ამირან სალუქვაძე: „ყველა გამოცდილი მფრინავის დაკარგვა, 10-15 წლით უკან გადადგმული ნაბიჯია!“

საქართველოს თავდაცვის სამინიტრო და შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, „დროს ჩამორჩენილ უწყებად“ იქცა. ხშირია ინფორმაციები კორუფციულ გარიგებებზე, ჯარის ბრძოლისუნარიანობის დასუსტებაზე, შესყიდვებში არსებულ პრობლემებზე, ჯარისკაცებისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებასა და სხვა პრობლემებზე, რაც წლების წინათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გამორჩეულად მაღალი ნდობის ხარისხის მქონე უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის რეპუტაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.

საქმე მხოლოდ რეპუტაციას რომ ეხებოდეს, ჯარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იქნებ, თვალის დახუჭვის პოლიტიკა გამართლებულად მიჩნეულიყო, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა აღმშენებლობაზე საუბრობს, ხოლო რეფორმირების მოტივით უქმდება სხვადასხვა შენაერთი, ფაქტობრივად, დაშლილია სამხედრო ავიაცია, ხორციელდება საეჭვო შესყიდვები და ბოლო დროს გავრცელებული ხმების მიხედვით, ჯარის უკრაინული ხორცით გამოკვებას აპირებენ, რითაც ეროვნული ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა დააზიანონ, პრობლემების მიჩქმალვას აზრი არ აქვს. როგორც აღმოჩნდა, ორი ფრანგული რადარის ნაცვლად 15-მდე უკრაინული რადარის შეძენაც ყოფილა შესაძლებელი და რაც ყველაზე მთავარია _ ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვლავ ფიქრობენ, რომ სამშობლო „სხვისმა შვილებმა“ უნდა დაიცვან, ხოლო მათი პირმშოები სხვადასხვა სახელმწიფო, საჯარო უწყებებსა და კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ.

 

ქართულ ჯარში არსებულ ცალკეულ პრობლემებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურსა და უსაფრთხოების საკითხებში _ ამირან სალუქვაძეს:

 

_ აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჯარზე _ შეიარაღებულ ძალებზე, საუბარი საკმაოდ საფრთხილოა და, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. თუმცა ისიც ცხადია, რომ კარგის პარალელურად პრობლემებიც მოითხოვს ყურადღების გამახვილებას. ჩვენი საუბარი ზოგადი ხასიათის კითხვით დავიწყოთ: რა მდგომარეობაა ქართულ ჯარში და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, რამდენად სწორად მიმდინარეობს მისი მშენებლობა?

_ სრულიად გეთანხმებით, რომ პრობლემებისთვის თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. პრობლემები კი გვაქვს, თან საკმაოდ. რა ტემპებითაც ვწყვეტთ ამ პრობლემებს, ჩემთვის მიუღებელია, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია და, მეტწილად, არაპროგნოზირებადი. თანამედროვე მოთხოვნებში თუ თანამედროვე ბრძოლას გულისხმობთ, მისი ყველა ელემენტით და ყველა განზომილებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დროში ჩამოვრჩებით. ბუნდოვნად ამ პასუხით შემოვიფარგლოთ.

_ რამდენიმე ხნის წინათ თავდაცვის მინისტრმა რუსეთიდან მომავალ შესაძლო საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. გასაგებია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული ქვეყანაა და მისი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენსას, თუმცა საფრთხის შემთხვევაში როგორია ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობა?

_ ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმეტესი ნაწილის საბრძოლო სულისკვეთება მაღალია. ბრძოლისუნარიანობის სხვა საკითხებზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ეს არ ნიშნავს, რომ კითხვები ან ჩემსავე კითხვებზე პასუხები არ მაქვს.

_ როგორც ავიაციის ყოფილ სარდალსა და ამ საქმეში ყველაზე გამოცდილ ქართველ გენერალს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, _ რა პრობლემებს ხედავთ სამხედრო ავიაციაში, რამდენად და როგორ არის შესაძლებელი მისი დაძლევა?

_ ავიაციასთან დაკავშირებით ჩემი და თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის მიდგომები ერთმანეთს არ ემთხვევა. აი, ამ პრობლემას ვხედავ: კადრებს ვკარგავთ, ოქროს ფონდს ვანიავებთ. კადრების გარეშე რომელიმე სფეროში რაიმეს მიაღწევთ? ყველა გამოცდილი მფრინავის, ან ინჟინრის დაკარგვა არის 10-15 წლით უკან გადადგმული ნაბიჯი. უფრო დეტალურად მსჯელობის აზრს ვერ ვხედავ. ამაზე მძაფრად როგორ გამოვთქვა, არ ვიცი. გამგები გაიგებს.

_ თქვენ მხარს უჭერთ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, თუმცა  ცალკეული ექსპერტები და პროფესიონალები საკონტრატო სამსახურს ემხრობიან. რა არის ამ ორი ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

_ რომელ პროფესიონალებზეა საუბარი, არ ვიცი, არ ვიცნობ ასეთ პროფესიონალებს, რომლებიც სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან. ვინც ვერ ხვდება, ჯერ მათი პროფესიონალიზმი განვიხილოთ.

თუ სავალდებულო სამსახურს ხარისხიანად ვერ ვატარებთ და რეზერვში მოუმზადებელ სამხედრო სპეციალისტს ვრიცხავთ, ეს არაა საფუძველი იმისა, რომ სავალდებულო სამსახური არ ამართლებს.

მაგ ლოგიკით ასევე შესაძლებელია, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროებიც ვერ მოვამზადოთ ხარისხიანად.

