„გული მწყდება, რომ გოჩა დარჩიაშვილის იმპერია ინგრევა!“

n55

„ქრონიკა+“ აგრძელებს წინა ნომრებში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების სერიას, რომელიც საქართველოში პრემიუმკლასის ალკოჰოლის ბაზრის ერთი პიროვნების _ გოჩა დარჩიაშვილის მიერ მონოპოლიზებას ეხება.

ამჯერად, „ქრონიკა+“-თან საუბრობს დარჩიაშვილის კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც მუშაობა „გ.დ. ალკოში“ 5 წლის წინ დაიწყო.

დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი მათგანი ესაუბრება:

_ ორი თვის წინათ კომპანია „დრანკ ოქტოპუსმა“ „გ.დ. ალკოს“ დეკოდირებული პროდუქცია გაყიდვებიდან ამოიღო. ეს ფაქტი „ქრონიკა+“-ში ფოტომასალით გავიდა. ამის შემდეგ გოჩა დარჩიაშვილი საზღვარგარეთიდან სასწრაფოდ ჩამოფრინდა და „რედისონში“ შეხვედრა მოაწყო „გ.დ. ალკოს“ გაყიდვების დირექტორთან და მენეჯერებთან. მათ მოსთხოვა, იმ დღესვე ამოეღოთ დეკოდირებული საქონელი გაყიდვიდან.

_ რომელ ალკოჰოლურ სასმელზე იყო საუბარი?

_ ძირითადად „ჯემისონზე“ და „ჩივაზე“.

_ რა გაუჭირდა „გ.დ. ალკოს“ ისეთი, რომ დეკოდირებული სასმელი გასაყიდ დახლებზე გამოიტანა?

_ კომპანია „პერნო რიკარდი“ „გ.დ. ალკოს“ პირდაპირი მომწოდებელია. „პერნო რიკარდს“ გამანაწილებელი ბაზა ლატვიაში აქვს, საიდანაც სახმელეთო ტრანსპორტირებით, რუსეთის გავლით, სხვადასხვა ქვეყანას აწოდებს. ეს ზამთარი დიდთოვლიანი იყო, რის გამოც გზები გადაიკეტა და მანქანები საქართველოში ვერ შემოდიოდნენ. „გ.დ. ალკოს“ ამ მიზეზით „ჯემისონისა“ და „ჩივას“ დეფიციტი შეექმნა.

_ დეფიციტი თუ შეექმნა, ქართული ქსელი ამ პროდუქციით საიდან მოამარაგა?

_ გოჩა დარჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ნეიტრალური ზონიდან. ანუ დარჩიაშვილის მფლობელობაში რამდენიმე კომპანიაა. ერთ-ერთ მათგანი, „გ.დ.გ“, ე. წ. ჰაბის ფუნქციას ასრულებს. მასში თავს იყრის ის პროდუქცია, რომელიც დარჩიაშვილს საქართველოში ჩამოაქვს, რათა აქედან მისი რეექსპორტირება მოახდინოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ყაზახეთში, ბელარუსში და ა. შ. შესაბამისად, დარჩიაშვილის ამ ნეიტრალურ ზონაში თავმოყრილ პროდუქციას რეექსპორტისთვის განკუთვნილი ქვეყნების კოდი ადევს. აი, მის მეორე კომპანია „გ.დ. ალკოში“ კი ის პროდუქცია იყრის თავს, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი და, შესაბამისად, სპეციალური კოდი ადევს. იმის გამო, რომ ზამთარში დეფიციტი შეიქმნა და ლატვიიდან ვეღარ შემოჰქონდათ, ხოლო კოდიანი ბოთლები მთლიანიად გაიყიდა, დეკემბერში, პირველ ჯერზე, დარჩიაშვილმა თავისი ნეიტრალური ჰაბიდან 600 ბოთლი სასმელი შემოიტანა, შემდეგ კი ანალოგიურად _ იანვარშიც.

_ მხოლოდ არა საქართველოს, არამედ  უცხო ქვეყნების კოდირებით?

