ბიომრავალფეროვნება _ დაცვა და შენარჩუნება

ბიომრავალფეროვნება თითოეული ქვეყნის ინდივიდუალური საგანძურია. მხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ერთეულები იქცევს არა მარტო ადგილობრივების, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღებას. რაც უფრო მეტი ენდემისა და რელიქტის მფლობელია ქვეყანა, მით უფრო მდიდარია ის, თუმცა ერთ-ერთი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ ბიომრავალფეროვნების მოვლა, მოფრთხილება, შენარჩუნება, შენახვა და შემეცნება.

ეკოლოგიური თუ გარემოსდაცვითი ტერმინოლოგია გარკვეულ გაუგებრობებს შეიძლება უკავშირდებოდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით „კულტურულ მცენარეთა ენდემური ჯიშები, მათი ველური მონათესავე სახეობები და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყურძნის, ხილისა და კაკლოვნების, ხორბლის, ქერის, პარკოსნებისა და სელის ადგილობრივი ჯიშები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ კოლექციებშია შემორჩენილი. კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციებიც საფრთხის ქვეშაა, ძირითადად, ჰაბიტატების განადგურებისა და ფრაგმენტაციის, ასევე გადაჭარბებული ძოვებისა და გაუდაბნოების პროცესების გამო“.

კახა ბახტაძე _ ეკოლოგი:
_ საქართველოში არსებობს დაცული ტერიტორიები და დაცული ტერიტორიების ის სისტემა, რომელზედაც პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შიგნით არის დაცული ტერიტორიების სააგენტო, სადაც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები. ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე, აღდგენასა და სხვ. არსებობს დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორია და ამის მიხედვით შესაბამისი კატეგორია იმართება. ეს სისტემა საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, ჯერჯერობით, დაცული ტერიტორიების 80%-ია დაფარული. ჩვენ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ვალდებულებად ავიღეთ, როდესაც მან თქვა, რომ გაზრდიდა დაცულ ტერიტორიებს“.
_ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ბიომრავალფეროვნებას?
_ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი საფრთხეა, რადგან გარემო იცვლება. ეს პრობლემა გვაქვს კოლხურ ბზასთან დაკავშირებით. მეორე არის ადამიანის ჩარევა. დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესი დიდია და ყოველწლიურად იზრდება. ქართველი და უცხოელი დაინტერესებული პირების რაოდენობა, თითქმის, თანაბარია. უცხოელების დაინტერესების მიზანი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების გაცნობის სურვილია. ჩამოდიან, ფრინველებს აკვირდებიან ბუნებრივ გარემოში. ეს ინტერესი უფრო დიდია დასავლეთ ევროპელი ტურისტების მხრიდან, თუმცა აღმოსავლეთ ევროპიდანაც ჩამოდის ძალიან ბევრი ტურისტი, რადგან ბუნებრივი გარემო, მეტ-ნაკლებად, შენარჩუნებულია საქართველოში.

