ახალი რეგულაციები თამბაქოს ინდუსტრიაში

გარკვეული პერიოდის წინ დაანონსდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდოდა, 2018 წლის პრველი სექტემბრიდან კი ახალი რეგულაციები უკვე ამოქმედდა. შესაბამისი სანქციებით, ვალდებულებებითა და მოვალეობებით ცვლილებები 2003 წელს გამოქვეყნებული კანონმდებლობის ფარგლებში დაფიქსირდა. ეს რეგულაციები თანაბრად საინტერესოა როგორც მწეველებისთვის, ისე _ არამწეველებისთვის, თუმცა განსხვავებული ინტერესებით.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია 2017 წელს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტის თანახმად ჩამოყალიბდა შემდეგი მუხლები: თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება… მის მიხედვით იკრძალება თამბაქოს ინდუსტრიაში არასრულწლოვანი პირების ჩართვა; თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია, ან/და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. ეს პუნქტი გულისხმობს შესაბამისი ნაწარმის განლაგებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში; იმ ტერიტორიებზე, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია რეალიზდება; ნებისმიერი სახის სპორტულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში; სხვა სახის კულტურულ დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე; სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებსა და ა. შ.
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არც ერთი ელემენტი უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი, სხვა ნაწარმთან შედარებით, ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვ.“, _ მითითებულია კანონმდებლობაში.

დეტალებზე „ქრონიკა+“-ს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა:
_ ზოგადად, რას გულისხმობს ახალი რეგულაციები? რისკენ არის ის მიმართული?
_ პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია ითვალისწინებს გარე ხილვადობის აკრძალვას თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით. ვიტრინებზე თამბაქოს პროდუქტები უკვე აღარ არის გამოტანილი. აქსესუარებს რაც შეეხება, თუ აქსესუარი ბრენდირებულია (დატანილია თამბაქოს ინდუსტრიის ლოგო ან კონკრეტული ბრენდის სახელწოდება არის მითითებული), ამ შემთხვევაში, მათი გამოტანაც იკრძალება ვიტრინებზე. თუ შესაბამისი ნაწარმი არაბრენდირებულია, შეიძლება, რომ ის გამოტანილი იყო ხილულ ადგილზე. გარდა ვიტრინებზე მათი გამოტანისა, პროდუქცია არ უნდა იყოს ხილვადი _ თუ ვიტრინა ან ვიტრაჟი შუშის იყო და აქედან შიდა სივრცეში გახლდათ გათავსებული თამბაქოს პროდუქცია და ის გარედან ხილვადი იყო ადამიანებისთვის, პირველი სექტემბრიდან ესეც აიკრძალა.
საჯარიმო სანქცია, ამ შემთხვევაში, 2000 ლარია. გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 4000 ლარს შეადგენს, თუმცა მსგავსი შემთხვევა უკვე სასამართლოს ექვემდებარება იმიტომ, რომ 2000 ლარს ზემოთ შემთხვევებს ის განიხილავს. 2000-ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში აღმასრულებელ პირს შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს მასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მეორე რეგულაციას: ის გულისხმობს ჰიქტოგრამების დატანას, ანუ სურათებრივი გამოსახულების დატანას თამბაქოს კოლოფებზე. ამის ვალდებულება თამბაქოს ინდუსტრიისთვის ხელმისაწვდომი პირველი სექტემბრიდან გახდა. ეს ვალდებულება ბოლომდე უნდა იყოს რეალიზებული 2019 წლის პირველ იანვრამდე. პირველი სექტემბრიდან ბაზარზე შეიძლება არსებობდეს როგორც ძველი დიზაინის თამბაქოს ნაწარმი, ისე უნდა შემოვიდეს ახალიც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ გაითვალისწინა ეს რეგულაცია. სხვა კომპანიები, რატომღაც, ამ ვალდებულებას თავს არიდებს. ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია გახლავთ 5000 ლარი, ანუ დიზაინთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. ამ დროს უკვე შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი როგორც ვიტრინებზე გამოტანასთან დაკავშირებით, ისე დიზაინის წესების დარღვევებთან მიმართებით. თუმცა, ჯერჯერობით, ამის მონიტორინგი დაწყებული არ არის. დიდი დრო არ გასულა, რაც ეს ნორმები ამოქმედდა. იმედია, სექტემბრის ბოლომდე თამბაქოს ინდუსტრია ახალი შეფუთვისა და დიზაინის კოლოფებს შემოიტანს, სადაც უკვე 65%-ზე იქნება დაფარული წინა და უკანა მხარე სამედიცინო გაფრთხილებებით.
