გია ბურჯანაძე: ,,ქვეყანაში, სადაც ნამდვილი ექიმის დეფიციტია, ჯანდაცვის სამინისტრო ამით იწონებს თავს?!”

xw3

საქართველოს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გია ბურჯანაძე, `ქრონიკა+”-თან ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მიუხედავად დაპირებისა, სამთავრობო მხარდაჭერისა თუ დღემდე გადადგმული რეფორმატორული ნაბიჯებისა, საზოგადოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომლობის საკითხი.

 

რატომ ადანაშაულებს სიცრუეში დავით სერგეენკოს უწყებას ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, რომელი პროექტებია ,,დიდი ბლეფის” სახელით ცნობილი და რა კონკრეტული მაგალითები მოჰყავს ექსპერტს, რაც უარყოფითად აისახა მოსახლეობაზე, მაგრამ ინფორმაცია ამ დრომდე დახურულია.

 

 

 

,,ქრონიკა+”-ს ესაუბრება გია ბურჯანაძე:

 

_ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ასევე ჩვენთან და გვეუბნება, რომ პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმის მიერ გაწეული დახმარება გაცილებით ძვირი დაუჯდათ, ვიდრე კერძო სტაციონარში. საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის სისტემაში, კონკრეტულად კი ოჯახის ექიმის სექტორში, ბევრი არაკვალიფიციური  სპეციალისტია მოკალათებული, რომელიც ადამიანებს არასათანადო კონსულტაციებსა და მომსახურებას უწევს, რითაც პაციენტები კიდევ უფრო ზარალდებიან. უფრო მეტად დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს, თუკი კერძო სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდებით და იქ მყოფ უამრავ ხალხს და გრძელ რიგებს ნახავთ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო ობიექტებს კი პაციენტები არ ჰყავთ. მინდა, ვკითხო ჯანდაცვის მესვეურებს, _ რატომ მოხდა ისე, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ გაჭირვებული ადამიანი ვალს იღებს და მაინც კერძო კლინიკაში მკურნალობს, მათი უფასო სამედიცინო დახმარება კი არავის სჭირდება?! სანამ ისინი რამეს იტყვიან, ისევ მე გიპასუხებთ, _ ეს იმიტომ ხდება, რომ არაკვალიფიციური დახმარებით ადამიანები უფრო მეტად ზარალდებიან და ფატალურად რომ არ დამთავრდეს მათი სიცოცხლე, ურჩევნიათ, კერძო კლინიკებში გადაიხადონ ფული. ვიმეორებ: ამჯერად ვსაუბრობ პოლიკლინიკებზე, რომლებიც სახელმწიფო პროექტებით ფინანსდება და, წესით და რიგით, უფასოდ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს.

 

ბევრი პაციენტი საუბრობს იმის შესახებაც, რომ მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ეუბნება, რომ ესა თუ ის კვლევები უფასოა, ოჯახის ექიმთან მისვლის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ გარკვეული თანხა მაინც უნდა გადაიხადოს. თავად ჩამონათვალიც, რომელშიც პაციენტისთვის უფასო ნოზოლოგიები წერია, რადგან სახელმწიფო აფინანსებს, ძალიან უცნაური და მწირია. ის კვლევები კი, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმალურად დადგენა, სოლიდური თანხა ჯდება. გვაქვს ფაქტები, როცა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავს თანხებს, ზოგიერთი სისხლის ანალიზი 10 ლარი ღირს, როცა იგივე ანალიზის ჩატარება კერძო კლინიკაში 5 ლარზე მეტი არ ჯდება. რასაც გეუბნებით, ეს არ არის ჩემი ან ვინმეს აკვიატება, ეს გახლავთ რეალობა და ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფს ვთხოვ, საფუძვლიანად შეისწავლოს ჩვენ მიერ ნათქვამი, შეამოწმოს პოლიკლინიკები, ოჯახის ექიმის სამსახური და გაარკვიოს, რას და როგორ აკეთებენ. ჩაატარონ მონიტორინგი, რამდენი ადამიანი მიდის კერძო კლინიკებში და რამდენი, კიდევ, სახელმწიფოსგან ხელშეწყობილ დაწესებულებებში. ყველა ფაქტი უნდა შეისწავლონ და ხაზი გაესვას სისტემურ ნაკლს. ჩვენ ვამბობთ, რომ აღნიშნული სისტემა ნაკლოვანია და თუ არ მოხდება მისი კორექტირება, დროული შეჩერება, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. იმ ფაქტს, რომ უმწეო ადამიანები გაურბიან სახელმწიფოსგან დაფინანსებულ კლინიკებს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ, სიკეთე არ მოჰყვება. რაიონში მცხოვრებლები შინაურ ცხოველებს ყიდიან, მიწას ასხვისებენ, რომ ამ ფულით კერძო სექტორში სათანადოდ და უფრო კვალიფიციურად იმკურნალონ, არადა, სახელმწიფო ფულს გამოყოფს საზოგადოების საკეთილდღეოდ, თავს იწონებენ, ვუფრთხილდებით ადამიანების ჯანმრთელობას და ეს თანხები სად მიდის, არავინ უწყის.