_ არა, უცხო ქვეყნების კოდირებით ქართულ ბაზარზე ვერ გაყიდიდა, ვინაიდან „პერნო რიკარდის“ ექსკლუზიური წარმომადგენელია და ამის გამო შეიძლება ექსკლუზივი დაკარგო. ამისთვის მან 15-მდე ქალი დაიქირავა და ისინი ბოთლებზე კოდებს შლიდნენ.

_ ანუ წაშლილკოდიან, იგივე დეკოდირებულ ბოთლებს ყიდდა?

_ დიახ, სხვა გზა არ ჰქონდა. კიდევ გიმეორებთ: აღნიშნული კომპანია „გ.დ.გ.“, ანუ ნეიტრალური ზონა, არის ერთგვარი ჰაბი. მისი 100%-ანი წილის მფლობელი გოჩა დარჩიაშვილია. საქონელს, რომელიც საზღვარგარეთიდან ნეიტრალურ ზონაში შემოდის, არც განბაჟება სჭირდება, არც სხვა რაიმე პროცედურის გავლა. ეს არის ნეიტრალური საწყობი, საიდანაც პროდუქცია სხვა ქვეყნებში ნაწილდება, მაგალითად: აზერბაიჯანში, სომხეთში. ამ შემთხვევაში, ვინაიდან დეფიციტი საქართველოში შეიქმნა, ამიტომ გოჩამ დეფიციტური პროდუქცია აქ შემოიტანა.

_ კანონმდებლობით დაშვებულია ამგვარი ზონის არსებობა?

_ დიახ, დაშვებულია. „ჯეიმსონისა“ და „ჩივასის“ დეკოდირება სწორედ ნეიტრალურ ზონაში ხდებოდა.

_ კონკრეტულად რომელი ქვეყნისთვის იყო გათვლილი სასმელი?

_ ფაქტია, რომ საქართველოზე არ ყოფილა, თორემ კოდებს ხომ არ წაშლიდნენ? ეს კოდები ისედაც იშლებოდა და საქონელი საზღვარგარეთ გადიოდა. სპეციალურად ამისთვის იყო გათვლილი ნეიტრალური ზონის არსებობა. „გ.დ.გ.“ გარკვეულ პროდუქციას იღებს, რომელიც განკუთვნილია „გ.დ. ალკოსთვის“, თუმცა „გ.დ.გ.“ რეალურად რეექსპოტზე მუშაობს.

_ უცხოეთის ქვეყნებზე გათვლილი პროდუქციის საკუთარ ქვეყანაში შემოტანა რამდენად არის მისაღები?

_ კომპანია „გ.დ.გ.“-ში მომუშავე პერსონალი, რომელსაც პროდუქციაზე კოდების წაშლა ევალებოდა, იქ აღარ მუშაობს. 2016 წლის თებერვლის შუა რიცხვებში გოჩამ ყველა დაითხოვა. ძალიან უკმაყოფილო იყო პრეცედენტით. იმით, რომ ქსელში დეკოდირებული პროდუქცია აღმოუჩინეს, თან აღმასრულებლის თანდასწრებით.

_ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს საქონლის დეკოდირებასთან დაკავშირებით დარჩიაშვილის კომპანიაში?

_ ნამდვილად არ ვიცი, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს „გ.დ.გ.“-ში კოდების წაშლაზე. ფაქტია, რომ დეკოდირების პროცესს ერთი პერსონა ხელმძღვანელობდა.

_ დეკოდირებული პროდუქცია მანამდეც თუ გაუტანია „გ.დ. ალკოს“, ანუ ადრე თუ ყოფილა ასეთი სასმელების გაყიდვის პრეცენდეტი?

