იზოლდა კლაუ: ,,იქნებ, ვინმემ ამიხსნას _ ბესარიონ ხვინთელიანი რატომ არის პოლიტპატიმარი?!“

xs1

შპს „კლაუსის“ ყოფილი მოწილე, იზოლდა კლაუ, თაღლითობის ბრალდებით გასამართლებულ და პოლიტპატიმრის სტატუსმინიჭებულ ბესარიონ ხვინთელიანისგან მის კუთვნილ მილიონამდე დოლარის გადახდას რამდენიმე წელია, ითხოვს. ხელისუფლებას კი შეკითხვით მიმართავს: რის სანაცვლოდ მოხვდა ხვინთელიანი პოლიტპატიმართა სიაში?! ციხიდან ხვინთელიანის დაუმსახურებელი განთავისუფლება კლაუმ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შიმშილობის აქციით, ჯერ კიდევ, 2013 წელს გააპროტესტა, შეკითხვაზე კი პასუხი ეკა ბესელიასგან მიიღო, _ ხვინთელიანს თავდებად დეპუტატები დაუდგნენო.

საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“-იზოლდა კლაუ ესაუბრება:

_ ეს საქმე ეხება შენობის გაყიდვას. მე და ქალბატონ სიორიძეს ფირმა „კლაუსი“ გვქონდა. ამ ქალბატონის გვარი ოფიციალურად არსად ფიგურირებს, რადგან ყველაფერს მისი მეუღლე, ალექსანდრე თალაკვაძე განაგებდა. შენობა, რომელიც მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის ხაზსა და საავტომობილო გზას შორის, ბანკიდან გამოვისყიდეთ, მის სახელზე იყო. შენობის რემონტი რომ დამთავრებულიყო, თანხა იყო საჭირო, ამიტომ, მე, როგორც ფირმის დამფუძნებელმა, ჩემი აგარაკი, რომელიც წყნეთში მდებარეობს, ბანკში ჩავდე და 250 000-დოლარიანი საკრედიტო ხაზი გაიხსნა. ამ თანხით შენობა მოვაწესრიგეთ, მაგრამ სრულად რომ დამთავრებულიყო, თანხა კიდევ იყო საჭირო. ამის წინააღმდეგი ვიყავი და უკვე იმ ზომამდე მივედი, რომ ვამბობდი, შენობა გაგვეყიდა. თალაკვაძემ ჩემთვის უცნობი 2 ადამიანი ნახა, იმათ ჩავადებინებ ბინებს ბანკში და ამ შენობას დავამთავრებო. მართლაც ასე გააკეთა, მაგრამ პროცენტების გადახდაზე თანდათან პრობლემები გაჩნდა, ამიტომ ვიფიქრე, მეგობრულად დავშორებულიყავით. დავიწყე მყიდველების ძებნა, თალაკვაძეს ძალიან უნდოდა, ამ ბიზნეში დარჩენილიყო. ვუთხარი, გამისტუმრეთ ჩემი თანხა და თქვენ რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი. ერთ დღესაც მითხრა, რომ ვიღაც სერიოზული ბიზნესმენი იპოვა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს გახლდათ ბესარიონ ხვინთელიანი. ამ პერიოდში ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე მყავდა და მას ვუვლიდი. ტელეფონით თუ გავარკვევდი რაღაცას. ამას დაემატა ჩემი დედამთილის ლოგინად ჩავარდნაც, სხვადასხვა სახლში ვცხოვრობდით და ორივეს მოვლა მე მიწევდა, ამიტომ ჩემი და ხვინთელიანის შეხვედრა ვერ მოხერხდა. არ ვიცი, ერთმანეთში რა მატერიალური ურთიერთობები გაუჩაღდათ, ბოლოს თავისი 50%-იანი წილი მის შვილს _ ირაკლი ხვინთელიანს გადაუფორმა. ერთ მშვენიერ დღეს მოდის ალექსანდრე თალაკვაძე და მთხოვს, ნოტარიუსში წამოდი, ხვინთელიანის შვილი აქ არის, ბილეთი აქვს აღებული, როგორც ვიცი, კვიპროსში სწავლობდა, იქ უნდა გაემგზავროს და მამამისს უნდა, ბარემ 100% მასზე გადაფორმდესო. წავედით მათ ოფისში, „ლაგუნა-ვერეს“ ტერიტორიაზე, სადაც ლონდერ ცაავა დაგვხვდა, რომელსაც ადრე ვიცნობდი. რადგან იქაც ნაცნობები ვნახე, თანხის გადახდის გარეშე წავყევი ნოტარიუსში, საღამო ხანი იყო, ყველაფერი გამზადებული დამხვდა და ნოტარიულად საჩქარო წესით გადაფორმდა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ თანხას არ გადამიხდიდნენ. თალაკვაძემ მითხრა, _ ახლა ხვინთელიანი სერიოზულ თანხებს აგზავნის და გაისტუმრებსო.

