხისმგებლო _ დემოგრაფიული ინიციატივების შემუშავება და სახელმწიფოს მხრიდან ამის განხორციელება.

_ თუკი ამ გზას ირჩევდით, მაშინ რატომ შეიყვანეთ 6 მილიონერი ფონდში, მათ შორის, ლევან ვასაძე, ზაზა ნიშნიანიძე, პაპაშვილი და ა. შ.? გააკეთეს რამე? მაგალითად, დააფინანსეს მშობიარობა, 10-შვილიან ოჯახებს პენსია ან შემწეობა დაუნიშნეს და ა. შ.? მე როგორც ვიცი, არც არაფერი.

_ ხომ გითხარით, თავიდან ჩვეულებრივი საქველმოქმედო ფონდის პროექტი შევიმუშავეთ, რომელიც გულისხმობდა სამეთვალყურეო საბჭოში ბიზნესმენების შეყვანას. რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მეორე მიმართულებით გვემუშავა და უფრო მეტი გაგვეკეთებინა, ვიდრე ერთჯერადი დახმარებები იყო.

_ გასაგებია, ანუ თანამშრომლობა შეწყვიტეთ?

_ ამ მიზნით ბიზნესმენებთან თანამშრომლობა შევწყვიტეთ, თუმცა მეგობრობა გრძელდება და ჩვენ ყველანი ამ იდეას დღემდე ვემსახურებით. მათ თითოეულს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. დემოგრაფიული პრობლემა მასშტაბურია და გლობალური მიდგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა ხელისუფლებასთან ერთად. რაც მთავარია, ყველა ადამიანის სიცოცხლეს უკვე სახელმწიფო აზღვევდა და ჯანდაცვის მხრივ პრობლემები დიდწილად მოიხსნა.

_ კითხვას მივუბრუნდები: თქვენ შეწყვიტეთ მათთან ურთიერთობა, მაგრამ ვასაძემ ცალკე ფონდი დააფუძნა და იქ ბიზნესმენებმა გადაინაცვლეს. შედეგად რას ვხედავთ? _ ზაზა ნიშნიანიძე, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი, მერიასთან ერთად სხვადასხვა კომერციულ პროექტშია ჩართული. „ქრონიკა+“ უკვე წერდა ამაზე და მის კორუფციულ სქემაზე…

_ რაც შეეხება ბატონ ლევან ვასაძეს, დიახ, მან ჯერ ფონდი დააფუძნა, ხოლო შემდეგ _ დემოგრაფიული სააზოგადოება. ეს ორგანიზაცია ძალიან კარგად მუშაობს და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის; ხოლო რას საქმიანობს ბატონი ზაზა ნიშნიანიძე, ან სხვა ბიზნესმენი, ამ საქმეში არ ვერევი და არც ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მათ პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ ფონდის სამი დამფუძნებელი პოლიტიკოსია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ფონდი პოლიტიზებული არ გავხადოთ და არავინ გამოიყენოს ვინმესთან დაპირისპირებისთვის. პირიქით, ჩვენს სამუშაოებში ხშირად მონაწილეობს ბატონი გიგი წერეთელი და ძალიან კარგ იდეებსაც გვთავაზობს.

_ ბიზნესმენებზე საუბარს თავს არიდებთ? ნიშნიანიძეზე გკითხეთ, ერთი საქმე დამისახელეთ მისი ქველმოქმედებიდან…

_ მირჩევნია, ჩვენი ფონდის საქმიანობაზე ვისაუბროთ.

_ ფონდისა, რომელსაც დაფინანსება არ აქვს და ეს არც არავის ადარდებს?

_ ხომ გითხარით, ჩვენ გადავწყვიტეთ ასე. როდესაც სახელმწიფო პროგრამაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას დავამთავრებთ, მერე ამაზეც ვიფიქრებთ. რადგან ძალიან გაინტერესებთ, გეტყვით, რომ დაფინანსების მხრივ პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს კერძო სექტორიდან. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. წარმოიდგინეთ, ყველა დემოგრაფიული ინიციატივის განხორციელებაზე სახელმწიფომ 4 წლის მანძილზე 300 მილიონამდე ლარი გაიღო და ეს მხოლოდ დასაწყისია, მუშაობა გძელდება. ამ თანხის შეგროვება ჩვენს ფონდს და, ზოგადად, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი გზა ავირჩიეთ და ვზრუნავთ არა ცალკეულ ოჯახებზე, არამედ, ყველაზე. რაც შეეხება ფონდს, სახელის გადარქმევა გვსურდა, რადგან პირდაპირ ფულთან ასოცირდება, მაგრამ დაფუძნებიდან მალევე „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ ბრენდი გახდა. დემოგრაფიული თემის პოპულარიზაცია დღეს სწორედ ჩვენი ორგანიზაციის დამსახურებაა, ამიტომ გადავიფიქრეთ.

