ანტიქსენოფობიური ბლოგი

დღეს ქვეყანას ქსენოფობიის ჭაობში ითრევენ. არადა, ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას რამდენ და რანაირ ჭაობში არ უცხოვრია, ბევრ ჭაობში კომფორტულადაც კი გრძნობდა თავს, მაგალითად, კორუფციის ჭაობში და გახსოვთ, ალბათ, რა რთული და მტკივნეულიც იყო ამ ჭაობიდან ამოთრევა… ეს ქვეყანა არაერთ ჭაობში ყოფილა ჩაძირული, მაგრამ არასოდეს _ ქსენოფობიის ჭაობში.

ჩვენს წინაპრებს რომ ხასიათში ჰქონოდათ კორკოტობა, ვერ შედგებოდა ქართველებისა და ებრალების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ერი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ყველგან, აქაც ექნებოდა პრობლემები, მაგრამ არ ჰქონდა! XX საუკუნის დასაწყისში სცადეს კიდეც აქ ანტისემიტიზმის აგორება, ააგორეს ბინძური ჭორებიც. ბებიაჩემისგან მაქვს მოსმენილი, XX-ის 20-იან წლებში როგორ ავრცელებდნენ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ებრაელები ქართველ ბავშვებს იტაცებდნენ და ხოცავდნენ, რომ მათი სისხლით მოეზილათ მაცა. ჭორი ააგორეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, როგორც ჩანს, საუკუნისწინანდელი ჩვენი საზოგადოება ბევრად საღად აზროვნებდა, საკუთარ გამოცდილებას და დაკვირვებას, საკუთარ თვალებს ბევრად უფრო ენდობოდა, ვიდრე ვიღაცისგან თავსმოხვეულ ბიძნურ კამპანიებს.

ქართველს რომ კორკოტობა ჰქონოდა ხასიათში, არ გვექნებოდა არც მულტიკულტურული თბილისი და არც მრავალეროვანი ქვეყანა. ქსენოფობები რომ ვყოფილყავით, ვერ მოხდებოდა 45 ათასი ყივჩაღური ოჯახის ასიმილირება ჩვენში!

როგორც ჩანს, ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ ბოლშევიკები იძულებული გახდნენ, შეგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ ქართველებს არ სძულდათ მათ გვერდით მოსახლე სხვა ეთნიკური ჯგუფები, არაქსენოფობიურ აწყმოს შეეგუენ და დიდი სამზადისი დაიწყეს ამ ქვეყნის ქსენოფობიური მომავლისთვის. არაქსენოფობიური აწმყო, გარკვეულწილად, აწყობდათ კიდეც სათავისოდ, _ სსრკ მრავალეთნიკური გოდოლი იყო და მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი გახლდათ ქვეყნის ვითომ ინტერნაციონალურ ლიანდაგებზე გადასაყვანად, იმ ლიანდაგებზე, რომლის ბოლოს არანაირი მრავალეთნიკურობა არ იყო და ამაყად იდგა გარუსებული საბჭოთა ადამიანი. მოკლედ, მათ აწყობდათ არაქსენოფობიური გარემო იმისათვის, რომ ერები კარგად აეთქვიფათ ერთმანეთში, გამოეყვანათ საბჭოთა ადამიანი, რომელიც შემდეგ ქსენოფობი იქნებოდა ყველა სხვის მიმართ; რომლისთვისაც მიუღებელი იქნებოდა ევროპელიც და არაევროპელიც, ამერიკელიც და აფრიკელიც.

