არჩევნებიდან არჩევნებამდე სააკაშვილთან ერთად და სააკაშვილის გარეშე – როდის უშვებენ ციხიდან გიგი უგულავას?!

bb

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით დასრულდა.

ხელისუფლებამ გაყალბების, დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ყველა ფორმა გამოიყენა. მიუხედავად ამისა, პირველ ტურში მოგება გაუჭირდა და 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნა.

საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურის მერე სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფრთას შორის. მიხეილ სააკაშვილმა იმთავითვე მკაფიოდ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია, რომ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა, მაგრამ მისსავე შექმნილ პარტიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსაზრებას ანგარიში არ გაუწიეს და ის უმცირესობაში აღმოჩნდა.

როგორ მზადდებოდა 2016 წლის ოქტომბერი? როგორ მოიპოვა პარტიაზე გავლენა გიგა ბოკერიამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, იმის გამო, რომ არარეიტინგული ლიდერი იყო, არჩევნების წინ ეკრანებიდან ხსნიდნენ  რატომ არ შეასრულა მან არჩევნების წინ დადებული პირობა, _ თუ არჩევნები წავაგეთ, პარლამენტში სიითაც არ შევალო? რა ბედი ელოდება ენმ-ს სააკაშვილის გარეშე?

 

„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივები

წინააღმდეგობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდმივად არსებობდა და, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს სააკაშვილის კარზე გავლენებისთვის რამდენიმე პერსონა მუდმივად იბრძოდა. საბოლოოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გავლენებით ყველას აჯობა, ის სისტემას მარტივი პრინციპით მართავდა, _ მისდამი დაქვემდებარებული ორი უწყების ხელმძღვანელი დათა ახალაია და ერეკლე კოდუა მუდმივად დაპირისპირებულები იყვნენ და მათი გაერთიანების შანსი ნულის ტოლი იყო, პარალელურად, მათი კურატორი ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი ყმა იყო, ბაჩო ახალაია პენიტენციურ სისტემას განაგებდა. რეფორმები, რომლის გატარებაც მას ქურდული სამყაროს დასამარცხებლად უწევდა, არ იყო მარტივი, _ დამნაშავეთა სამყაროსთან ერთად მას იმ საფრთხეების განეიტრალებაც უწევდა, რომელსაც, პერიოდულად, მისივე გუნდის წევრები უქმნიდნენ. ახალაიებს საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ და ეს მათი გამოუსწორებელი შეცდომა იყო. პასუხგაუცემელ მითებს და, ხშირ შემთხვევაში, დაშვებულ მძიმე შეცდომებსაც, საბოლოო ჯამში, მათი სრული დემონიზაცია მოჰყვა და საზოგადოების დიდ ნაწილს სერიოზულად სჯეროდა ჭორების, რომ ბაჩო ახალაია აივანზე მგელს ზრდიდა.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს რუსული სპეცსამსახურების მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეიზღუდა, თუმცა ისინი მუშაობდნენ და მუშაობდნენ ხან პოლიტიკოსების, ხანაც ჯაშუშების, ხან ტერორისტული აქტების და ხანაც მედიის ბინძური ჭორების გამოყენებით. მითები, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ირგვლივ გორდებოდა იქამდე, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ასევე სერიოზულად დაიჯერა, რომ პირველი ლედი პატიმრების ორგანოებით ვაჭრობდა. ჭორები ჭორებად, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება 2006 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე აფეთქდა. იმის გამო, რომ გირგვლიანის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდებოდა ვანო მერაბიშვილის ცოლის სახელს, შს სამინისტრო ჯერ სვანურ ვენდეტაზე ალაპარაკდა, მერე კი, როცა შემსრულებლები დასაჯეს, უკვე გვიანი იყო, _ ხელისუფლების გულწრფელობის აღარავინ დაიჯერა. მიუხედავად ამ საშინელი ისტორიისა, ვანო მერაბიშვილმა გავლენები ხელისუფლებაზე მაინც შეინარჩუნა. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, მერაბიშვილი ყველას არწმუნებდა, რომ ის სიტუაციას აკონტროლებს, მისი სჯეროდათ კიდეც, რადგან ხელისუფლებიდან ის, ლამის, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობდა და ეკონტაქტებოდა კიდეც. მაგრამ ეს დაპირება ან ტყუილი აღმოჩნდა, ან შეგნებული ბლეფი, რადგან ციხის კადრების გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ კვირაში ქართული სპეცსამსახური, ფაქტობრივად, ჩამოიშალა, ხოლო ყოფილი ხელისუფლება ოთხი წელი იხდიდა ბოდიშებს იმ კადრების გამო, რომელიც ციხის ჯალათმა ვლადიმერ ბედუკაძემ გადაიღო და დადგა კიდეც. ციხის კადრები, ზოგადად, სხვა და უფრო ზოგადი ისტორიაა, რომელსაც „ქრონიკა+“ სამომავლოდ კიდევ ერთხელ დაუბრუნდება, ამჯერად კი მხოლოდ ერთი ფაქტით შემოვიფარგლებით: პირადად მე მაქვს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მაღალჩინოსნის შესახებ, რომლებსაც ციხის კადრების სრული ვერსია ჰქონდათ, სადაც მტკიცდებოდა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მთავარი ნარატივი _ ცოცხების სცენა _ დადგმულია, მაგრამ მათ ეს კადრები შეგნებულად არ გაასაჯაროეს, რადგან არავის ინტერესებში ახალაიას გათეთრება არ შედიოდა. მეტიც, არც ის გახსენებია ვინმეს, რომ იმ პერიოდში, როცა ციხის კადრებს ბედუკაძე იღებდა, პენიტენციურ სისტემას არა ბაჩო ახალაია, არამედ ხათუნა კალმახელიძე ხელმძღვანელობდა. პირდაპირ თუ ირიბად, ციხის კადრების გამოტანა და ვლადიმერ ბედუკაძის სახელი ამირან მესხელს დაუკავშირდა. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ ამირან მესხელმა უპრობლემოდ დატოვა ქვეყანა და დღემდე უსაფრთხოდ გრძნობს თავს ესპანეთში. მას არათუ ინტერპოლით ეძებენ, არამედ, პერიოდულად, „ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც სტუმრობენ.

სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შედიოდა „მატროსოვზე“ ბაჩო ახალაიასთან და ბიძინა ივანიშვილის დანაბარებს პირადად გადასცემდა, მაგრამ ახალაიამ მიშას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ, ამავე წყაროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულ ბაჩო ახალაიას გიგა ბოკერიასა და ირაკლი ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოასმენინეს, სადაც ბოკერია ალასანიას ეუბნება, _ ახალაია ხომ დაიჭირეთ, ამას არც ჩვენ ვაპროტესტებთ, ოღონდ სხვა დაკავებები აღარ იყოს და ამ ფაქტზე გავჩერდეთო.

დაპირისპირებების პირველი ნიშნები 2013 წლის აპრილში საჯაროდ გამოჩნდა, როცა რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი მიტინგი დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ, მოქმედი პრეზიდენტი იყო, მიტინგზე მის გამოჩენას აპლოდისმენტები და ვანო მერაბიშვილის გაბრაზება მოჰყვა. სცენაზე სააკაშვილის ასვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა მიტინგი არა მხოლოდ დატოვა, არამედ მომხრეებიც დემონსტრაციულად გაიყოლა.

ამავე პერიოდში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კულუარული მოლაპარაკებების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილი და გიგი უგულავა ხვდებოდნენ, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებამ შეთანხმების ყველა პუნქტი დაარღვია, მათ შორის, ამერიკელებისადმი მიცემული პირობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა. მართალია, საბოლოოდ, სააკაშვილის მილიარდების საქმე 5 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის პალტოს  კომიკურ ისტორიად იქცა, მაგრამ მას საქართველოში ჩამოსვლა აღარ შეუძლია.

საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარკვეულ ფრთასა და „ოცნების“ წარმომადგენლებს შორის კულუარული გარიგებები 2012 წელსვე არსებობდა. ცესკოს მაშინდელი ხელმძღვანელები იხსენებენ, რომ საარჩევნო მანქანამ, ჯერ კიდევ, დღის პირველ საათზე შეწყვიტა მუშაობა და ის რეგიონები, რომლებიც ხელისუფლებისთვის ხმების მადანი იყო, პარალიზებული აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძმები ლევან და მეგის ქარდავები ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან იყვნენ კავშირზე. ეს უკანასკნელი ლევან ქარდავას ფიზკულტურის მასწავლებელი ყოფილა. ჩუბინიძე აძლევდა ქარდავებს ინფორმაციას ივანიშვილზე თუ პირიქით, ამ დეტალების გარკვევას ახლა ვერც ვერავინ მოახერხებს და არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ ანზორ ჩუბინიძესა და ვახტანგ გომელაურს მაშინდელმა „კუდმა“ ცხვირწინ ააცალა დაცვის წევრი ბესო სურმავა, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გასავრცელებლად გამოიყენეს.

