„ელიავას ბაზრობის“ სისხლიანი ისტორია…

t67

რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს?!

საქართველოს მთავარი პროკურატურა „ელიავას ბაზრობის“ საქმეს სწავლობს. ერთი შეხედვით ტიპური ქონებრივი დავა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება, ქვეყნის რამდენიმე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მძიმე დანაშაულში ამხელს.

ვინ და როგორ დაიწყო „ელიავას ბაზრის“ მშენებლობა? ვისი სიცოცხლე შეეწირა ამ ამბავს? რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ხელისუფლების მაღალჩინოსნებს?

„ქრონიკა+“-ს ბაზრობის მშენებელი, თამაზ შენგელია ესაუბრება.

თამაზ შენგელია:

_ მე-5 სამშენებლო კომბინატში მმართველის მოადგილედ ვმუშაობდი. „მთავართბილმშენში“ სულ 5 კომბინატი შედიოდა, რომელსაც თემურ ჯანაშია ხელმძღვანელობდა. 1993-1994 წლები იყო, ამ პერიოდში გვარდიის სამმართველოს მიშენება-დაშენებას ვაკეთებდით. ჩვენი კომბინატის მმართველმა, ჯემალ ხაზარაძემ მითხრა, _ თამაზ, დიდუბეში დიდი ობიექტი გველოდება, მაგრამ ჯერ რაღაც საკითხებია გადასაწყვეტი, როცა დამთავრდება და გვარდიის სამმართველოს შენობას მოვრჩებით, მერე იქ გადავალთო. რადგან ამ საქმის დაწყების დრო გაჭიანურდა, ჩემს ეზოში ავტოფარეხის აშენება გადავწყვიტე. მეზობლებში 22 „გარაჟის“ მსურველი კიდევ აღმოჩნდა. ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივეცით და ჩვენს სამშენებლო კომბინატთან მშენებლობის უზრუნველყოფა გავაფორმე. მასალების გამოტანის მიზნით, განცხადება დავწერე და მივუთითე, რომ ჩემი ხელფასიდან მასალების თანხა გაქვითულიყო. ყველაფერი კანონიერი გზებით კეთდებოდა. 1994 წლის ნოემბერ-დეკემბერში გვარდიის სამმართველოში საქმეს მოვრჩით და მუშები ჩემს ეზოში გადავიყვანე. მხოლოდ ბეტონის ფუნდამენტი გვქონდა ჩასხმული, როდესაც ჩემი უფროსი, ჯემალ ხაზარაძე მოვიდა და მითხრა, _ აქაურობა უნდა დატოვო, ამ მასალებით სხვა მშენებლობა უნდა დავიწყოთ, პირობა მაქვს მიცემული ხელმძღვანელებზე, რჩეულიშვილზე და ჯანაშიაზეო. „მთავართბილმშენის“ მმართველმა თემურ ჯანაშიამ მითხრა, _ თუ რამე მასალა გაქვთ, სასწრაფოდ, ოფიციალურად შემოიტანეთ, რომ რჩეულიშვილს და მშნებლობის სხვა ორგანიზატორებს დავანახვო, მე ავიღე საკუთარ თავზე მშენებლობის დაწყება ჩვენი მასალებითო.

_ რომელ რჩეულიშვილზე საუბრობთ, რა ტერიტორიაზეა ლაპარაკი და იქ რა უნდა აშენებულიყო?

_ საუბარია ვახტანგ რჩეულიშვილზე. ეს ტერიტორია გახლავთ ელიავაზე, აგლაძის ქ. #7-ში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდსა და მტკვარს შორის. ამ ტერიტორიაზე უნდა დაგვეწყო მშენებლობა და ვახტანგ რჩეულიშვილი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ. მერე გავიგე, რომ მას ვალდებულება ჰქონდა აღებული „მხედრიონთან“. ასეთი შეთანხმება ჰქონდა, _ მიწა იყოს თქვენი და მშენებლობა _ ჩვენიო. ამაღებინეს ჩემს ეზოში მიტანილი მასალები, რომლის ღირებულება ოფიციალურად 15 000 დოლარს შეადგენდა და მეზობლები ძალიან განაწყენებული დავტოვე. პროფესორ ზურაბ ბენდელიანს შემახვედრეს.

_ პროფესორი ბენდელიანი რა შუაში იყო?

