ბულგარელი ხელოვანი, რომელიც საქართველოში ხელოვნებას ავითარებს

როცა ის პირველად ვნახე, საკუთარ სახელოსნოში ხატავდა, თითქმის სრულიად დასვრილი იყო საღებავში და მაინც აგრძელებდა ხატვას.

ქუჩის ჩიხში მუნკის „კივილმა“ მიმიზიდა და სწორედ იულია-ნინას მაღაზიაში ამოვყავი თავი. აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა, საღებავით დაწინწკლული გოგონა, ამ მაღაზიის მფლობელი ყოფილა და თავადაც მხატვარია. მუნკსაც მან წაართვა თავისი „კივილი“ და ვან გოგსაც „ვარსკვლავებიანი ღამე“, მაგრამ მაინც ის დარჩა იმად, ვინც არის და დღეს ჩვენი სტუმარია ბულგარელი გოგონა, რომლის პრინციპსაც საქართველოში მოღვაწეობა და აქ დამკვიდრება წარმოადგენს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი საკუთარი საქმის კეთება და ქაოსია.

გაიცანით, ეს იულია-ნინა სტოიკოვაა.

 

_ იულია-ნინა, მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ მე ვარ იულია-ნინა სტოიკოვა, წარმოშობით ბულგარელი, 24 წლის. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი და დეკორატორი. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში.

15 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა მომსახურების სფეროში მიმტანად, რადგან თანხა მჭირდებოდა, რომ ჯერ კოლეჯის და მერე აკადემიის სწავლის საფასური გადამეხადა. ამ სფეროში 7 წლის მანძილზე ვიმუშავე, სანამ ჩემს მცირე ბიზნესს წამოვიწყებდი _ თავდაპირველად ერთ მაღაზიას, შემდეგ უკვე წელიწადის განმავლობაში გავფართოვდით, ახლა უკვე 3 მაღაზია-სახელოსნო გვაქვს ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სახელად კრაფტი/ჩღAFთ.

წელიწადნახევარია, რაც მე და ჩემი მეგობარი ეკატერინე ბიდამირჩი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ხელოვანი ადამიანია, ვქმნით და ვყიდით სხვადასხვა ხელნაკეთ აქსესუარს, ტანსაცმელს, სათამაშოებს, დეკორაციებს და ბევრ სხვა საინტერესო ნივთს. აქვე იყიდება ჩემი ნახატებიც.

_ რატომ გაქვს ორი სახელი? ვინმემ შეგირჩია, თუ თვითონ დაირქვი? რა იყო ამის მიზეზი?

_ ორი სახელი იმიტომ მაქვს, რომ ბულგარეთში მიღებულია ბევრი სახელის დარქმევა, 3-4, საშუალოდ, როგორც ტრადიცია და რადგანაც საქართველოში ვცხოვრობთ, შესაძლებელი იყო მხოლოდ ორი სახელის დარქმევა.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ (მხატვრობა)? რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ მხატვრობით ბავშვობიდან დავინტერესდი. დედაჩემიც მხატვარია და, ალბათ, ნიჭი გამომყვა, რადგან თვითონაც ხელოვანი ადამიანია. ისე გამზარდა, რომ ჩემში ფართო ფანტაზიის უნარი და ალტერნატიული ხედვა განავითარა, არაფერში მზღუდავდა და არჩევანის საშუალება მომცა, ეს სფერო ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ითვლება მოთხოვნად პროფესიად და ძნელია განვითარება, წარმატების მიღწევა, სხვა სფეროებთან შედარებით.

_ როდის დაგებადა შენი მაღაზიის გახსნის იდეა? ბიზნესის საქმე როგორ მიდის ამ ეტაპზე?

_ სულ ვოცნებობდი, რაიმე პროექტი გამეკეთებინა, რომელიც ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ბევრი იდეა მქონდა და ერთ-ერთი იყო მაღაზია-სახელოსნოს გახსნა. როგორც კი შესაძლებლობა გამომიჩნდა, არ დავაყოვნე და შედეგიც მივიღე. მაღაზიაში საქმეები სტაბილურად მიდის, ნელ-ნელა ვვითარდებით, ჩვენი საშუალებებიც იზრდება და უახლოეს მომავალში ახალ-ახალი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ.

_ რა სირთულეები შეგხვდათ გზად?

_ რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე შეგვხვდა. პირველ რიგში, ფინანსური მხარე, რადგან ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე მოგვიწია მაღაზიის გახსნა, შესაფერისი ლოკაციის ნახვა და ახლაც ბევრი სირთულე გვხვდება დროდადრო.

_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად, ან შენებურად აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ სილამაზეს?