დაკავებული ორი ყოფილი მინისტრი და დედაქალაქის მერი, ქვეყნიდან გაქცეული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები, _ ასე შეხვდა 2016 წლის არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“.

პირველი დაპირისპირება საარჩევნო სიების შედგენისას დაიწყო. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უმცირესობაში იყვნენ, სამაგიეროდ, ამავე სიაში მეოცე ნომრად ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილთან პორტირებული რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაჯდა. გიგა ბოკერიას ფრთა საარჩევნო შტაბის უფროსად მიხეილ მაჭავარიანის გაყვანას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის რეკომენდაციით ეს პოსტი თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ დაიჭირა. მელიას, მაჭავარიანსა და ბოკერიას შორის საარჩევნო დაპირისპირების შესახებ ხმები, პერიოდულად, ოფისის გარეთაც გამოდიოდა. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სამეგრელოში გამგზავრების წინ ერთხელ მელია მაჭავარიანმა ფულის მოტეხვაშიც კი დაადანაშაულა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა, _ ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი სცემა. დაპირისპირება ისევ მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა, მაგრამ, საბოლოოდ, ნიკა მელია მაინც გიგა ბოკერიას ბანაკში აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 8 ოქტომბრის ღამეს, როცა ნიკა მელია, ჯერ კიდევ, ივანიშვილ-კალაძისადმი შეკვდომით იმუქრებოდა, მას წინ თბილისის შედეგები დაუდეს და მკაფიოდ აუხსნეს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მის ოცნებას, გამხდარიყო თბილისის მერი, ამ მონაცემების თანახმად, ახდენა არ ეწერა, ამიტომაც იყო საჭირო პარლამენტში მისი შესვლა, რაზეც, საბოლოო ჯამში, მელია დაითანხმეს კიდეც. მართალია, დღემდე არ ხმაურდება, რაზე ილაპარაკეს შოთა უტიაშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა არჩევნების ღამეს, მაგრამ იმავე დღეს უტიაშვილმა არჩევნების წაგება მიშას დააბრალა, ხოლო ღვინიაშვილმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.

პირველი საჯარო დაპირისპირება ბოკერიას ფრთასა და მიხეილ საააკაშვილს შორის დიდგორის ველზე დაანონსებული შეკრების გამო დაიწყო. „ნაცმოძრაობის“ ოფისში `სკაიპით” ჩართული საააკაშვილი პარტიის წევრებს უხსნიდა, რომ ეს საჭირო იყო მუხტის ასაწევად. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პირველი წინააღმდეგობა ლაკა ხოშტარიას გაუწევია, მას ხელი აუქნევია სააკაშვილისთვის, _ შენ ვინ ყოფილხარო და დარბაზი დემონსტრაციულად დაუტოვებია, მას სალომე სამადაშვილი გაჰყოლია. გასასვლელად გამზადებული ბოკერია საააკაშვილს შეუჩერებია, _ გიგა, რაში გჭირდება დეპუტატის იმუნიტეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხომ მანდატის გარეშეც მუშაობ და ისიც ხომ იცი, ივანიშვილი შენი დამჭერი აღარაა, რაკი აქამდე არ დაგიჭირაო…