 

_ კიდევ გთხოვეთ, ფაქტებით ვისაუბროთ, ბატონო გია.

 

_ ასეთი ფაქტები რამდენიც გინდათ, იმდენია. დაგვიკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტრო და ყველა მათგანს მივაწვდით. ამჯერად კი პაციენტების ნებართვის გარეშე მათი ვინაობების დასახელებას მოვერიდები და ისე მოგიყვებით აღნიშნულ ფაქტებზე.

 

ჩვენს ცხელ ხაზზე ვინც რეკავს, მათ იმის შესახებაც ვესაუბრებით, თუ რა სახის დარღვევები ხდება სამედიცინო დაწესებულებებში. ერთ-ერთმა ქალბატონმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის ზემოთ მდებარე პოლიკლინიკას მიაკითხა და იქ მომუშავეებს უთხრა, ფასიან სამედიცინო დაწესებულებას მივმართე, სადაც ამიხსნეს, რომ სისხლის კვლევები სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა და ეს, თურმე, თქვენთან ხდებაო. აღმოჩნდა, რომ კერძო დაწესებულებაში აღნიშნული კვლევები 125 ლარი თუ ჯდებოდა, სახელმწიფოსგან დაფინანსებულში, რომელზეც უთხრეს, რომ უფასოდ შეეძლო გამოკვლევების ჩატარება, 285 ლარი უნდა გადაეხადა. ამ ადამიანს გულის მოციმციმე არითმია ჰქონდა.

 

_ ეს როგორ? უფასო კვლევებში ფულის გადახდა მოსთხოვეს?

 

_ მივიდეს სერგეენკო ერთ მშვენიერ დღეს რიგითი ადამიანის ფორმაში და საკუთარი თვალით ნახავს, რა ხდება მათგან გაპიარებულ ოჯახის ექიმის ინსტიტუტში და პოლიკლინიკებში, სადაც, წესით და რიგით, ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების დიდი ნაწილი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე, ოფიციალურად არის უფასო. ის ამ დაწესებულებაში 5 მოხუცებულ ადამიანზე მეტს ვერ ნახავს. ამის  მერე გადაინაცვლოს კერძო კლინიკებში, სადაც მოქალაქეების უშველებელი რიგებია. ჩემი აზრით, დასკვნის გაკეთება ამის მერე არ გაუჭირდება და აღარ დაიწყებს ისეთ საუბარს, ჯანდაცვის მამები, ხოტბა-დიდებას რომ ასხამენ საკუთარ ქმედებებს.

 

ის რაც აღგიწერეთ, კარგად გათვლილი კორუფციული მექანიზმია, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში იდებს მილიონებს. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ვხედავ. რა თქმა უნდა, დადებითიც არის: როცა სასწრაფო პაციენტს კლინიკაში წაიყვანს, მას სწრაფად უტარდება სამედიცინო დახმარება. რამდენად კარგად უტარდება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ამჟამად ამას არ შევეხები.

 

ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით: გურიაში ასაკოვანი ქალბატონი ავად გახდა. მისმა შვილმა სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკა და ავადმყოფი მწოლიარე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მისთვის დიაგნოზი რომ დაესვათ, გარკვეული კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, რისთვისაც ამ საავადმყოფოს სათანადო  აპარატურა არ გააჩნდა. ექიმმა ოჯახს პაციენტის ლანჩხუთიდან ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა. ახლა თქვენ მითხარით, რამდენად მიზანშეწონილია დამძიმებული ავადმოფის აქეთ-იქით ტარება? ან არის ვინმე მის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ასეთ დროს? სამწუხაროდ, არავინ აგებს პასუხს პაციენტის გადაყვანის გამო მისი მდგომარეობის გართულებაზე. რა მოუვა მას გზაში, დამძიმდება თუ გარდაიცვლება, არავის ედარდება. ეს პაციენტი იყო ტუღუში, რომელიც სწორედ საავადმყოფოდან საავადმყოფოში ტარების შედეგად გარდაიცვალა. დიაგნოზი დროულად ვერ დასვეს.