კოლოფის წინა მხარეს აუცილებლად უნდა იყო დატანილი სურათი შეტყობინებით, რაც გახლავთ სტანდარტი, ხოლო უკანა მხარეს კონკრეტული სამედიცინო გაფრთხილება. დატანილია ასევე ცხელი ხაზის ნომერი. ეს სტანდარტი მთავრობამ იანვარში დაამტკიცა. აღნიშნული ჰიქტოგრამები მაღალი რეზოლუციით გახლავთ ხელმისაწვდომი. შესაბამისი ფორმები ჩვენ ავსტრალიისა და კანადის მთავრობებიდან მივიღეთ _ რაც ამ ქვეყნებშია დატანილი თამბაქოს კოლოფებზე, ამ ვერსიებიდან ის შევარჩიეთ, რომელიც ქართულ რეალობაზე იქნებოდა მორგებული. მათგან მივიღეთ ლიცენზია მათ გამოსაყენებლად.
მესამე რეგულაცია გახლავთ მანქანიდან გადმოსვლის გარეშე თამბაქოს შეძენის აკრძალვა. პირველი სექტემბრიდან ეს ნორმაც ამოქმედდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება და არასრულწლოვანს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, მანქანიდან გადმოუსვლელად შეეძინა თამბაქოს პროდუქტი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თბილისის ცენტრალურ უბნებში განთავსებული გახლდათ Drive tobacco-ს ჯიხურები. ეს არ იყო სასიამოვნო პრაქტიკა. ჩვენი ამოცანა გახლდათ, რომ ეს პრაქტიკა მოშლილიყო, თუმცა ეს მოხდა ნაწილობრივ. ჩვენ მის აკრძალვას კი არ ვითხოვთ, არამედ იმის მიღწევას ვცდილობთ, რომ მომხმარებელს არ ჰქონდეს ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე თამბაქოს პროდუქტის შეძენის საშუალება. ამ შემთხვევაშიც საჯარიმო სანქცია 2000 ლარს შეადგენს, გამეორების შემთხვევაში კი რაოდენობა 4 000 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, თავად კომპანიების წარმომადგენლებმა ნახეს გამოსავალი _ ჩვენი ამოცანა გახლდათ, რომ ფანჯარა არ ყოფილიყო ტრასის მხარეს, ის უნდა გახსნილიყო კორპუსების მხარეს, ტროტუარის მხარეს, რომ თამბაქოს ყიდვა შესაძლებელი ყოფილიყო ფეხით მოსიარულისთვის და არა ადამიანისთვის, რომელიც, პარალელურად, ავტომობილს მართავს, რათა არ შეფერხებულიყო მოძრაობა. ამ თვალსაზრისით მათ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და ავტომობილებს ჩვეულებრივ აჩერებინებენ, გადმობრძანებას სთხოვენ და ყიდვას მაშინ, როდესაც ეს არ ყოფილა ჩვენი პირდაპირი ამოცანა. რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი უნდა შექმნოდა მწეველს და არ უნდა უღირდეს მას ავტომობილიდან გადმოსვლა თამბაქოს შესაძენად. ეს იყო ერთ-ერთი ბარიერი და საერთაშორისო პრაქტიკა. Drive tobacco-ს პრაქტიკა სხვა ქვეყნებში უკვე აღარ არსებობს.
