,,აფხაზეთთან ერთად ყველაფერი დავკარგე გარდა რწმენისა, რომ ოდესღაც ეს კოშმარი დასრულდება!”

სოხუმზე შტურმი დაიწყო და ჩვენმა შენაერთმა „თეთრმა გიორგიმ“ სასწრაფოდ შეკრება გამოაცხადა. მაშინ მობილურები კი არა, ხაზის ტელეფონიც კი ბევრს არ ჰქონდა. თანამებრძოლებმა სახლში მომაკითხეს, ძლივს ფინალამდე მიყვანილი „პირადულის“ დალაგების პროცესი მივატოვე (კი მითხრეს, დარჩიო, მაგრამ რა დროს ეგ იყო) და შვარცენეგერივით აღვიკაზმე. ერთი დღე დაგვჭირდა მოსაქუჩებლად. ეშელონებზე ტექნიკა დავტვირთეთ და აფხაზეთისკენ გავუშვით. ლოთი სამეგრელოზე გატარებაზეც დაგვთანხმდა და ბრძოლაში მონაწილეობაზეც; პირადი შემადგენლობა კი ორთაჭალის ავტოსადგურიდან იკარუსებით წავედით. ჩვენი ავტობუსი თურქეთისთვის იყო გამზადებული, მაგრამ „ბიზნესმენებმა“ ბარგი ჯუჯღუნით გადმოალაგეს. მძღოლი ნერვიულობდა, რეისი ჩამივარდება, მალე დავბრუნდებიო? რას ვეტყოდით? ჩაგვიყვან ზუგდიდში და ეგრევე დააწვები უკან, ხალხსაც გამოიყოლებ და ორ კაპიკსაც იშოვი (საწვავი გავუვსეთ ბოლომდე), არ იზარალებ-მეთქი.

სამეგრელოზე გავლა ნამდვილი კოშმარი იყო, ყველა დასახლებულ პუნქტში ჯარისკაცები ჰყავდა ჩამწკრივებული ლოთის და როგორც მოსკოვში ტყვე გერმანელები, ისე გაგვატარეს, თავი კინოში მეგონა. მძღოლი კი გზაში უკვე ისე „დავკერეთ“, რომ ოჩამჩირეშიც ჩაგიყვანთ და ბარემ ერთი ავტომატი მეც მომეცით, ამ ავტობუსის დედაც და თქვენზე ნაკლებისაცო.