_ რამდენი უნდა გადაეხადა?

_ ჩემი წილის თანხას ვითხოვდი და წყნეთის ბინის იპოთეკიდან განთავისუფლებას. გავიდა 1 კვირა, 1 თვე… ვურეკავ, ვეძებ თალაკვაძეს, მეუბნებიან: ხან აქ არ არის, ხან საავადმყოფოშია… ხვინთელიანს პირადად არ ვიცნობდი, წილის გადაფორმებისას მისი ძმა იყო წარმოდგენილი. ძალიან დიდი დრო გავიდა, უკვე მეორე წელი მთავრდებოდა, 2008 წელია და მირეკავენ, _ საშემოსავლოებია გადასახდელიო. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გამომიგზავნეს, ბანკში წაყევიო. იქ რომ მივედით, გამახსენდა, რომ ბეჭედი სახლში დამრჩა. ეს რომ ვთქვი, ბიჭი მეუბნება, ბეჭედი მე მაქვსო. გამიკვირდა, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი, ბეჭედი მე მაქვს და, ამ დროს, რაღაც ბეჭედს მაჩვენებენ. მივხვდი, რომ ეს ბეჭედი უკვე გამოყენებული ექნებოდათ და ბანკის ოპერატორს ბეჭედი ვაღიარებინე. ახალი წლის პერიოდია, ბანკიდან ახლობლის მეშვეობით შევიტყვე, რომ ჩემი სახლი აუქციონზე გააქვთ. გადავირიე! ამ დროს ცაავაც რეკავს, შეხვედრა მთხოვა. როცა შევხვდი, ვუთხარი, _ ჩემი სახლი, განთავისუფლების ნაცვლად აუქციონზე გადის, რა ხდება-მეთქი?! _ ახლა მაგის დრო არ არის, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთო. წამიყვანეს აღსრულებაში. განცხადება დამაწერინეს, რომ შეეჩერებინათ. მერე ბანკში წავედით საკრედიტო ოფიცერთან სასაუბროდ. მეორე დღეს თქვეს, _ ბესარიონ ხვინთელიანი ჩამოვიდაო. 2008 წლის 20 იანვარი იყო, შევხვდი, გავიცანი, მაგრამ ჩვენი საუბარი ვერ შედგა. როგორც კი ამ კაცთან საქმეზე ლაპარაკს დავიწყებდი, წამოხტებოდა, აწევდა ხელებს და ამ ჟესტიკულაციით ამბობდა, _ მე ვწყვეტ თქვენთან ლაპარაკსო. მანამდე მიყვებოდა, როგორი ქონების პატრონია, როგორი ჭკვიანია, საქმეზე დავიწყებდი თუ არა ლაპარაკს, მაშინვე წყვეტდა. მერე თვითონ წავიდა ბანკში, რაღაცები მოაგვარა, ჯერ ეგონა, რომ მხოლოდ ჩემი წყნეთის აგარაკი იყიდებოდა, მერე რომ გაიგო, ის 2 სახლიც იყიდებოდა, რომელიც მეორე ნაწილში ჩაიდო, აფუცხუნდა. ბოლოს კერძო აუქციონზე შეიძინა ბანკის უფლება-მოვალეობა, გადაიხადა თანხა და ბანკის მაგივრად თვითონ ჩაენაცვლა. ჩემს სახლზე იპოთეკარი უკვე თვითონ გახდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელსაც იმ 2 სახლის პატრონებიც ესწრებოდნენ, მეუბნება, _ 200 000 მომეცი და წყნეთის ბინას დაგიბრუნებო. არადა, ჩემთვის თვითონ ჰქონდა მოსაცემი 562 000 დოლარი. თან დაამატა, _ საჯარო რეესტრში და საგადასახადოში რომ დაფიქსირდა, თქვენ ეს ბინა გაყიდეთ, კიდევ ჯარიმა მოგივათო. _ რა ვქნა, ტირილიღა დამრჩენია, თუ როგორ არის ჩემი საქმე-მეთქი? დადგა და 10-წუთიანი მონოლოგი წამიკითხა, თუ რა სასარგებლოა ტირილი. ეს უკვე კულმინაცია იყო. ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა, ადვოკატთან ერთად მოვიდა, რომელსაც მოტყუებით უნდოდა, ჩემთვის ხელი მოეწერინებინა რაღაც მინდობილობაზე, მაგრამ ვერაფერი გააწყო. თავის კომპანიონებსაც ეჩხუბა, _ რატომ დააფიქსირეთ ნოტარიუსში მილიონ 124 000-ო?! რადგან წილის პირველი ნახევრის შესყიდვა 2000 ლარით მოხდა, თუმცა ეს შენობა ბევრად მეტი ღირდა. ამაზედაც უნდოდა, რომ ნოტარიუსში წავსულიყავით და თანხის ოდენობა შეგვეცვალა.

