ბიძინა ივანიშვილმა თავისი გაიტანა – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გაუქმებულია

გიგა გელხვიიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის ბორდი მართავს.

საკომიტეტო მოსმენაზე, თითქმის ერთკვირიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფინანსების დაზოგვის მიზნით, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ისტორიულ ნიშნულზეა და მისი ძალიან დიდი ნაწილი სწორედ აჭარის რეგიონში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ივსება, უმჯობესია, აჭარის ტელევიზია თბილისიდან გაკონტროლდეს, ვიდრე ადგილზე და ამაში ცალკე აღებული ხელფასები გაიწეროს.

სანამ საკითხს უფრო სიღრმისეულად გავშლით, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მაუწყებელს უფრო მეტი დაუშავა, ვიდრე გაუკეთა, თუმცა მისი არსებობა იურისდიქციის მხრივ არსებითად აუცილებელი და გარკვეული გარანტორი იყო იმისა, რომ მაუწყებელი, ჯერ კიდევ, აჭარლების სამსახურში მყოფად შეიძლებოდა განხილულიყო, თორემ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით დააყენეს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი და სისრულეში მოიყვანეს, ხოლო მის შემდგომ დირექტორად დაინიშნა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული გიორგი კოხრეიძე, რომელმაც აჭარის ტელევიზიის ეთერიდან კრიტიკული შეკითხვები, ფაქტობრივად, გააქრო, წინა მმართველობის დროს ტელევიზიას მოაშორა. კოხრეიძეს არც კი დაუმალავს საკუთარი დამოკიდებულება კრიტიკასთან მიმართებით და ერთ-ერთ ეთერში ღიად განაცხადა, რომ რესპონდენტს სტუდიაში ჟურნალისტმა კომფორტი უნდა შეუქმნას და არა დისკომფორტი. სწორედ ამ სიტყვების შემდგომ მოუხდა ტელევიზიის დატოვება, მაშინდელი საინფორმაციოს ხელმძღვანელ შორენა ღლონტს, ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს, ნათია შავაძეს, მალხაზ რეხვიაშვილს, საეთერო სივრციდან გაქრა გადაცემა „ჰეშთეგი“ და სხვა. გარდა ამისა, საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აქვს ქუთაისში ბიურო, რომლის ჟურნალისტს არ გააჩნია აპარატურა და, ზოგადად, აღნიშნული ბიურო უბრალოდ არაფრის მომცემია არხისთვის, გარდა იმისა, რომ მისი წარმომადგენელი, ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე, რომელიც მანამდე საპარლამენტო კორესპონდენტი იყო, კრიტიკული კითხვების დასმის გამო გაერიდებინათ ტელევიზიისთვის.

მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, გარკვეულწილად, საფრთხედ აღიქვეს მაუწყებლის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც ზემოაღნიშნული რეპრესიები უკვე გაიარეს, თუმცა ბრძოლის შედეგად მაინც დარჩნენ მაუწყებლის წარმომადგენლებად.

ერთ-ერთი ასეთია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, მაია მერკვილაძე, რომელსაც „ქრონიკა+“ ესაუბრა:

_ მაია, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების (არა მხოლოდ) უკმაყოფილება მოყვა. რა საფრთხეებს ხედავთ აღნიშნულ ქმედებაში?

_ საფრთხე ის გახლავთ, რომ აჭარის ტელევიზიას არ ექნება მართვის დამოუკიდებელი ბერკეტი. აქამდე არსებულ მრჩეველთა საბჭოს ადგილობრივი უმაღლესი საბჭო ირჩევდა, რომელიც წარმოადგენს აჭარის რეგიონის მიერ არჩეულ ადამიანებს. ფორმალურად ეს არის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანო აჭარაში და ის ქმნიდა მრჩეველთა საბჭოს აჭარის ტელევიზიაში. ამის გაუქმება ნიშნავს აჭარის რეგიონის მოსახლეობის მონაწილეობის გაუქმებას აჭარის ტელევიზიაში. ასე რომ, მთავარი საფრთხე არის ეს. ამბობენ, სამი წევრი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) სამეურვეო საბჭოში, რომელთა ოდენობაც 11-მდე გაიზარდა, თუმცა 11 და 3-ის პროპორცია არ არის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის მოსახლეობის ხმების გაქრობა.

_ რამდენადაც ვიცი, შეხვდით მაუწყებლის მოქმედ დირექტორს. რაზე ისაუბრეთ და როგორია მისი შეფასება აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ?