ზოგს ჰგონია, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფს ერთხელ ამზადებ და შემდეგ ის მსახურობს ისე, რომ მის წვრთნებზე რესურსები არ იხარჯება. ეს შეცდომაა. ყველა კატეგორიის სამხედრო, ოფიცერი იქნება თუ ქვედა რგოლის, სავალდებულო სამსახურში იქნება თუ საკონტრაქტოში, სამსახურის განმავლობაში მუდმივ მომზადებას უნდა გადიოდეს. ყოველი სასწავლო წელი იწყება ინდივიდუალური მომზადებით და სრულდება შენაერთების შერწყმით.

სავალდებულო სამსახურის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ დიდი რაოდენობის რეზერვის მომზადებას. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა. ბევრმა ქვეყანამ სცადა მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა, თუმცა წლების შემდეგ ისევ შერეულ სისტემას დაუბრუნდა.

_ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თქვენმა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ ჯარმა _ თავდაცვის სამინისტრომ _ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მოსაზრებამ იმ იფორმაციის საპირწონედ გაიჟღერა, რომ შესაძლოა, ჯარში ქართული ხორცი უკრაინულმა ჩაანაცვლოს.

_ ადგილობრივი წარმოების განვითარება მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფას არ ეხება. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამხედრო მრეწველობა, უნდა შევძლოთ ტყვია-წამლის ადგილზე გამოშვება და ომისთვის საკმარისი რეზერვების დაგროვება. საბრძოლო მომზადებასაც საკმაო მარაგები ესაჭიროება. უნდა განვავითაროთ მაღალი ტექნოლოგიები. ყველა სამხედრო შესყიდვას _ ავიაციას ვყიდულობთ, რადარებს, საზენიტო კომპლექსებსა თუ ტანკებს, უნდა მოჰყვეს ჩვენი სამხედრო მრეწველობის, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პაკეტები.

ერთ-ერთ თავდაცვის მინისტრს ასეთი პაკეტი შევთავაზე. თავისით, არასწორი მარშრუტით წავიდნენ და ვერაფერი გადაწყვიტეს. არც ერთი სახელმწიფო არ ახორციელებს დიდ შესყიდვებს, თუ მასში ადგილობრივი მრეწველობის განვითარება არ არის ჩადებული. მაგალითად, თურქეთის მხრიდან რუსული ს-400-ების შესყიდვის ერთ-ერთი პირობა ზუსტად ეს იყო, რომ ს-400-ების გარკვეული ნაწილი თურქეთში დამზადებულიყო. ახლა შეთანხმებას იტალიასთან და საფრანგეთთან მიაღწიეს, თუმცა იქაც იგივე მოთხოვნაა ჩადებული.

ჩვენ მხოლოდ ვყიდულობთ, ათეულობით მილიონი დოლარი ბიუჯეტიდან ქვეყნის გარეთ გაედინება, რაც სახელმწიფოს ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

რაც შეეხება საკვებს, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი წარმოების წახალისება, რათა ნაკლები ვალუტა გავიდეს გარეთ. ეს ანა-ბანაა. ხორცი, ფრინველი, ბოსტნეული, პური, რძის პროდუქტები, კარაქი, წვენები და არა ლიმონათი ან გაზიანი სასმელები, კომპოტები და სხვა პროდუქცია სრულიად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენი წარმოების იყოს. ეს პირდაპირ უნდა ეწეროს სატენდერო პირობებში.

ეს არაა მხოლოდ სამინისტროს პრობლემა, ეს ყოველი მოქალაქის პრობლემაა, რადგან ჩვენს ეკონომიკას, ქართული ვალუტის სტაბილურობას ეხება. იგივე მიდგომა უნდა იყოს სხვა ძალოვან სტრუქტურებში, პენიტენციურ სისტემაში, საავადმყოფოებსა და ა. შ.

_ რამდენად ეფექტიანად იყენებს სახელმწიფო და იგივე თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ და მის შესაძლებლობებს?

_ არ ვიცი. ბევრი ინფორმაცია დახურულია და ვცდილობ, მეც ნაკლებად ჩავიხედო. ღია ინფორმაციებზე დაყრდნობით, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ „დელტას“ საფიქრალი. უკვე მოგახსენეთ, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაზე. ფრანგულ კონტრაქტში უნდა ჩაგვედო ადგილობრივი წარმოების წახალისება. მე, მაგალითად, უკრაინასთან ხელშეკრულებას გავაფორმებდი, ამ თანხებში შევისყიდდით არა ერთ ან ორ რადარს, არამედ 10-15-ს, რითაც მთლიანად უზრუნველვყოფდით მოთხოვნებს. ხელშეკრულებაში კი ჩავდებდით სარადარო ტექნოლოგიების დანერგვას დელტაში. შესაძლოა, 10-15-იდან რამდენიმე რადარის აქ აწყობა ჩადებულიყო. ასე იქცევა ყველა და ყველამ ამ გზით განავითარა სამხედრო მრეწველობა. „ჟეშტიანშჩიკობიდან“ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე უნდა გადავიდეთ.

საერთოდ, „დელტა“ უნდა გამოეყოს თავდაცვას და მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს. იგივე ეხება სამხედრო-ტექნიკურ კომისიასაც.

_ მაღალი თანამდებობის პირების შვილები, ფაქტობრივად, ჯარში არ მსახურობენ. მშობლები მათ მნიშვნელოვან კარიერას უკეთებენ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში.  რამდენად არის აუცილებელიც კი, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შვილებმა ჯარში იმსახურონ?

_ სწორი კითხვაა და ჩემი დამოკიდებულება ცნობილია: გვსურს სახელმწიფოს აშენება? _ ჯერ საძირკველი უნდა ჩავაბეტონოთ. სახელმწიფოს საძირკვლის ცემენტი მორალური სტანდარტები და ფასეულობებია.

 

არმაზ მეტრეველი