_ სამართალდამცველ ორგანოებს არ მიმართეთ?

_ ავდექი და იურისტებს მივმართე. ყველამ მითხრა, უნდა უჩივლო, სხვანაირად არ შეიძლებაო. ავდექი და პოლიციის სამმართველოში შევიტანე განცხადება. არ ვიცი, რაიმე ინტერესი იყო თუ რა, მაგრამ ამ საქმეს მსვლელობა ძალიან მალე მისცეს. მოხდა ისე, რომ მეც პრობლემა შემექმნა, მითხრეს, _ როგორ დავიჯეროთ, რომ შენ ნამდვილად არ აგიღია ფული, ნოტარიუსთან ხელი გაქვს მოწერილი, ამიტომ საჭიროა, ჩანაწერი მოიტანოთ, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ ფული ნამდვილად არ აგიღიათო. ძალიან ძნელი იყო ამის გაკეთება. ალბათ, ერთ-ერთი უმძიმესი დღე გახლდათ ჩემს ცხოვრებაში. ჩავწერე, მერე მეორედაც მოითხოვეს ჩანაწერი, ისევ ჩავწერე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხვინთელიანს ჩემთვის ფული არ გადაუხდია. გამოძიება კარგა ხანს გაგრძელდა, 9 ტომი აიკინძა და, საბოლოოდ, 2009 წელს მცნეს დაზარალებულად. მოკლედ, ჩემს საქმეზე ხვინთელიანი უკრაინაში დაიჭირეს და იქიდან ჩამოიყვანეს, ასევე დააპატიმრეს თალაკვაძე. როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საქმის განხილვა სასამართლოში უნდა დაწყებულიყო, პარალელურად, სამოქალაქო საქმეზეც ვიჩივლე. ამ თანხაზე საჭირო იყო გამაგრება. ვნახეთ, რა ქონების პატრონიც იყო, ამოვარჩიეთ 1-2 ობიექტი და საჯარო რეესტრში შევიტანეთ, რომ დაყადაღებულიყო. რატომღაც, სხვადასხვა ობიექტის რეგისტრაცია დამთავრებული არ იყო, ერთადერთ ქონებაზე მომცეს ყადაღის უფლება. აღმოჩნდა, რომ მერე ყველა დანარჩენი ქონება პროკურატურამ დააყადაღა. დაიწყო დაუმთავრებელი პროცესები. სასამართლოზე რომ მოიყვანდნენ, პატიმარი ხვინთელიანი გაუთავებლად ლაპარაკობდა. ერთად შემოჰყავდათ ხოლმე ორივე პატიმარი. ერთხელაც სათითაოდ მოიყვანეს, შელაპარაკება მოსვლიათ. მერე ისევ გამონახეს საერთო ენა და თალაკვაძემ ყველაფერზე თავი უქნია. საბოლოოდ, თალაკვაძემ პროკურატურასთან ითანამშრომლა და სასამართლოს დარბაზიდან გამოუშვეს. დადგა განაჩენი, პროკურორი 9 წელს ითხოვდა, მილიონ ლარს ჯარიმას და ის შენობა, რაზედაც დავა გვქონდა, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ეს ჯარიმა იმიტომ დააკისრეს, რომ ხვინთელიანმა რაღაც მაქინაციები ჩაატარა: როცა „კლაუსის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, ფირმა ვიღაცებზე გაასხვისა და მერე 5-მილიონიან შენობაში 47 000 რომ ჰქონდა გადახდილი, საკუთარ თავზე გადმოიწერა. ეს ყველაფერი საქმეში იდო.