_ როდესაც ვინმე ყიდულობს, ან, უბრალოდ, მოსწონს ჩემი შემოქმედება, ჩემი ხედვა, ვგრძნობ, რომ ტყუილად არ გამიკეთებია ეს ყველაფერი, ამდენი ძალა და დრო ტყუილად არ დამიხარჯავს, ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს, რომ მეტად განვვითარდე.

_ როგორია მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება? ინტერაქცია?

_ ხელნაკეთი ნივთები ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნების სფერო, საქარველოში არ არის განვითარებული და სიახლეები დიდ ინტერესს იწვევს ხალხში.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?

_ როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ქართველებისგან განსხვავებით, ყველაზე ობიექტურად ნამუშევრებს მიფასებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი სტუმრები.

_ რომელი მხატვარია შენთვის გამორჩეულად საყვარელი და რატომ?

_ გამორჩეული მხატვარი ჩემთვის არის სალვადორ დალი, რადგან სიურეალიზმი ძალიან მიზიდავს და როგორც ყველამ ვიცით, ერთ-ერთი საუკეთესო და გენიალური მხატვარი იყო ამ განხრით. ასევე ძალიან მიყვარს სხვა მიმდევრობის ცნობილი მხატვრები, როგორიც იყო რემბრანდტი, გუსტავ კლიმტი, ვინსენტ ვან გოგი, ვრუბელი, ედგარ დეგა, იან ვან ეიკი, ივან აივაზოვსკი და კიდევ ბევრი სხვა…

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ისევ ხატვა, რა თქმა უნდა! ყველაზე დიდი სიამოვნებით ვხატავ მაშინ, როცა განსაკუთრებულ განწყობაზე ვარ, მუზის ზეგავლენის ქვეშ.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის და სამსახურისთვის არ მენანება არაფერი.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ კრეატიული აზროვნება, ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი, პასუხისმგებლობის უნარი და, ამ ყველაფერთან ერთად, საღად მსჯელობა ნებისმიერ სიტუაციაში.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ ადამიანებში ვაფასებ ინტელექტს, მიზანდასახულობას, ოპტიმიზმს, სიკეთესა და ცხოვრების ხალისს.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია…

_ არასდროს ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ოპტიმისტი ვარ და აზრი არ აქვს, რომ ვინანო, მაინც ვეღარ შევცვლი წარსულს.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად მაღიზიანებს შურიანი ადამიანები. თუ რაღაც მიზეზების, ან მოვლენების გამო მათი ცხოვრება ისე აეწყო, როგორც მათ არ მოსწონთ, ეს არის მარტო მათი ბრალი და გამოსწორებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. შურით და ბოღმით ვერაფერს მიაღწევენ.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ დრო არასოდეს მენანება სიახლეების სწავლისთვის, იქნება ეს ხატვის ახალი ტექნიკა, ესპანური ენა, ან გორგოლაჭებზე დგომა, მნიშვნელობა არ აქვს, თუ მაინტერესებს, აუცილებლად გამოვნახავ მაგისთვის დროს.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო: მეგობრების ნახვა, ფიტნესი, ძალიან მიყვარს ძაღლთან ერთად სეირნობა, წიგნების კითხვა, კინოში ან თეატრში სიარული.

_ მაქსიმალისტი ხარ? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ ან არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და ეს ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტში გამოიხატება, მაგრამ არ მჭირდება ვიყო ყველასთვის და ყველაფერში საუკეთესო, ან პირველი, მთავარია, ჩემი თავისთვის ვიყო ისეთი, როგორიც მე მინდა და ამიტომაც ვარ თვითგანვითარების პროცესში ყოველთვის.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე, რას?

_ მიყვარს კარგი მუსიკა! როგორც კლასიკური _ სიმფონიები და ოპერა, ასევე ალტერნატიური როკი, ჯაზი. რეპს, პოპს და ელექტრონულ მუსიკას ნაკლებად ვუსმენ.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ყოველივე ახალი დღე საშუალებას მაძლევს, ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება, ცუდი თუ კარგი, წარმატებული თუ წარუმატებელი, ყველა შემთხვევაში, ცხოვრება მშვენიერია და ძალიან საინტერესო, მოულოდნელობებით აღსავსე.

_ რაზე ოცნებობ?