_ მთავარი, რაც ჩვენ ვკითხეთ, იყო თუ არა ის ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე? მან განაცხადა, რომ მან არ იცოდა ეს ყველაფერი. ასევე მან გვითხრა, _ იქნება გარანტორი იმისა, რომ ყველაფერი კარგად მოგვარდება და ეს მაუწყებელი უკეთესი გახდება. ცდილობდა, აეხსნა ის ფაქტი, რომ მისთვის მრჩეველთა საბჭო იყო ბარიერი, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის ეს იყო გარანტორი იმისა, რომ დირექტორს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიეღო და ამაში მონაწილეობა მიგვეღო მთელ საზოგადოებას და დაცული ყოფილო ყველა იმ ადამიანის უფლება, ვინც ირჩევდა მრჩეველთა საბჭოს. ასევე განაცხადა, დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ეს უკეთესი გადაწყვეტილებაა, თუმცა მგონია, გაუჭირდება ამის გაკეთება. წინასწარ მაინც რთულია რამის თქმა, რადგანაც ჩემი პროგნოზი შეიძლება სხვა იყოს და მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. თუმცა რამდენადაც მე მაქვს გამოცდილება, ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს ტელევიზიაში და ეს ვერტიკალი გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. სადაც იქნება მართვის პულტი, ალბათ, იქიდან შეეცდებიან მართონ აჭარის ტელევიზია.

„ქრონიკა+“ ასევე დაინტერესდა, როგორია აღნიშნული მოვლენების მიმართ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელ მურმან დუმბაძის აზრი? სწორედ ის იყო ავტორი კანონპროექტისა, რომლის მიღების შემდგომაც აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა.

დუმბაძის შეფასებით, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გაიტანა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სურდა 2013 წელს, მაშინ, როდესაც აჭარის ტელევიზიის ბედი წყდებოდა.

_ ბატონო მურმან, იმისთვის, რომ აჭარის ტელევიზია, რომელიც 2013 წლამდე, ფაქტობრივად, იყო აჭარის მთავრობაზე მიბმული სტრუქტურა და ის სრულად კონტროლდებოდა ხელისუფლების მხრიდან, გადაქცეულიყო საზოგადოებრივ მაუწყებლად, საკმაოდ დიდი ფასი დაჯდა, ვგულისხმობ კამათს და საკითხის ფაქტობრივად ძალით დამტკიცებას _ როგორ ხდებოდა ეს?

_ მოკლედ, ისტორია ასეთია: ახალი მოსული ვიყავით ხელისუფლებაში და მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მთავრობის თავმჯდომარემ დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, რადგანაც სასაუბრო ჰქონდა მნიშვნელოვან საკითხზე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და მივედი შუშის სასახლეში (ის მთავრობის ადმინისტრაციაში არ მჯდარა) და მან მითხრა, რომ აქვს გარკვეული ხედვები აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით. არ იქნებოდა ურიგო, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო გადაკეთებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად. ხელისუფლებაში რამდენიმე კვირის მოსული ვიყავით. მე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გავწიე და ვთქვი, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი. აჭარის ტელევიზიის გაუქმება პოლიტიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი იქნებოდა, მით უფრო, რომ ჩვენ გვინდოდა მისი ჩამოყალიბება საზოგადოებრივ მაუწყებლად. ვუთხარი, რომ თუ ამ მომენტში ქვეყნის ეროვნულ ბიუჯეტს აქვს გარკვეული სახის პრობლემები, მას წაეხმარებოდა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიც. მოკლედ, ვუთხარი, რომ აჭარის ტელევიზია უნდა ქცეულიყო რეგიონის საზოგადოებრივ მაუწყებლად. ის უკვე კარგად იყო ჩახედული კანონებში და მითხრა, რომ ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა არ შეიძლება. საკმაოდ დიდი ბჭობის შემდგომ მივედით დასკვნამდე და ამ  კანონპროექტის ავტორი ვარ, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო შენარჩუნდეს იმ სტატუსით, რა სტატუსითაც იყო ის დღევანდელ დღემდე. მოკლედ, ძალიან დიდი კამათი იყო პრემიერ-მინისტრთან (ბიძინა ივანიშვილი). უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი დიპლომატიური არხის ამუშავება დამჭირდა. მახსოვს, ქუთაისის პარლამენტში მოვიწვიე ძალიან ბევრი ჟურნალისტი ბათუმიდან და ჩამოვიყვანე პარლამენტში. ამით ვაჩვენე პარლამენტსა და მთავრობას, რომ ჟურნალისტები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ ეს მაუწყებელი გაუქმდეს. იყო ხშირი მიმოსვლა, ჩამოვიდა დიდი დელეგაცია, რომელიც ჩაერთო კანონმდებლობის შემუშავებაში და კანონი მივიღეთ იმ სახით, რა სახითაც იყო ამ დრომდე. შემდეგ დაისვა ბორდის ხელფასების საკითხი, შემდგომ მათაც გაეზარდათ ხელფასი, მაგრამ ის, რომ მას უნდოდა აჭარის ტელევიზიის გაუქმება და მისი გადაკეთება მეოთხე არხად, ეს არის ცნობილი არა მხოლოდ ჩემთვის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვისაც კი.

_ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო პარლამენტმა და რომლის მიხედვითაც გაუქმდა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო, რა განაცხადი გააკეთა ხელისუფლებამ?

_ არ ვიცი, ამით პრაგმატულად რა უნდა მოიგოს. იმის საუბარი, რომ დიდი თანხა იხარჯება, ეს არის ზღვაში წვეთი, _ ბორდის ხუთი წევრის მაქსიმალური ხელფასი ჯამურად არის 10 000 ლარი.

_ იმის ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები სიამაყით გვამცნობენ, რომ გვაქვს ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, არ გეჩვენებათ, რომ ფინანსური ხარჯის შემცირების მოტივის უკან უფრო მნიშვნელოვანი სურვილი და მიზანი იმალება?

_ უბრალოდ, ახირებული კაცია ბიძინა ივანიშვილი და მას ასე ესახებოდა აჭარის ტელევიზია. პირდაპირ ჰქონდა გაცხადებული, რომ ეს ტელევიზია უნდა გაუქმებულიყო. არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა, 2013 წელსაც ვერ დავადგინე ეს და სწორედ მაგას ვეუბნებოდი, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ თვითმმართველობებზე-მეთქი. არა მხოლოდ ჩვენ გვაქვს სამხარეოს სტატუსი. მაგალითად, იმერეთის სამხარეო ავიღოთ, არსებობს მისი გუბერნატორი, პოლიციის უფროსი, შესაძლებელია ამის ფონზე, რომ თუ იმერეთის ბიუჯეტი ამას დააკმაყოფილებს, იმერეთის რეგიონული ტელევიზიაც გვქონდეს, რა რის აქ გაუგებარი? ერთადერთ წინააღმდეგობას რაშიც ხედავდნენ, გახლდათ ის, რომ უნდა ყოფილიყო ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი. არ ვიცი, ამით რას იგებს…

_ ანუ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ივანიშვილმა თავისი გაიტანა?

_ რაც ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი შეფასებები და საუბრები გვქონდა ამაზე, ივანიშვილმა მაინც თავისი გაიტანა.

_ ბოლოს რომ შეაფასოთ, რას კარგავს ამ გადაწყვეტილებით რეგიონი?

_ სიმართლე რომ გითხრათ, კერძო სტრუქტურები უფრო მუშაობს. თუ ვიტყვით, აჭარის ტელევიზია რომ არ არსებობდეს, ამით აჭარლებს მიკროფონი წაგვერთმევაო, ეს ასე არ არის. აქ არის მიდგომა სტრუქტურების, ინსტიტუციებისა და თვითმმართველობის მიმართ. თუ ჩვენ გადავდივართ თვითმმართველობაზე და მის თანამედროვე პრინციპებზე, თუ აჭარის რეგიონი აკმაყოფილებს იმას, რომ შეინახოს ტელევიზია და აქვს ამისთვის ფული, ვერ უნდა ერეოდეს ამაში ცენტრალური ნაწილი. ასე არის მოწყობილი შტატებში თვითმმართველობები, ასე არის მოწყობილი იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი. ყველგან, სადაც თვითმმართველობა არის განვითარებული, ადგილობრივ სტრუქტურებში რაღაც ეროვნული მასშტაბის კოლიზიას არ უნდა იწვევდეს, რასაც უნდა იმას დააფინანსებს. ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავ პრობლემას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ვთქვათ დახურეს და ეს ხალხი სახლში გაუშვეს, ამით შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტები დარჩებიან უმუშევარი. მინდა გითხრათ, რომ სულ იყო ამ იწილო-ბიწილოს პოზიცია. პარლამენტარებმა ძალიან იოლად აწიეს ხელი და მიიღეს ის კანონი, რაც აჭარას სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გულში ვიცი, რაც ტრიალებდა, ის არის ჯიუტი ადამიანი და ფიქრობს, რომ სისრულეში უნდა მოიყვანოს ის ამოცანა, რომელიც მას ჰქონდა დასახული. არ იქნება აჭრის ტელევიზია? დარეკავს „ქრონიკა+“ და მივცემ ინტერვიუს, თქვენი პლატფორმა იქნება და იქ ვიტყვი ყველაფერს. 21-ე საუკუნეში თავისუფალი სიტყვა მაინც იპოვის გზას, რადგანაც მიზანდასახული ადამიანი ყოველთვის მოძებნის გამოსავალს.