წვეთ-წვეთობით გვწამლავდნენ ათასი სიბინძურით მსოფლიოს იმ ხალხებზე, რომლისგანაც რკინის ფარდა გვაშორებდა და მათი დაკვირვების საშუალება არ გვქონდა. ათას სტერეოტიპს გვიქმნიდნენ და რაც მთავარია, საზოგადოების დიდი ნაწილი კლიშეებით აზროვნებას მიაჩვიეს. ეს კლიშეები ბევრის ტვინში დღესაც წარმატებით მუშაობს: რომ ევროპელები ცივი ხალხია, რომ „ფრანგები ძუნწები არიან“, „თურქები ქალებს ადამიანად არ თვლიან“, და საერთოდ, „აზიაში ქალი არაფერს წარმოადგენს“ და ა. შ. ამ ყველაფერს რომ ჩვენში კარგად ემუშავა, ჩვენს ტვინებში რომ იოლად შემოსულიყო, საპოხად („სმაზკად“) ისევ ჩვენს ვითომ „გამორჩეულობას“ იყენებდნენ, უფრო სწორად, ამის ილუზიას გვიქმნიდნენ, პატივმოყვარეობას გვიკმაყოფილებდნენ, რომ თითქოს ჩვენზე უკეთესი ქვეყნად არავინ იყო (ლოზუნგით „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“), ამ გზით ეროვნულ თავმოყვარეობას გვიძინებდნენ და გვბანგავდნენ ქსენოფობიური შარბათით. რკინის საზღვრებში მომწყვდეულებს დაგვაჯერეს, რომ ჩვენისთანა ბუნება ქვეყნად არსადაა, რომ ჩვენისთანა სტუმართმოყვარე არავინაა, რომ ჩვენისთანა ისტორია დედამიწის ზურგზე არავის აქვს, რომ ჩვენნაირი გმირი წინაპრები არავის ჰყოლია. დიახ, ერი უნდა გააყოყოჩო, რომ შემდეგ მან ზემოდან ცუდმედიდურად დაუწყოს ყურება სხვა ერებს და ამ გზით გააჩინო შუღლი მათ შორის და მერე აღარც ეთნოკონფლიქტების გაჩაღებაა რთული და აღარც ქვეყნის ქსენოფობიის ჭაობში ჩათრევა. იმპერიულ სპეცსამსახურებს ზედმიწევნით ჰქონდათ და აქვთ შესწავლილი ჩვენი ხასიათი, ახალ მითებსა და სატყუარებსაც ამის ნიადაგზე გვიგდებდნენ და ძველი მითების რეცეფციასაც არ ერიდებოდნენ. ასე გამოიყენეს მათ ქართული ეკლესიის წიაღში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული მოსაზრება ჩვენი წილხვედრობის შესახებაც და ის მითიც,  რომელიც სწორედ საბჭოთა პერიოდში ლექსებადაც იღვრებოდა, რომ, თითქოს, ღმერთი, როდესაც ქვეყნიერებას ერებს უნაწილებდა, ქართველები ვქეიფობდით და დაგვაგვიანდა, შემდეგ თავისთვის დატოვებული მიწა დაგვითმო ღმერთმა. სხვათა შორის, ეს ლეგენდა ამ 2 წლის წინათ ოლიმპოელი ღმერთების ქვეყანაში _ საბერძნეთშიც მიამბეს, ოღონდ ქართველებზე კი არა, ბერძნებზე…

კარგად გაიხსენეთ, როგორ გვასწავლიდნენ ისტორიას, გინდაც, ჩვენსას და გინდაც, მსოფლიოსას. გარბენით ვსწავლობდით მსოფლიოს ისტორიას, ცალყბად, თათარიახლად, ისე რომ იქ ვერავის გმირულ წარსულს ამოიკითხავდი, ისე იყო გამოწურული, მხოლოდ შეთქმულებებს, დაპყრობებს, ტახტისთვის დაუნდობელ ბრძოლას და ხოცვა-ჟლეტას ხედავდი, ამ დროს, ასევე გარბენით გასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ასევე გამომშრალსა და ჩირივით გამომხმარს, საიდანაც ვერანაირ სხვა დასკვნას ვერ გამოიტანდი, გარდა იმისა, რომ გმირი წინაპრები გვყავდა. ამ ნასწავლი ისტორიიდან ვერ გამოიტანდი გაკვეთილს, _ რა შეცდომებს უშვებდნენ ჩვენი წინაპრები. ესეც იყო საბჭოთა პროპაგანდის მიზანი _ ისევ გაგემეორებინა შეცდომები, შენი ისტორია არ გამოგდგომოდა არაფრისგან თავდასაზღვევად, არ გამოგდგომოდა არაფერში გარდა იმისა, რომ გეყოყლოჩინა. იყოყლოჩინებდი კიდეც, როდესაც ამ ისტორიას გასწავლიდნენ სრულიად უსახური „სსრკ ისტორიის“ ფონზე.

