არსებობს თუ არა საფრთხე გაუქმდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი?!

სახალხო დამცველმა პარლამენტისა და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანმდევი ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ვერსია მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

კერძოდ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, თუმცა უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ყველა დასაქმებულის უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და აღნიშნული კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე.

„ქრონიკა+“ მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელს, ლაშა მესხს ესაუბრება:

_ ბატონო ლაშა, საზოგადოებრივ მაუწყებელში, ზოგადად, ტელემედიაში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით რა სირთულეებია და პირველ რიგში რა უნდა გამოსწორდეს?

_ აქ ძალიან მარტივი ამბავია, რადგან ტელევიზია (ისევე, როგორც სხვა დაწესებულებები) ამ თვალსაზრისით გარკვეულ რისკს შეიცავს. ეს ძირითადად დასხივების რისკს ეხება, იქიდან გამომდინარე, რომ, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელში, თანხების დაზოგვის მიზნით, პირდაპირი ჩართვის აპარატები, გადამცემები კუსტარულად, ე. წ. საკანალიზაციო, თეთრი პლასტმასის მილებისგან დამზადდა. ანუ რაღაც ხელნაკეთი ნივთებია.

ამას არა სპეციალისტის, არამედ ჩვეულებრივი თვალითაც რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ მაგალითად, სანთებელის ნათურას ანათებს, ამაზე მომუშავე ბიჭებს თავის ტკივილი აწუხებთ და ა. შ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით რაც არის, ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცული იყოს. თანამშრომლები ამ სამუშაოს უნდა მოარიდონ, ვინც გარკვეული რისკის ქვეშ იმყოფება. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, პირველი არხის შენობა ავარიულია. ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს და არათუ მუშაობა, ადამიანის სიცოცხლისთვის იქ გაჩერებაც კი სახიფათოა.

მეორე ისაა, რომ პირველ სართულზე გარკვეული კაბინეტები ე. წ. აზბესტის გრუნტითაა მოპირკეთებული. ეს აზბესტი რას იწვევს და როგორი საშიში ნივთიერებაც არის, ალბათ, ჩვენმა მკითხველმა იცის, _ დიდი რისკია, რომ იგივე სიმსივნური და სხვა დაავადებები გამოიწვიოს. ასევე ოპერატორების საწარმოო ტრავმებიც ხშირია. მაგალითად, პირველი არხის შემთხვევაში, რა ინფორმაციაც მე მაქვს, ელემენტებისთვის ფული რომ დაეზოგათ უხარისხო, მაგრამ, დაახლოებით, 5-6 კილოგრამით მძიმე ელემენტები იყიდეს. ამის გამო ოპერატორებს, რიგ შემთხვევაში, ხერხემალი დაუზიანდათ. ყოველდღიურად 5-6 კგ-ით უფრო მძიმე აპარატურის ტარება უწევთ იქიდან გამომდინარე, რომ, თითქოსდა, ორგანიზაციამ ამაში ფული დაზოგა.

ახლა ბევრი ნიუანსი მახსენდება, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რადიაციის პრობლემა ყველა ტელევიზიამ მაქსიმალურად გააკონტროლოს, რადგან იქ ადამიანები მუშაობენ და ადამიანის სიცოცხლე არც ერთ ექსკლუზივად არ ღირს. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებითაც გამკაცრდება ნორმები და შესაბამისი ყურადღება მიექცევა, პირველ რიგში, თავად ჟურნალისტების, ოპერატორების, ტექნიკური პერსონალისა და შემდეგ, რასაკვირველია, შესაბამისი უწყებების მხრიდან.

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა პრობლემურად რატომ არის მიჩნეული?

_ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. როდესაც ეს ადამიანები ახალი ნიუსრუმის აშენებაზე საუბრობდნენ, მეორე შენობა რომ გაეკეთებინათ, ამისთვის დასკვნა წარმოადგინეს. სწორედ აღნიშნულ დასკვნაში წერია, რომ ეს შენობა რეალურად ავარიულ მდგომარეობაშია.

ანუ საშიშია იგივე მიწისძვრის თუ სხვა დროს, რადგან მისი ექსპლუატაციის ვადა გასულია და ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. ამაზე დარგის სპეციალისტის განმარტება შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მე რაც ვიცი, ექსპერტიზის დასკვნით საზმაუს შენობა გამოსაყენებლად უვარგისია.

_ მაუწყებელში კონკრეტული გამოწვევები თანხების ნაკლებობას უკავშირდება, თუ აქ სხვა პრობლემაა?

_ არც ერთი მენეჯმენტის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დასაქმებული პრიორიტეტული არ ყოფილა. პრიორიტეტი ყოველთვის საკუთარი ინტერესები იყო, ასევე რაღაც გარიგებები და ა. შ.

