გადასახადები გაიზარდა, რა ელის ბიუჯეტს და რიგითი მოქალაქის ჯიბეს?

წლის დასაწყისში დაანონსებული აქციზის გადასახადის ზრდა დღეს უკვე მხოლოდ ანონსად აღარ დარჩა. იგი აქტიურად აისახა ავტომობილებზე, საწვავზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე _ სამომხმარებლო ბაზარზე. არა თეთრებით, არამედ რამდენიმე ლარით გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, რომლის ყოველდღიურად გამოყენებას საზოგადოება აქტიურადაა მიჩვეული.

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა საწვავისა და თამბაქოს შემთხვევაში:

1 ტონა ბენზინზე აქციზის ღირებულებამ 250-დან 500 ლარამდე მოიმატა.

დიზელზე _ 150-დან 400 ლარამდე, გაზზე _ 80-დან 200-მდე.

გაძვირდა მოწევაც: თამბაქოს მომხმარებლებისთვის იგი კონკრეტული ბრენდის მიხედვით მერყეობს და 60 თეთრიდან 1 ლარამდე იზრდება.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის გათვლებით გადასახადების ზრდა ავტომობილებზე მოთხოვნას 25%-ით შეამცირებს, ბიუჯეტი კი თამბაქოს აქციზის ზრდასთან ერთად დამატებით 45 მილიონ ლარს მიიღებს _ ეს მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ როგორ აისახება ბიუჯეტზე შემცირებული მომხმარებლების რაოდენობა, შესაბამისად შემცირებული შემოსავლები კომპანიიდან, ეს უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს და, რა თქმა უნდა, მომავლისთვის ბიუჯეტზე დადებითად ასახვის პერსპექტივას არ იძლევა.

საზოგადოება ცალსახად უჩივის სამომხმარებლო კალათაზე გაზრდილ ფასებს, ამის ფონზე კი იმედის სხივი, ცხადია, კარგა ხანს არ გამოჩნდება, რადგან წლის დასაწყისში გაზრდილი აქციზის გადასახადის შემცირების ტენდენცია უკვე მმართველი გუნდისადმი უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს და ამას თავად, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ.

აქეთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის თქმით, მომატებული აქციზის გადასახადის ტარიფის საცალო ქსელში ასახვა, საშუალოდ, 20-25 თეთრის ფარგლებში უნდა მოხდეს. ხოლო ის, თუ რომელი ოპერატორი კომპანია როდის, ან რა დოზით მოუმატებს ფასებს _ უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია. მთვრალაშვილს არც იმის თქმა შეუძლია დაზუსტებით, რომ აქციზის გადასახადიდან გამომდინარე ფასის მატება ამით დამთავრდება, შესაბამისად, მეტი უნდა გადავიხადოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებისა და მისი ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე ასახვის იმედით.

 

„ქრონიკა+“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებით დაინტერესდა. გთავაზობთ როგორც იურისტის, ასევე ეკონომიკური ექსპერტების მოსაზრებასა და პროგნოზებს:

 

აკაკი ჩარგეიშვილი _ ბიზნსეს-სამართლის სპეციალისტი:

_ სიტუაცია შემდეგია: 2017 წლიდან მეტი ოცნება ხალხს! შესაბამისად, აქციზის გადასახადი გაიზარდა, თითქმის, ყველაფერზე _ ეს შეეხება საწვავს, საავტომობილო ტრანსპორტს, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდის, თამბაქოს, ალკოჰოლურ სასმელს. გარდა ამისა, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ქონების გადასახადს იხდიან (ის პირები, რომელთა ქონება და შემოსავალი 40 000 ლარის ზემოთაა, ავსებენ დეკლარაციას და ყოველი წლის 15 ნოემბრამდე, უძრავი ქონების ღირებულებიდან გამომდინარე, იხდიან 1%-მდე გადასახადს, ანუ გააჩნია, რა ქონება გაქვს და, შესაბამისად, გააჩნია, რამდენი გაქვს შემოსავალი _ ამის მიხედვითაც ემატება გადასახადი). ადრეული სისტემით ისინი არსებული უძრავი ქონების ღირებულებიდან გამომდინარე იხდიდნენ, ამ შემთხვევაში კი, გარდა უძრავი ქონებისა, ავტომობილის საკუთრებაში ყოფნის გადასახადი დაემატათ.