_ ამ მშენებლობას ხელმძღვანელობდა პროფესორი ბენდელიანი _ იგი მეორე მხარეს წარმოადგენდა, ტექნიკური საკითხები ებარა. მოგვიანებით, გავარკვიე, რომ ის „მხედრიონის“ მხრიდან იყო შემოყვანილი. თუ თემურ ჯანაშიამ ვახტანგ რჩეულიშვილთან იმის უფლება აიღო, რომ მშენებლობა ეწარმოებინა, ბენდელიანის უფლება იყო, რომ ფინანსურ საკითხებში ჩარეულიყო. ოღონდ ფული არ მოჰქონდათ, თანხა ადგილზე უნდა გაჩენილიყო. ბაზრობის აშენებული ნაწილის გაყიდვა დაიწყებოდა და შემოსული თანხიდან დავამთავრებდით. მოკლედ, მე-5 სამშენებლო კომბინატს რისი საშუალებაც ჰქონდა, ჩემი მასალებით დავიწყეთ მშენებლობა. ამ ობიექტზე ოფიციალური მხარე ვერ გაფორმდა, რადგან მეორე მხარეს ყველაფერი არაკანონიერი გზებით ჰქონდა მოპოვებული. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე. ვინმე ა. ძ. ეპატრონებოდა ამ მიწას, რომელსაც 1990 წლიდან 5-წლიანი იჯარით ჰქონდა ქალაქიდან აღებული. „მხედრიონი“ ევაჭრებოდა, რომ მათთვის დაეთმო, სხვადასხვა პირობას სთავაზობდა, მაგრამ ამ კაცმა არ დათმო, პირიქით, წავიდა და ქალაქის მერიასთან ობიექტზე ურთიერთობა გაამყარა, ფულიც ბოლომდე გადაიხადა, რომ არ წაერთმიათ. ბოლოს ამ კაცსა და „მხედრიონს“ შორის კონფლიქტი მოხდა და 1993 წელს ეს ადამიანი აღნიშნულ ობიექტს შეეწირა, _ ადგილზე ჩაცხრილეს! გავაჩაღეთ მუშაობა, პირველივე დღეს დაგვპირდნენ, _ გადავხედავთ, როგორ იმუშავებთ, როგორ დაიმსახურებთ და წარმატებულ მშენებლობაში მორიგებაც მალე მოხდებაო. ბენდელიანმა გვითხრა, _ ტექნიკურ მხარეში თუ რამე დაგჭირდებათ, მე მოგიგვარებთ, ამისთვის ვარ აქ მომაგრებულიო. ერთი თვე გავიდა, ხელფასის გადახდის დრო დადგა და ამბობენ, ფული არ გვაქვსო. მიადგნენ რჩეულიშვილს და ჯანაშიას _ „მხედრიონს“, იმათ უთხრეს, _ ხომ გითხარით, მიწა ჩვენი, მშენებლობა _ თქვენიო. დაბრუნდნენ ისევ პირველ ინსტანციასთან, არც რჩეულიშვილი იღებს ჯიბიდან ფულს, არც ჯანაშია, ამბობენ, _ ჩვენ ფული არ გვაქვსო. ჩემი საკუთარი მიშენება-დაშენება რომ მქონდა შარტავას ქ. #45-ში, გარკვეული თანხები ხალხისგან წინსწრებით ავიღე, იძულებული გავხდი და ბენდელიანს 4000 დოლარი ვასესხე. ხელფასების გარდა, კიდევ იყო ხარჯები ტრანსპორტისთვის, საპროექტო და სხვა. მითხრა, _ საწყობებს გავყიდი და დაგიბრუნებო. ასე გადაიხადეს პირველი თვის პირველი ეტაპის თანხები. პარალელურად, ამ ტერიტორიაზე მიტოვებული მშენებლობები იყო. ამ ტერიტორიაზე მასალები მოვიძიე, დავამუშავეთ და 20-22 ათასი დოლარის მასალა შევმატე ობიექტს. ყველაფრის შემდეგ მორიგებაში გვითხრეს, ყოჩაღ, კარგად მუშაობთო, გვაქებდნენ.

_ მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება იყო?

_ მხოლოდ სიტყვიერი, დოკუმენტურად არაფერი გაფორმებულა. პირველი სამი საწყობი ავაშენეთ თუ არა, გვითხრეს, სამივემ გაინაწილეთო. ჯანაშია ამ დარგის ხელმძღვანელი მუშაკი იყო, მაგრამ რადგან ობიექტზე მან მიგვიყვანა და საქმე გვიპოვა, მშენებლობაში ასეთი დაუწერელი კანონები იყო, ამაში მას გარკვეულ პროცენტს აძლევდი. მე და ჯემალი ჯანაშიასთან ვმეგობრობდით, ჩვენც ვუთხარით, კი ბატონო, რასაც მოგვცემენ, ყველაფერი 3 ნაწილად გავყოთო. ამჟამად ჯემალი გარდაცვლილია, ძალიან კარგი კაცი იყო, იმან მითხრა, _ მე და თემური შევთანხმდით და რასაც მოგვცემენ, ძმურად, 3 ნაწილად ვყოფთო. ტერიტორიაზე ჯიხურები ჯერ არ იდგა, მაგრამ პროექტით ვიცოდით, რომ დამონტაჟდებოდა. მოკლედ, ამ სამ კაცს 6 ჯიხური და 3 საწყობი გადმოგვეცა, _ ეს თქვენი იქნება და როცა მიწის პრივატიზება გაკეთდება, ეს ყველაფერი ოფიციალურად გაგიფორმდებათო. არაოფციალურად გავინაწილეთ 2-2 ჯიხური და 50 კვ.მ. ფართის თითო-თითო საწყობი. პარალელურად 10%-იან წილს ველოდებით. 1995 წლის აგვისტო თუ სექტემბერი იყო, ვინც ამ ტერიტორიაზე მოკლეს, იმ კაცს იჯარას ვადა გაუვიდა, ქალაქის მერია რჩეულიშვილს ეხმარებოდა და 22 ოქტომბერს უკვე ამ მიწაზე მერიასთან გააფორმეს ქვეიჯარა. უკვე იმდენად დაიკანონეს, რომ ქვეიჯარაზე მიდის საუბარი. სრულ დაკანონებაზე არ არის ლაპარაკი, რადგან მიწის საკუთრებაზე კანონი არ არსებობდა. კანონზე კი თვითონ ვახტანგ რჩეულიშვილი მუშაობდა, რომელიც პარლამენტარი იყო. იგი თემურ ჯანაშიასთან ოჯახით მეგობრობდა, რუსუდან კერვალიშვილის მეუღლის, ზაზა დარასელის მეგობარი იყო. აქედან გავიდა ჯანაშია რჩეულიშვილზე. მერე რჩეულიშვილმა თავის პარტიაში მიიყვანა და ისიც დეპუტატი გახდა. ორი დეპუტატი იყო ამ საქმეში, მოგვიანებით, მიწის კანონიც მიიღეს, მანამდე ჩვენ ბაზრობის მშენებლობა დავამთავრეთ.

_ წილის 10%-რომ ელოდებოდით, მიიღეთ?