მოკლედ, არ იცოდი, რა დიდი ისტორია გამოიარეს სხვა ერებმა _ გინდაც ევროპაში, გინდაც აზიაში და კითხულობდი უბადრუკ სსრკ-ს ისტორიას და ცხადია, გექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შენ ხარ, რაც ხარ, რომ შენისთანა ამქვეყნად არავინ ყოფილა! აბა, ჩვენთვის რომ ვინმეს ესწავლებინა, რომ იგივე სამხრეთკორეულ სამეფოს _ შილას _ ჯერ კიდევ, მე-7 საუკუნეში ჰყავდა ქალი მონარქი, ისე ხომ ვეღარ ვიტრაბახებდით, რომ ჩვენ მე-12 საუკუნეში გვყავდა თამარი? ვინმეს რომ ესწავლებინა, დღევანდელი თურქეთის ისტორიის სათავეებთან იდგა ჰაიმე ანა (დედა ჰაიმე _ ოსმან პირველის ბებია), ხომ ვეღარ დავიჯერებდით, რომ თურქეთში ქალებს არაადამიანად არ თვლიან? ან ანალოგიურად, ხეირიანად რომ ესწავლებინათ, რა როლს თამაშობდნენ ქალი ლიდერები აღმოსავლეთში, პოზიტიურსა, თუ, გნებავთ, ნეგატიურსაც, დავიჯერებდით, რომ აზიაში ქალი არავინაა?

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქსენოფობიის თესვა ყოველთვის იდგა გაუნათლებლობაზე, შეზღუდულ თვალსაწიერზე. არ უნდა გქონოდა შედარების, დაკვირვების საშუალება, ყოფილიყავი სიბნელეში. დიახ, სიბნელე სიბნელემ უნდა შვას.

მაგრამ თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა. იმ შეზღუდულ პირობებშიც არ ჩამოყალიბდებოდი ქსენოფობად, სწორი აღზრდისა და გარემოზე დაკვირვების წყალობით.

თუ ეს ასე არაა, რატომ არ ვარ მე ქსენოფობი? მეც საბჭოთა ბავშვობა მქონდა. არათუ არ ჩამოვყალიბდი ქსენოფობად, სწორედ იმ ბავშვობამ სამუდამოდ წამართვა ქსენოფობად განვითარების უფლება!

ყველაფერი ასე დაიწყო: ჩემი კარის მეზობელი იყო ოსი ქალბატონი _ მანია ძალო. დედის შემდეგ, ალბათ, არავის მიუძღვის იმხელა ამაგი ჩემს გაზრდაში, როგორც იმ ქალბატონს. დღემდე მახსოვს, როგორ მოჰქონდა ჩემთვის კალათით სხვადასხვა ხილი, როგორ ვუყვარდი, როგორ დამატარებდა სრულიად პატარას სასეირნოდ, როგორ ეხმარებოდა დედას. გადმოცემით ვიცი ისიც, როგორ გადამარჩინა, საერთოდ, როდესაც თვეების ვიყავი. იმდენად ღია იყო მისთვის ჩვენი სახლის კარი, რომ ერთხელ ჩემ გასასეირნებლად მოვიდა, დედა სამზარეულოში საქმიანობდა. მანია ძალომ მძინარე ამიყვანა და სასეირნოდ წამიყვანა ისე, რომ დედასთვის არც უთქვამს. გავიდა 10-15 წუთი და სახლში გაზი აფეთქდა. ჩვენი სახლიდან ნატყორცნ მინის ნამსხვრევებს ნახევარკილომეტრიან რადიუსში პოულობდნენ. ალმოდებულ სახლში დედა ჩემ გამო შემოვარდა და… საწოლი ცარიელი დახვდა. იქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, აფეთქებისგან გულგახეთქილი ვეღარც გავიღვიძებდი….