მურმან დუმბაძისგან განსხვავებით კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ფაქტობრივად, დასახურად არის გამზადებული, არ უჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გიორგი კირთაძეს.

„ქრონიკა+“-თან კირთაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ტელევიზიის დახურვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ამის გაკეთებას არა ახლა, არამედ 2024 წლის არჩევნების შემდგომ შეძლებენ:

_ ცალსახად, ეს არის დიდი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ საერთოდ დახურონ. ეს ინსტიტუციური პრობლემაა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული ბორდი ისე გააუქმეს, რომ ამის შესახებ ინფორმირებულიც კი არავინ იყო საბჭოში. ანგარიშვალდებულება ამით მნიშვნელოვნად შემცირდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბორდი იყო ვალდებული უმაღლესი საბჭოს წინაშე და ის მართავდა ტელევიზიას. რამდენად ეფექტიანად და ვინ იყო მის შემადგენლობაში წარმოდგენილი, ეს ცალკე აღებული საკითხია, მაგრამ ინსტიტუციურ დონეზე მოწესრიგებული იყო ყველაფერი. ველოდები, რომ არა უახლოეს ერთ წელიწადში, რადგანაც არჩევნები აქვთ წინ, თუმცა ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული იმისთვის, რომ აჭარის ტელევიზია დაიხუროს.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამით საკუთარი დიდი ხნის ჩანაფიქრი აისრულა?

_ რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი.

საკითხის იურიდიული ნაწილის შესაფასებლად „ქრონიკა+“ ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელ ნათია კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო და მას ძალიან დიდი როლი აქვს ასევე აღნიშნული ტელევიზიის სტატუსის შენარჩუნებაში:

_ ნათია, რა შეიძლება შეიცვალოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმებით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში? ამ კითხვას გისვამთ როგორც პროფესიული მიმართულებით, ასევე ადამიანს, რომელიც მართავდა აჭარის ტელევიზიას.

რაც შეეხება იდეას, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით თითქმის კანონად არის ქცეული, ეს იდეა გამორიცხავს საზოგადოებრივი მაუწყებლების სწორ განვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლების ცხოვრებაში ადამიანების ჩართულობას და გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი (აჭარის ტელევიზია) უნდა გახდეს ერთ-ერთი ფილიალი ან ერთ-ერთი პუნქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი). მისი უფლებამოსილება და შესაძლებლობა, თავად დაადგინოს საჭიროებებიდან ბიუჯეტი, განკარგოს ის და შექმნას საკუთარი ხედვით სარედაქციო პოლიტიკა და გააკონტროლოს სამუშაოები, სრულდება თუ არა სარედაქციო პოლიტიკის არჩეული ხაზის მიხედვით, ეს უნდა მოხდეს თბილისში და ცენტრალური უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა. ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც არის გაჩენილი მრჩეველთა საბჭოს მიმართ (მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც აქვს კითხვები) ამ რგოლის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ის ხელისშემშლელი და საწინააღმდეგოც კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის, მაგრამ ეს უკავშირდებოდა ადამიანების პოლიტიკურ ხედვებს ან მათ დავალებებს და არ უნდა იწვევდეს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ დემოკრატიული პრინციპების არსებობამდე.

_ არსებობს იმის განცდა, რომ აჭარის ტელევიზია დაბრუნდება იმ საწყისებზე, რომელზედაც ის იმყოფებოდა 2013 წლამდე. თუ ასე წავიდა ყველაფერი, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონი? რამდენად ექნება ამის შემდგომ მოქალაქეს იმის საშუალება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით თავისი პრობლემები გაახმაუროს?

_ თუ 2013 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის შეცვლა იყო დავის საგანი, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზია და რადიო უკვე ხდება არა საქვეუწყებო ორგანიზაცია, არამედ მმართველი გუნდის ცენტრალური დავალებების შემსრულებელი. ასეთი პერსპექტივა ექნება მას, რადგანაც ამ შემთხვევაში კოორდინებული მართვა უნდა მოხდეს და სწორი პოლიტიკის შექმნა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკაში ვასილ მაღლაფერიძის ჩართულობას კრიტიკულად ვაფასებდით სულ. დღეს ის არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური ნაწილის განმკარგველი ხდება, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ნაწილი, მთლიანად დამოკიდებული იქნება ვასილ მაღლაფერიძის ხედვასა და დავალებების შესრულების პროცესზე, რადგანაც ერთი დილემა, _ აჭარის ტელევიზია არ ყოფილიყო აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, _ ჩანაცვლდა იმით, რომ აჭარის ტელევიზია გახდება ცენტრალური პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი.

_ თქვენ კარგად იცნობდით იმ მრჩეველთა საბჭოს, რომელიც იყო მანამდე და ახლა თუ გაქვთ იმის განცდა, რომ შესაძლოა, მათი რაიმე ქმედებები ყოფილიყო ამ კანონის მიღების აუცილებლობის მაპროვოცირებელი?

_ დიახ, სწორედ მრჩეველთა საბჭომ აჩვენა, რომ ის არის დავალებების შემსრულებელი, მას შეუძლია, ნებისმიერი შინაარსის პოლიტიკური დავალებები მიიღოს და არ ექნება პრინციპული წინააღმდეგობა დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით. ის ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად შექმნეს ფონი მაუწყებელში ჩარევის თვალსაზრისით, არის საკითხის ერთი ნაწილი და ასევე მეორე _ თვითონ ეს ადამიანები დღეს მონაწილეობენ იმაში, რომ აჭარის მაუწყებელი აღარ იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც არის ნამდვილად საეჭვო. სათანადო ღონისძიებები არ გაწეულა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოფილიყო დამოუკიდებელი. ათი წლის მანძილზე მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა (გამონაკლისებიც გვხსოვს) მოტივირებული იყო ადგილობრივი თუ ცენტრალური დავალებების შესრულებაზე და დღეს არის ეს ერთი დავალება, რომელიც იმად აქცევს საზოგადოებრივ მაუწყებლებს, რისი დიდი სურვილიც ჰქონდათ ყოველთვის.

_ არცერთი თანამშრომელი, რამდენადაც გაირკვა, არ იყო საქმის კურსში აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არ ყოფილან ჩართულები საკითხის განხილვაში, მათ შორის, არც არხის დირექტორი. რამდენად სწორი ქმედებაა ეს და უნდა ჰქონოდა თუ არა მაუწყებლის მოქმედ დირექტორ ლადო ტატიშვილს ამაზე რეაქცია?

_ დირექტორ ლადო ტატიშვილს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია. მას შეუძლია გამოიყენოს კანონით გარანტირებული უფლებები და დღეს იყოს დისკუსიის სათავეში აჭარის ტელევიზიის გადარჩენასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ის მიესალმება კიდეც ამ ყველაფერს, რადგანაც მისი კომენტარები ამ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მათთან არ ყოფილა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე უმაღლესი საბჭოს დუმილი მაფიქრებინებს, რომ მათთან პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული იყო საკითხი. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრებთან მაინც, რადგანაც ისინი ინერტულად იქცევიან. და მესამე: როდესაც აჭარის მთავრობაზე ვსაუბრობთ, დიახ, ვამბობთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია არის ერთ-ერთი ატრიბუტი აჭარის ავტონომიურობის, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აბსოლუტურად ინერტულია და მისი მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არასოდეს მსმენია, რადგანაც ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა. ამიტომ ეს დეტალები მაფიქრებინებს, რომ უმრავლესობასთან ეს საკითხი შეთანხმებულია და უმოქმედობა ან მცირედით ჩართულობა კრიტიკულ კომენტარებში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნას ფასადი, თითქოს მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, თუმცა ჭორის დონეზე ამაზე აჭარაში უკვე საუბრობდნენ.

ნათია კაპანაძის გარდა, დირექტორის მხრიდან გარკვეულ მხარდაჭერაზე აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრობენ არხის თანამშრომლებიც და იხსენებენ იმ განცხადებას, რომელიც ლადო ტატიშვილმა დირექტორად დანიშვნიდან მალევე გააკეთა და რომელიც, გარკვეულწილად, ერთგვარი ანონსია იმისა, რომ მაუწყებელი შეიძლება გაუქმდეს იმ სახით, რომლითაც წარმოდგენილია და მისი პლატფორმა სხვა მიმართულებით განვითარდეს:

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის, ზოგადად, რეგიონის პიარის ინსტრუმენტად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეხმარებოდეს რეგიონს იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს ტურიზმი და აბსოლუტურად ყველა სხვა მიმართულება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს ხიდად საზოგადოებასა და მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას შორის“, _ აცხადებდა ტატიშვილი 2022 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს“.

„ქრონიკა+“-ს არაერთი მასალა აქვს შეთავაზებული მკითხველისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შესახებ. ჩვენ ამჯერადაც ვაკვირდებით პროცესებს.