_ ძალიან გვიან გავიგე, რომ, თურმე, წილის 10% მოცემულია, მაგრამ ჯემალ ხაზარაძეც მატყუებს და თემურ ჯანაშიაც. მე ეს არ ვიცოდი, მარტო საწყობებს ვეპატრონებოდით. ბაზრობაზე „შავებიც“ იყვნენ, რჩეულიშვილის მოყვანილი ხალხი, ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს. დაინახეს, რომ ობიექტზე ფული ტრიალებს და ბენდელიანს დევნა დაუწყეს, როგორმე თანხა წაერთმიათ. ამას ახერხებდნენ კიდეც, რადგან რჩეულიშვილის მეგობრები იყვნენ, ბევრჯერ დაასმინეს მასთან, ისიც ჩაერეოდა, დააწყნარებდა სიტუაციას, შემდეგ ისევ აირეოდა… მე არ მიშლიდნენ ხელს, მაგრამ ბენდელიანზე ძალიან მუშაობდნენ. დამთავრდა ბაზრობის მშენებლობა და 1996 წელს გაიხსნა. საწყობები გავაქირავეთ და გვეუბნებიან, _ თუ ინდმეწარმის საბუთებს არ წარმოადგენთ, მუშაობას ვერ დაგაწყებინებთ, ასეთი კანონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო მოვა და არაოფიციალური მუშაობისთვის დაგვიჭერენ, დაგვაჯარიმებენ, ამიტომ ყველამ უნდა გავაფორმოთო. ამასობაში ჩამოუყალიბებიათ შპს „ტატა“, სათავისოდ გაუფორმებიათ, პროცენტებიც გადაუნაწილებიათ, არავინ არაფერი იცის. 9 კაცზე გადაუნაწილებიათ პროცენტები, რომ ხმა არ გასულიყო, თორემ სურვილი და დაპირება ბევრი ჰქონდათ რჩეულიშვილსაც და „მხედრიონსაც“, 30 კაცი მაინც ჰყავდათ რიგში. ეს რომ არ გახმაურებულიყო პირველ ეტაპზე და სასამართლოს დაემტკიცებინა, ბაზრობა ნაწილობრივ ჩავაბარეთ, 4000 კვ.მ.-მდე. ბენდელიანს ვეკითხები, _ რატომ აკეთებთ ამას, ჯერ ხომ არ დაგვიმთავრებია მშენებლობა-მეთქი? და მითხრა, _ მოითხოვეს, რომ ასეა საჭიროო. თურმე, შპს „ტატა“ უნდა ჩამოყალიბდეს, რაღაც ქონება დაიდოს, რომ ექსპლუატაციაში ჩაბარდეს და სასამართლომ დაუკანონოს პროცენტები. შპს-ს 1995 წელს ჩამოყალიბდა, ეს ყველაფერი ახლა გავიგე. მოკლედ, დაკანონდა შპს „ტატა“, თვითონ გახდნენ პატრონები, მაგრამ მიწა დაკანონებული არ არის, თვითონაც იჯარით აქვთ გაფორმებული. დაგვიწყეს დევნა, გინდა თუ არა, ხელშეკრულებები იჯარით უნდა გაფორმდეს, ისე ვერ გამუშავებთო. ვეუბნებით, _ ამხელა თანხა რომ ჩავდეთ, ხომ დაგვპირდით, კერძო საკუთრებაში გადმოგვცემდითო? _ კი ბატონო, მაგრამ ჯერ არ არის მიწის კანონი, არც ჩვენი საკუთრებაა, ამიტომ, როგორც ჩვენ გვაქვს იჯარით, ისე გექნებათ თქვენც და, პარალელურად, ერთად ვიმუშაოთო. ნებით თუ ძალით ასე გაკეთდა. ნელ-ნელა ჩემზე ზეწოლა დაიწყეს, ისეთი ხალხი მომიგზავნეს, ვინც შემაშინებდა. მეუბნებოდნენ, _ ბაზრობა შენი მასალებით რომ ააშენე, არსად თქვა, არ არის საჭიროო. ვერ ვხვდებოდი, _ რატომ არ იყო საჭირო, მე ხომ ჩემი მივიღე? თურმე, 10%-იანი წილი უკვე დევს და ჩუმად არიან, არადა, 6 თვის შემდეგ უნდა გადანაწილებულიყო, ასეთი გეგმა ჰქონდათ. დირექტორად ბადურ ლებანიძე დაინიშნა, მხედრიონელი იყო. ბენდელიანი იშვიათად შემოდიოდა ტერიტორიაზე. საკუთრების საკითხი რომ დადგა, იძულებულები ვიყავით, ინდმეწარმეები გავმხდარიყავით და ძალაუნებურად გამოვედით ქვემოიჯარეები. დავიწყეთ ფართების გაქირავება. დასაწყისში ცოტა თანხა შემოდიოდა, შემდეგ დაქირავების მსურველთა რიცხვმა მიომატა. გვითხრეს, _ თქვენთვის ხომ არ ვიმუშავებთ, გაფორმებას შეგპირდით, მაგრამ შემოსავალი ნახევარ-ნახევარზე უნდა გავყოთო. უკვე 1997-1998 წლებია, ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. თავიდანვე უსიამოვნება ჩამოყალიბდა, უკვე ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდოდა, იქითა მხარე გავსებულია „მხედრიონითა“ და „შავებით“, რჩეულიშვილი და ჯანაშია ტერიტორიას არ ეკარებიან, კაბინეტებიდან ხელმძღვანელობენ ამ ყველაფერს, ბენდელინიც გაქრა. რამეს რომ ვიტყვით, გვეუბნებიან, ფული ხომ ბენდელიანს მიეცი, წადი და მასთან გაარჩიეო. ბენდელიანი ამბობს, _ მაგათი დედა, მეც მომატყუეს, მაქეთ გახედვა აღარ მინდა და მაქედან წამოვედიო. ადგნენ მერე და ლებანიძემ პირველი საიჯარო ხელშეკრულებები გაგვიფორმა და ასეთი „დასაწყნარებელი“ მუხლი ჩაგვიდო: თუ თქვენი დაუდევრობით დატოვებთ ბაზრობას, გადახდილი თანხების 30% დაგიბრუნდებათ, თუ ჩვენი მიზეზით მოხდება, მაშინ _ 70%-ო. ეს საბუთი უვადო იყო, არც დაწყების თარიღი ჰქონდა, არც დასასრულის. ბენდელიანმა ასე აგვიხსნა, _ ბოლო თარიღი იმიტომ არ აქვს, ამით იმას გპირდებით, როცა პრივატიზება იქნება,  მაშინ გადმოგიფორმებთო. გამოძიებაში ახლა გამოიკეთა, 5 კვ.