ამ მხრივ, თუ რა გარიგებები და ფინანსური დარღვევებია, ამას აუდიტის სამსახური უკვე თვეებია, სწავლობს. იმედია, მალე დადგება შესაბამისი შედეგი.

_ ზოგადად, შრომის უსაფრთხოების საკითხში რა პრობლემები გვაქვს?

_ რა თქმა უნდა, ურთულესი ვითარებაა, როცა კანონმდებლობა ბიზნესის მხარესაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აქ მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან დაიწყო, როდესაც მანკიერი პრაქტიკით ბიზნესს ნებისმიერი ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში ჰყავს დაყენებული.

ეს მანკიერი ტრადიცია დღესაც გრძელდება, რაც, რასაკვირველია, იმ მუშებისა და დასაქმებულების ხარჯზეა, რომლებიც მინიმალურ ანაზღაურებად მაქსიმალურ სამუშაოს ასრულებენ.

არ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ვიღაცა გამუდმებით კაპიტალს აგროვებდეს. ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში გრძელდება და დღემდე არაფერი ეშველა.

შესაბამისად, ამა თუ იმ პერიოდში მთავრობის მმართველი გუნდი ბიზნესთან რაღაც ლოიალურობას, მასთან კოჰაბიტაციას უნდა მორჩეს და, რეალურად, ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს, რადგან ხალხი იმას ეწირება, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ გვაქვს.

ბოლო წლების განმავლობაში 500-ზე მეტი დაღუპული ადამიანი ჩვენი პოპულაციის ქვეყნისთვის ნამდვილი კატასტროფაა. თუ ინფორმაციებს ვნახავთ და პროცესს დავუკვირდებით, ლამის თვე არ გავა, რომ ვინმე შენობიდან არ გადმოვარდეს, ან მაღაროში არ დაიღუპოს, მძიმე დაზიანება მიიღოს…

ამიტომ ეს უკვე კატასტროფაა და ამას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. არა რაღაც ჩვეული პიარკამპანიები, რომ თითქოსდა ეს ხელისუფლება ხალხისაა, სოციალისტურია და ა. შ. თუ ჩვენ დეკლარირებულად ვაცხადებთ, რომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ადამიანია, მაშინ ეს რეალურ მოქმედებაში გამოხატული უნდა იყოს. ასე არ გამოვა, ზღვარი ადამიანების სიცოცხლეზე გადის და დღეს ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანი შევიწროებულია. იქნება ეს მძიმე ინდუსტრია თუ ჩვეულებრივი, რიგითი სუპერმარკეტი, რომელიც ადამიანს ამცირებს, ჩაგრავს და მონურ მუშაობას აიძულებს.

აი, ასეთი მიდგომა და მონური დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. ხელისუფლებამ, მმართველმა ძალამ რეალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თუნდაც ამ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

_ გამართული კანონის მიღება რამდენად წაადგება ამ სფერეოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაზედაც სახალხო დამცველიც ამახვილებს ყურადღებას?

_ ქმედითი კანონი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. გახსოვთ, ეს მთავრობა თავს იწონებდა, რომ, თითქოსდა, შრომის კოდექსი არ არსებობდა და ამათ შექმნეს. ეს თავის მოწონებისთვის ერთგვარ საფუძვლად აქვთ, თორემ, რეალურად, კანონი ბიზნესის მხარეზეა და დასაქმებულის ინტერესებზე მორგებული არ არის. წლებია, ეს მანკიერი ტრადიცია გრძელდება. წლები ჰქონდა სამოქმედოდ, რომ მმართველ ძალას ეს სავალალო მდგომარეობა გამოესწორებინა. ძალიან სწრაფად უნდა გამკაცრდეს შრომის კოდექსი და შემდეგ ამის მიხედვით ქმედითი შრომის ინსპექცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ამ კანონს აღასრულებს.

_ საზოგადოებრივ მაუწყებელზე „რადიო თავისულების“ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ?

_ ამასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვიყავი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართა. ეს ძალიან ცუდი ფაქტია და უამრავ შეკითხვას აჩენს. აქ არა მხოლოდ ორ გადაცემაზეა საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე და ეს ადამიანები სწორედ ამ იდეას, როგორც ქვეყანაში მკვეთრად ევროპულ ინსტიტუტს, საფრთხეს უქმნიან.

შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ხუთ დღეში (სწორედ ამდენი დრო მივეცით) კეთილი ინებონ (ხელფასს ამაში იღებენ), ბორდთან ერთად მოვიდნენ, დასხდნენ და საზოგადოების მწვავე შეკითხვებს უპასუხონ. ეს ჩვენი პოზიციაა, რომელიც გამოვხატეთ.

თუ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ასი კაცი მივიდა, ორას-სამასს და იმდენს მიიღებენ, სანამ ამ მანკიერ პრაქტიკას ბოლო არ მოეღება, არ მოიხსნება საშიშროება, რასაც ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაუქმება ჰქვია.

 

გელა მამულაშვილი