მეოთხე რეგულაციას რაც შეეხება, კანონის მიხედვით მთავრობას ვალდებულება ჰქონდა, პირველი სექტემბრისთვის მიეღო ნორმატიული აქტი, რომელიც კონკრეტული საჯარო და სახელმწიფო თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებას განსაზღვრავდა, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი და ურთიერთობა თამბაქოს ინდუსტრიასთან, ვიდრე ისინი შეუდგებოდნენ სახელმწიფო სამსახურს, ან სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს თუ ჰქონდათ მათ კავშირი თამბაქოს ინდუსტრიასთან.
ყველა ქვეყანაში და, განსაკუთრებით, საქართველოში, საკმაოდ დიდია თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა სახელმწიფო პირებსა და პოლიტიკოსებზე. ის კორუფციის საკმაოდ მაღალი წყარო გახლავთ. კონვენციის ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ყველა შეხვედრა და გასაჯაროებულიყო ნებისმიერი პროცესი და შეხვედრა, ოფიციალურად მოეხდინათ ამ პირებს დეკლარირება. განსაკუთრებით მათ, რომელთაც თამბაქოს კონტროლზე უწევთ მუშაობა.
_ ამ სიახლეებს ვინმე თუ დაუპირისპირდა?
_ ის, ვინც ამ საკითხებს ლობირებას უწევს, გახლავთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ბიზნესი თავისუფალია, მასზე არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს, არ ხდება მისი დისკრიმინაცია და ა. შ., მაშინ აბსოლუტურად ალოგიკურია ასეთი ინსტიტუტის არსებობა. ფაქტობრივად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი დაკავებულია კონკრეტული ბიზნეს და ფინანსური ინტერესების ლობირებით. მიუღებელია, როდესაც სახელმწიფოში არსებობს დამატებითი ბარიერი იმისთვის, რომ საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინტერესები დაცული იყოს. ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი კონკრეტულ ბიზნესებს ლობირებს. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს აპარატი ცდილობს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს საფრთხე შეუქმნას.
მეორე ლობისტი, რომლის უკანაც თამბაქოს ინდუსტრია დგას, გახლავთ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“. კანონპროექტის დროსაც და ახლაც ის დაუსაბუთებელი ინფორმაციების საფუძველზე ამბობს, რომ, ამ რეგულაციების გატარების შემთხვევაში, შესაბამისი ბიზნესი შესუსტდება და ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნება. ეს იდეა ეკონომიკურ გათვლებს კი არ ემყარება, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და კონკრეტულ ფინანსურ ინტერესებს ლობირებენ. მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან არ მოდის შესაბამისობაში ჩვენი რეგულაციები. ეს არის აბსურდი. ევროკავშირის რეგულაციებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ, ძირითადად, ის ითვალისწინებს ვაჭრობის, დიზაინისა და გადასახადების საკითხებს. ევროკავშირი კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს.