მ. ფართის 128 ჯიხური რომ დადგეს, ხალხმა თითოეულში 1000-1200 დოლარი გადაიხადა, 2 ჯიხური მეც მქონდა. თურმე, ეს ხელშეკრულება, პირველ რიგში, ამათზეა გათვლილი. ხელშეკრულებაში ჩადებულია ასეთი რამ: თუ ყოველთვიურ გადასახადს, 100 დოლარს ვერ გადაიხდიდი, ადმინისტრაცია დაგითვლიდა და წლის ბოლოს გადასახადი გიგროვდებოდა 1200 დოლარი. ამ ხალხმა გასაქირავებლად იყიდა ეს ფართობები და რადგან კლიენტი არ იყო, ამ მეთოდმა არ იმუშავა. წლის ბოლოს ყველას გამოუცხადეს, _ ხელშეკრულება ხომ გაქვთ დადებულიო? არადა, ეს ხელშეკრულება არც კი წაუკითხავს ხალხს, ისე მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში ხომ გიწერია, თუ არ გადაიხდი, დაგროვდება და წინსწრებით გამოგექვითება, რომ იმ ფულში გადაიხადეო. სასამართლო მაგათ ხელში იყო, იქ ჰყავდათ იურისტი, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ის განაგებდა ამ ყველაფერს და კარგად არგებდა კანონებს. წლის ბოლოს ბადურ ლებანიძეც გაუშვეს დირექტორობიდან, მისი ხელით იყო ეს ხელშეკრულებები გაფორმებული და დაპირებების კვალი რომ წაეშალათ, ამ ხალხს უთხრეს, _ თქვენი ჯიხურები ვალში ჩამოგერთვათ და თავისუფლები ხართო. ხალხმა ვერაფერი გააკეთა, მიტინგებისა და დემონსტრაციების მოწყობა ვერ შეძლო, რადგან იქით „მხედრიონი“ იდგა ავტომატებით, აქეთ _ „შავები“, ვინ გაბედავდა?! ხალხმა ვაკის პარკში დაიწყო შეკრებები, იქაც მიუგზავნეს ხალხი, არაფერი გამოუვიდათ. ჯიხურები გაინაღდეს და მერე საწყობებს მიადგნენ. ჯიხურები ერთმანეთზე იყო მიწყობილი, რამდენიმე გააერთიანეს, შექმნეს დიდი ფართობები, საწყობების ტოლი გახადეს და თვითონ გააქირავეს. 15 წელიწადი ჰქონდათ გაქირავებული, თვეში 10 000 ლარი შემოდიოდა. დადგა 1999 წელი, დაიწყო მიწის პრივატიზება, გამოჩნდა ბენდელიანიც, შემოვიდა ეზოში, დაგვიძახა ყველას, გვეუბნება, _ გილოცავთ, პარლამენტმა მიწის კანონი დააკანონაო. 12 000 კვ.მ.-ია ბაზრობის მთლიანი ფართობი, ლარი ჯდებოდა კვ.მ.-ს გაფორმება და 12 000 ლარი შეიკრიბა, მიწაც ჩვენ გვაყიდინეს. გავიდა დრო, 2004 წელია და ყური მოვკარი, რომ მიწა უკვე პრივატიზებულია და შპს „ტატას“ სახელზეა გაფორმებული. მივაკითხეთ ადმინისტრაციას, კაციშვილი არ არის. 1996 წლის ბოლოს, ლებანიძე რომ გაუშვეს კვალის დასაფარავად და ახალ აფერაზე გადავიდნენ, ყოფილი მოსამართლე გიორგი ნაჭყებია მოვიდა, რომელმაც 1999 წლამდე, მიწის პრივატიზებამდე იდირექტორა. ახლა ვხვდები, ნაჭყებიამ რაც ჩაიდინა. როგორც კი მიწის კანონი შემოვიდა, ეს ამბავი ჩაამთავრა, დღე და ღამე აქ იყო, წილებს ელოდებოდა და მიიღო კიდეც. ეს ყველაფერი გააყალბა, სათავისოდ გაიფორმა, წავიდა დირექტორობიდან და მერე მოსამართლე გახდა. მის ადგილზე ავთო კუჭუხიძე დაინიშნა, ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც წილი იყიდა, სხვათა შორის, პატიოსანი მყიდველი გახლდათ. მხედრიონელი იყო. ბრძოლა მიდის, ერთადერთი კაცი ვარ, რომელსაც დიდი ქონება მაქვს ჩადებული, ვითხოვ, 2 საწყობს დავდევ, ერთი ხომ განაწილებით შემხვდა და მეორე კიდევ 4000 დოლარი რომ ვასესხე ბენდელიანს, მერე ფულის მოცემა დაენანა და საწყობი შემომთავაზა. 2002 წელია, ერთმანეთს ვებრძვით, ხელშეკრულებებს მიფორმებენ, მე ქვეიჯარებს ვაფორმებ. იმდენი ვიბრძოლე, ჯამში 2900 ლარამდე ავიდა ჩემი შემოსავლები და 1300 ლარს ვიღებდი. საგადასახადოში გადახდის ქვითრებსაც მაძლევდნენ ხელზე, მაგრამ 600 ლარზე და არა 2900-ზე. ბევრჯერ იყო რევიზია, დააჯარიმეს კიდეც და 2005 წელს ავთო კუჭუხიძემ შემოგვთავაზა, _ თქვენ ხელშეკრულებას გამოეთიშეთ, საწყობს ჩვენ გავაქირავებთ შპს „ტატას“ სახელით, თქვენ თქვენი ფული ისე წაიღეთ, როგორც მიგაქვთ და საგადასახდოსთან პასუხისმგებლები ჩვენ ვიქნებითო. მართლაც ასე წარიმართა ყველაფერი 2010 წლამდე. მანამდე ძალიან უცნაური და უხერხული შემთხვევები იყო, სიკვდილით მემუქრებოდნენ. მხედრიონელები მეუბნებოდნენ, _ ერთი საწყობი ჩვენ უნდა გავაქირავოთო. ობიექტის წართმევა უნდოდათ, გადამეკიდნენ, მოგვყიდეო. თან ჩემი ცოლისძმა მყავს თანხაში ერთ ობიექტზე შეზიარებული. არ დავთმე, სიკვდილზე წავედი, ყვირიან საკუთარ თავზე, _ ჩვენ აქ, ძმაო, სისხლი დავღვარეთო! ის კაცი რომ მოკლეს, იმას გულისხმობენ. 