 

საქმე ის არის, რომ საავადმყოფოები, სადაც არ არის სათანადო აპარატურა პაციენტის დიაგნოზის დასასმელად, მაინც ღებულობენ ლიცენზიებს. როგორც მე ვიცი, მათ ბუტაფორიულად უდგათ აპარატურა, რომელიც არ მუშაობს და ამ ყველაფერს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. ზოგჯერ აპარატურა შეიძლება ფუნქციონირებს კიდეც, მაგრამ მასზე მომუშავე კომპეტენტური კადრი არ ჰყავთ.

 

ყველა მთავრობა მიეჩვია, რომ საკუთარ განდიდებაზე იზრუნოს და პიარი გაიკეთოს, რეალურად კი მათ კორუფციული გათვლა აქვთ, რომელიც ერთი ჯიბიდან მეორეში ფულის გადაქაჩვას ემსახურება.

 

კიდევ ერთ, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ შემთხვევაზე გესაუბრებით, რომელიც მცხეთაში ორი წლის წინათ მოხდა: გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც კარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა, არადა, სასწრაფო დახმარებას ის აუცილებლად უნდა ჰქონოდა. როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, შესაბამის სამსახურებსა და ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. მცხეთელი პაციენტებისგან ისიც გავიგეთ, სასწრაფოს თანამშრომლები მათთან აღიარებდნენ, რომ აღნიშნული აპარატურა არ ჰქონდათ და ასეთი ავადმყოფები ან თბილისში თავად უნდა გადაეყვანათ, ან სასწრაფო თბილისიდან გამოეძახათ. ჩვენ მწვავედ დავსვით სამინისტროს წინაშე ეს საკითხი, მერე მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ გადაამოწმა და ფაქტი დადასტურდა. მცხეთის სასწრაფოს ეს აპარატი ახლა უკვე აქვს. ამ ფაქტიდან სამ დღეში სასწრაფოდან ჩემს ტელეფონზე ზარი განხორციელდა და მათ მადლობა გადამიხადეს დახმარებისთვის. ისიც მითხრეს, სასწრაფოს მანქანების ამ აპარატურით აღჭურვას ვითხოვდით, მაგრამ გვეუბნებოდნენ, ფინანსები არ არისო, მაგრამ როცა ერთი ამბავი ატყდა, ფინანსებიც გამოჩნდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა და როგორ იყო, კარგად ვიცით, მაგრამ როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ან სხვა სახელმწიფო უწყება 50%-ზე მეტად ფინანსდება, ვიდრე ადრე ფინანსდებოდა და მათთვის პრიორიტეტი ეს დარგია, ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს არ არის პრიორიტეტი. რატომ არ არის, ამის გასაგებად კარგად უნდა შეისწავლონ იქ მიმდინარე პროცესები. თუ მოისურვებენ, ჩვენც დავეხმარებით.

 

კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: რამდენიმე თვის წინათ კახეთში ავტოავარია მოხდა და დაშავებული ადამიანები სამკურნალოდ მცხეთაში წამოიყვანეს.

 

_ კახეთიდან მცხეთაში რატომ გადაიყვანეს?

 