_ რაც შეეხება საშემოსავლო 20%-იან გადასახადს, მისი გაზრდა თუ იგეგმება?

_ დიახ, ეს გადასახადი არის 20% და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ოფიციალური კანონის მიხედვით, ამ ტიპის გადასახადის გაზრდა საჭიროებს საერთო-საყოველთაო რეფერენდუმს, აქედან გამომდინარე, თუ დღევადელ კონსტიტუციაში ამ საკითხზე რაიმე არსებითი ცვლილება შევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება. აქ აქციზი გამონაკლისია, რომელიც უკვე გამოიყენეს. მას არ სჭირდება რეფერენდუმი და არც ჩატარებულა. ახალი გადასახადის შემოღებას, ან ზრდას კი რეფერენდუმი სჭირდება. ამიტომ თუკი კონსტიტუციური ჩანაწერი შეიცვლება და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ სპეციალურ კანონში რაიმე ცვლილება შევა, მაშინ პარლამენტს რეალური შესაძლებლობა ექნება, რომ ახალი გადასახადი შემოიღოს, ან არსებული გაზარდოს.

_ ამ კონკრეტული შემთხვევისკენ ხომ არ მიდის გზა?

_ სამწუხაროდ, საკოსტიტუციო კომისის მუშაობას ძალიან აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ რასაც ვადევნებ, იქიდან ვიცი, რომ, ჯერჯერობით, საუბარია ადამიანის უფლებების ნაწილზე და მას ჯერ არ გასცდენია ამ კომისიის მსჯელობა, მუშაობა (ეს მეორე თავია). რაც შეეხება გადასახადებს, ეს უკვე შემდგომ, კონსტიტუციის მე-6, მე-7 თავებშია მოცემული, ამიტომ ჯერ განხილულიც არ ყოფილა, რომ ვიცოდეთ. თუ რაიმე განხილვები დაიწყება, გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება.

 

დავით ასლანიშვილი _ ეკონომიკის დოქტორი:

_ როგორ აისახება გაზრდილი გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტზე?

_ აქციზი თუ პირდაპირი შემოსავალი, მოკლევადიან ეფექტში ბიუჯეტში შევა, თუმცა თუ ეს ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდა და მოსახლეობაზე წნეხმა იმატა, მაშინ უკვე, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედებს, მომხმარებლები შემცირდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება აქ _ თუ ნავთობზეა საუბარი, ნავთობის ფასი ზემოთ წავა თუ ქვემოთ? _ არ ვიცით. ვალუტის კურსი აიწევს თუ დაიწევს? _ არ ვიცით.

ახლა ამერიკასა და OPEჩ-ს შორის ნავთობზე დიდი ომი მიდის. რაც ტრამპმა გამოაცხადა, მას შემდეგ, შეიძლება, ნავთობის ფასი მკვეთრად დავარდეს. ასე რომ მოხდეს, აქციზის ეფექტი ისეთი დამანგრეველი და ნეგატიური არ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, როგორსაც ვვარაუდობთ, მაგრამ აქ ახლა მხოლოდ ემპირიულ ფაქტებს ვიკვლევთ, ჩვენ არ ვიცით, მოვლენების განვითარება როგორი შეიძლება იყოს.