ოჩამჩირეში კარგა გვარიანად მოვქუჩდით, თბილისიდან 500-600 გამოცდილი მეომარი, ერთი მაგდენი ლოთის გვარდია, ოჩამჩირეშიც ქვა რომ ისროლო, ჯარისკაცს მოხვდება, იმდენი არიან. 5-6 ათასამდე კარგად შეიარაღებული ბრიგადა შეიკრა, თავისი ტანკებით, „ბეემპეებით“, „შილკებით“, „გრადებით“ და სოხუმზე კი არა, სოჭზეც ვფიქრობდით, უკვე. გავიშალეთ ფრონტალურად (ვინღა უტევს ფრონტალურად, მე ამათი გენერალისიმუსობა დავხიე) და შევუტიეთ. ლოთი პირველსავე დღესვე გავიდა მდინარე კოდორთან და ზღვის მხრიდან გზა, ფაქტობრივად გახსნა, ჩვენ კი ტექნიკა უაზროდ შევახოცეთ ტრასით გარღვევას (თითქოს ტანკი „ჟიგული“ იყოს და ხნულებში ვერ გაივლიდა), ჩვენი შენაერთი კი მარჯვენა ფლანგის ქვეითი დანაყოფის ავანგარდში ვიყავით და ერთმა კვერცხისთავა და  ყურცქვიტა გენერალმა ჩვენსავე შენაერთების მიერ დანაღმულ ველზე შეგვიშვა, ერთიმეორის მიყოლებით ორი ბიჭი აგვიფეთქდა, სანამ მაგ დაწყევლილი დანაღმული ველიდან გამოვაღწევდით, ტრასამდე უკვე ღრმა ზურგში აღმოვჩნდით და ჩვენ რომ მეორე ეშელონი გვეგონა, იმათმა წინიდან ჩამოგვიქროლეს (ახალბედა მოხალისეები), _ ჩასაფრებაში მოვყევითო. მოკლედ, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ისეთი ამბებია. მეორე დღეს ისევ იმ ტრასით ვცადეთ გარღვევა და ისევ აფეთქებული ტანკები, ისევ უაზროდ დახოცილი და დასახიჩრებული ბიჭები. მერე გია ყარყარაშვილი გადმოვიდა კოდორზე სოხუმის მხრიდან, ჩვენ ცოტა მოშორებით მოგვაწყვეს და არაფერს გვეუბნებიან, ფაქტობრივად, მოგვტეხეს. დანარჩენი სოხუმში გადაიყვანა. ოჩამჩირლები ოჩამჩირეში წავიდნენ, ლოთი ზღვისპირზეა და ჩვენ კი ტრასაზე ვყრივართ „პუტანკებივით“. „ჯარისკაცის მამაში“ რომ კადრია, „გდე ნემცი?“ _ აი, მასეთ დღეში ვართ. სოხუმი უკვე განწირულია, რადგან გზა არ გაიხსნა (ზღვისპირით, ეტყობა, ფეხების დასველებისგან რომ არ გავცივებულიყავით, დაგვზოგეს), 200-300 კაცის შეყვანით კი გია ყარყარაშვილი იქ ვერაფერს შეცვლიდა. ზომბივით ვარ. ომში ვარ და ომი არაა, თან უკან ვიხევთ, დაგვიშენენ ზღვიდან „გრადებს“ და აღარც კი ვწვები (რეაქცია აღარ მაქვს), რა ხდება, ვერ ვიგებ. „გრადი“ ნიშანი იყო, _ წაით, ახლა, ბიძია, სახლშიო. ოჩამჩირეშიც ჩაის ფაბრიკასთან დავბანაკდით და იქაც დაგვიშვეს „გრადები“ (ჩაისაც აღარ მალევინებენ, ეს ოხრები). ერთ-ერთ ოჯახში შევედით, _ რა ხდება, იქნებ, თქვენ იცოდეთო? ყავა მოგვიდუღეს (შაქარი, ყავა ჩვენი იყო, მოდუღება _ მასპინძლების) და იქ გავიგეთ, რომ სოხუმი ჩაბარებულია, ედიკამ დაძუძგა თბილისისკენო. რაღაც ნაწილმა აქეთა მხარეს გამოაღწია სოხუმიდან და 300 კაცამდე ისევ შევგროვდით, მაგრამ პატრონი არავინაა. გენერლები კი გვყავს ოხრად, მაგრამ რად გინდა? ყველას ერთად აღებული ერთი მაიორის ტვინი არ აქვს. ზუგდიდზე არ გაგვატარეს (იარაღი ჩააბარეთო) და ჯვარი-ხაიშით წავედით მესტიისკენ, იქ რომელიღაც სასტუმროში ღამე გაგვათევინეს, დაგვაპურეს და მესტიიდან უშგულისკენ დავიძარით, „კამაზის“ კაბინასა და საბარგულს შორის ვდგავარ, ამ საოცრებას ვათვალიერებ, სვანეთი რომ ჰქვია. ჩვენი კოლონის პირველი ტანკი ხიდზე შედგა თუ არა, ჩატყდა ხიდი, ტანკზე მსხდომმა ბიჭებმა ჰაერში სალტოები გააკეთეს, რომ ტანკსა და ხიდის მორებს (მორების ხიდი იყო) შორის არ მოყოლილიყვნენ, ნაპირზე კი ადვილად გამოაღწიეს, მაგრამ ერთს ვერ პოულობენ, როგორც ჩანს, მორებში გაიჭედა, გაქანდა „კრიალა“ (წყალბურთელი იყო) და რის ვაი-ვაგლახით ამოაძვრინა მორებიდან, მაგრამ უკვე მკვდარი. სასწაული წივილ-კივილი მომესმა შორიახლოდან, სვანმა ქალებმა ისე დაიტირეს ჩვენი თანამებრძოლი, რომ გული გამიჩერდა. კაცებმა კი 8-10 მებრძოლი გადაგვინაწილეს და ოჯახებში მოგვასვენეს. მაგარი პატივი გვცეს, ნამდვილად არ ველოდი. დილით უშგული გადავიარეთ, ყველა სოფლის გზაზე შლაგბაუმივით იდგა გრძელი მაგიდები, საჭმელ-სასმლით, პურის გაუტეხავს და დაულოცავს არ გვიშვებდნენ. როგორც იქნა, ლენტეხი გავიარეთ და ქუთაისში ჩავაღწიეთ. ქუთაისში დარჩენა და ქალაქს მომდგარ ზვიადისტებთან ბრძოლა „გვიბრძანეს“ ადგილობრივმა ედიკისტებმა. _ აქ თქვენი დედაც და იქ იმათიო! _ უთხრა ჩვენმა მეთაურმა, გია კრიალაშვილმა, _ დროზე ავტობუსები, თორემ, სულ  „ნოლძევიტებით“ წავა ეს ხალხი და არაფერზე პასუხს არ ვაგებო.

ასე დავბრუნდი თბილისში დამარცხებული, თან ისე, რომ ბრძოლაში არ დავმარცხებულვარ. აღუწერელი შეგრძნებაა. სრული სიცარიელე! დიდი ხნით დავრჩი ამ სიცარიელეში, 2-3-ჯერ შემეძლო, ამ ჯოჯოხეთიდან გამომეღწია, მაგრამ საქართველოში ახალი ცხოვრების შანსი ლატარიის ჯეკ-პოტს ჰგავს, თითქმის ნულის ტოლია.

 

  1. შ. აფხაზეთში შევარდნა შევარდნაძის ბრალია და მისი ლაქიების, დღეს რომ გენერალისიმუსობენ და თავი კიტრები ჰგონიათ. მოვა დრო და პასუხს მოგთხოვთ ქართველი ხალხი, რადგან იცოდით, რომ რუსული სცენარი იყო და დათანხმდით ამ თამაშს კეთილდღეობის (სოხუმი და გაგრა პირწმინდად გაიძარცვა პირველ დღეებში) სანაცვლოდ. ომის დაწყების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, გარდა რუსული იარაღით მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნებისა და შემდგომ საქართველოს მთელი სიმდიდრის ჩალის (კუპონი) ფასად ხელში ჩაგდებისა.

სხვისი არ ვიცი და მე აფხაზეთთან ერთად ყველაფერი დავკარგე გარდა რწმენისა, რომ ოდესღაც ეს კოშმარი დასრულდება!

 

გიორგი  ხიზანიშვილი