_ დიახ, იყო. „გ.დ. ალკოში“ პერიდულად, წლების განმავლობაში დეკოდირებული ბოთლები ჩვეულებრივად იყიდებოდა, მაშინ მარტო გოჩა დარჩიაშვილი იყო ბაზარზე, კონკურენტი არ ჰყავდა. დღეს კონკურენცია გაჩნდა და აქტუალური გახდა დეკოდირებული პროდუქტის საკითხი. მეტიც, ყოველ ჯერზე, როცა პროდუქციის ქართულ ბაზარზე შემოტანასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნებოდა, ადგილობრივი ქსელი „გ.დ.გ.“-დან მარაგდებოდა, რათა დეფიციტი არ შექმნილიყო.

_ უშუალოდ რეექსპორტისთვის ქარხანა აწვდის საქონელს „გ.დ.გ“-ს თუ სატრეიდერო კომპანიას? 

_ ძირითადი მომწოდებელი არის ქარხანა.

_ დეკოდირებულ ბოთლებს ისევ უშვებს საზღვარგარეთ?

_ თებერვლის დასაწყისში პროდუქციის გაგზავნა შეწყვიტა.

_ როგორც ამბობენ, გოჩა დარჩიაშვილმა ამხელა იმპერია 10 წელიწადში შექმნა?

_ კი, გოჩაც ჩვეულებრივ მუშაობდა, დადიოდა, ბოთლებს აბარებდა, შეეძლო, 24 საათი ემუშავა. დაახლოებით 4 წლის წინათ ასეთი შემთხვევა გვქონდა: გოჩას ინიციატივით თითო გაყიდულ პროდუქტზე თითო პროდუქტს ჩუქნიდა ობიექტს. 100-ს თუ ყიდდა ობიექტი, 100-ს ჩუქნიდა. ანუ თავდაპირველად ძალიან ნორმალურად და კეთილშობილურად იქცეოდა. ევროს ცვალებადობაზე პროდუქციას ფასს კატასტროფულად ვერ უმატებდა. 50 ევროდ ნაყიდს 100 ლარად ყიდდა, თუმცა 50 ევრო შემდგომში 90 ლარი გახდა, ადრე 70 ლარი იყო, მაშინ მოგება მეტი რჩებოდა, შემდგომში ფასი 110 ლარამდე გაზარდა, მეტს ფიზიკურად ვერ მოუმატებდა, რადგან სხვა კონკურენტი ფირმებიც იყო ბაზარზე. თებერვალში, ახალი მენეჯერის მოსვლისთანავე დაიწყო თანამშრომლებზე ხელფასების შემცირება. ადრე სახელფასო პოლიტიკა განსხვავებული იყო _ დაახლოებით 10-მდე კაცი წამოვედით.

_ რას ფიქრობთ, როგორ იქნება ახლა?

_ გული მწყდება, რომ გოჩა დარჩიაშვილის იმპერია ინგრევა!  „სვეტსკი“ პიარზეა გადასული და რეალობასაა მოწყვეტილი. თქვენ რა გგონიათ, მის მიერ დაქირავებული პიარისთვის ყოველი თქვენი მასალა ნამდვილი ზეიმია, რომ გოჩას ფულები დააყრევინოს. ტვინს უბურღავენ, რომ „ქრონიკა+“ ყვითელი პრესაა და იმანაც ძალიან არ იცოდეს შვეიცარიაში, თქვენი გაზეთი თანამდებობის პირებს პანტა-პუნტით რომ ხსნის. არასწორი მენეჯმენტი, სრული სიგიჟე, როდესაც შენი ქვეყნის წამყვან პრესას ეჯახები და ომს უცხადებ, როდესაც ანეკდოტურ გაპიარებაზე ხარ გადასული და კენგურუს პოზაში დგები.