შემდეგ როდესაც ცხინვალის რეგიონში ეთნოკონფლიქტმა იფეთქა და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, მე, ჯერ კიდევ, ბავშვი, ვხვდებოდი, რომ კარგი და ცუდი ყველა ერშია, რომ არანაირად არ შეიძლებოდა ტოლობის ნიშნის დასმა მანია ძალოსა და ოს სეპარატისტებს, ან მათგან ტვინმოწამლულ ხალხს შორის!

ჩემი კარის მეზობლები იყვნენ და დღემდე არიან სრულიად არაჩვეულებრივი ხალხი _ ხაჩატურიანები. სწორედ ამ ოჯახის ბავშვები _ თამაზი და თამრიკო _ იყვნენ ჩემი პირველი მეგობრები, ვისთან ერთადაც მე ვიზრდებოდი და ვთამაშობდი. 90-ს მიტანებულ თამარა ბაბოს თვალი ისე აღარ უჭრის, მაგრამ საკმარისია, ხმა გაიგოს, ისევ ისე იღვრება სიყვარულად, როგორც მაშინ, იმ შორეულ ბავშვობაში. სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა ის, რომ ჩემზე ვერ გაჭრა ვერანაირმა ანტისომხურმა კამპანიამ! ეს შემდეგშიც გაგრძელდა: რუსთაველის თეატრში ბუფეტში მუშაობდა ალა დეიდა, უკეთილშობილესი სომეხი ქალბატონი. ამჟამად უკვე გარდაცვლილია და სასტიკი ვიქნები და გეტყვით, მთელ ქართულ მარშს და მის ყველა მონაწილეს გავცვლიდი, რომ ალა დეიდა კვლავ ცოცხალი მენახა…

ჩემი კარის მეზობელი იყო რუსი ქალბატონი _ მარია ძალო, შორეულ ახალგაზრდობაში გორის ბამბეულის კომბინატში სამუშაოდ ჩამოსული და შემდეგ აქ დაოჯახებული. მე მახსენდება მისი სიყვარული, სითბო და ეს მაიძულებს, ერთმანეთისგან გავმიჯნო _ ოკუპანტი და იმ ოკუპანტი ერის წარმომადგენელი კეთილშობილი ადამიანები.

ვუყურებდი ამ ხალხს, მესმოდა ამ ერებზე შექმნილი კლიშეები, სტერეოტიპები და, ჯერ კიდევ, ბავშვი ვხვდებოდი, რომ ტყუილია ეგ ყველა კლიშე და მოჩმახული! და შესაბამისად ვხვდებოდი, რომ ასევე ტყუილი იყო იმ სხვა ერებზე მიკერებული იარლიყები, იმ ერებზე, რომელთა წარმომადგენლები მე არც მენახა!

და გეკითხებით თქვენ, ღრუზინო ქსენოფობებო, სად გაიზარდეთ, რომ არ გყოლიათ არც „მანია ძალო“, არც „თამარა ბაბო“, არც „მარია ძალო“? არ გითამაშიათ სხვა ერის ბავშვებთან?  და თუ მეტყვით, რომ ვინც აქ ცხოვრობდა სხვაა და ვინც ახლა მკვიდრდება _ სხვა, გეკითხებით, იმ ერებზე, ვინც აქ დღემდე სახლობდა, აუგი არაფერი გსმენიათ? სიმართლეა და ყველაზე ერთიანად ვრცელდება? აბა, რატომ თვლით, რომ ერთი არაბი, ინდოელი თუ უმსგავსოდ იქცევა, ყველა არაბი, ინდოელი თუ აფრიკელი _ ნაძირალაა? გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ქართველ ნაძირალას ცოტას იცნობთ? და თუ იცნობთ ასეთებს და დარწმუნებული ვარ, ერთს კი არა, ასეულებს იცნობთ, რატომ არ ასკვნით, რომ ყველა ქართველი და, მათ შორის, თქვენც, ნაძირალა ხართ?

12 წლის ვიყავი, პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკში“ რომ მოვხვდი, ვნახე ყირიმი და აღმოვაჩინე, რომ ტყუილი იყო ისიც, რომ საქართველოსნაირი და საქართველოზე უკეთესი ბუნება არსადაა. ულამაზესი იყო ყირიმიც. ამით არაფერი დაჰკლებია არც ბორჯომის ხეობას და არც სხვა ულამაზეს ადგილებს საქართველოსას!

