ბიძინას გერები

ჩვენში ასე ხდება _ რაღაცას მივიჩნევთ ფაქტად და მერე ისე მივერეკებით, რომ ერთხელაც არ დავეჭვდებით, _ ის, რაც ფაქტად ვირწმუნეთ, იყო თუ არა მართლაც ასე უტყუარი და ეჭვშეუდგამი?

ასე მაგალითად: მივიჩნიეთ, რომ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა ივანიშვილის კოალიციას, მისი „იდეების“ მიმდევარი იყო, გნებავთ, მისი ფულის მდევარი, შემდეგში მათ „ქოცები“ ეწოდათ. უფრო სწორად, „ქოცი“ ეწოდა როგორც „ქართული ოცნების“ პარტიულ ელიტას, მათ რიგით წევრებს, ისე მათ მხარდამჭერებს. მალევე კი „ქოცობა“ გასცდა პოლიტიკურ საზღვრებს და, ზოგადად, მენტალობის იარლიყად იქცა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ, რომ „ქოცი“ _ რიგითი თუ ბობოლა _ ყველა ბიძინას მიმდევარია და ყველა ბიძინას აღმერთებს. დღესაც უაპელაციოდ მიღებულია მოსაზრება, რომ „ქოცთა“ ბელადი, ღმერთი, კერპი თუ სალოცავი ხატი ბიძინა ივანიშვილია. ასე ჰგონია ბევრს და სცდება! და თავად ივანიშვილიც მწარედ სცდება, თუ მას ჰგონია, რომ „ქოცები“ მას აღმერთებენ და ეთაყვანებიან. აქ სრულებით არ ვგულისხმობ პარტიულ თუ პოლიტიკურ ერთგულებას და იმას, რომ თუ ნიავმა სხვა მხრიდან დაუბერა, ორ შაურად გაჰყიდიან. მომავალში გარდაუვალ შესყიდვა-გაყიდვა-მიღება-ჩაბარებამდეც ასეა ეს დღეს. იშვიათი პირადი ფანატიკოსის გარდა, რეალურად, არავინაა არც მისი მიმდევარი და არც მისი გულშემატკივარი. და არც „ქოცობა“, როგორც მენტალობა, აზროვნების სტილი თუ მოვლენებთან მიმართება, არაფერ შუაშია პირადად ივანიშვილთან. სულ მარტივიდან რომ დავიწყოთ, თუ „ქოცობა“ ივანიშვილის ნაქადაგარი „რელიგიაა“, უკაცრავად და რანაირად იყვნენ ესა თუ ის პირები და მეტიც _ მასები _ 2012 წლამდე „ქოცები“? რა, ივანიშვილი საჩხერიდან ასხივებდა „რელიგიას“? თუ მანამდე ამ კონგლომერატს რაიმე სხვა ფასეულობები, სხვა ღირებულებები ჰქონდა და ახლა გადმოეწყო ქოცურ ტალღებზე? გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, თქვენ გარშემო ვინც მამალი „ქოცი“ გყავთ, ამ წლების მანძილზე შეცვლილა რაიმე მათ მოქალაქეობრივ თუ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში? ან მათ განწყობებში? ელემენტარულად, თუ „ქოცობა“ იმის დაჯერებაა, რომ მიშა ძუძუებს ღმურძლიდა, ან ვინმეს „ბალკონზე“ მგელი თუ აფთარი ჰყავდა, რა, ივანიშვილის გამოჩენამდე არ სჯეროდათ მაგის? ადრე ვინმე კრიტიკულად აანალიზებდა გავრცელებულ ჭორებს, ფილტრავდა, აშკარად დაუჯერებელს არ იჯერებდა და ივანიშვილის რელიგიაზე მოქცევის შემდეგ გახდა ასეთი ენებისა და ჭორებს ამყოლი? უკაცრავად და განა, ის ქოცობამდელი „ქოცი“ არ იყო, ვისაც გამსახურდიას „მერსედესზე“ დუჟი სდიოდა? რა, მარტო მიშას ქაშმირის პალტოსა და „კასტუმებში“ ხელის ფათურია „ქოცობა“? მაშინ ხომ არათუ პოლიტიკური მოღვაწეობა, ის ფსევდოქველმოქმედება-მეცენატობაც არ ჰქონდა დაწყებული ამ ბრძენ კაცს და მგონი, ჯერ კიდევ, „ტყემლის ყიდვა-გაყიდვით“ იყო დაკავებული? ფაქტია, რომ დღევანდელი „ქოცების“ არც მენტალიტეტში, არც აზროვნებაში, არც მოვლენებთან მიმართებაში, არც ცხოვრების ნირსა და წესში არანაირი ფუნდამენტური გარდატეხა არ მომხდარა და ისინი იგივენი არიან, რაც იყვნენ ბოლო 20-25 წლის მანძილზე. დიდქოცობამდე „ქოცების“ არსებობის ფაქტი ადასტურებს ერთ უდავო ჭეშმარიტებას _ „ქოცობას“ დიდი არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებაში „ქოცების“ მოსვლასთან. მე თუ მკითხავთ, სწორედ „ქოცური“ მენტალიტეტის აღზევებამ მოიყვანა ქოცები ხელისუფლებაში. ანუ, როგორც იტყვიან, „უკუღმაა, ასინეთა“. ე. ი. მართლაც დიდად არანაირი კავშირი არ გააჩნია „ქოცობასთან“ ივანიშვილს და ვისი მიმდევარია საზოგადოების ეს ნაწილი _ ქოცებად სახელდებული? ვისაც მდუმარედ და ხმის ამოუღებლად მისტირიან, _ ედუარდ შევარდნაძის. დიახ, ყველა მენტალური „ქოცი“ პირწავარდნილი შევარდნაძისტია, ზოგი ღია, ზოგი ფარული და თუკი ვინმე, უბრალოდ, ვერ იტანს შევარდნაძეს, მხოლოდ მისგან მიყენებული პირადი ზიანის გამო, რეალურად კი ისიც შევარდნაძისტია, მხოლოდ, შევარდნაძეზე პირადად ნაწყენ-დაბოღმილი. დიახ, სწორედ შევარდნაძის გარშემო შემოიკრიბა, თავის დროზე, ყველა რევანშისტი, ვინც აიღო კიდეც რევანში არჩევნების გზით მოსულ ეროვნულ ხელისუფლებაზე. ის, რაც 1991 წლის დეკემბერში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ნომენკლატურის შურისძიება და რევანში. სწორედ იგივე რევანში განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ, მაშინ, 1991 წელს, სუსტი იყო ხელისუფლება და დამხობა მოხერხდა, ახლა კი სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო ისეთი სუსტი და აღარ გამოუვიდათ იგივე, მაგრამ გამოუვიდათ სხვა _ არჩევნების გზით რევანში. თუმცა ამ რევანშამდე დამხობაც არაერთხელ სცადეს. ვიმეორებ: უბრალოდ, ვერ გამოუვიდათ, „კალოშში“ ფეხი არ ჩაეტიათ, სხვა არაფერი. მაშინ, 90-იანებში, ცოცხალი ჰყავდათ ბელადი, ახლა _ მკვდარი, მაგრამ თუ შედეგებიდან ვიმსჯელებთ, შევარდნაძის სიკვდილ-სიცოცხლე არ იყო გადამწყვეტი, სწორედ შევარდნაძე, მკვდარიც და ცოცხალიც, იყო ის, რაც დვრიტად დაედო რევანშს ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. სწორედ მისი მიმდევრები დაირაზმნენ მაშინაც და ახლაც. ამ გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, სრულებითაც აღარ გაგიკვირდებათ ის, თუ აღმოაჩენთ, რომ ვინც გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობდა, _ იარაღით თუ უიარაღოდ, _ სწორედ იგივენი იდგნენ ავანსცენაზე მიშას არჩევნების გზით დამხობის დროსაც და მანამდეც, როდესაც სხვა მეთოდებით ცდილობდნენ მის დამარცხებას. თავისთავად ცხადია, განვლილმა დრომ ამ ყველაფერს კვალი დაატყო და ასპარეზზე ახალი თაობებიც გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ახალი რევანშისტები წამოეწივნენ ძველ რევანშისტებს. მავანი იტყვის, რომ 2012-ში და მანამდეც მიშას გვერდით იყო ის ხალხი, ვინც ზვიადის დამხობაში მონაწილეობდა. დიახ, ბატონო, იყვნენ, მაგრამ ცოტა 2012-ს აქეთაც გამოიხედეთ და დაინახავთ, საბოლოოდ რაც მოხდა და ამოხსნით კიდეც უკვე შიდაპარტიული რევანშის რებუსს. სხვა რებუსებისა და კროსვორდების ამოხსნა დროებით განზე გავწიოთ და დავუბრუნდეთ იმ საკითხს, თუ რატომაა „ქოცთა“ რეალური ბელადი მკვდარი შევარდნაძე და არა ცოცხალი ივანიშვილი? ამ გადასახედიდან სულაც არაა გასაკვირი, რატომ ბრუნდება შევარდნაძის დრო, ბევრისთვის ასე სანატრელი და კომფორტული და ბევრისთვის ასე საძულველი და ავადსახსენებელი? 