ატენის ქუჩის მოსახლეობა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ატენის ქუჩის მოსახლეობა თბილისის მერიას პროკურატურაში უჩივის. საქმე ეხება აღნიშნულ უბანში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც, ადგილობრივების თქმით, მათ საარსებო სივრცეს ზღუდავს, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები კი პასუხობენ, რომ მშენებლობის ნებართვა არ გადაიხედება.

„ქრონიკა+“ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატს, დიმიტრი გაბუნიას ესაუბრება:
_ მოგახსენებთ, რომ ამ პრობლემაზე ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე ოთხი წელია, ჩივის. 2014 წელს, უგულავას მერობის პერიოდში, ირაკლი აბესაძემ 27-სართულიანი კორპუსი შეითანხმა. 2011-დან 2014 წლამდე აღნიშნული მშენებლობის კოეფიციენტი 8.0 გახდა. ამის შემდეგ, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენმა მხარემ, ანუ მოსახლეობამ, დავა დაიწყო და ყველა ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ.
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა შემდეგი, რომ ეს კოეფიციენტი უკანონოა და ამასთან დაკავშირებით ყველა აქტი ბათილად ცნო. მათ შორის, გაცემული მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, სასამართლომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეაჩერა აღნიშნული მშენებლობა.
ამის მერე სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მერიას უნდა შეესრულებინა, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ ახალი ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოეცა, რითაც არსებულ მშენებლობას და ადგილზე გასაცემ ნებართვას კანონის ფარგლებში მოიყვანდა.
აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, იმ ფონზე, როდესაც ახალი მერი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ არც ერთი მშენებლობის ნებართვას არ შეათანხმებდა, რომელიც სტანდარტებს არღვევდა და მთელი თბილისი ბეტონის ქალაქად იქცა, 2018 წლის 15 იანვარს კალაძემ ახალი ნებართვა გასცა, რითაც იგივე გადაწყვეტილება, იგივე მშენებლობის ნებართვა გამოიტანა, რაც სასამართლოს უკვე გაუქმებული და უკანონოდ ცნობილი ჰქონდა.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიამ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ვაპირებთ, მთავარ პროკურატურას მივმართოთ, რომ ეს საქმე გამოიძიოს. ეს ერთი! მაგრამ ჩვენ უკვე თბილისის მერიაში შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი ამ მშენებლობის ნებართვის გაუქმების, ბათილად ცნობის თაობაზე. სანამ თბილისის მერიაში ეს საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილება, აღნიშნული მშენებლობა დაუყოვნებლივ შეჩერდეს.
2 თებერვალს თბილისის მერიაში დანიშნულია ადმინისტრაციული განხილვა, სადაც, ალბათ, ყველა მხარე დაესწრება და საკმაოდ ხმაურიანი განხილვაც იქნება, რადგან არც ერთი პოზიციის დათმობას არ ვაპირებთ.
_ მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ვერ გადაიხედება…
_ განცხადება, რომ ნებართვა ვერ გადაიხედება, საფუძველშივე მცდარი და უკანონო დამოკიდებულებაა, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მას, როგორც არქიტექტურის სამსახურის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, რომ გადახედოს მშენებლობის ნებართვას და მის კანონიერებაზე იმსჯელოს. ანუ აქ სამართლებრივი ტერმინების აღრევასთან გვაქვს საქმე.
რას ნიშნავს, ვერ გადაიხედება? თუ ის გულისხმობდა, _ მე არ გავაუქმებო, ე. ი. თავისი აზრი წინასწარ გამოუთქვამს, რასაც აპირებს. შესაბამისად, აქ უკვე ჩვენი ეჭვები მართლდება, რომ ეს შეგნებულად გაცემული ნებართვაა და ამის უკან შეიძლება კორუფციული გარიგებები იდგეს.
დღეს ამ თემას ჯერ არ შევეხები. იმ კვირაში პროკურატურაში განცხადების შეტანას ვაპირებთ. ასევე ამ დღეებში სახალხო დამცველთან ბრიფინგის ჩატარებას ვგეგმავთ. სხვათა შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაცია და დასკვნა გამოსცა, რომ ეს მშენებლობა უკანონოა.
მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველი კონსტიტუციური ფიგურაა და ვიღაცების დაკრულზე ასეთი ტიპის დასკვნებს არ აკეთებს. შესაბამისად, მან ეს საქმე დაწვრილებით შეისწავლა და მიიჩნია, რომ ეს უკანონოა. ამიტომ სახალხო დამცველს ვთხოვეთ და ვიმედოვნებ, რომ ის ყველაფერში ბოლომდე მხარს დაგვიჭერს.
ამით ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები შესრულდეს და ასეთი უკანონო, მახინჯი მშენებლობები ქალაქის ცენტრს არ აზარალებდეს; რომელიც მიმდებარე მოსახლეობას, ქუჩის გამტარუნარიანობას აზიანებს და ამას პლუს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ამ სახლის აშენება არ შეიძლება.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტიც კი მზად არის. ის ორშაბათს დასაბუთებულ კომენტარს გააკეთებს, რომ ეს უკანონობაა და ყოვლად დაუშვებელია ამხელა კორპუსის მშენებლობა ამ უბანზე. მაინტერესებს, ამ ყველაფერზე მერია რა პასუხებს გამცემს? იმის გარდა, რომ იურიდიულ ლაფსუსებს ამბობენ, _ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ფორმალურად შევასრულეთ და ნებართვა გავეცითო. რას ნიშნავს ჯერ ფორმალურად ნებართვის გაცემა და კიდევ, _ ზემდგომებმა ასე გადაწყვიტესო. ვინ არის მერიის, ან თავად მერის ზემდგომი, ერთი, დამისახელონ, ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს.
აქ კანონის არცოდნასთან გვაქვს საქმე, ან არაკვალიფიციურობასთან, ან შეგნებულ ქმედებასთან. მოკლედ, ამ სამიდან ერთ-ერთია.
_ რამდენი სართულია უკვე აშენებული და რა პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას?
_ 15 სართული აშენებულია. პრობლემებს უქმნის უშუალოდ თათული დოლიძისა და ვაჟა ვახანიშვილის სახლებს, რომლებიც სამშენებლო მოედანზეა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ორი კერძო სახლის კედლები დაბზარულია, ფუნდამენტი გაშიშვლებულია… შემდგომში ამ თხუთმეტ სართულს კიდევ 12 სართული რომ დააშენდება, ეს სახლები, დიდი ალბათობით, დაინგრევა.
აქ საქართველოს კონსტიტუციის ორი ფუნდამენტური უფლება ირღვევა: სიცოცხლის უფლება და საკუთრების უფლება, რომელთაც აბსოლუტურად არავინ არაფრად აგდებს. ასეც წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, _ რატომ არღვევთ ამ ადამიანების უფლებებს და გამოიტანეთ ისეთი აქტი, რითაც, შესაბამისად, მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, ინტერესების გათვალისწინება მოხდებაო.
ამის მიუხედავად, თბილისის მერია ადგა და ის აქტი გასცა, რომელზედაც ოთხი წელიწადი მოვანდომეთ, სასამართლოში დაგვემტკიცებინა, რომ უკანონობაა.
_ ამ სიტუაციაში მშენებელი კომპანია რას ამბობს?
_ ის წარმოდგენილია ამხანაგობა „ატენით“, მათ უკან ინვესტორები არიან. საჯარო კომენტარი გააკეთეს, რომ ნებართვის ფარგლებში ვმოქმედებთ და, შესაბამისად, ნებართვა კანონიერი არისო. რა უნდა თქვას მშენებლმა კომპანიამ? ჩვენ ძირითადი პრეტენზია იმ ხალხთან კი არ გვაქვს, ვინც იქ მშენებლობას ახორციელებს, არამედ სახელმწიფო ორგანოსთან, მერიასთან, რომელსაც ეს ნებართვა არ უნდა გაეცა.
სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს ზეპირ სხდომაზე (აგერ დისკზე ჩანაწერი, რომლის გასაჯაროება ნებისმიერ დროს შეგვიძლია და იმ კვირაში გავასაჯაროებთ კიდეც) მოსამართლე მერიის წარმომადგენელს პირდაპირ ეუბნება, _ შენ უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ ატენის ქუჩის მოსახლეობის ორი მხარე ერთმანეთს არ დააპირისპიროო. ეს პროცესები რეალურად შეიძლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. ამაზე საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ და კიდევ ვიმეორებ. და თუ გავიდა ეს სამართლებრივი სივრციდან, აქ ძალიან ცუდი ამბები მოხდება.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას ვგულისხმობ, რომ ქუჩის გადაკეტვა და საპროტესტო აქციები არის დაგეგმილი. ბუნებრივია, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, შეიძლება ვიღაც პირების დაპატიმრება გამოიწვიოს ადმინისტრაციული წესით. ახლა ადამიანი ქუჩას რომ გადაკეტავს, პოლიცია ხომ კანონის შესაბამისად იმოქმედებს? ეს ერთი მხარე.
მეორე პრობლემა, ეს ყველაფერი რატომაც გამოვა სამართლებრივი სივრციდან: შვილები ჰყავთ, როგორც იმ ხალხს, ვინც ამ კორპუსში ბინებს იშენებს, ასევე აქეთ მხარეს, მთელი ატენის ქუჩას. 20-22 წლის ბიჭები არიან, სადაც ეს დაძაბულობა უკვე ნამდვილად შეიმჩნევა. ღმერთმა არ ქნას, რაღაც უბედურება მოხდეს და სისხლის სამართლის დანაშაული იქნეს ჩადენილი. ვინ აგებს მერე ამ ყველაფერზე პასუხს?! ამ დროს, ჩვენ საჯაროდ ვყვირით, რომ არ გასცეთ ეს ნებართვა, ეს არ გააკეთოთ!
ნუთუ, ინვესტორის უპირატესი ნებაა ამ ქვეყანაში?! ეს ინვესტორია დღეს ყველაფერი და ყველა უნდა დავიჩაგროთ იმისთვის, რომ ვიღაცამ მილიონობით დოლარი აკეთოს?!
_ სასამართლოს გადაწყვეტილება როგორ უნდა აღსრულებულიყო და იმ დროს ადგილზე რამდენი სართული იყო უკვე აშენებული?
_ იმ მომენტისთვისაც ეს 15 სართული იყო აშენებული. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ, ჩვენი პრესკონფერენციის მერე აღნიშნულ ობიექტზე უკვე აღარავინ მუშაობს, ანუ მოსახლეობის გაღიზიანება არ სურთ. მათ დღეს სრული უფლება აქვთ, რომ გააგრძელონ ახალი ნებართვის მოქმედება და თუ მართლები არიან, რატომ არიან გაჩერებულები და არ აშენებენ?
მეორე: როგორ უნდა აღსრულდეს ეს ყველაფერი, _ ისევე უნდა გაუქმდეს აღნიშნული უკანონო ნებართვა და გაკეთდეს იმ პარამეტრებში, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რაც, მაქსიმუმ, 13 სართულია. რაც უკვე აშენებულია, ამ 15 სართულს უკვე ვერაფერს უზამ, ამიტომ გადახურონ ეს ყველაფერი და მოსახლეობას მიყენებული ზიანი შესაბამისად აუნაზღაურონ, ამით დაამთავრონ ეს ყველაფერი, მათთვისვე უმჯობესი იქნება.
მაგრამ არა, ამ 27-სართულიანი მონსტრის ჩადგმით ათეულობით მილიონის შოვნა უნდათ, რაც ატენის ქუჩას, პრაქტიკულად, მოკლავს.
_ ზიანის ანაზღაურება ვის მხარეზეა?
_ დედაქალაქის მერიის მხარეზე, რადგან სწორედ მისი ბრალია უკანონო ადმინისტრაციული აქტების შედეგად გამოცემული ნებართვები. მეტიც: ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრეცედენტი, რომ იმ თანამდებობის პირმა, რომელმაც, თავის დროზე, ეს ნებართვა გასცა (ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დრო იქნება თუ ახლანდელი), რეგრესის წესით პასუხი აგოს ქონებრივ ზიანზე, რაც სახელმწიფო უწყებას მიადგა, ამ შემთხვევაში, მერიას ვგულისხმობ, რომელსაც კანონით პირდაპირ ეკისრება ეს ვალდებულება, რომ უკანონო აქტის გაცემის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
_ რა გადაწყვეტილებებს ელოდებით მერიაში და შემდეგ პროკურატურაში?