თუ ნავთობის ფასი და დოლარიც გაიზარდა, მაშინ საშინელება იქნება! რა თქმა უნდა, თუ ყველაფერს ზრდა მოჰყვა, გრძელვადიან პერიოდში ეს მოხმარების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტში შემოდინების ზრდასაც კი. რამდენიმე ეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტორი, როგორ იმოქმედებს გრძელვადიან პერიოდში ფასწარმოქმნაზე, ჩვენთვის უცნობია და ტრენდის დანახვა საკმაოდ რთული და ბუნდოვანია. ჩვენ  არ ვიცით, რა პოლიტიკას მიჰყვება აშშ? გაზრდის თუ ვერა ნავთობის წარმოებას თავის ტერიტორიაზე? როგორ იმოქმედებს ეს მთლიანად ნავთობის ფასზე მსოფლიოში? რა მოუვა აშშ დოლარს? რა მოუვა ლარს ცალკე? და ამათ თუ დავაჯამებთ, რაღაც სურათს მივიღებდით. სწორედ ესაა  დღევანდელი და მომავალი სიტუაცია.

_ როგორი იქნება თქვენი პროგნოზი?

_ კურსის პროგნოზი, პირდაპირ და უშუალოდ, ლარიზაციის პროგრამაზეა დამოკიდებული. ახლა აზრი არ აქვს ამაზე საუბარს, 17 მარტს მორჩება ეს პროგრამა და გვექნება თუ არა მისი შედეგი, ხალხმა გაალარა თუ არა?..

რეფინანსირების სესხმა იმატა, ამან დამატებითი ფაქტორი შემოიტანა, ეს პროგრამა ფიზიკურ პირებზეა დამოკიდებული, ადამიანებზე. ბანკები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რადგან ნებისმიერ სესხს ეხება, რომელიც  ჩამოწერილია, ან საეჭვოდ მიიჩნეოდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ბანკები ვალდებულები არიან, გაცემული სესხის სანაცვლოდ მოაგროვონ და ამ სესხების რეზერვი შეავსონ, ანუ თუ 100 000 ლარი გასცა, კიდევ მეორე ამდენი უნდა გასცეს. ე. ი. ორმაგად გაუცია ეს თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.ბ.-სთან პრობლემები ექნება ლიცენზიის კუთხით. ბანკებისთვის ახალი ლარიზაცია ნიშნავს, რომ ახალი სესხია და ის დაკარგული რეზერვები შეიძლება გაათავისუფლოს. უმჯობესდება ბანკების სახელფასო მდგომარეობა. უნდათ, მათმა კლიენტურამ ლარში სესხები დააკონვერტოს, ამიტომ ის ბანკი, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება, შეეცდება, კონკურენტული პირობები შესთავაზოს კლიენტურას რეფინანსირების სესხთან დაკავშირებით და მე ვიცი, რომ ბაზარზე 8-9%-შიც კია რეფინანსირების პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ რეალური 11%-ია. ბაზარზე ქვევით სთავაზობენ კონკრეტული სტრუქტურები პროცენტებს, რადგან მათ ეს აწყობთ და გასაგებიც არის.  ბუნებრივია, ბიზნესია და მოხმარებასაც აწყობს.

დაველოდოთ 17-20 მარტის მოვლენებს, 400 მილიონ დოლარზეა საუბარი და ეს, თითქმის, ერთი მილიარდი ლარია. საკმაოდ დიდი თანხაა.

_ გაგრძელდება გადასახადის მსგავსი ზრდის ტემპი თუ შემცირდება?

_ ხომ არ გააუქმებენ ხვალ ამ გადასახადს? მაშინ ეს უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს მთავრობისთვის. თუ ამ ნდობის საკითხი დგება, ეს უკვე სხვა ამბავია. სამთავრობო, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მსგავსი უკმაყოფილება, ხალხის მხრიდან, უნდობლობას ნიშნავს. ამას უკვე სამთავრობო ცვლილებები მოჰყვება. ამიტომ არა მგონია, შემცირებისკენ წავიდეს.