მინდა, გამოვყო ერთ-ერთი მთავარი ლობისტი, რომელიც წინა რეგულაციებს ეხება _ ეს გახლავთ „სათამაშო ბიზნესასოციაცია“, რომელიც საკმაოდ აქტიურობს. ადრე მათი წინადადება იყო, რომ სლოტკლუბებში, რომელთა წლიური სალიცენზიო მოსაკრებელი 200 000 ლარი და მეტია, დაშვებული ყოფილიყო მოწევა, კაზინოების მსგავსად. ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. პარლამენტში წარვადგინეთ წინადადება და კაზინოებშიც მოვითხოვეთ თამბაქოს მოწევის აკრძალვა. ეს იმიტომ, რომ მათ არ ჰქონოდათ სათქმელი, თითქოს, მათ კონკურენციის უფლება ეზღუდებოდათ. ეს არის აბსურდი. ძირითადად, სამორინეები თბილისსა და ბათუმშია განლაგებული. მიაჩნიათ, რომ ისინი ამის გამო კლიენტებს კარგავენ. რეალურად, ეს ასოციაცია თვითონ ფლობს სამორინეებს. ახლა კი წარადგინეს წინადადება, რომ არა მხოლოდ სლოტკლუბებში, არამედ ტოტალიზატორებსა და სხვა სათამაშო დაწესებულებებშიც (რაც, საქართველოს მასშტაბით, ასეულობითაა) დაიშვას თამბაქოს მოხმარება. ეს არის გამორიცხული. მათ მოთხოვნებს საზოგადოება არასდროს დაუჭერს მხარს. პარლამენტისა და მთავრობის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, აშკარა იქნება, რომ კონკრეტული ფინანსური ინტერესების მხარდამჭერები არიან. სხვა არგუმენტი აქ არ იარსებებს. სხვათა შორის, ამ პროცესში ჩართულები არიან მთავრობის მაღალი თანამდებობების პირები, მათ შორის, ისინი, ქვეყნის უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე რომ უნდა ზრუნავდნენ, პლუს პარლამენტის კონკრეტული წევრები. ვინც ამ გადაწყვეტილებას კოორდინირებს, გახლავთ ისკო დასენი. ის თავად არის სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი. წილი მის შვილზეა გაფორმებული. ისინი არიან ამ ბიზნესის დამფუძნებლები და ზემოხსენებულ ასოციაციაშიც ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები. ისინი ლობირებენ კონკრეტულ ფინანსური ინტერესებს.
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ მოთამაშე, რომელიც შედის სათამაშო დაწესებულებაში და აქვს თამბაქოს მოწევის შესაძლებლობა, უფრო მეტად დამყოლია და შესუსტებული აქვს ანალიზის უნარი. ალბათ, სწორედ ეს არის მათი ინტერესი, რომ დაშვებული იყოს მსგავს დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარება, რათა, რაც შეიძლება, მაქსიმალურ სიღარიბეში ჩააგდონ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ არის დამოკიდებული თამბაქოზე. ამიტომ კონკრეტული პირები, რომლებიც ლობირებენ ამ საკითხს, იქნებიან აბსოლუტურად გაშიფრულები და საზოგადოებისთვის ცნობილები. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება თავის სათქმელს, ამ მიმართულებითაც, იტყვის.

ბუნებრივია, აღნიშნული კანონმდებლობა და ახალი რეგულაციები მწეველებისა და არამწეველებისთვის განსხვავებული შედეგისა და დამოკიდებულებების მომტანია. ერთი შეხედვით, ისინი მწეველებისთვის შემზღუდველი, ხოლო არამწეველებისთვის საპირისპირო პროცესების გამომწვევია.

რამდენიმე ათეული წელია, რაც გიორგი სანიკიძე თამბაქოს მომხმარებელია. საინტერესოა, რამდენად აღმოჩნდა ცვლილებების მომტანი მისთვის ზემოხსენებული რეგულაციები?
_ როგორ ფიქრობთ, რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ?
_ როგორც ყველასთვის ცნობილია, მსგავსი ტიპის დაწესებულებების უმეტეს ნაწილში გამოყოფილი იყო ხოლმე ადგილები როგორც მწეველებისთვის, ისე _ არამწეველებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენს ქვეყანაში რეგულაციებისა და ცვლილებების უმეტესობა ფორმალურია, ეს კონკრეტული პუნქტი ბევრს არაფერს ცვლის. რა დრო შეიძლება დაყოს ადამიანმა კაფე-ბარებში? არა იმდენად დიდი, რომ იმ პერიოდში თამბაქოს არმოწევამ ის სამომავლოდაც გადააჩვიოს მის მოხმარებას. ალბათ ეს რეგულაცია უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის არის საინტერესო, რომლებიც არ მოიხმარენ მას. ეს მათთვის ზედმეტი დისკომფორტის აცილებას უწყობს ხელს. მწეველებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამ კონკრეტული რეგულაციის ფარგლებში, მათთვის არაფერი შეცვლილა.