2004 წელია, ისევ ავთო კუჭუხიძეა დირექტორი, მითხრა, _ ჯიუტი რომ ხარ და არავის ემორჩილები, აქ 5 კაცი იჯდა და შენს ლიკვიდაციას გეგმავდა, ფრთხილად იყავი, დაემორჩილე, ან რაღაც მოიფიქრეო. მეორე დღეს საქმის გარჩევა დამითქვეს. მეორე დღეს ბავშვი მივიყვანე სკოლაში, იქ მეგობრის შვილი შემხვდა, იმანაც ბავშვი მოიყვანა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და მაშინ გავიგე, რომ ეს ბიჭი ქალაქის უშიშროების სამსახურის უფროსი გამხდარა. მოვუყევი ჩემი პრობლემის შესახებ. შეხვედრაზე 20-30 წუთით ადრე მივედი. ავთო კუჭუხიძე დირექციის წინ დგას და პორტფელებიან 2 მამაკაცს ელაპარაკება. მაშინვე მივხვდი, მალხაზს რომ ველაპარაკე, იმან არ მოისვენა და უშიშროებიდან ხალხი ნაადრევად გამოუშვა. ეს 2 მამაკაცი რომ წავიდა, ავთო მეუბნება, _ დირექტორი აღარ ვარ, ადი ზევით, იქ არის „ბაჭია“ (სამსონ ბრეგაძეს ეძახდნენ) და „ვამპირა“, ქალაქის „მხედრიონის“ უფროსი, დათო წერეთელი, ისინი არიან  დირექტორებიო. რა მოხდა ამ ერთ წუთში, არ ვიცი. ვუთხარი, _ მაგათთან საქმე არ მაქვს-მეთქი და წამოვედი. მოკლედ, კუჭუხიძე დირექტორობიდან იმიტომ გაუშვეს, მხედრიონელები ჩაუშვი, თამაზს უთხარი და აგერ უშიშროება მოგვადგაო. ამ საქმეს გაგრძელება რომ არ მოჰყოლოდა, დირექტორი გადადგა. კუჭუხიძეს თავისი ობიექტები ჰქონდა და იქ მაინც მუშაობდა. კარგ ადგილზე მქონდა 3-სართულიანი საწყობი, მხედრიონელები ხალხს მიგზავნიდნენ, რომ მიმეყიდა. ისე გააკეთეს, არ გამაქირავებინეს იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი. ფულს ერთი წლის შემდეგ მოგცემთო. გავიდა ერთი წელი, ფული არ მოუციათ, მიჰყვა მეორე წელი. ერთმანეთს სკოლაში შევეჩეხეთ. ხალხის თვალწინ მოგვივიდა ჩხუბი, ვუთხარი, გადამაგდე და გიჩვენებ, როგორ უნდა გადაგდება-მეთქი. მეორე დღე გათენდა თუ არა, 4000 დოლარი მომიტანა, თან „ქურდი“ ახლდა, დანარჩენსაც მოგიტანთო, 3 დღეში 1500 დოლარი მოიტანა. ეს საწყობი 6000 დოლარში წამართვეს. 2010 წლის დეკემბერში საწყობებში მივედით და ყველა დამქირავებელმა განაცხადა, დირექციამ გვითხრა, ფული არავის მისცეთო. ახლად მოსულ დირექტორთან, ალეკო კახიანთან საერთო გამოვნახე. დამიბარა, მოდიო, ვერ გავბედე მისვლა. ძველ დირექტორთან ქალაქის მერიიდან ნაცნობებს დავარეკინე. ვიცემერ ტარიელ ხიზანეიშვილს შევხვდი. ვუთხარი, _ ასეთი რაღაც მჭირს, ობიექტი წამართვეს, მეუბნებიან, რომ ამათ უკან ზურაბ ადეიშვილი დგას, ფრთხილად იყავი, თორემ დაგიჭერენო. ასე მაფრთხილებდა კუჭუხიძე. მეკითხება, _ ფული რომ მიგქონდა სახლში, საგადასახადოში იხდიდიო? ამაზე დაგიჭერენ! თუ შენი საბუთი გაფორმებული გქონდა, რეკეტი იყავი? ამაზე დაგიჭერენ! ტარიელ ხიზანეიშვილმა გადარეკ-გადმორეკა, თურმე, პარალელურად უშიშროების თანამშრომელი ყოფილა, მე მგონია, ვიცემერთან მაქვს საქმე. მერე შემომითვალა შუამავლის, ვაკის ყოფილი გამგებლის, დათო იოსელიანის პირით, _ თამაზი ბაზრობაზე მივიდეს, იქიდან ვიღაც მეკონტაქტება, მეუბნება, მოვიდეს, ეგ კარგი კაცია, ისე არ დავტოვებთ, რაღაცას გავუკეთებთო. მიდი და გამიგე, ვინ არის ეს კაცი, ტელეფონიც მომაწოდე და მისი გვარ-სახელიცო. 2011 წლის იანვარია, შევედი ბაზრის ტერიტორიაზე, დირექციიდან ავთო კუჭუხიძე მორბის, ვმეგობრობთ და სინამდვილეში, სამარეს გვითხრის. კი არ მეუბნება, ხიზანეიშვილმა დარეკაო და თვითონ ელაპარაკა. მეუბნება, _ ისე დაგტოვებდი? მე შენზე ვიბრძოლე, დავუმტკიცე ყველას, რომ ჩვენი კაცი ხარ და 300 ლარი დაგიტოვეთო. 1300-დან 300 ლარი! უფულოდ ვიყავი, ბანკის ვალები მქონდა, ყოველთვე 320 ლარს ვიხდიდი. _ ეს ამ საწყობიდან და მეორიდან-მეთქი? _ ეგ არ მითხრა, თორემ ამასაც დაკარგავო. ბანკის ვალის გამო დავთანხმდი 300 ლარზე, თვითონაც გადაამოწმეს, მართლა მქონდა თუ არა სესხი. ხიზანეიშვილს გვარი, სახელი, ტელეფონი მივაწოდე და ამით დამთავრდა ყველაფერი. გავაგრძელე ბრძოლა, ვიკრიბებით ყველა, შევდივართ-გამოვდივართ, დირექტორი კარგი კაცი მოვიდა, მაგრამ რა ქნას? _ დავალება აქვს ზემოდან და უნდა შეასრულოს. გავიცანით ერთმანეთი, მითხრეს, _ ვალში არიან შენთან, წილიც უნდა მიგვეცაო. თურმე, იმ წილზე ამბობენ, რომელიც უკვე მოცემული აქვთ ჩემთვის, მაგრამ ჩემამდე არ არის მოსული, ჯანაშიას აქვს და ამას ვერ მიხსნის ვერავინ, ვერ იღებენ საკუთარ თავზე თქმას. გადის პერიოდი, ვითომ დირექტორი ალეკო კახიანი მეხმარებოდა. მან ახალი მოადგილე მოიყვანა, აბსოლუტურად შეიცვალა დირექცია, გადადგა ყველა, რომ პასუხი არ მოგვეთხოვა. მისი მოადილე იყო ალეკო ხაჩიძე, მასთან შეხვედრები გვქონდა,  ისიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიმართ.