ცნობისთვის: საქართველოში გავრცელებულ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა და საკონსერვაციო ქმედებების გატარება ესაჭიროება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით „ასეთი სახეობები შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მათ შორის: მერქნიან მცენარეთა 56, ძუძუმწოვართა 29, ფრინველთა 35, რეპტილიების 11, ამფიბიების 2, თევზების 11 და უხერხემლოების 42 სახეობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, უდიდესია სახეობებისა და ეკოსისტემების შეუქცევადი დეგრადირების გლობალური საფრთხე. ბიომრავალფეროვნების კარგვა აღიარებულია გლობალურ დონეზე კრიტიკულ გარემოსდაცვით პრობლემად კლიმატის ცვლილებასთან ერთად, თუმცა ბიომრავალფეროვნების დაცვით, ეკოსისტემების მდგრადი მართვითა და ბიოლოგიური რესურსების გონივრული სარგებლობით შესაძლებელია ბუნებრივი სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება და ამით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის შექმნის პირობებს. აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება „2014-2020 საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (NBSAP)“, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 8 მაისს დაამტკიცა. დოკუმენტი აქცენტს აკეთებს ბიომრავალფეროვნების ფასეულობებისა და მათი შენარჩუნების აუცილებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და გეგმის განხორციელებით საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ასევე გლობალურ დონეზე ბიომრავალფეროვნების კარგვის შემცირებაში“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბიომრავალფეროვნების კუთხით, სამ მიმდინარე პროექტს ხელმძღვანელობს. ის ინტენსიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციასთან.
სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა მიმართულებით, ამ ეტაპზე, 60-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს.
ბიომრავალფეროვნების პროექტები შემდეგია:
1. ველური ბუნების მდგრადი მართვის შესაძლებლობების განვითარება.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
• ანგარიში საქართველოში ველური ბუნების რესურსების მართვის შესახებ;
• ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება ველური ბუნების რესურსების შეფასების, მართვისა და მონიტორინგის განხორციელების თვალსაზრისით;
• ველური ბუნების რესურსების მონიტორინგისა და მდგრადი გამოყენების კუთხით სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობების გაძლიერება;
• ველურ ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება ლანდშაფტური მიდგომის გამოყენებითა და მეურნეობებზე აქცენტირებით;
2. ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)
მოსალოდნელი შედეგები:
• ადგილობრივ დონეზე ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების
მდგრადი მართვის ინსტრუმენტები და პროცესების კოორდინაცია გამოცდილია;
• გაუმჯობესებულია დარგობრივი სამინისტროების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების სამუშაო შესაძლებლობები ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის სფეროში;
• ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობის ფართო საზოგადოების მიერ აღქმა უფრო დადებითია;
• ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემურ სერვისების მართვაზე რეგიონულ დონეზე ინფორმაციის გაცვლა გაუმჯობესებულია;
3. ბიომრვალფეროვნების ფინანსური ინიციატივა (BIOFIN)
მოსალოდნელი შედეგები:
• ბიომრავალფეროვნების საკითხებისა და ეკოსისტემების სერვისების ინტეგრირება სექტორული პოლიტიკის დოკუმენტებში, გეგმებსა და ბიუჯეტირების პროცესში;
• ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების მართვისა და კონსერვაციისთვის ფინანსური საჭიროებების შეფასება.
არსებობს საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, რომლის მიხედვითაც: დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვასა და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნას. დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად.
ამავე კანონმდებლობის მიხედვით დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.
საინტერესოა ვიზიტორთა სტატისტიკა წლების მიხედვით. გთავაზობთ ბოლო ოთხი წლის მონაცემებს:
2014 წელს _ 420166;
2015 წელს _ 518218;
2016 წელს _ 734874;
2017 წელს _ 954692.
არსებობს შემდეგი სახის სამართალდარღვევები: თევზაობა, ძოვება, უკანონო ჭრა, ნადირობის წესების დარღვევა, ნადირობა, თევზაობის წესების დარღვევა და სხვა სამართალდარღვევები. ამათგან დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე დიდი სიხშირით უკანონო ჭრის შემთხვევები ფიქსირდება.
დარღვევები ორ კატეგორიად იყოფა _ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დარღვევები. სისხლის საამართლის ნიშნების მქონე ფაქტები თითქმის არ გვხვდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების წლიურ ტენდენციას რაც შეეხება, 2012 წელს 330 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წელს _ 457, 2014 წელს _ 338, ხოლო ბოლო, 2015 წლის მონაცემებით, 410 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში არსებობს შემდეგი ტერიტორიული ადმინისტრაციები: ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მაჭახელას ეროვნული პარკი, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია, ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მრავალნაირ საგანძურს შორის ბიომრავალფეროვნება ის მატერიალური რესურსია, რომელიც ხელმისაწვდომია და შემეცნებითი. და ეს ურთიერთობა არის ორმხრივი. ეს კავშირი თითოეული ადამიანის თვითშეგნებიდან აღწევს ხარისხს. ყოველდღიურად ადამიანს შეუძლია, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუწყოს ხელი ამ საგანძურის შენახვასა და შენარჩუნებას. დაცული ტერიტორიების სიმრავლისა და მასთან დაკავშირებული კანონების საფუძველიც ისევ ადამიანი. რაც უფრო მეტი მოქალაქე იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მიმართ, მით მეტად ეფექტიანი იქნება კანონი.

მარიამ ტიელიძე