_ თამბაქოს ნაწარმისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების განლაგება მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო ადგილებზე კანონით აიკრძალა. მწეველებისთვის რამდენად ეფექტიანია ეს კონკრეტული რეგულაცია?
_ დაინახავს თუ ვერ დაინახავს მწეველი მსგავსი ტიპის ნივთებსა თუ ნაწარმს, ის მაინც მოიკითხავს და მოიხმარს მას. ჩემი აზრით, ეს აკრძალვა, უფრო მეტად, არასრულწლოვნებისთვის თუ სხვა ისეთი ადამიანებისთვის არის სასიკეთო, რომლებიც მარტივად შეიძლება მოექცნენ იმ გარემოებების გავლენის ქვეშ, რომელიც მათ, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარებას „აიძულებს“. უკვე მწეველებისთვის და, თუნდაც, არამწეველებისთვის (რომლებსაც საკუთარი არჩევანი, ამ თვალსაზრისით, გაკეთებული აქვთ), ეს ნაბიჯი ვერაფერს შეცვლის _ მწეველი ისევ მოწევს და არამწეველი ისევ არ მოწევს. ამ პუნქტის სამიზნე, ალბათ, მოწყვლადი ჯგუფები უფრო მეტად არის.
_ ახალ რეგულაციებთან მიმართებით რომელიმე პუნქტის მიმართ პროტესტის გრძნობა თუ გაგიჩნდათ?
_ ვერ ვიტყვი, რომ ეს გრძნობა გამიჩნდა მით უმეტეს მაშინ, როცა ის არასრუწლოვნებისკენ საკმაოდ აქტიურად არის ორიენტირებული. ვერანაირი რეგულაცია შეძლებს იმას, რომ მწეველმა თამბაქო აღარ მოიხმაროს _ რა სახის სანქციებთან, ჯარიმებთან თუ ფასების მომატებასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული ის. ამიტომაც ვამბობ, რომ ისინი, უფრო მეტად, არამწეველების „კეთილდღეობისკენ“ არის მიმართული და თამბაქოს კვამლის შესუნთქვის ფარგლებში განიხილება, თუმცა არასრულწლოვნებთან მიმართებით მგონია, რომ, შესაძლოა, ეფექტიანი იყოს: ის პუნქტი, რომ შეზღუდული იქნება თვალსაჩინოება შესაბამისი ნაწარმისა. პირადად, როგორც მწეველს, პროტესტის გრძნობა ვერანაირად მექნება, რადგან არსებული შეზღუდვები, ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. არც ის მგონია, რომ ჩემი მწეველობის ფაქტით ადრე ვინმეს პირად სივრცეს ვუქმნიდი საფრთხეს.
_ თქვენი გარემოდან გამომდინარე რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა არსებული სიახლეები?
_ ჩემ გარშემო, ცხადია, მწეველები და არამწეველები თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან. ნებისმიერი სახის რეგულაცია ყველა ტიპის ადამიანისთვის აუცილებლად განსხვავებული დამოკიდებულების მომტანია. ამ კონკრეტულ რეგულაციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ცვლილებების მომტანი, უფრო მეტად, არამწეველებისთვის იქნება. ცხადია, თამბაქოს კვამლი სასიამოვნო, ძირითადად, არავისთვისაა. ჩვენ არ უნდა „ვაიძულოთ“ არავის, რომ ჩვენი სიამოვნებისთვის მოიწამლოს. ვფიქრობ, შეიცვალა ის, რომ გაფართოვდა სივრცე, რომელშიც ადამიანები სუფთა ჰაერს შეისუნთქავენ. ჯერ კიდევ ახალია ეს ცვლილებები და, ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო იქნება შესაძლებელი მის შედეგებზე მსჯელობა. მთავარი ის არის, რომ, როგორც დღევანდელ რეალობაში ძალიან ცხადად ხდება, კანონმდებლობა არ იყოს უბრალოდ დაწერილი დოკუმენტი. უპირველესად, ის უნდა იყოს მიმართული ადამიანის კეთილდღეობისკენ. დღეს ჩვენი ქვეყანა ამით ვერ დაიკვეხნის. უმთავრესად, პრიორიტეტი დღეს არის ქაღალდი და არა _ ადამიანი. თუკი ჩვენი ქვეყანა აწარმოებს ნებისმიერი სახის მონიტორინგებს ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანობის გასაზომად, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ისევ ადამიანების სასიკეთოდ. იგივე შეიძლება ვთქვათ თამბაქოს ინდუსტრიაში არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით. აუცილებელია რაიმე საზომი, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ეფექტი ცვლილებას.