_ მერიისგან დადებით გადაწყვეტილებას არ ველოდები, ამას პირდაპირ ვაცხადებ. ამის საფუძველს იგივე ელოშვილის განცხადებები და განწყობა მაძლევს. მათ უკან დასახევი გზა რომ ჰქონოდათ, აქამდეც დაიხევდნენ. მთელი სიმწვავით ვიმოქმედებთ. ვაპირებთ, სამართლებრივი სივრციდან არ ამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ. ეს, რასაკვირველია, მედიის მხრიდან გასაჯაროებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება, რადგან საქმე ჩაიფარცხება.
ეს უკვე ვნახეთ, ყველაფერი დაიტესტა, საზოგადოების საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია ატენის ქუჩამ. დამერწმუნებით, რომ თემა აქტუალურია. შესაბამისად, ამ დღეებში განცხადებებს გავაკეთებთ და მედიას ვეტყვით, თუ როგორ ვიმოქმედებთ. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.
მერია უნდა ვაიძულოთ, რომ ამ ეტაპზე მაინც შეაჩეროს მშენებლობის ნებართვა, სანამ, საბოლოო ჯამში, სასამართლო არ გადაწყვეტს ამ საკითხებს. საშუალება უნდა მოგვეცეს, რომ ჩვენი სიმართლე ისევ სასამართლო წესით ვამტკიცოთ.
_ გამოსავალი სად არის, რომ მსგავსი ფაქტები ნაკლებად მოხდეს?
_ ამასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის შექმნას ვაპირებთ, ვიღაცას ხომ უნდა დაეწყო ეს ყველაფერი? ვაფრთხილებდით, რომ ატენის ქუჩიდან დაიწყება და შემოგვიერთდება თბილისის მოსახლეობა, ვინც მიმდებარე მშენებარე კორპუსებით შეწუხებულია. ეს საინიციატივო ჯგუფი შეიძლება, საზოგადოებრივ მოძრაობაშიც კი გადაიზარდოს. მხოლოდ ხალხს შეუძლია, ერთად დგომით მერია აიძულოს, რომ გააუქმოს ეს ნებართვები, ან, სულ მცირე, ახალი ნებართვები არ გასცეს, რომ ეს ქალაქი კიდევ გადარჩეს.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა არ გადაიხედება:
_ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ხელახლა ემსჯელა მერიის სამსახურებს. აგვისტოში ზონალურმა საბჭომ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ მიღებული კოეფიციენტები სამართლიანი და სწორი იყო. შესაბამისად, ფორმალური პროცედურები დარჩა, რომლის დარღვევაც შეუძლებელია.
არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, აუფლება ქვთ, იჩივლონ და ისევ სასამართლოს გზით ეცადონ საკითხის გადაწყვეტა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზონალურმა საბჭომ, რომელიც პირველივე თვეებიდანვე გავაუქმეთ, ხელახალი მსჯელობის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო. იმ პერიოდში ზონალური საბჭო მოქმედი იყო და მერია მისით აფასებდა კონკრეტულ პროექტებს. ზონალურმა საბჭომ დაადგინა, რომ პროექტში შეტანილი ცვლილებები სამართლიანი იყო.
ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში გადაცდომით დამტკიცდა. პირობას გაძლევთ, რომ ასეთი პროექტი კახა კალაძის გუნდის მუშაობისას არ იარსებებს. ყველა ასეთი პრობლემური პროექტი წლების განმავლობაშია დაწყებული და საკუთარი ისტორია აქვს. ჩვენ ვერ გავდივართ სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ვცდილობთ, არსებული პროექტები ამ სამართლებრივ ჩარჩოში მოვიყვანოთ და მცდელობებს გავაგრძელებთ.
_ იღებს თუ არა მერია აღნიშნული კორპუსის მშენებლობაზე პასუხისმგებლობას?
_ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე და ამასთან, პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ არც ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში გაიცემა, ქალაქისთვის პრობლემური არ იქნება. თუმცა ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი ჩარჩოების გათვალისწინებით. ატენის ქუჩის მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში მათ მოთხოვნებს ვნახავთ და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუმცა, ვიმეორებ, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან ვერ გავალთ.

გელა მამულაშვილი