 

როდესაც „ქრონიკა+“-მა  ჟურნალისტური გამოძიების სერია დაიწყო, „გ.დ ალკომ“ თავისი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა, რომ იგი „დრანკ ოკტოპუსთან“ დავაში საერთოდ არაფერ შუაშია და ყველა საკითხზე უნდა მიგვემართა „ბრაუნ ფორმანის“ პატენტრწმუნებულისთვის, გიორგი თაქთაქიშვილისთვის. თაქთაქიშვილის პოზიციას „ქრონიკა+“ ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი, იმის დასამტკიცებლად, რომ „გ.დ. ალკოს“ ყოფილი თანამშრომელი, სავარაუდოდ, სრულ სიმართლეს ამბობს, გთავაზობთ ოფიციალურ დოკუმენტაციას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს თანდასწრებით არის ამოღებული. ასე და ამრიგად, ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ, ამ ალკოჰოლური იმპერიის შემქმნელი გოჩა დარჩიაშვილი ვეღარ იტყვის, რომ ქართულ ქსელში დეკოდირებულ საქონელს არ ყიდიდა. ეს კი დაახლოებით ისეთი თემაა, რის გამოც საზღვარგარეთ ექსკლუზიური წარმომადგენლობები ექსკლუზივს კარგავენ.

მაშ, ასე!

„2016 წლის 16 თებერვალს, 13:30-ზე შპს „დრანკ ოკტოპუსის“ განცხადების საფუძველზე გამოვცხადდი ქალაქ თბილისში, აბაშიძის ქუჩა #41-ში, რათა დამეფიქსირებინა აღნიშნულ მისამართზე ნივთის შეძენის ფაქტი. ფაქტის კონსტატაციას ესწრებოდა იასონ ბიბილეიშვილი. აღნიშნულ მისამართზე იასონ ბიბილეიშვილმა ერთი ცალი ბოთლი შეიძინა წარწერით „ჯამესონ“.

აღსრულების ეროვნული ბიურო

ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ. ფაქტის დამდგენი: დავით ტატიშვილი“.

ხსენებული პროდუქციის რამდენიმე ნიმუში ადგილობრივი ქსელიდან ამოიღეს, რომელსაც დისტრიბუტორის მითითებით „გ.დ. ალკოს“-თან ერთად კოდი გადაშლილი აქვს.

„დრანკ ოკტოპუსთან“ მიმართებით სწორედ (Jack Daniel’s da Finlandia)

გადაშლილი კოდების გამო მიმართა სასამართლოს „ბრაუნ ფორმანის“ წარმომადგენელმა გიორგი თაქთაქიშვილმა (მიუხედავად იმისა, რომ „დრანკ ოკტოპუსი“ ექსკლუზიური წარმომადგენელი არ ყოფილა). „გ.დ. ალკო“ „ჯამესონის“ (პერნო რიკარდი) ექსკლუზიური წარმომადგენელია და დეკოდირებული სასმელის გაყიდვა მის მიერ დაუშვებელია. ამ დროს მისი ამ ქმედებისთვის სასამართლოსთვის არავის მიუმართავს. კერძოდ, თუ რატომ არ მიუმართავს გიორგი თაქთაქიშვილს, რომელიც „ბრაუნ ფორმანთან“ ერთად, „პერნო რიკარდის“ პატენტრწმუნებულიც არის, ინტერვიუდან შვიტყობთ.

 

„ქრონიკა+“ უშუალოდ გიორგი თაქთაქიშვილს დაუკავშირდა:

_ ბატონო გიორგი, „გ.დ. ალკო“ ჯამესონის (პერნო რიკარდი) ექსკლუზიური წარმომადგენელია და მან დეკოდირებული ბოთლები ადგილობრივი ქსელიდან ამოიღო?

_ ნამდვილად „გ.დ. ალკოსია“? ამას დამტკიცება უნდა.

_ დიახ, ბოთლებზე მითითებულია დისტრიბუტორი კომპანია და რაც მთავარია, აღნიშნული ფაქტი აღსრულების ბიურომ დააფიქსირა.

_ მე, როგორც „პერნო რიკარდის“ საავტორო უფლებების წარმომადგენელი, აუცილებლად მივწერ და საქმის კურსში ჩავაყენებ. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია, პასუხი გაგცეთ.

 

ასე რომ, ომი გრძელდება. სასამართლო დავა „ბრაუნ ფორმანსა“ და „დრანკ ოკტოპუსს“ შორის გადამწყვეტ ფაზაში ზაფხულში შევა.

 

გაგრძელება იქნება

 

 

                                                                                                     თამარ როსტიაშვილი