ვკითხულობდი, რაზეც კი იმჟამად ხელი მიმიწვდებოდა და კარგად ვხვდებოდი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ვინ როდის იყო ჩვენი მტერი, მაგრამ, იმავე დროს, ეს მტრობა ვერ მინელებდა ინტერესს ამ ერების კულტურის მიმართ. როგორც თქვენ გიყვართ თქმა, კარგად ვმიჯნავდი მტერს და მტრის კულტურას, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ „მიჯნავთ“, „დასტაევსკის სიყვარულით“ რომ გნებავთ, მტერი მოკეთედ შემომასაღოთ. ვიცოდი, სპარსელი საქართველოს მტერი იყო, მაგრამ მისი კულტურა საინტერესო და დიდებული. და იმ დიდებული კულტურის გამო სულაც არ ვთვლიდი, რომ სპარსელების ბატონობა საქართველოში პოზიტიური იყო და არც მათ მონობას ვნატრობდი, რაკიღა მათ დიდებული კულტურა ჰქონდათ. ასეა ახლაც, მიყვარს ჩეხოვიც, ახმატოვაც, ცვეტაევაც, რუსული თეატრის შედევრებიც, მაგრამ ამის გამო არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი სამშობლო რუსის მონა იყოს. ამ კულტურით ტკბობისთვის მონობა არაა საჭირო! რა, საქართველო რომ არასოდეს ყოფილა ესპანეთისგან დაპყრობილი, მაგიტომ ვერ ვტკბები სერვანტესით? რა, საქართველო რომ არასოდეს დაუპყრია ინგლისს, ეს ხელს მიშლის შექსპირით ტკბობაში?

ვიმეორებ: ქსენოფობია ადვილად ითესება სიბნელეში, მაგრამ ვგონებ, უფრო ბნელ ტვინებში, ვიდრე საერთო სიბნელეში. თურმე, რა ხანია გაიხსნა რკინის ფარდაც, გაიხსნა ინტერნეტიც და ყველა ინფორმაცია ღიაა. თვალუწვდენელი სივრცეა, ეს ერები, ვის წინააღმდეგაც ილაშქრებენ დაქირავებულებიც და მათ ხმას აყოლილებიც, აქ ცხოვრობენ. დააკვირდით, ყველა ერთნაირია? დავიჯერო, არც აქ, არც საზღვარგარეთ არ შეგხვედრიათ ხელგაშლილი, თბილი ევროპელი, რომ მიმხვდარიყავით, ევროპელი არც ცივია და არც ძუნწი? არ შეგხვედრიათ კარგი არაბი? კარგი ინდოელი? აფრიკელი? ან ბავშვობაში „ბიძია თომას ქოხი“ არ წაგიკითხავთ? რატომ გგონიათ, რომ მარტო თქვენ ხართ ადამიანი, რაკი ქართველი ხართ და ყველა სხვა ნადირია? რატომ გგონიათ, რომ მარტო ქართველებს ჰყავდათ გმირი წინაპრები, დაგუგლეთ მაინც და წაიკითხეთ, მაგ ხალხს, ვისაც ზიზღით უყურებთ _ რა წინაპრები ჰყავდათ და მათმა წინაპრებმა რა წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურის, ცივილიზაციის საგანძურში. თუ კითხვა გეზარებათ, ისტორიულ სერიალებს მაინც უყურეთ, სცადეთ, იქნებ, თუ არ გადაწონის, რომელიმე ერის თვალსაჩინო შვილის გმირობა როგორმე გვერდით დაუდგეს ბაში აჩუკის გმირობას. ან დაფიქრდით, ან ეგ აკეთეთ, რასაც აკეთებთ _ ირგვლივ არც მიმოიხედოთ და ინგლისური სეტერებივით დათიშულებმა ირბინეთ აღმაშენებელზე და როცა დაიღლებით, იქვე ასფალტზე გაგორდით კომბოსტოსავით, როგორც იტყოდა დიდი უცნობი „აღმსარებელი“…

 

რეზო შატაკიშვილი