_ ამ პერიოდში ხომ იყო უკვე ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა?..

_ კი, წავედი საჯარო რეესტრში და მასალების ამოღება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ჯანაშიას წილის 10% აქვს, რომელსაც იმისთვის მისცეს, რომ მშენებლებს გაეყოთ, ანუ 3 კაცს. ჯანაშია და ხაზარაძე შეთანხმდნენ, ბოდიშს ვიხდი ამ ჟარგონისთვის და მე გადამაგდეს. ეს ორი ადამიანი ფულს იყოფდა, თორემ წილი ოფიციალურად დღესაც ჯანაშიაზეა გაფორმებული. მაშინ ქალაქის ვიცემერი მელორ ტყეშელაშვილი იყო, ის ეხმარებოდა მათ ამ მიწის გადაცემაში. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა, უფროსი იკითხა, მუშებს ეგონათ, მე მკითხულობდა და ჩემთან გამოუშვეს, თურმე, ბენდელიანს ეძებდა. სასწრაფოდ მოვიყვანე ბენდელიანი, ჩემი თავი გააცნო, თქვა, _ ჯემალსაც ვიცნობო. ბენდელიანს ჰკითხა, _ რა ფულით აშენებთო? და მან უპასუხა, _ ბატონმა თამაზმა დაიწყო, მმართველიც მის გვერდზე დგას, ამ გუნდმა „ააფეთქა“ ობიექტიო. მერე აშენებულებს ვყიდით და ხალხის ფულით ვაშენებთო. _ რაო? რას ჰქვია, ხალხის ფულით, თქვენ თავში ტვინი არ გაქვთო?! _ უყვირა ბენდელიანს. ბენდელიანმა უკან დაიხია, ძმაკაცურად ლაპარაკობდნენ და ახლა ის კაცი შეტევაზე გადავიდა, _ ასე უტვინოები როგორ ხართ, ეს ხალხი რომ შემოგიბრუნდება და გიჩივლებს, ჩვენი ფულითაა აშენებული და ჩვენიაო, სად მიდიხართ, ხომ დაგიჭერენ ყველასო?! სასწრაფოდ მეტი ტვინი უნდა აამოქმედოთ, გინდათ თუ არ გინდათ, ბანკიდან სესხი გამოიტანეთ და საბუთი დადეთ, რომ იმით აშენებთო. დამირეკოს სასწრაფოდ ვახტანგ რჩეულიშვილმა, 10 წუთში კაბინეტში ვიქნებიო. ახლა მივხვდი მისი სიტყვების მნიშვნელობას, _ ამან რომ გიჩივლოთ, რას შვრებითო? მაინც არ აიღეს ბანკის ვალი, კიდევ კარგი, თორემ დღეს იმ საბუთს დაგვიდებდნენ, ჩვენ ვისესხეთ ფული და ისე ავაშენეთო. ამას მაინც კი ამბობენ, მაგრამ დღეს ყალბ საბუთებს დებენ და მაშინ ნამდვილი საბუთი ექნებოდათ. 300 ლარი ხომ დამინიშნეს, თურმე, კომპიუტერში ამოწმებენ, როდის მიმთავრდება ბანკის ვალის გადახდა. 17 თვე მიხადეს, 5100 ლარი ავიღე. ბოლოს მივხვდი, რომ ბანკს უკავშირებდნენ ამ გადახდას. 17 თვის შემდეგ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. დავიწყე მოძრაობა. თვითონ მითხრეს, _ რა ვქნათ, ძმაო, არ მოდის ის ხალხი თქვენთან დასალაპარაკებლად, წადით და იჩივლეთ სასამართლოში, იქ გავარკვიოთ თეთრი და შავიო. 24 კაცი ერთად დავდივართ, ვისთანაც მივედით, ყველამ გვითხრა, პროკურატურამ და ადეიშვილმა თუ წაგართვათ, იქ შეტანას და ჩივილს რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს გახდებითო. დაზარალებულთა შორის ასაკოვანი ცოლ-ქმარია, 2 საწყობი და 2 მაღაზია აქვთ. ბენდელიანის ნათესავები არიან. ერთად გადავწყვიტეთ თინა ხიდაშელისთვის მიგვემართა, მაშინ საკრებულოში იყო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობდა. მივედით, ხიდაშელმა გადახედა, საბუთები დაამუშავა, მიწერა-მოწერა ორგანიზაციებს, ბოლოს თქვა, არაფერი გამოვა, სისხლის სამართლის საქმე იკვეთება და პროკურატურას უნდა მიმართოთო. თინამ ეს იმდენად ადრე შემოგვითვალა, რომ პროკურატურას ვერ მივმართეთ, ისევ ძველი მთავრობა იყო.