_ სასამართლომ თქვენ არაფერი გარგუნათ?

_ მე სამოქალაქო წესით საომრად გამიშვეს. მგონია, რომ საჯარო რეესტრიდან გამაგრებული მაქვს ქონებით, მშენებარე სასტუმრო აქვს მეტეხის პლატოზე და აღმოჩნდა, რომ ეს შენობა კი არ მომცეს, არამედ, მიმდებარედ იყო მხოლოდ ცარიელი მიწა. 1309 კვ.მ. კი იყო, ადგილიც ძალიან კარგია, მაგრამ აუქციონზე რომ გავიდა, არ გაიყიდა, ვერაფერი მივიღე და ისევ პატრონს დაუბრუნდა. დროში ძალიან გაიწელა, რადგან სისხლის სამართლისა თუ სამოქალაქო საქმემ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიარა. საბოლოო ჯამში, არ ვიცი მოსამართლემ რომელი ბანკის პროცენტით იანგარიშა ეს მიუღებელი შემოსავალი, მაგრამ ხვინთელიანს 562 000 დოლარის გადახდა დაეკისრა და იმის ნახევარი _ 292 086 დოლარი მიუღებელი შემოსავლის სახით. იმ პერიოდში, როცა ციხეში იყო, უცებ ყველაფერი, რაც ჰქონდა, გაასხვისა და ვინმე ალიაევის სახელზე გადაიტანა. როცა საქმე სააპელაციოში იყო, ჩემთან მოსკოვიდან ჩამოსული ერთი მამაკაცი მოვიდა, ძალიან კულტურულად მთხოვა, ჩვენი ტელეფონის ნომრები გაგვეცვალა და აღნიშნა, _ ალბათ, მე მომიწევს თქვენთვის ფულის გადახდა, კავშირი გვქონდესო. სულ 2-ჯერ შევხვდი, მერე აღარ გამოჩენილა. შემდეგ საქმეში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ჩაერთო, ის და ხვინთელიანი მეზობლები არიან, პოლიტპატიმრობა გაუკეთა. პერიოდულად ვურეკავდი ხაჭაპურიძეს და ვთხოვდი, რომ რაღაც ღონისძიება ჩაეტარებინა, რადგან ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ისიც მამშვიდებდა, _ გამოვა, გნახავს და ყველაფერი კარგად იქნებაო.

