„არჩევნების პირველი ტური იქნება ყველაზე დიდი და კლასიკური პრაიმერი“

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი _ მაიკო ჯავახიშვილი:

_ არჩევნები კარსაა მომდგარი. რა განწყობაა, რა შემართებაა ენმ-ში? სოცქსელებში ამომრჩევლისთვის დამაბნეველი მესიჯები ტრიალებს გაერთიანებაზე. თვითონ ცნება, ცალკე აღებული, _ გაერთიანება, _ დამეთანხმებით, ერთობ მომხიბლავია, მაგრამ მეორე საკითხია, ვინ ვის და რა მიზნით, რა იდეის გარშემო უერთიანდება?

_ პარტიაში სრული მზადყოფნა და საბრძოლო განწყობაა გამარჯვებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის გამარჯვებისთვის შედის ბრძოლაში. მთელი პარტია ჩართულია საარჩევნო ბატალიებში, ხდება კანდიდატების წარდგენა. რაც შეეხება სოცქსელებში გახმოვანებულ მოწოდებებს გაერთიანებაზე, პრაიმერსა და ა. შ., ეს არახალია და ამგვარ თემებს გარკვეული პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები ყოველი არჩევნების წინ წამოწევენ ხოლმე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ღიაა ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან კონსულტაციებისთვის, მათთან ერთად გარკვეული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვისთვის, კოორდინებული მოქმედებისთვის. გახსოვთ, ალბათ, სწორედ ენმ-ის ინიციატვით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ანუ სრულიად გახსნილია პარტია ასეთი კოორდინებული მოქმედებისთვის, რომელიც ამ კოლაბორაციონისტული და მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება მიმართული.

გაერთიანება ხდება გარკვეული იდეის, ღირებულებების გარშემო. ამ ქვეყანაში იმხელა უბედურება ტრიალებს ივანიშვილის სახით, ეს არის რაღაც მახინჯი, ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს. ესაა კორუფციული, კლანური, მაფიოზური, ნეპოტისტური, კოლაბორაციონისტული, დანაშაულებრივი ხელისუფლება. ყველა უბედურება ერთად სჭირთ. ამაზე დიდი იდეა მართლაც არაფერია, რომ ყველა პროდასავლური ძალა გაერთიანდეს ამ ე. წ. ხელისუფლების მოსაცილებლად; მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაინცდამაინც, ერთიანი სია, პრაიმერი, ერთიანი კანდიდატი.

_ მით უმეტეს, რომ ამგვარი გაერთიანება გამოიწვევს ერთგვარ გაღიზიანებას პარტიის მხარდამჭერებში. მხარდამჭერების ნერვებზე გადაიარა იმ პროცესებმა, რაც ხდებოდა ენმ-ის ირგვლივ ამ ბოლო წლებში. პარტია ბოლოს აქტიურმა მხარდამჭერებმა გადაარჩინეს. დღეს ამ მხარდამჭერებს უთხრა, მე ისევ ვერთიანდები ბოკერიასთან, ან იგივე ვაშაძესთა, „გირჩთანო“, მათ გააღიზიანებს.

_ ცახდია, ვერ გეტყვით, ახლა ეს გამიზნული თუ უნებლიე ქმედებებია მათი მხრიდან, მაგრამ არ მესმის, რა პანაცეა და თვითმიზანია ეს პრაიმერი, როდესაც თვითონ არჩევნების პირველი ტური იქნება ყველაზე დიდი და კლასიკური პრაიმერი და, თავისთავად, ბუნებრივად გამოვლინდება კანდიდატი, რომელიც ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება. ვერ გაირკვევა, ვინ დარჩება მეორე ტურში? რამე სიწმინდეა ეს პრაიმერი? ან თუ ერთიანი ბრძოლა სურს ვინმეს, ამ ქვეყანაში იმდენი არასასურველი და დამანგრეველი პროცესი მიდის, ცოტა თემაა თემატური თანამშრომლობისთვის? კოორდინებული მოქმედებისთვის?

_ ცოტა კომიკურად არ გეჩვენებათ თუნდაც ის ფაქტი, რომ პრაიმერს ითხოვს ის ადამიანი, ვინც, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერტიკალიდან სწორედ პრაიმერის შემდეგ დაეშვა? წინა ადგილობრივ არჩევნებზე, სწორედ, პრაიმერში დამარცხდა ვაშაძე ნიკა მელიასთან.

_ დიახ, მაშინ მელიასთან დამარცხდა და ახლა ახალ გაერთიანებას აკეთებს: ასეთი დაჟინებით აღტკინებულები თავად და მისი მომხრეები ყოველწუთიერად მოუწოდებენ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებისკენ. სრულიად წარმოუდგენელი პროცესია, შეიძლება ითქვას, მართლაც კომიკურიც კი. კვლევებით და გამოკითხვით ენმ ყველაზე ძლიერი, მთავარი ოპოზიციური პარტიაა თავისი მყარი, ნახევარმილიონიანი ელექტორატით და როდესაც ამ პარტიას ეუბნები, _ მოდი, მე გამიერთიანდიო, _ ცოტა არასერიოზულია. ქვეყანა ხელიდან გვეცლება, თუ რომელიმე პარტია ხარ და მართლაც გინდა ამ ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლა, მოდი და დაუდექი ამ პარტიას და მის კანდიდატს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პირველი ტური, ფაქტობრივად, პრაიმერია, იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვინ არის პრაიმერში გამარჯვებული და ვინ არის ის ოპოზიციური ძალა, რომელიც ლიდერი იქნება, აი, ამ ბრძოლაში _ ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

_ ვაშაძის ამ იდეამდე უნდა ყოფილიყო უპარტიო კანდიდატი, იგივე ელისაშვილი და ყველა, მთელი ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანებულიყო. ერთი რამაა საინტერესო: ენმ რომც დათანხმებულიყო ამას, ენმ-ის ამომრჩეველი დათანხმდებოდა ელისაშვილის მერობას? ამომრჩეველი ცხვარია? ამომრჩევლის განწყობა არ არის გასათვალისწინებელი?

_ მართლაც გაოცებული ვარ, ხან ვის გარშემო აიძულებელ პარტიას გაერთიანებას, ხან _ ვის გარშემო. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად და ასე, ამომრჩევლის აზრის, განწყობების გაუთვალისწინებლად, არ ხდება. ესაა პარტია, რომელსაც ამხელა უერთგულესი არმია ჰყავს უკან და შენ რომ მოუწოდებ, გავერთიანდეთ, გავერთიანდეთო, პარტია, ცხადია, მათი აზრის გაუთვალისწინებლად არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ენმ ნებისმიერ პროდასავლურ ძალას ეუბნება, რომ მათთვის ღიაა ენმ-ის კარი, მობრძანდით, დავსხდეთ, ვისაუბროთ, კოორდინებულად ვიმოქმედოთ და არასოდეს მოუწოდებს ვინმეს, _ მოდი, გამიერთიანდიო. და შენ რომ ეძახი, მოდი გამიერთიანდიო, მოვიდეს და თავისი ნახევარმილიონიანი ამომრჩევლით წამოვიდეს და გაგიერთიანდეს, ამ ამომრჩევლის განწყობის გაუთვალისწინებლად? 20 იანვრის ყრილობის შემდეგ ეს არის სრულიად განახლებული პარტია და  ყველანაირად ხდება ამომრჩევლის, მხარდამჭერების აზრის გათვალისწინება. სრულიად გამორიცხულია, პარტიის პოლიტიკური საბჭო დასხდეს და გადაწყვეტილება მიიღოს: „მე ასე მინდა“.

_ კი ბატონო, გინდოდეთ და გადაწყვიტეთ, როგორც გენდომებათ, მაგრამ თქვენ მიეცით მერე საკუთარ თავებს ხმა. დამკვეთი არის ამომრჩეველი.

_ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. გაიხსენონ ენმ-ის ნებისმიერი ლიდერის გამოსვლა. ენმ-ის არც ერთი ლიდერი არავის მოუწოდებს, მოდი, გამიერთიანდიო. კიდევ ერთხელ ვამბობ: ენმ აცხადებს თავის ღიაობას პროდასავლური პარტიების მისამართით, მობრძანდით, დავსხდეთ კოორდინებულ რეჟიმში გარკვეულ თემებზე სასაუბროდ, ბრძოლის მანევრების დასაგეგმად.

_ ამ ყველაფრის პარალელურად, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამის ნიშნები უკვე ჩანს, ამის თავლსაჩინო მაგალითია 600 ადამიანის ერთ დღეს დასაქმება მერიაში. უკვე ეტყობათ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს, გაყალბების მეთოდებს გამოიყენებენ. როდიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას ენმ-ის მიერ შექმნილი გაყალბების საწინააღმდეგო შტაბი და რაც მთავარია, არის თუ არა პარტია მზად უკვე არჩევნების შემდეგ ხმების დასაცავად? ხომ არ განმეორდება ის, რაც მოხდა 2016 წლის არჩევნების შემდეგ? სწორედ ის, რაც მოხდა 2016-ში, იწვევს ამომრჩევლის აპათიას, ნიჰილიზმს, ამომორჩეველი ფიქრობს, რა აზრი აქვს ბრძოლას, მაინც გააყალბებენ, შემდეგ არავინ ხმებს არ დაიცავს, შევლენ და დასხდებიან.

_ გეთანხმებით, 2016 წელს მართლაც ასე მოხდა. ვერ მოვახერხეთ ხმების დაცვა და ახლა, სწორედ ამის გამო, თვეებით ადრე ვიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ იყო ამ შტაბის პრეზენტაცია. ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ. კოორდინებულად ვიმოქმედებთ. პარტია მომზადებული შეხვდება გაყალბებას, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება. არავინ არის მიამიტი და კარგად ვიცით, რომ აუცილებლად მიმართავენ გაყალბებას, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებას ამოწურული აქვს ყველა სხვა რესურსი. ერთადერთი რესურსი, რაც მათ გააჩნიათ, არის სახელისუფლებო რესურსი და ყველა გზას გამოიყენებენ, ეს იქნება მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, ფიზიკურადაც არ მოერიდებიან ძალადობას, საკუთარი ხმების გამრავლებას. ცხადია, პოლიტიკურმა პარტიამ ზომები უნდა მიიღოს და მომზადებული შეხვდეს ამას. ასეც იქნება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ენმ დაიცავს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიცემულ ნებისმიერ ხმას. ამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სხვა მექანიზმებთან ერთად, ერთ-ერთი მექანიზმია გამარჯვების მისაღწევად. ამის გარდა, ამდენ ბრძოლაში გამოვლილი, სამსახურიდან გაგდებული და მაინც არშეშინებული, არწაქცეული და არგაქცეული ამომრჩეველი რომ მოვა და ხმას მოგცემს, პარტია ვალდებულია, დაიცვას ამ ამომრჩევლის ხმა და დაიცავს კიდეც. ეს შტაბიც სწორედ მაგ მიზანს ემსახურება. არც ერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. პირველი შემთხვევაა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ გაყალბების საწინააღმდეგოდ ასეთ შტაბს ქმნის პოლიტიკური პარტია.

_ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ხელისუფლებისგან მხოლოდ ის ისმის, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ. ძალაუნებურად მახსენდება ანეკდოტი, ხანჯლიან ხევსურს რომ აუპატიურებენ და ეკითხებიან, _ ეგ ხანჯალი რისთვის გინდაო? და ხევსური რომ პასუხობს, _ ვინმემ რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, წამოვაგოო. ქვეყნისთვის მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა იყოს, როდესაც მას ლუკმა-ლუკმა აგლეჯენ მიწას! იმას არ ვგულისხმობ, რომ მაიცდამაინც „ხანჯლით“ _ სამხედრო აგრესიით უპასუხოს, მაგრამ არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია, საერთაშორისო რეზონანსის გამოწვევა, რასაც ეს ხელისუფლება შეგნებულად არ აკეთებს, რომ არ გააღიზიანოს ერთმორწმუნე უფროსი ძმა.

_ სამწუხაროდ, ეს არაა გასაკვირი ამ „პოლიტიკური ძალისგან“, პოლიტიკური ძალას ბრჭყალებში ვამბობ, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური ძალა, ეს იყო ივანიშვილის მიერ რაღაც სხვა მიზნით გაერთიანებული სულ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხი. ივანიშვილი ხელისუფლებაში თავიდანვე ამ მესიჯით მოვიდა, პირველივე მესიჯი, რაც მოსვლისთანავე გააჟღერა, იყო ის, რომ საქართველო არ უნდა ქცეულიყო განხეთქილების ვაშლად რუსეთსა და დასავლეთს შორის, ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, ჩვენთვის, როგორც რაღაც უფერული ტერიტორია, სოფელი. ამ მესიჯით მოვიდა ეს ხელისუფლება და დღეს როგორ იქნება სხვაგვარად? მთელი ეს წლებია, სწორედ ამ მესიჯის რეალიზაცია მიმდინარეობს მისი ხელისუფლების, მის მიერ ხელდასხმული პირების მიერ. კოლაბორაციონისტული ხელისუფლების კლასიკური ნიმუში გვიზის სახელმწფოს სათავეში. იმ განცხადების შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინათ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა მცოცავ ოკუპაციაზე, თავმოყვარე სახელმწიფოში, ერთ საათში დაატოვებინებდნენ თანამდებობას. თან რა მომენტში, რა ვითარებაში გააკეთა ეს განცხადება? როდესაც ჩამოსული იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და მთელი ორი დღე მხოლოდ ოკუპაციაზე და იმაზე საუბრობდა, რომ ძალა ერთობაშია, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ფონზე გამოდის მინისტრი და აცხადებს, რომ თურმე ეს არაა მცოცავი ოკუპაცია. მაინცდამაინც თბილისში უნდა ვიხილოთ მავთულხლართები, რომ ამას ოკუპაცია დაარქვას?

_ ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რასაც მანამდე სოზარ სუბარი, თუ ზაქარია ქუცნაშვილი ეწეოდა.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ახორციელებენ ქვეყნის დაქცევის გეგმას, დასასრული არ აქვს ამათ მავნებლურ, აბსოლუტურად მოღალატეობრივ ნაბიჯებს. იქ ჩვენი ჯარისკაცების მონაცემების გადაცემა, იქ ეს აბაშიძე-კარასინის სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი ფორმატი, ჩვენი გმირების, მებრძოლების პოლიტიკურ პატიმრებად ქცევა, ციხეში გამომწყვდევა, ყველაფერი ეს არის ამ კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ქმედებების ერთი დაუსრულებელი ჯაჭვი. აღმაშფოთებელი და ამაზრზენია, კონკრეტულად სერგეენკოს და მსგავსთა განცხადებები, თორემ გასაკვირი ნამდვილად არ არის, მიზანმიმართულად მოხდა ამ ქვეყნის რაღაცნაირად ჩაჩოჩება საერთაშორისო ტრიბუნებიდან, მედიიდან, რომ არსად საქართველო ნახსენები არ უნდა იყოს. დაასახელოს ვინმემ ერთი სტატია დასავლურ პრესაში, სადაც საქართველოს წარმატებაზე იქნებოდა საუბარი. მე ვერ ვიხსენებ.

_ მე შეგახსენებთ: უსუფაშვილმა გამოაქვეყნა „ნიუ-იორკ თაიმსში“ სტატია იავნიშვილზე.

_ კი, ბიძინა ივანიშვილის ქეთაბა-ქება, ეს იყო ერთადერთი, საკუთარ თავს რომ იქებდნენ. ერთ სატატიასაც ვერ დამისახელებს ვერავინ, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე იქნებოდა საუბარი! ეს ხომ ხილულია? მეხუთე წელია, ეს ხელისუფლებაა და ჩაქრა საქართველო, რომელიც ციმციმებდა მსოფლიო რუკაზე, კვირა არ გავიდოდა, რომ მისი წარმატების შესახებ სადმე არ დაწერილიყო, ახლა არსად არაფერი ხდება. საქართველო თითქმის დავიწყებულია. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აღმოსავლეთ თუ დასავალეთ ევროპიდან, თუ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ კვლავაც რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, მეგობრად. ამიტომაც იყო ის უდიდესი სიხარული, ამიტომაც იქცა ზეიმად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი. ხალხი გულწრფელად გახარებული იყო, ერთმანეთს ულოცავდა.

_ ცოტა გამაღიზიანებლად არ გეჩვენათ ეგ აჟიოტაჟი? ისეთი აჟიოტაჟი იყო, გეგონება, ამ ქვეყანაში არ ჩამოსულა არც ბუში, გეგონება არ ყოფილიყოს ასეთი მაღალი რანგის ვიზიტები იმ „სისხლიანი 9 წლის“ მანძილზე…

_ საქმეც ეგ არის, რომ იყო და ახლა აღარაა. მეხუთე წელია, უკვე ეს ხელისუფლებაა და მოსახლეობაში განწყობებია: ხომ არ დაგვივიწყეს? ხომ არ მიგვანებეს, შეგვატოვეს რუსეთს? მეგობრობაზე ხელი აიღეს, რეგიონი ხომ არ ჩააბარეს რუსეთს? ხშირად წააწყდებით სოცქსელებში ამგვარ განწყობებს. ამიტომაც გვიხარია სადმე, რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი დადებითს თუ იტყვის საქართველოზე, ოკუპაციაზე. სანთლით ვეძებთ ამგვარ განცხადებებს და ვეჭიდებით, აი, არ დავავიწყდით… ამიტომ მე, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა ბუნებრივ ზეიმად მომეჩვენა. გაუხარდათ, ეს იყო დიდი სიხარული, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო არ მიგვატოვებს, მიუხედავად ამ კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ყოლისა.

_ აღმოსავლეთ ევროპა ახსენეთ. რას ფიქრობს ეს ხელისუფლება, როდესაც სააკაშვილის გადმოცემას სთხოვს იმ პოლონეთს, რომელმაც ყოველგვარი პასპორტის, სტატუსის გარეშე თავის ქვეყანაში შეუშვა და საპატიოდ მიიღო სააკაშვილი? მას არა მარტო პასპორტი და მოქალაქეობა, უკვე არანაირი სტატუსი არ აქვს, აქვს მხოლოდ სტატუსი _ „მიხეილ სააკაშვილი“. მართლა ისე ახრჩობთ ბოღმა, რომ ვერც აცნობიერებენ ამ უპრეცედენტო ფაქტს, რომ უპასპორტო კაცს იღებენ ქვეყანაში და ასე მიღებულს არავინ გადმოსცემს?

_ ვერ აცნობიერებენ, ბოღმა, ღვარძლი უკეტავთ ჭკუას. ამ ემოციებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ესაა წარუმატებელი, ბოღმიანი, ღვარძლიანი ადამიანების კონგლომერატი. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან პირები, რომლებმაც იმ 9 წლის მანძილზე, როდესაც ქვეყანა წარმატებების საფეხურებზე ადიოდა, ვერ დაინახეს და ვერ იპოვეს თავისი ადგილი იმ წარმატებულ ქვეყანაში. კი, ის წარმატება ყველას ვერ შეეხო, ვინც იმსახურებდა, შეიძლება რაღაც მომენტში ვერ მოგეძებნა ის ადგილი, რასაც იმსახურებდი, მაგრამ როდესაც ქვეყანა წარმატებისკენ მიდიოდა, შეუძლებელია, რაღაც ეტაპზე, შენც არ შეგხებოდა. დროის ფაქტორი იყო, ყველას ერთად ვერ შეეხებოდა, ყველა ერთად ვერ ავიდოდა იმ საფეხურებზე. ეს ადამიანები კი არათუ ვერ ავიდნენ, ვერც ერთ საფეხურზე საკუთარი თავი ვერ დაინახეს წარმატებულ, ძლიერ საქართველოში და აი, აქედან წამოვიდა ის ბოღმა, რომელიც დღემდე იფრქვევა.

_ ვერ დაგეთანხმებით, ძალიან ბევრი, ვინც დღეს ბოღმას შადრევნად ასხამს, ძალიან კარგადაც ცხოვრობდა და კარგადაც სარგებლობდა იმ 9 წლის წარმატებებით. დამიჯერეთ, ჩემზე, თქვენზე და მილიონობით დამსახურებულ ადამიანზე მეტადაც და ძალიან ხშირად სრულიად დაუმსახურებლადაც. იგივე კულტურის სფეროში, უპრობლემოდ იღებდნენ დაფინანსებას, ინიშნებოდნენ სამხატვრო ხელმძღვანელებად და მაშინვე გვარიანად ილანძღებოდნენ კიდეც და მათთვის არავის უთქვამს, _ წინ ზიხარ, უკან დაიწიეო. ბევრ დღევანდელ პოლიტიკოსს და ჩინოვნიკს იმ 9 წლის მანძილზეც საკმაოდ წარმატებული კარიერა და თბილი სავარძელი ჰქონდა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, მათ არ ჰქონდათ რაიმე ადგილი საზოგადოებაშიო. უბრალოდ, საქმე გვაქვს მათ ამბიციებთან, მათ უნდოდათ ათჯერ მეტი და ის ვერ მიიღეს.