2012-ის შემდეგ რატომ ბრუნდებიან წყება-წყება და ბღუჯა-ბღუჯა შევარდნაძის დროს გააზნაურებული მდაბიოები წამყვან პოზიციებზე და რატომ ამოყელყელავდა ყველა ნაფტალინიანი ერთად, როგორც ნაწვიმარზე სოკო? რატომ ემსგავსებოდა ამ წლების მანძილზე მიშას პატრული ედიკას „გაის“ და რატომ დაიბერა კვირტები ისევ ედიკასეულმა მექრთამეობამ? რატომ გრძნობს ივანიშვილის პირობებში თავს კომფორტულად ისევ ის ინტელიგენცია, ვინც ბედნიერად და განცხრომაში ცხოვრობდა შევარდნაძის დროს და ჭირის დღესავით სძულდა ის ცხრა წელიწადი? დიახ, მათზე მოგახსენებთ, ვინც თავს ჩარეცხილად გრძნობდა. დიახ, გრძნობდა, თორემ მათთვის ჩარეცხილი არავის უწოდებია. არქივშია კადრები, ამოიღონ და კარგად ნახონ, _ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩასარეცხი უწოდა მენტალიტეტს და არა პირებს, როდესაც სრულიად კონკრეტულმა პირებმა ტელეისტერია მოაწყვეს და ჩამშვებობად შეაფასეს ის, რომ თუ დანაშაულის მოწმე ხდები, ჩვენებას აძლევ სამართალდამცველებს. მათ თავად სურდათ ჩაგრულის, ჩარეცხილის მანტია და როგორც კი მინამსგავს ფრაზას მოჰკრეს ყური, ხელი სტაცეს და მხრებზე მოიგდეს, იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ქურდს ქუდი ეწვის და მიხვდნენ, რომ სწორედ მათ მენტალიტეტს რეცხავდა უნიტაზში ის ხელისუფლება.
დღეს ეს ფენა კომფორტულად გრძნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ მოსწონს, ჩუმადაა. ჩუმადაა, რადგან თავადაა კომფორტულად, _ არავინ ეხება და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ პრივილეგირებულობას. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ითქვას:
მათაც და, საზოგადოდ, ნებისმიერ „ქოცსაც“ მაინც შელახული აქვთ სიამაყე და ამპარტავნება. მათთვის ბევრად კომფორტული იყო მსოფლიოში სახელგანთქმული შევარდნაძის ფანობა, ვიდრე ივანიშვილის ფანობაა. ის უფრო „ესვეცკებოდათ“, ეს ცოტა უტყდებათ და არ იმჩნევენ. ის უყვარდათ, ეს სჭირდებათ და იტანენ. არა, რეალურად, არც ის უყვარდათ და არც არავინ ეყვარებათ, უბრალოდ, იმის სიყვარულს უფრო ლაზათიანად ფუთავდნენ… იცით, როგორაა? _ კომფორტსმოყვარულ შვილებს მამა რომ მოუკვდებათ და დედის ფულიან საყვარელზე თუ ახალ ქმარზე რომ იბოღმებიან, მისი ხალხში გამოჩენა რომ ერცხვინებათ, უტყდებათ, მაგრამ კომფორტს რომ ვერ ელევიან და ინაბებიან, იტრუნებიან. ინაბებიან, ჩუმდებიან, იტრუნებიან მანამ, სანამ რამეს გამოელიან, ან სხვა ვინმე გამოჩნდება და მათ „გარდამავალ დროშა-დედას“ ხელში აიტაცებს.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ქოცები“ ბიძინას ღვიძლი შვილები კი არა, ედიკას დანატოვარი გერები არიან _ ედიკას ობლები. ედიკას ობლები კი ისე გასწირავენ ფულიან „მამინაცვალს“, წარბსაც არ გაატოკებენ და წამწამსაც არ დაახამხამებენ. ოღონდ კი გამოჩნდეს ვინმე ფულიანი სხვა, ვინც მათ შეინახავს და გავას ხელუხლებელს დაუტოვებს _ „პეროს“ არ გამოაძრობს.
სხვათა შორის, ის, რომ დღეს სწორედ ბიძინაა ედიკას ობლების მამინაცვალი თუ მამობილი, ესეც, თქვენ წარმოიდგინეთ და, ისევ იმ შევარდნაძის გეგმის მიხედვითაა. ჯერ კიდევ 2003 წელს ვწერდი (აი, მაშინ, როცა ბიძინა უცხოპლანეტელივით არავის ნანახი არ გვყავდა), რომ შევარდნაძე თავის შემცვლელად სწორედ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებდა. უბრალოდ, შევარდნაძეს მაშინ დრომ, შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უმუხთლა, თავზე მეხივით დაეცა სააკაშვილის ქარიზმა და ობლები ოხრად დაყარა, მაგრამ მისმა ობლებმა შური იძიეს, მამისგან შეგულებული მამინაცვლის გარშემო დაირაზმნენ და საქართველოს ისტორიას ისტორიული რევანში „მისცეს“…

რეზო შატაკიშვილი