_ თქვენ ხელფასს არ იღებთ?

_ არა, ფონდის თანამშრომლებს მხოლოდ სამჯერ ჩავურიცხე ხელფასი და ერთი ხელფასი ყველამ უკან გადმორიცხა ქველმოქმედების მიზნით. ცალკეულ პროექტებში ერთჯერადი ანაზღაურება აქვთ, ისიც, იშვიათად. მე არასოდეს ერთი თეთრიც არ ამიღია ამ ფონდიდან, პირიქით, რამდენჯერმე მაქვს შეტანილი ჩემი თანხა სხვადასხვა პროექტისთვის, ისევე, როგორც სხვებს.

_ კარგით, ასე უფულოდ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას?

_ დამიჯერეთ, ფული არ არის აქ მთავარი. სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მხრიდან. სოლიდური დაფინანსება არავისთვის გვითხოვია. დღესდღეობით, ცალკეულ პროექტებს ან ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ, ან ერთჯერადი სპონსორები გვყავს. ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებს, ძირითადად, კულტურის სამინისტრო, ან მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. მუშაობას ვაგრძელებთ საპარლამენტო კომიტეტებთან და მთავრობასთან ერთად. მოვამზადეთ რამდენიმე ინიციატივა და პროექტი. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის განვითარების პირველ ეროვნულ ფორუმს ვამზადებთ, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ფორუმი მიზნად ისახავს საზოგადოების სრულ ჩართულობას. ქვეყანას იმდენად მძიმე დემოგრაფიული პრობლემები აქვს, რომ მხოლოდ სახელმწიფო და ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ყველამ უნდა გაიღოს თავისი წილი. ევროპული სახელმწიფოების მაგალითმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ ფულადი დახმარებები მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.

_ აბა, სხვა რა გამოსავალს ხედავთ?

_ ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს პატრიარქის ინიციატივა, როდესაც მისმა გადაწყვეტილებამ ნათლობასთან დაკავშირებით ათასობით ახალშობილი შეჰმატა ქვეყანას. სწორედ ასეთი ინიციატივები გვჭირდება, მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებით. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინიციატივების პარალელურად. ცალკე სახელმწიფო და ცალკე საზოგადოების ქმედება შედეგს ვერ მოგვცემს, ეს ერთობლივად უნდა მოხდეს.

_ და მაინც, თამარ, მიუხედავად თქვენი ასეთი შრომისა, 2016 წლის პირველი ექვსი თვის შედეგები მაინც მძიმეა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.

_ დიახ, მძიმეა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ პირველ 6 თვეში შობადობამ 1200 ერთეულით იკლო. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ. საქართველოს უარესი დროც ახსოვს. მაგალითად, მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა 400 000-მდე შემცირდა შავი ჭირის გამო, მაგრამ საუკუნის ბოლოს მილიონამდე გაიზარდა. დღეს ევროპული სახელმწიფოები, ასევე იაპონია და უკვე ამერიკაც კი ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ ასეთი ფინანსები არ გვაქვს, მაგრამ შემოგვრჩა ის, რაც სხვებისთვის უცხოა _ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტინქტი. ერთ-ერთმა საერთაშორისო ექსპერტმა გვითხრა, რაც საქართველოში პატრიარქის ინიციატივის შედეგად ხდება, მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობსო. ამიტომ გვსურს საზოგადოების მაღალი ჩართულობა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როდესაც შობადობა იკლებს და ხანდაზმულთა რაოდენობა ყოველწლიურად, თითქმის, 10 000-ით იმატებს.

_ ამ უკანასკნელთა ზრდა რამ გამოიწვია, პენსიები მიზერული აქვთ.