_ ზუსტად ეგ არის მთავარი… დღეს გაუთავებლად საუბრობენ 9-წლიან რეჟიმზე ისინი, რომლებიც არანაირად შეზღუდულან, იღებდნენ დაფინანსებას, აკეთებდნენ თავის საქმეს, ხშირად წარმატებულად და ხშირად სრულიად წარუმატებლადაც, მაგრამ მაინც არავინ ეღობებოდა, არავინ მათ პოლიტიკურად არ ზღუდავდა, არავინ უკრძალავდა არაფერს. თვითონ ეს ფაქტია იმის გამაბათილებელი, რომ ეს იყო ყბადაღებული პოლიტიკური რეჟიმი. ხშირად დიდს არც არაფერს აკეთებდნენ და მაინც საკმაოდ წარმატებულად ცხოვრობდნენ, იმ ადამიანებზე წარმატებულადაც, რომლებიც დღე და ღამე, თავაუღებლად შრომობდნენ. ხშირად მწარედაც მიხუმრია, _ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კარგად ახდენდნენ საკუთარი თავის რეალიზაციას, არავინ მათ არ ზღუდავდა, კარგად იყვნენ მატერიალურად, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოიდგენდნენ, საკმაოდ მაღალი შემოსავლები ჰქონდათ, სახელმწიფო ბიუჯეტი საკმაოდ მსუყედ და ნოყიერად კვებავდა მათ. დღეს ამ ადამიანებისგან ვისმენთ, რომ თურმე იყო რეჟიმი, და იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც დღე და ღამე, 24-საათიან რეჟიმში, საკმაოდ დაბალ და საშუალო ხელფასებზე საჯარო სამსახურებში შრომობდნენ, ის 9 წელი იყო ბედნიერი ცხრა წელი. რატომ იყო იმათთვის რეჟიმი და ამათთვის ბედნიერი 9 წელი? _ ეს არის მთავარი, ეს ადამიანები სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ. ადამიანი ან აზროვნებ სახელმწიფოებრივად, ან არ აზროვნებ. რაც შეეხება პოლონეთის თემას, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პოლონეთს და პოლონელ ხალხს. მეგობრობა, ერთგულება არის მარადიული _ ადამიანებს შორისაც, ერებს შორისაც, ქვეყნებს შორისაც. ლეხ კაჩინსკის სამშობლო, უბრალოდ, წარმოუდგენელია, არ იყოს საქართველოს მომავლისა და საქართველოს თავისუფლების მარადიულად ერთგული. ყველაზე მეტად როცა გვიჭირდა, ეს ქვეყანა იდგა ჩვენ გვერდით, სწორედ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ სხვა ლიდერები თბილისში და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ. ეს ქვეყანა დღესაც ქართველი ხალხის, მისი მომავლისა და მისი თავისუფლების გვერდით დგას იმ ჟესტით, რომლითაც მათ რამდენიმე დღის წინათ განახორცილეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი _ ეს სახელი თავად არის პოლიტიკური პასპორტი. ეს იცის მთელმა დასავლურმა სამყარომ, ეს იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, ეს არ იციან მხოლოდ ოლიგარქიულმა რეჟიმებმა, ან იციან და ეშინიათ, სწორედ, აი, ამ პასპორტის.

_ გაზეთი გამოვა ზუსტად 8 აგვისტოს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დაიწყება კაკაფონია, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, რომ ბიჭები ჩახოცეს უთანასწორო ბრძოლაში…

_ მართლაც წარმოუდგენელი უნამუსობაა, საკუთარი პაწაწინა სამშობლო დაადანაშაულო ომის დაწყებაში ამხელა იმპერიის წინააღმდეგ… ამგვარი განცხადებების გაკეთება ეს იყო, ჩემი აზრით, რუსეთისთვის კოჭის გაგორება, იმისთვის, რომ ასე სამშობლოს გადათელვის ხარჯზე მიექციათ რუსეთის ყურადღება და დაელაგებინათ მათთან ურთიერთობები. წარმოუდგენელი პოლიტიკური პრეოცესები ხდება საქართველოში მეხუთე წელიწადია, ყველა და ყველაფერი ამოვიდა, ამოდუღდა, ყველაფერი ხილული გახდა.

_ რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ეგ მოსაზრება ძალიან ხშირად მუსირებს, ხშირად ემადლიერებიან კიდეც ივანიშვილს, რომ მან, პრაქტიკულად, ლუსტრაცია განახორციელა და ყველაფერი ხილული გახადა. რა გახადა ხილული, რაც არ ვიცოდით იმ ხუთი წლის წინათ? ვისაც დანახვა უნდოდა, ამ ყველაფერს მაშინაც კარგად ხედავდა და ვისაც არ უნდა დანახვა, არც ახლა ხედავს.

_ არა, მაგ მოსაზრებას ვერც მე დავეთანხმები, რომ ბიძინამ, თურმე, ლუსტრაცია ჩაატარა და ყველას ყველაფერი დაანახვა. დამნახავი ისედაც ხედავდა ამ ყველაფერს. ბიძინამ ერთადერთი, რაც გააკეთა, ეს არის ამ ქვეყნის უკანსვლა, უკანდახევა და დაქცევის შეუქცევად გზაზე, უფსკრულის გზაზე დაყენება. ამ გზაზე დააყენა ბიძინამ ეს ქვეყანა, წარმატების გზაზე მდგარი ქვეყანა, მინიმუმ, ათეული წლით უკან დაგვხია. ვისაც დანახვა უნდოდა, მართლაც ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ყველაფერი ერთად ამოდუღდა და ხელის გულზე დაიდო, ყველა ჯურის მოღალატე, აგენტი, ჯაშუში გამოიფინა, ლამის დეკლარირებული აგენტები გველაპარაკებიან სახელისუფლებო ტრიბუნებიდან და ამას გულისხმობენ, ალბათ, ლუსტრაციაში. წარმოუდგენელი პროცესები მიდის ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად უნდა დამთავრდეს და ამას აუცილებლად დაამთავრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენ, რომელმაც წარმატებული ქვეყანა აჩვენა საკუთარ ხალხს, წარმატებულ ქვეყნდ აქცია ჩვენი სამშობლო. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ავანგარდში იქნება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, როგორ დაიბრუნოს ქვეყნის წარმატება.

_ მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გარეშე? როგორ წარმოგიდგენიათ „ოცნების“ დამთავრება და ოლიგარქისგან ძალაუფლების გამოგლეჯა სააკაშვილის გარეშე? ამიტომაც იზრუნა ივანიშვილმა, ყველაფერი მოიმოქმედა იმისთვის, რომ მას ქვეყანაში არ შემოესვლებოდეს. ამას ემსახურება თაიგულები, პიჯაკები, პალტო, საპონი და ათასი ხარახურა.

_ სრულიად სამარცხვინო, აღვირახსნილი პროცესები… მიხეილ სააკაშვილი მოვლენაა, შეუძლებელს რომ შეძლებს, ჭაობზე სახელმწიფოს აშენებით დაწყებული, მისი მასშტაბურობით დამთავრებული, რომელ მასშტაბურობასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში. რაც შეეხება პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“, საკმაოდ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ენმ _ ეს გახლავთ პარტია დიდი გამოცდილებით! ადამიანები წავიდნენ, თორემ ის გამოცილდება, რაც პარტიამ დააგროვა, ადგილზეა, ის გამოცდილება არსად წასულა, ენმ არის პოლიტიკური ბრენდი, ხალხი წავა-მოვა, ლიდერებიც, შეიძლება, წავიდნენ-მოვიდნენ, მაგრამ ის ბრენდი მუდამ რჩება და ყოველთვის ახლდება. ეს პარტია არასოდეს გადაუხვევს ბრძოლის გზას და ღრმად მწამს, სოხუმშიც ეს ძალა ჩაიყვანს ქართველ ხალხს. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერია და იქნება კიდეც.

_ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო ტალღა თუ აგორდა და ამ ქვეყანაში მიშა უპასპორტოდ გამოჩნდა, გარისკავს ეს ხელისუფლება მის დაპატიმრებას?

_ მაგაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, მიშა სად იქნება… მსოფლიო მოქალაქეა, სადაც მოუნდება, იქ იქნება. ცხადია, მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს. რა ვითარებაში დაბრუნდება, ამას დრო და განვითარებული პროცესები გვიჩვენებს, მაგრამ ეს სირცხვილი უნდა დასრულდეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ახალი ქართული სახელმწიფო შეუქმნა საკუთარ ერს, დევნილობაშია. ესაა სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა დამთავრდეს! მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს!

 

რეზო შატაკიშვილი