_ ციხიდან გამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

_ 2013 წლის 7 იანვარს ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეს პოლიტპატიმრები რომ გამოვიდნენ, ამ ამბავს შეეწირა. ხაჭაპურიძე ხომ მამშვიდებდა, იმის მაგივრად, რომ ჩემთან მოსულიყო, პირიქით, ტელევიზიით დაიწყო და რა დაიწყო… ჩემზე საკმაოდ არასასიამოვნოდ საუბრობდა, რაც მთავარია, გააკეთეს ფილმები… საბოლოო ჯამში, 2016 წელი იწყება და მე ისევ ამ საქმეს დავდევ. ხვინთელიანს დღესაც ჩემი ვალი მილიონამდე დოლარი აქვს, მაგრამ თურმე ფული აღარ გააჩნია და რას დამიბრუნებს?! წყნეთის ბინაც დღემდე ასეა, ყადაღა ადევს და იპოთეკარი ეგ არის. ძალიან ბევრი ვალი დამიგროვდა. ვიფიქრე, ეს ბინა გამეყიდა, რომ ჩემი მდგომარეობა შემემსუბუქებინა, ვერაფრით დავათმობინე. სასამართლოში ვიჩივლე, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა, _ კი ბატონო, ეს ბინა შენია და იპოთეკიდან უნდა განთავისუფლდესო, მაგრამ ხვინთელიანი რის ხვინთელიანია, თუ არ გამაწვალა?! ახლა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, ყველანაირი ვადები გავიდა, მაგრამ ჯერ შეტყობინება არ მოსულა. როგორც გითხარით, ყველაფერი ალიაევზე აქვს გადაფორმებული. ეჭვი მაქვს, მე რომ შევხვდი მოსკოვიდან ჩამოსულ მამაკაცს, ის არის ალიაევი, რომელიც ყველა მის ქონებაზე ფიგურირებს. შალვა ხაჭაპურიძემ ტელევიზიით თქვა, უსახლკაროდ დარჩაო, ეს ისეთი ზღაპარია!.. როცა ციხიდან გამოვიდა, სახლში მივაკითხე, არ დამხვდა, ახლა ხაჭაპურიძესთან მივედი. დედამისმა მითხრა, _ მეზობელი ციხიდან გამოვიდა და რესტორანში აღნიშნავენო. დავურეკე, ერთად იყვნენ, შალვამ მითხრა, _ ოღონდ ახლა დაწყნარდი, ხვალ შეგახვედრებო… მეორე დღეს კი განაცხადა, უკვე მოსკოვში წავიდაო. კვიპროსზე აქვს ბიზნესები, მეტრაბახებოდა, _ მოსკოვში 30 მილიონის ღირებულების ბინა მაქვსო, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში მის სახელზე არაფერია. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, სასამართლოს ყველა ინსტანცია მოვიარე. კარგი, ფული ცალკე თემაა, მაგრამ, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, _ ეს კაცი რატომ არის პოლიტპატიმარი?! ეკა ბესელიამ მითხრა, თურმე, იმიტომ ყოფილა პოლიტპატიმარი, რომ დეპუტატები თავდებად ჩადგომიან. იქ სააკაშვილის დედისთვის რემონტი გაუკეთებია, მანამდე ერთობლივად ბანკი ჰქონდათ და ის წაართვესო. კი ბატონო, იმან წაგართვა, მე რა შუაში ვარ?! ხვინთელიანმა ერთ-ერთ პროცესზე მითხრა, _ ჯოჯოხეთად გიქცევ სიცოცხლესო! თუ რამე შეიძლებოდა, ყველაფერი დამმართა! სახლებიც დავკარგე, არა მარტო ჩემი, არამედ, ჩემი ახლობლების, ძვირფასეულობა და რაც მთავარია _ ჯანმრთელობა!

 

                                                                                                                       თამარ ბატიაშვილი