დავით გიორგაძე თამბაქოს მომხმარებელი არ არის. შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებს ის განსხვავებულად აღიქვამს:
_ როგორ ფიქრობთ, რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ?
_ ერთი შეხედვით, ამ პუნქტში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა არამწეველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მომაკვდინებელი კვამლი არ იქნება. ასე თუ ისე, არსებული ბარიერების მიუხედავად, მაინც უწევდათ ადამიანებს მისი შესუნთქვა. როცა უკვე კანონი კრძალავს და შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს, მწეველისთვის საყურადღებო ხდება. სხვა მხრივ მწეველთა დიდი ნაწილი სხვის კეთილდღეობაზე არ იფიქრებდა.
_ თამბაქოს ნაწარმისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების განლაგება მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო ადგილებზე კანონით აიკრძალა. მწეველებისთვის, რამდენად ეფექტიანია ეს კონკრეტული რეგულაცია?
_ ადამიანებისთვის ნამდვილად არის მოტივატორი თამბაქოს მოხმარებისა, როდესაც ის მსგავს ნივთებსა თუ ნაწარმს ხედავს. ბევრი იტყვის, რომ მსგავს მოცემულობას გავლენის მოხდენა არ შეუძლია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია _ რასაც ხედავ ადამიანი, მის მიმართ გარკვეული სახის მიდრეკილება მაინც გიჩნდება.
_ ახალ რეგულაციებთან მიმართებით, რომელიმე პუნქტის მიმართ, პროტესტის გრძნობა თუ გაგიჩნდათ?
_ პირიქით, მგონია, რომ უფრო ადრეც იყო შესაძლებელი მსგავსი პუნქტების შემუშავება. აქამდეც უნდა დაენახა მთავრობას ამ რეგულაციების საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ ის 18 წლამდე ადამიანების ინტერესებს არის მორგებული.
_ თქვენი გარემოდან გამომდინარე, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა არსებული სიახლეები?
_ ვფიქრობ, რომ, დროდადრო, უფრო მეტად თვალსაჩინო იქნება არსებული ცვლილებების დადებითი შედეგები. როცა ადამიანს კანონი ავალდებულებს, მისთვის უკვე სხვა სახის ბარიერები აღიმართება. სხვა საკითხების მსგავსად თამბაქოს ინდუსტრიაშიც კანონის არსებობით შეიქმნება წესრიგი. დღესდღეობით, ვფიქრობ, რეგულაციების გავლენა შესამჩნევია _ ასე თუ ისე, მოქალაქეები მის კვალდაკვალ მოქმედებენ.
ზემოაღნიშნული ყველა რეგულაცია უკვე ამოქმედდა, თუმცა, ჯერჯერობით, არ არის ჩატარებული რაიმე მონიტორინგი, რომლის საშუალებითაც მისი ეფექტიანობის შეფასება შესაძლებელი იქნება, მაგრამ შეზღუდვები, ბარიერები და ვალდებულებები უკვე ოფიციალური დოკუმენტის სახით არსებობს.

მარიამ ტიელიძე