_ ჩემი ოცნებაა, მივაღწიო ყველაფერს, რისკენაც მივისწრაფი, ვიმოგზაურო, ვნახო მთელი მსოფლიო.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ არ მინდა, არავის მივბაძო, რა თქმა უნდა, არის ბევრი ღირსეული ადამიანი, მაგრამ მირჩევნია, ჩემი გზით ვიარო.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ ყველაზე დიდი პრობლემა ხელოვნების სფეროშია, _ ზოგადად, საქართველოში ფინანსური სიდუხჭირეა და ამის გამო ცხოვრების ხარისხია დაბალი. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეხება, მაგრამ ხელოვნებას, უშუალოდ, იმით, რომ საზოგადოების ამ სფეროსადმი ინტერესის მიუხედავად, ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ, რომ ნახატი, ან ხელოვნების სხვა ნიმუში შეიძინონ, სურვილის მიუხედავად, რადგან ეს, ასე თუ ისე, მეორეხარისხოვანია არსებობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ძალიან ნელა ვითარდება ხელოვნების მხრივ. ეს უკვე ბუნებრივიცაა, რადგან ამ სფეროს არ ჰყავს საკმარისი მომხმარებელი.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ ხელოვნების სფეროში ეს პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც საქართველოში ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს უკვე პოლიტიკას ეხება და მე პოლიტიკაში ვერც ვერკვევი და არც ვერევი.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ თითქმის არასოდეს ვისვენებ, რადგან მიმაჩნია, რომ ახალ ბიზნესს ძალიან ბევრი ყურადღება სჭირდება და ვცდილობ, დასვენების დღესაც რამე სასარგებლო გავაკეთო ჩემი საქმისთვის.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ მენატრება ჩემი ოჯახის წვრები, მეგობრები და ჩემი ძაღლი, რადგან სულ სამსახურში ვარ, ძალიან ცოტა დროს ვატარებ მათთან.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემი საქმე ჩემთვის არის  ყველაფერი, ჩემი ცხოვრებაც, შთაგონებაც და სიყვარულიც.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ კი, თავისუფალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სრულიად. ყველა ჩვენგანი რაღაცით შეზღუდულია.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ ჩემთვის თავისუფლება იმის კეთებაა, რაც გინდა, შეზღუდვების გარეშე.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ახლა, მგონი, ძალიან საინტერესო და რთული ეტაპია, ჩემი საქმის განვითარებისთვის ვიბრძვი და ვნახოთ, რა გამოვა.

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ კი ნამდვილად, ვფიქრობ, ხელოვნებაში ვიპოვე ჩემი თავი.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ არა, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა და ვაკეთო ის, რაც მე მიყვარს და მომწონს.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული და ბედნიერი ადამიანი.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში მინდა შევცვალო ის, რომ შემეძლოს უფრო მეტი დრო დავუთმო ჩემთვის საყვარელ ადამიანებს და ქვეყანაში მინდა შემეძლოს ფინანსური პრობლემების გამოსწორება, დანარჩენ პრობლემას მერე მოვაგვარებდი.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ სიყვარული. სიყვარულის გარეშე ჩემს შემოქმედებას აზრი დაეკარგება, ისევე, როგორც სხვა ყველაფერსაც.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, მაქვს, ასევე ვფიქრობ, ყველას აქვს ამის შანსი. მთავარია, მონდომება და სურვილი, ამისთვის აუცილებელია, ძლიერი ადამიანი იყო და არასოდეს დანებდე.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ კი, მინდა, რომ ვმოღვაწეობდე საქართველოში _ ეს არის ჩემი პრინციპი, მიუხედავიდ იმისა, რომ არ მაქვს ქართული გვარი და არც წარმოშობით ვარ ადგილობრივი, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ ვფიქრობ, მუსიკოსი.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ რამდენიმე ახალი პროექტი და ბიზნესის განვითარების ახალი იდეები.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ყველაზე ხშირად ვფიქრობ, ზოგადად, ადამიანების ურთიერთობებზე, ქცევებზე, ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ყველა ინდივიდუალურია, განსხვავებული და საინტერესო, ამაზე ხშირად ვფიქრობ, რადგან სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან მაქვს შეხება.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ მხოლოდ საკუთარი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ არ ვიცი, ნამდვილად, მე არ მივისწრაფი სიმშვიდისკენ, მიყვარს ქაოსი.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ როგორ გითხრათ, მაგრამ თითქმის ყოველი სამუშაო დღე ამ ფრაზით მთავრდება: „ჯანდაბა! ისევ თავიდან ბოლომდე საღებავში ვარ“.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ მე მინდა, ყველას ვუსურვო, ის საქმე აკეთოს, რაც ნამდვილად აინტერესებს და უყვარს! _ მაშინ ნამდვილად ბედნიერი იქნები.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რა ძნელი და ცუდია, როდესაც იძულებური ხარ, ის საქმე აკეთო, რაც არ გიყვარს, ან იცი, რომ შენი არ არის და მერე ყველაფერი მასთან დაკავშირებული გძულდება. არ დაიშუროთ ძალ-ღონე და იპოვეთ საკუთარი თავი თქვენს საყვარელ საქმეში!

 

ნინო ტაბაღუა