 

პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი, ეკონომისტი:

_ საბიუჯეტო შემოსავლებზე როგორ შეიძლება აისახოს გაზრდილი გადასახადები და გაძვირებული პროდუქცია?

_ მოსახლეობა ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაშია და როდესაც მას ძალიან გაუჭირდა, ყველანაირ ეკონომიას ცდილობს. ახალი დამატებითი ტვირთი, როგორიც  ბენზინზე, მანქანებსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატებაა, სერიოზული დარტყმა იყო. ბევრი, ჩემი ჩათვლით, ეკონომიურად ცდილობს მოძრაობას. რასაც ახლა ვუყურებ, მოხმარება მკვეთრად შემცირდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ნაკლები თანხა შევა ბიუჯეტში, ისევე როგორც თვითონ კომპანიებში შევა  ნაკლები _ შესაბამისად, ორივეს დააკლდება. კომპანიებმა არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ სხვა გადასახადებიც ხომ უნდა გადაიხადონ, იქაც ვერ გადაიხდიან. იგივეა სიგარეტებზე, ბევრი ამბობს, რომ თავს დაანებებს, ან სხვა, იაფიან თამბაქოზე გადავა. მესმის, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ხალხი გამოსავალს ეძებს.

_ რაიმე სხვა გადასახადის გაზრდაზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას?

_ სხვას ვერაფერს გაზრდიან, რადგან, საბედნიეროდ, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ აქტი გვაქვს, კიდევ კარგი. წინსწრებად გავთვალეთ მაშინ, რომ, ადრე თუ გვიან, ასეთი პრობლემა დადგებოდა და ეს ახლა დაგვჭირდა (ზემოთ ხსენებული რეფერენდუმის პრინციპი), ამის გარეშე ვერ გაზრდიან სხვა გადასახადებს, ძალიან გაუჭირდებათ გატანა, ეგ რომ არ ზღუდავდეს, კარგა ხანია, რაიმე შეიცვლებოდა. ეს კი გზაა, რომ თავი დავიცვათ იმ მოცემულობისგან, რაც გვაქვს და შეიძლება გველოდეს.

_ სამომავლო პროგნოზი რა იქნება, შეიძლება, ფასები შეიცვალოს, ან დასტაბილურდეს?

_ მარტო გადასახადებზე საუბარი არასაკმარისი იქნება, რადგან არაერთხელ მითქვამს, ის ხალხი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს, ინტელექტუალურად არ არის მზად, რეალურად შეცვალოს რაიმე, კონკრეტულად, ეკონომიკისადმი დამოკიდებულება. სინამდვილეში ეკონომიკას მართვა კი არ სჭირდება, მართვაზე უარის თქმა, ანუ განთავისუფლება სჭირდება, ამათ ეს ინტერესი და ხედვა არ გააჩნიათ.

თვითონ ფაქტი, რომ წამოწყებული პროგრამები, რაც სატრაბახო იყო, არაფერი მუშაობს და უკან დახევა უწევს, იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდებოდნენ. ჯანდაცვის პროგრამას ხედავთ? რასაც აკეთებდნენ, იმან არ იმუშავა. ასეთი რაღაცების ცვლილებისთვის ინტელექტუალური ცვლილებაა საჭირო, მაგრამ ეს ფიზიკურ ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ასეთი დამოკიდებულებით ბევრი არაფერი შეიცვლება.

მაგალითისთვის, როგორ შეიძლება, ერთმა კაცმა ააწყოს სისტემა, იძახოს, ყველაფერი კარგადააო და მერე აღმოაჩინოს, რომ, თურმე, ქურდობაა, მომსახურება არ ვარგა, საავადმყოფოები მზად არ არიან პაციენტების მოსამსახურებლად, ხარისხი გაფუჭდა, ყველას ვერ აფინანსებენ, ვალები აქვთ, ეს ყველაფერი ახლა დაინახა? ყველა ხვდებოდა მაგის გარდა. ე. ი. მან სხვა საქმე უნდა აკეთოს.