_ იმიტომ, რომ კახეთის რაიონში ტენდერი ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მოიგო, რომელსაც სტაციონარი მცხეთაში აქვს. ეს საავადმყოფო გახლავთ „ჯეო ჰოსპიტალი“. კანონმდებლობა იმის უფლებას აძლევს, რომ, ვთქვათ, აჭარაში განთავსებულმა სადაზღვევო კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს კახეთის ტენდერში და მერე იქ მყოფი პაციენტი კახეთიდან ბათუმში ატაროს. გეუბნებით, ასეთი ფაქტი უკვე მოხდა და კახეთიდან პაციენტი მცხეთაში ჩამოიყვანეს, უამრავი სამედიცინო დაწესებულება გამოატარეს და 60 კილომეტრის იქით მიიყვანეს საავადმყოფოში. დიდი ალბათობით შეიძლებოდა, ეს მგზავრობა ცუდად დასრულებულიყო, თუმცა, ამ შემთხვევაში, გადავრჩით და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა. არადროული დახმარების გამო რომ პაციენტი გარდაიცვალოს, ან მდგომარეობა ამის გამო დაუმძიმდეს, პასუხს ვინმე აგებს? სანამ ჯანდაცვის სამინისტროში ასეთი სისტემა იქნება და მისი ხელმძღვანელები მას ეფექტიანს უწოდებენ, არ გადაამოწმებენ ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ მიიღებენ სათანადო ზომებს, იქამდე ამ სფეროს არ ეშველება. ალბათ, მათი კომპანიებია, ტენდერებს რომ იგებენ, სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია, აჭარაში მყოფმა კომპანიამ როგორ უნდა მოიგოს კახეთის ტენდერი? საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ხარვეზიანია და კადრებიც არაკომპეტენტური გვყავს. ისინი ადამიანის ჯანმრთელობას ისე ეთამაშებიან, როგორც „ბოინის“ თანამშრომლები, სადაც საქონელს ხოცავენ. ჯანდაცვის სამინისტროსა და ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში თანამშრომლები მთელი დღეები ყავის სმით არიან დაკავებულნი და მათთან მისულ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევენ. ეს ყველაფერი სწორედ იმ პაციენტებისგან ვიცი, რომელთაც საკუთარი თვალით ნახეს, რაც ამ სისტემაში ხდება. ზოგჯერ ექიმი ან ექთანი პაციენტს ეუბნება, თქვენს მომსახურებაში 2 ლარსაც არ მიხდიან და იმათ მიმართეთო. ასეთი დამოკიდებულებაა ხალხისა და პაციენტების მიმართ და როგორ არის სისტემა წარმატებული, არ ვიცი.

 

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზეც მოგიყვებით: იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში პაციენტი შეიყვანეს, რომლის მშობელსაც უთხრეს, 2 დღეში ბავშვი გარდაიცვლება, თუ სასწრაფოდ სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდებაო. რადგან ეს მკურნალობა ძვირი იყო, მთელი სანათესავოს მობილიზაცია გამოცხადდა და ფულის შეგროვება დაიწყეს. მერე ერთ-ერთმა ადამიანმა ურჩია, ავადმყოფი კონკრეტულ პროფესორთან მიეყვანათ და ის აუცილებლად განკურნავდა მას. მშობელმა საავადმყოფოს ადმინისტრაციას მიმართა და სთხოვა, კვლევების შედეგები გამატანეთო. კვლევების შედეგები არ მისცეს. რასაც ნიშნავს ასეთი საქციელი, საზოგადოება კარგად მიხვდება. საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ კადრებთან, ბავშვების ჯანმრთელობით პროვოცირებენ და ფულს აკეთებენ. ამიტომაც ადარებენ ასეთ ექიმებს ყასბებს და გახშირდა კიდევაც ექიმებზე ფიზიკური თუ მორალური ძალადობა.

 

ჯანდაცვის სამინისტოროშო შექმნილია სპეციალური კონსილიუმი, რომელიც განიხილავს ექიმების ჩადენილ სამართალდარღვევების ფაქტებს, გადაცდომებს, შეცდომებს, მაგრამ მათი სასჯელი შემოიფარგლება ყველაზე მეტი, 6 თვით პროფესიული საქმიანობის ჩამოშორებით.

 

ღუდუშაურის კლინიკაში მომუშავე ადამიანს თავისი პატარა შვილი ავად გაუხდა და საქართველოში არც ერთ ექიმთან არ მიიყვანა, მაშინვე საზღვარგარეთ წაიყვანა და იქ ჩაუტარა სათანადო მკურნალობა. მსგავსი ავადმყოფებისთვის მკურნალობა ღუდუშაურშიც ჩაუტარებიათ „გადარჩება-არ გადარჩებას“ პრინციპით. სხვისი შვილების სიცოცხლეს სასწორზე ადვილად დებენ, საკუთარი შვილების გადასარჩენად კი სხვა ქვეყნებში გარბიან, რადგან საკუთარ კოლეგებს ვერ ენდობიან. ცხადია, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნამდვილი ექიმის დეფიციტია. ეს არის ქვეყანა?! ჯანდაცვის სამინისტრო ამით იწონებს თავს?!