ასე იყო თუ ისე, სააკაშვილი, პარტიის ერთიანობის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, ბოკერიას თამაშის წესებს დაჰყვა და, საბოლოოდ, უმცირესობაშიც აღმოჩნდა. საპარლამენტო არჩევნების ღამესვე მისი პოზიცია მკაფიოდ იცოდა პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. სხვათა შორის, იმავე ღამეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე იგივე განწყობა ჰქონდათ გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პარტიის ოფისში მეორე დღეს გამართულ სპონტანურ შეკრებაზე იმდენად დიდი მუხტი იყო, რომ პარტიის წევრების დიდი ნაწილი ხმების დაცვას ითხოვდა, ბოკერიას ჯგუფს ამ შეკრებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არც უცდია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სააკაშვილი ერთგულ მომხრეებთან ერთად სარფში იმყოფებოდა და, საპროტესტო აქციაზე 20 000 კაცის მობილიზების შემთხვევაში, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება, ამ ეტაპზე, „ქრონიკა+“-მა ვერ მოახერხა. პარტიის პოლიტსაბჭო უკვე არჩევნების მეორე დღეს დახურულ ფორმატში შეიკრიბა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირველი სიტყვა კაკო ბობოხიძეს აუღია და პათეთიკური ტონით განუცხადებია, _ ის ხალხი, ვინც ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ხმას მოგვცემდა, მატყუარაა, მათ ჩვენ მოგვატყუეს და ამ არჩევნებზე სამარცხვინოდ დავმარცხდით, ამიტომ ბრძოლის გაგრძელების სხვა გზას, გარდა პარლამენტში შესვლისა, ვერ ვხედავო. კაკო ბობოხიძის პათეთიკას ოთო კახიძე აჰყოლია, _ შეურაცხყოფილი ვარ, არჩევნები წავაგეთო და ბოლოს „ნაცების“ ახალ სახეს, ელენე ხოშტარიას დაუგვირგვინებია, _ დიახ, მე ვაკეში არჩევნები წავაგე და პარლამენტში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლაო. საბოლოო ჯამში, არც გიგა ბოკერიას გახსენებია არჩევნების წინ დადებული პირობა, _ თუ წავაგეთ, პარლამენტში საერთოდ არ შევალო და ასე ერთ ხმაში მიუღიათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი და ბლოკში შემავალი „ევროპული საქართველო“, რეალურად, გიგი წერეთლის მამის პარტია „ლექტორთა კავშირია“, რომელიც ცესკომ საარჩევნო რეგისტრაციაში არჩევნების წინ გაატარა. ბლოკის პარლამენტში ამ სახით შესვლა ნიშნავს იმას, რომ მათ მომდევნო არჩევნებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ორი წევრი, დამატებითი დაფინანსება და პარლამენტის კომიტეტებში პოსტები ექნებათ. გიგა ბოკერია სრულად აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციას და მისი მორჩილია უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც ქუჩაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, სამაგიეროდ, მისი მეუღლე ხედავს თავს „ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარის, ელგუჯა გოცირიძის სამსახურში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, დღემდე იღებს ხელფასს. მართალია, ბოკერიას ფრთა აქამდე ამტკიცებს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ამომრჩევლის რიცხვი 200 000 კაცით გაიზარდა, მაგრამ, რეალურად, ეს მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის აქტივშია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რა შეთანხმებაც „ოცნებასა“ და მათ შორის შედგება, ისიც იმ პირობებში, თუ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ბლოკი არ გამოჩნდა.

 

რა სქემით გაყალბდა 2016 წლის არჩევნები?

 

წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ტრადიციულ საარჩევნო კამპანიას არ მიმართავდა, მას არც პროგრამა გამოუქვეყნებია და არც დაპირებები გაუცია. იმთავითვე ცხადი იყო, რომ სხვა გზების გამოყენება იგეგმებოდა. საბოლოოდ, არჩევნები საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების თანხმობით გაყალბდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ე. წ. გამწვანებულ უბნებზე პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებთან ყველაფერი წინასწარ გახლდათ „გაიასნებული“; იყო უბნები, სადაც ფულის დარიგება კომისიის წევრებისთვის არჩევნების დღეს, სამ საათზე დაიწყო. „სტავკა“, უბნების მიხედვით, 300-დან 500 დოლარამდე მერყეობდა. სწორედ კომისიის წევრების თანხმობით და ხელმოწერით მოხდა ოქმების გადაწერა. იქ, სადაც კომისიის წევრები ვერც შეაშინეს და ვერც იყიდეს, უბნები დაარბიეს. ეს, ძირითადად, სამეგრელოსა და მარნეულში მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები პირველსავე ტურში არჩევნებს უპირობოდ იგებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შენარჩუნება ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, ეს სქემა ყველაზე მარტივი იყო და როგორც ამბობენ, მიხეილ მაჭავარიანის მოფიქრებული. პირველი ტურის მერე გაყალბების ფაქტებზე მხოლოდ ლევან ვარშალომიძე ალაპარაკდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საჩივრების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა აღმოაჩნდა ხელთ. საქმეში ჩაუხედავი ადამიანებიც კი ამბობენ, რომ შეუძლებელია, გაყალბების სქემების შესახებ თეორიული ინფორმაცია მაინც არ ჰქონოდა ხათუნა გოგორიშვილს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ არჩევნების გაყალბების სქემებითაა ცნობილი.

უფრო შორს წასულები ამბობენ, რომ გიგა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარიგება დიდი ხნის წინათ შედგა, _ მაშინ, როცა უშიშროების საბჭოს მდივანს ლობისტებზე გადარიცხული თანხები ამოუწიეს და, მეორე მხრივ, ციხის ბუნტის საქმე გაუხსენეს, სადაც მათივე თანაგუნდელმა ელენე თევდორაძემ ოფიციალური ჩვენებაც კი მისცა, _ ციხის ბუნტის დროს სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებისა და პატიმრების დარბევის ბრძანება გიგა ბოკერიამ გასცაო.

სწორედ ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი მიხეილ საააკაშვილს აღდგომის ღამეს საპატრიარქოში შეხვდა. ამ შეხვედრის დროს ივანიშვილს სააკაშვილისთვის უკითხავს, _ გიგა ბოკერია მართლა მასონიაო? შეკითხვაზე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს დიდხანს უცინია, _ რაებს მეკითხებიო? მაგრამ „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ივანიშვილი დიდხანს და საგულდაგულოდ არკვევდა მასონებთან გიგა ბოკერიას შესაძლო კავშირებს. იგივე წყარო ამტკიცებს, რომ კაიმანის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულია სამშენებლო კომპანია, რომლის ანგარიშზეც გიგა ბოკერიასთვის ათი მილიონი ამერიკული დოლარი ჩაირიცხა იმის სანაცვლოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი პარლამენტში შესულიყო, 2016 წლის არჩევნების შედეგები „გაპრავებულიყო“ და, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დასაყრდენის გარეშე დარჩენილიყო. იმდენად, რამდენადაც ეს ინფორმაცია მხოლოდ არაოფიციალურია და, ამ ეტაპზე, მისი გადამოწმება არ ხერხდება, „ქრონიკა+“ დაჟინებით არაფერს ამტკიცებს.

ფაქტია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელზე გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო, საკონსტიტუციო უმრავლესობა გაიფორმა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო მმართველობის საბოლოოდ დაკნინება. ქვეყნის არაფორმალური მმართველი არც მალავს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სამაგალითოდ დასჯას აპირებს. ამ არჩევნების დროს ასევე ნომინალური ფიგურა იყო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელზეც, ჯერ კიდევ, არჩევნებამდე დაიწყეს გამოძიება თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო. სწორედ ამიტომ ჟვანია „ოცნების“ ხელისუფლების სურვილების უპირობო შემსრულებელი გახლდათ.

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სრული მონოპოლია მოიპოვა. არ შეიძლება, მას არ ესმოდეს, რომ საკონსტიტუცუიო უმრავლესობა, ხიბლთან ერთად, გარკვეული ტვირთიცაა. სწორედ ამიტომ მისთვის პარლამენტში შესული  „ნაცმოძრაობის“ 27 დეპუტატი საფრთხე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსიც“ შევიდა და მათი იქ ყოფნა სწორედ „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“ სერიოზული დისკომფორტი.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესის საგანი ისევ მიხეილ სააკაშვილია, _ ის მისთვის საფრთხეა იმ ქვეყანაშიც, სადაც ახლა იმყოფება. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სააკაშვილის საბოლოო დასუსტება საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი მხარდამჭერი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოსახლეობაში ჰყავს. მიუხედავად შავი პიარისა, მისი მხარდაჭერა ბოლო არჩევნებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ ივანიშვილის პირველი რიგის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო დაშლაა. ივანიშვილის კარზე რამდენიმე გეგმა განიხილება, მათ შორის, ციხიდან გიგი უგულავას განთავისუფლებაც, რომელსაც მარტში ე. წ. უდო, პირობით ვადამდე განთავისუფლება უწევს. ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვა ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას განთავისუფლება, საბოლოოდ, გააფორმებს `ნაციონალური მოძრაობის” დაშლას და სააკაშვილის ფაქტორიც აქტუალური აღარ იქნება.

მაგრამ მიუხედავად გეგმებისა და მოგებული არჩევნებისა, ამბობენ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი მშვიდად მაინც ვერ გრძნობს თავს, მას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები და ჰილარი კლინტონის გამარჯვების მაღალი შანსები მოსვენებას უკარგავს…

არც 8 ნოემბერია შორს!!!

 

                                                                                                                   ელისო კილაძე