ძირეული ცვლილებების გარეშე მე შედეგს ვერ ვხედავ, რაღაც პრინციპზე ორიენტირებულები უნდა იყვნენ, რომ წინ წავიდნენ. მე ასეთ პრინციპს ვთავაზობდი: ეს არის ეკონომიკური თავისუფლება რამდენიმე ინდექსის მიხედვით _ დავისახოთ მიზანი, დავნომროთ და რაც ყველაზე მეტად საჭიროა, გავაკეთოთ ის, ეკონომიკის თავისუფლების, მსოფლიო კონკურენტიანობის, Doing Buisness-ის ინდექსი, 4-5 მსგავსი ინდექსი, რომელიც საერთაშორისოა და თავის მეთოდოლოგიაში წერია, რა არის გასაკეთებელი, წაიკითხე და თქვი. აქ გვაქვს შანსი, მოვხვდეთ _ იმუშავე ამ მიმართულებით. ცხადია, ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა, მაგრამ მიზნად ხომ უნდა დაისახო? მაგალითად, „ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსში ჩვენ ვართ მე-5 ადგილზე და ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ (ჩვენმა გუნდმა, პირადად), სწორედ ჩვენ ვაკეთებთ მაგ ინდექსს საქართველოში, ავუხსენით კიდევაც, რას ნიშნავდა ეს, პოპულარიზაცია გავუწიეთ და ახლა ამ მთავრობასაც კი ესმის კონკრეტული ინდექსის მნიშვნელობა.

ეს იქნებოდა ყველაზე ღირსეული გამოსვლა ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია უმრავლესობაშია, ხელებს ვერ დაიბანს და წავა, ამიტომ უნდა თქვს: ასეთი იდეა გვაქვს, კინკრეტული გეზი, ორიენტირი ავიღოთ და ამის შსრულება პროფესიონალებს გადავაბაროთ _ ამას ვთავაზობდი. მესმის, რომ ძნელია, მაგრამ აუცილებელი.

როგორ წარმოგიდგენიათ, გუშინ რომ ადამიანი გეუბნებოდათ, ყველაფერი კარგადაა, კურსი დასტაბილურდება, მომავალი ოპტიმისტურიაო და შედეგი ამ დროს _ ნული. საზოგადოებაში მიზანი და ნდობა უნდა არსებობდეს. ეს ადამიანები თეთრზე შავს ამბობდნენ, მცდარ მოსაზრებებს გვაწოდებდნენ და ახლა ამათგან რაღაც ცვლილებები რომ მოდის, ვერ წარმოვიდგენ, რომ გაამართლებს.

_ გალარების პროგრამა მოახდენს შედეგს ვალუტის კურსზე და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბეზე?

_ რამე იგრძენით? სისულელეა ეს პროგრამა და შესაბამისადაც აისახა. როგორ შეიძლება, გალარების პროგრამა იყოს დაძალების, შეზღუდვებისა და სუბსიდირების ხარჯზე? _ აბსურდულია, წარმოუდგენელია, ძალიან არ უნდა გესმოდეს ამ სფეროსი, რომ ეს დაიჯერო, ან უნდა იტყუებოდე. ან არ გესმით, ან კორუფცია გაქვთ, სხვა ვარიანტები არ არის! ვიწრო წრე რაღაც სარგებელს ნახულობს, ეს ბანკებისთვისაა გაკეთებული. ცვლილებების პაკეტია, რომელიც, ჩემი აზრით, კორუფციაა და სხვა არაფერი. კურსი გაუმჯობედა? _ არა!

 

გადასახადები გაიზარდა. მომავალი არც ისე სახარბიელო ჩანს, ე. ი. გრძელვადიან პერიოდში ბიუჯეტს საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენს ჯიბეზე კი ეს საფრთხე უკვე ასახულია. ეს დასაწყისია.

 

ნინო ტაბაღუა