_ ხელისუფლება რომ შეიცვალა, როგორ გაგრძელდა თქვენი საქმე?

_ შეიცვალა თუ არა ხელისუფლება, ერთ თვეში, 2012 წლის 20 დეკემბერს, მთავარ პროკურატურას ოფიციალურად მივმართეთ. იქიდანაც დასტური მივიღეთ, _ თქვენ ისეთ ხალხთან გაქვთ საქმე, თაღლითობაში შემჩნეული არიან, „ცენტრ-პოინტის“ ხალხი, მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი არიან ნახსენები, გამოძიებაში თქვენს საქმეს იმ საქმეებთან მივაბამთო. მიგვამაგრეს დიდუბეში დეტექტივების განყოფილებას. მარტში გამოძიება დაიწყო, მართლა გავჭედეთ. ბენდელიანი ახტა-დახტა, ნათესავებს მიუვარდა, _ რატომ მიეცით ჩემზე ასეთი ჩვენება, ფული გადაიხადეთ, საკუთრებაში უნდა გამეფორმებინაო! მაგრამ ვერანაირად ვერ დაითანხმა, რომ ჩვენება შეეცვალათ. უხერხულობაში ჩავარდა ეს ხალხი, მაგრამ უკან არ დაიხია. ბენდელიანი მათგან რასაც ითხოვდა, ისიც დავწერეთ და პროკურატურაში შევიტანეთ. თაღლითები დაფიქრდნენ უკვე, სერიოზული საბუთები დავდეთ.

_ ოფიციალურ ვერსიად დასახელებულია, რომ ბენდელიანი პაციენტმა მოკლა. ხომ არ იცით სხვა დეტალები ამ მკვლელობასთან დაკავშირებით?

_ არ ვიცი. პოლიციაში უგულავას საკითხზე 5-საათიანი დაკითხვა მქონდა, იქ ერთი გამომძიებელი გავიცანით. ბენდელიანის საქმის შესახებ და მითხრა, _ თავს ასე არავინ იკლავსო. ბენდელიანის მოღვაწეობის შესახებ უფრო ნათელი რომ გახდეს, მშენებლობის თემას უნდა დავუბრუნდე: ბაზრობაზე დიდი ფული იყო შემოსული, თანხა 700 000-ს გადასცდა მასალებთან ერთად, ძალიან დიდი მოგება იყო. ბენდელიანს დასდევდნენ, მტრები გაუჩნდა, შავი სამყარო დაეხვია, „მხედრიონი“ ყოველდღიურად წეწავდა. რჩეულიშვილებს უკავშირდებოდნენ, დიდი ფული შემოდისო. მე, ბენდელიანი, ჩემი უფროსი და თემურ ჯანაშია ერთმანეთში საიდუმლოს ვამხელდით, მაგრამ ჩემთან ყველაფერს არ ამბობდნენ. ჯანაშია იქ იმის გამო ვერ შემოდიოდა, რომ ქურდები ტრიალებდნენ, ბენდელიანს რომ დასდევდნენ, ჯანაშიასაც ემუქრებოდნენ და ჩემს უფროსსაც. დიდი ფული რომ დატრიალდა, ბენდელიანმა მითხრა, _ თანხა დაგროვდა, ამ ფულით გვინდა, კაზინოს შენობა ვიყიდოთ და გამომყევი, იქაც შენ უნდა იმუშაოო. გლდანში პროფკავშირების სახლში რამდენჯერმე მიმიყვანეს, შენობა შემამოწმებინეს. მერე გეგმები შეიცვალა, თქვეს, _ საყიდელი ფული კი გვქონდა, მაგრამ შიგნით იმდენი რამე იყო გასაკეთებელი, ვეღარ გავუძღვებოდითო. გავიდა დრო. ახლა მეუბნება, _ წყნეთში გამომყევი, ძმაკაცმა 2-სართულიანი კარკასი მაჩუქა თავის ეზოთიო. ვინ რას აჩუქებს, თან წყნეთში?! წავედით, აღვწერეთ, რამდენი დასჭირდებოდა მშენებლობის დამთავრებას. მეუბნება, _ ესეც შენ უნდა დაამთავროო. ეს ამბავი გახმაურდა, „ქურდებმა“ დევნა დაუწყეს. ვახტანგ რჩეულიშვილის მეგობარი იყო გიგა სუთიძე, მოკლედ, დედა უტირა, 3-ოთახიანი ბინა გააყიდინა „დელისის“ მეტროსთან, დედამისი თავისთან გადაიყვანა, ფულს არ აჩენდნენ, ბინა უნდა გაეყიდა, რომ დაემტკიცებინა, ფული არ მაქვს, ბინა გავყიდე და ისე მოვიტანეო. ბოლოს წყნეთში კარკასიც გააყიდინეს და ის ფული წაიღეს. ბენდელიანის კისერზე დატრიალდა ყველა ბრალდება, სინამდვილეში, ამ საქმეში იყვნენ: ბენდელიანიც, ჩემი მმართველიც, ჯანაშიაც და ნაჭყებიაც.

_ თქვენს საქმეს დავუბრუნდეთ, პროკურატურიდან რა პასუხები მიიღეთ?

_ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დამიბარეს. განყოფილების უფროსმა კახი კახეთელიძემ გამომძიებელთან ერთად დამკითხა. მერე მითხრა, _ ახლა გამომძიებელს მოუყევი, ჩვენება მიეციო. მეორე მხარის დაკითხვა რომ დაიწყო, მაშინ ბენდელიანი აწრიალდა და ჩაწყობა დაიწყო. როგორც ამბობენ, ეს ძალიან დიდი ფული დაუჯდა, მაგრამ მარტო ბენდელიანმა არ გადაიხადა, ყველას გადასახდელი იყო.

_ თქვენს მოწილეებთან, ვისთანაც შეთანხმებული იყავით, რომ წილი 3 ნაწილად გაგეყოთ, არ გქონიათ შეხვედრა ან საუბარი, რატომ მოხდა ასე?

_ ერთმანეთთან ურთიერთობა გავწყვიტეთ, შორიდან ვემუქრებით ერთმანეთს.

_ არგუმენტი რა არის, რატომ მოიქცნენ ასე?