 

_ ცოტა ხნის წინათ ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ მდიდრები სამედიცინო მომსახურების საფასურს გადაიხდიან და მხოლოდ ღარიბებისთვის გაგრძელდება პროექტი. ეს ყველაფერი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ და რა ფორმით დაყოფს საზოგადოებას ღარიბებად და მდიდრებად, ან ეს ყველაფერი რას ემსახურება?

 

_ მსგავსი პროექტები ჩვენმა სახელმწიფომ უკვე განახორციელა. ვგულისხმობ სოციალურად დაუცველთა პროგრამებს. ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა ამ პროგრამის ფარგლებში ადამიანებს სახლში, რადგან ტელევიზორი ან მაცივარი ედგათ, დახმარება მოუხსნეს. კახეთში, სამთაწყაროში, სამი ტრაქტორი ედგა სახლში ერთ-ერთ პიროვნებას, სხვა ტექნიკაც ჰქონდა, მაგრამ რადგან გამგებელთან იყო დაახლოებული, მას სოციალურად შეჭირვებულის დახმარებას აძლევდნენ. ასეთი ფაქტები უამრავია და საყოველთაო დაზღვევის საქმეშიც იგივე მოხდება. საინტერესოა ისიც, როგორ აპირებენ მდიდრებისა და ღარიბების დაყოფას? იგივე სახის შეცდომებს ხომ არ დაუშვებს ჯანდაცვის სამინისტრო ამჯერადაც, რა შეცდომებიც სოციალურად დაუცველთა პროექტში დაუშვა? პირდაპირ გეტყვით: დღეს არ არსებობს საქართველოში მდიდარი და ღარიბი. არსებობს მდიდრები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, სახლში რა მიიტანოს და რით გამოკვებოს ოჯახის წევრები? ახლავე შემიძლია ისიც გითხრათ, რომ  მდიდრები ქართული ჯანდაცვის მიმართულებით ნაბიჯს არ გადადგამენ, რადგან მათ იციან, იქ რა სახის პრობლემებია და ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილონ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობენ. ასე რომ, ეს ყველაფერი რეალურად რას ემსახურება, ის თქვან.

 

_ რას ემსახურება?

 

_ ეს ყველაფერი აგებულია აფერულ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, რომელიც საშუალებას აძლევთ, ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანონ ის მილიონები და მილიარდები, რომლებიც ჩვენი, თქვენი და სხვა ადამიანების ჯიბეებიდან ამოაქვთ. ასევე უნდათ, უცხოეთმა გაიგოს, რომ ჯანდაცვაში ყველაფერი წესრიგშია და გარკვეულ პროექტებსაც აფინანსებენ, რადგან მათგანაც მოელიან დახმარებებს. რეალობას ყველა ფარავს, მაგრამ ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო. ასე რომ, ტყუილია, რაზედაც საუბრობს სერგეენკო. უკეთესი იქნება, მან დახვეწოს და მეტი კონტროლი გაუწიოს, წესრიგში მოიყვანოს ის პროექტები, რომელიც უკვე არსებობს და ახლის გამოგონებას თავი დაანებოს. ასე უფრო გაუკეთებს ეკონომიას მედიცინაში მოხვედრილ თანხებს.

 

„ქრონიკა+“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. ასევე პოზიციის დაფიქსირება არ ისურვეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშიც. შემდეგ ,,ჯეო ჰოსპიტალის“ საავადმყოფოთა გაერთიანების წარმომადგენელს, ელენე დოხნაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დაადასტურა მათ მიერ მოგებული ტენდერი კახეთში, თუმცა განმარტებაც მოგვცა: ,,მე არ ვიცი, თქვენს რესპონდენტს რომელ შემთხვევაზე აქვს საუბარი. პაციენტის გვარს-სახელს რომ ამბობდეს, უკეთ გადავამოწმებდი, რა მოხდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები და გეტყვით, რომ როცა გურჯაანის კლინიკაში ის სერვისი არ გვაქვს, რომელიც ჩვენს პაციენტს სჭირდება, პაციენტთან, ან მისი ოჯახი წევრებთან შეთანხმებით, ის სხვა კლინიკაში გადაგვყავს, თუნდაც მცხეთაში და ეს არ ხდება პაციენტთან შეუთანხმებლად.“

 

 

 

 ნელი ვარდიაშვილი