_ ამის საფუძველი, ძირითადად, კვლავ დემოგრაფიული პროცესებია მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. ამ ათწლეულში საქართველოში შობადობის ნამდვილი ბუმი იყო. სწორედ ეს თაობა შედის დღეს საპენსიო ასაკში, რაც სახელმწიფოს მძიმე ტვირთად დააწვება. ერის დაბერების ასეთ ტენდენციებს ვერ გაუძლო ძლიერი ევროპული სახელმწიფოების ბიუჯეტმაც კი. მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც ერის დაბერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ჩვენთან 75 წელს მიაღწია. ეს, ზოგადად, პოზიტიური პროცესია, მაგრამ მას უნდა მიჰყვებოდეს შობადობის ზრდა, რაც ჩვენთან არ ხდება. საქართველოში ხანდაზმულთა წილობრივი მაჩვენებელი იზრდება მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შეფარდებით და ბავშვების რაოდენობა მცირდება. XX საუკუნის შუა წლებში საქართველოში ბავშვების რაოდენობა 700 000-ით აღემატეობდა ხანდაზმულთა რაოდენობას. დღეს კი, პირიქითაა, ხანდაზმულთა რაოდენობა 100 000-ით აღემატება ბავშვების რაოდენობას. ქვეყნიდან გაედინება მუშახელი, ანუ მწარმოებელი ფენა, ასევე, ახალგაზრდობა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი ხდება მხოლოდ გამცემი და არა მიმღები. ეს არის წორედ დემოგრაფიული კრიზისი ქვეყანაში, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ სერიოზული პოლიტიკა არ ვაწარმოეთ.

_ ამას ემსახურება ახალი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში?

_ დიახ, ეს აუცილებელია. გარდა ამისა, სხვა მიმართულებითაც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე შარშან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ერთი წლის მანძილზე მუშაობდა, რაშიც ჩვენი ფონდი აქტიურად იყო ჩართული. სახელმწიფომ სრულად უნდა გამოიყენოს ხანდაზმულთა გონებრივი და ფიზიკური რესურსი და, ამასთანავე, მათზე ზრუნვაც გააძლიეროს. სწორედ ამისთვის შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთავრობისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას საჭიროებს. გარდა ხანდაზმულებისა, სახელმწიფომ ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა გააძლიეროს. უნდა გავზარდოთ უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მაჩვენებლები, რათა ჩვენი ახალგაზრდები ქვეყნიდან სასწავლებლად უცხოეთში არ გარბოდნენ. ჩვენ ახალგაზრდული კვლევა ჩავატარეთ და გამოკითხული 500 სტუდენტიდან 400-ზე მეტმა გვითხრა, რომ უცხოეთში წასვლა სურს სწავლის გასაგრძელებლად, ამათგან 80%-ს უკან დაბრუნება არ უნდა. ეს მწარე რეალობაა. მეტიც _ ეს კატასტროფაა!

_ ამისთვის ძლიერი ეკონომიკა და დასაქმების პრობლემის მოგვარება გვჭირდება, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

_ ზოგადად, დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა, რადგან კოლოსალურ თანხებს მოითხოვს. ამის გაკეთება წამყვან ევროპულ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ. დასაფასებელია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის პირობებში ხელისუფლებამ ამ ურთულესი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყო. თუმცა აქ მარტო ფინანსები არ წყვეტს საკითხს. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია მიგრაციის თემა. თითქმის ნახევარი საქართველო უკვე უცხოეთშია. ამ ვითარებაში მსურს, დავეთანხმო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ორმაგი მოქალაქეობა მისცეს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რათა მუდმივი კავშირი ჰქონდეთ საქართველოსთან და თავიანთი რესურსი ქვეყანას მოახმარონ. ასევე მისასალმებელია დისტანციური სწავლების ონლაინ პროგრამა, რაც განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმოადგინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო შობადობის გაზრდა, არამედ, ხარისხიანი ქართველების აღზრდაც. მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ბავშვებისთვის ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამ პროგრამებისა, პრობლემა იმდენად დიდია, რომ აუცილებელია უფრო ფართოდ და ეფექტიანად განხორციელდეს დამატებითი ინიციატივები. მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. ჩვენ 1 წლის მანძილზე ვაკეთებდით კვლევებს მათი პრობლემების შესახებ. შევხვდით სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს და შედეგები ჯანდაცვის კომიტეტს გადავეცით. შედეგები საზოგადოებისთვის მალე იქნება ცნობილი.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ თუნდაც აქტიურ პოლიტიკაში ვიყო, აუცილებლად განვაგრძობ  დემოგრაფიული მიმართულებით მუშაობასო. რას გულისხმობდით,  პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებთ?

_ თქვენ არც ერთ ფარაზას არ უშვებთ. ამჟამად აქ ვარ, „დემოგრაფიულ ფონდში“ და ვთანამშრომლობ უნივერსიტეტებთან, როგორც პოლიტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი.

_ 2008-2012 წლებში აქტიურ პოლიტიკაში იყავით. ედუარდ შევარდნაძის რჩეულიც კი ბრძანდებოდით, არა?

_ ეს რა არის, მწარე კრიტიკაა?! ჩემს ბიოგრაფიას კარგად გასცნობიხართ, თუმცა აქ შეცდით. მე ედუარდ შევარდნაძის რჩეული არ ვყოფილვარ, მან, უბრალოდ, „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ფრთაში გაწევრიანება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. სამჯერ გამომიგზავნა კაცი და სამივეჯერ უარით გავისტუმრე.

_ რატომ?

_ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ახალი მისული ვიყავი. მაშინ, ძირითადად, ეს ტელევიზია მუშაობდა და იქ მოხვედრა ნამდვილი სასწაული იყო. მე დიპლომი ტელე-ჟურნალისტიკაში დავიცავი და ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 22 სტუდენტიდან მხოლოდ 2 დაგვტოვეს. ეს ისეთი ბედნიერება იყო, რომ ნამდვილად ვერ დავთმობდი ჟურნალისტის თავისუფლებას და ამ პერსპექტივას. თუ ჟურნალისტი ხარ, არ უნდა გახვიდე ამ სფეროდან ისე, რომ რაღაც ღირებული არ გააკეთო. მე სხვადასხვა გადაცემა მქონდა, მაგრამ, ძირითადად, სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებს ვამზადებდი. მაშინ დოკუდრამა პირველად მე გამოვიყენე და ახლად გასაიდუმლოებულ საარქივო მასალებზე ვმუშაობდი. მეორე მიზეზი, თუ რატომ არ წავედი მაშინ პოლიტიკაში, იყო თავად შევარდნაძის პოლიტიკა და  გარემოცვა. როდესაც მისი წარმომადგენელი ჩემთან ტელევიზიაში მოვიდა, „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის სია მაჩვენა, სადაც მე-12 ვეწერე. მაშინ, შევარდნაძის მითითებით, საქართველოს ყველა რაიონში ძლიერ აქტივისტებს ეძებდნენ. მე სკოლა ქუთაისში დავამთავრე და ბოლო წლებში ქალაქის მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, შემდგომ, _ ეროვნულ მოძრაობაში. მახსოვს, იმ სიის ჩამონათვალში არც სააკაშვილი და არც სხვა დღევანდელი ლიდერები, ჯერ კიდევ, არ იყვნენ. შევარდნაძის წარმომადგენელი ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო და მითხრა, პრეზიდენტი უცხოეთში სწავლას გპირდება, რაზეც შენ ასე ოცნებობდიო. უცხოეთში სწავლა მართლაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მაშინ ასე გადავწყვიტე. თუმცა, ახლანდელი გადასახედიდან და იმ სიიდან რომ ვაკვირდები, თურმე, რამდენჯერ დეპუტატობაზე ან შესაძლო მინისტრობაზე მითქვამს უარი. მოგვიანებით, ქალბატონმა ნანული შევარდნაძემ მითხრა, გავა დრო და ინანებ, ეს შანსი რომ არ გამოიყენეო.

_ ნანობთ?

_ არა, პოლიტიკაში მაშინ წავედი, როცა მე თვითონ მივიჩნიე საჭიროდ. რატომღაც, ფიქრობენ, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკიდან გავედი. მე პოლიტიკიდან არასოდეს წავსულვარ. უბრალოდ, ერთი დიდი და ყველაზე პრობლემური პროექტი დავიწყე. დემოგრაფიული პოლიტიკა პოლიტიკების პოლიტიკაა, რადგან თითქმის ყველა სფეროს ეხება. როდესაც შენ მიერ დაწერილ ინიციატივებს სახელმწიფო ახორციელებს, როგორ შეიძლება, პოლიტიკადან გასულად იგრძნო თავი? რაც შეეხება აქტიურ პოლიტიკას, რაც თქვენ გაინტერესებთ, ჯერჯერობით, მეცნიერებაში ვარ დაკავებული, თუმცა ის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აქტიურ პოლიტიკაში აუცილებლად დავბრუნდები. დღესდღეობით კი ამ პროექტში ვარ და მიმაჩნია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორი, მედია თუ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს თითოეული მოქალაქე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს _ ერის გენოფონდის გადარჩენას.

 

თამარ როსტიაშვილი