_ გამოძიებაში რაღაც ყალბ საბუთებს დებენ. გამომძიებელს ვეუბნები, _ ამას როგორ გაბედავს, მასალები მე შევიტანე, რაზე შეუძლია თქმა, რომ მან შეიტანა. გამომძიებელი იმდენადაა დაინტერესებული, რომ ხელი დააფაროს, მეუბნება, _ არა, ბიჭო, კი არ ადებსო. _ მაშინ ექსპერტი გამოვიძახოთ და შევამოწმოთ საბუთი, ვისი ფულით არის შეტანილი-მეთქი. ახლა ისინიც ბენდელიანისკენ იშვერენ ხელს, ჩვენ მას მივუტანეთ ფულიო. სანამ ბენდელიანი ცოცხალი იყო და ბრძოლა შეიძლებოდა, მანამდე სხვა ჩვენება მისცეს პირველ გამომძიებელს. ახლა ყველა ამბობს, ფული მივიტანეთ და ბენდელიანს მივეცითო. ამას გამოძიება არ უნდა? _ ექსპერტი მოვიყვანოთ-მეთქი, ნახოს, რა საბუთი დადო, საგადასახადოში გატარებული აქვს, ვითხოვ, მაგრამ პასუხი არ არსებობს. ჩემს ეზოში მიშენების საბუთები წესრიგში მქონდა, ეს საბუთები ელიავაზე გადავიტანე და ამის მეშვეობით ვიღებდი მასალებს ჩემი კომბინატიდან. ყველა ქვითარი მქონდა. ბენდელიანმა რომ ბაზრობის ნაწილის ჩაბარება მოინდომა, ყველა საბუთი მომთხოვა, ბალანსი რომ შეეკრა და წაიღო. ამ საბუთებს ვითხოვ ახლა, _ ექსპერტი მოიწვიეთ-მეთქი, რომ ვნახო. მეუბნებიან, _ შენი კი არა, თავიანთი საბუთები აღარ აქვთ, ყველაფერი გამქრალიაო. ვინ გამოაჩენს ახლა, რომ თამაზ შენგელიას მიერ ნაყიდი მასალების საბუთი დევს იქ? ვითხოვ და არ არსებობსო. მეც წამართვა, დარჩა მარტო განკარგულება, ოფიციალური ბრძანება და ობიექტზე არაფერია გაფორმებული. ჩემი „გარაჟების“ საბუთებით ავაშენე მთელი ბაზრობა. იძულებული გავხდი, ბოლოს განცხადება გენინსპექციაშიც დავწერე. მთელი მტკიცებულებები მივაბი. ჯერ პასუხი არ მაქვს. მე რომ მეგონა, ამათ ვებრძოდი, თურმე, სულ სხვაგან არის საქმე. ამაზე ჯერ თავს შევიკავებ, გამაქრობენ!

ქრონიკა+“ ზურაბ ბენდელიანის სიძეს, გივი მიქანაძეს დაუკავშირდა:

_ ზურაბ ბენდელიანს „მხედრიონთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონია. ელიავას ბაზრობაზე ის გახლდათ ვახტანგ რჩეულიშვილის მხრიდან. მას იცნობდა ქალაქიდან, ქუჩიდან, ორივე ვერელები იყვნენ და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოხვდა იქ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „მხედრიონთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება იმას, როგორ მოხვდა ექიმი, პროფესორი კაცი მშენებლობაზე _ მას არანაირი შეხება არ ჰქონია მშენებლობასთან, იყო ვენეროლოგი, პროფესორი კაცი. 90-იან წლებში ისეთი დრო იყო, რომ ადამიანს რაღაც უნდა გაეკეთებინა და ექიმობით არანაირი შემოსავალი არ იყო, იფიქრა, აქედან შესაძლებელი იქნებოდა, გარკვეული სარჩო მიეღო. 1997 წელს ზურაბმა აბსოლუტურად ყველა ვალი გაისტუმრა. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ მითხარით, რაღაც პრობლემები ჰქონდაო. ნამდვილად ასე იყო, ვალები ჰქონდა და ამიტომაც გაყიდა დედის სახლი. ამავე წლიდან დაუბრუნდა თავის ძირითად პროფესიას, კათედრას, ექიმობას და 1997 წლიდან მშენებლობის საქმეს არ გაკარებია, მხოლოდ თავისი პროფესიის ერთგული იყო და ბოლოს ამ პროფესიამაც შეიწირა. დანამდვილებით გეუბნებით, გამორიცხულია მისი მკვლელობის საქმე უკავშირდებოდეს ამ ძველ ამბებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როგორც გითხარით, 1997 წლიდან მშენებლობასთან შეხება არ ჰქონია. ამ კაცმა რომ იწვნია, სახლს რომ გაყიდი მაგის გამო და ვალებს გადაიხდი, რამხელა სტრესია. ბიზნესი არ გახლდათ მისი საქმე, არ იცოდა, ეგონა, გაერკვეოდა, მაგრამ ვერ გაერკვია. უწესიერესი კაცი იყო და ამიტომაც დაედო ვალი. ზუსტად არ ვიცი, იქ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცს ვალი ჰქონდა და გადაიხადა. რაც შეეხება მკვლელობას, პროკურატურამ გამოიძია, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, მკვლელს წერილიც აქვს დაწერილი, რომ ეს მან განზრახ ჩაიდინა. ოფიციალური ინფორმაცია რაც გაჟღერდა სამართალდამცველების მხრიდან, რომ პაციენტმა მოკლა, ეს არის სიმართლე. 90-იან წლებს, „მხედრიონს“, „შავ სამყაროს“ და შარშანწინდელ მკვლელობას როგორც ცას და დედამიწას, ისე ვერ დავაკავშირებ ერთმანეთთან, გამორიცხულია. ეს შეურაცხმყოფელიც არის ჩემთვისაც და პირადად მისი სახელისთვისაც, სულ სხვანაირი ადამიანი იყო. მგონი, ქალაქში არ არის ოჯახი, რომ ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს განკურნებული, ზედ ჰყვებოდა თითოეულ პაციენტს. უწესიერესი ადამიანი იყო.

 

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი