ჯელალ ქიქავა: „მიშა თუ არ დაბრუნდა, არაფერი გამოვა“
უცხოელი დიპლომატების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი დაიწყო. თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს, „ქართული ოცნებაც“ თავის პოზიციაზე რჩება და _ ოპოზიციაც. დათმობაზე წასვლა არც ერთ მხარეს არ უნდა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, უფრო რთულად არის ოპოზიციის საქმე. აქ ერთიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. ვიღაცები პარლამენტში აპირებენ შესვლას. მათთან აქტიურად მუშაობენ ივანიშვილის მსტოვრები. „ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ ოპოზიციაში მალე მოხდება განხეთქილება, რომლის მიზეზი შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი გახდეს. საქართველოში მის დაბრუნებას ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება. მის დაბრუნებას მოწინააღმდეგეები თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოუჩნდნენ. როგორც „ნაციონალების“ კულუარებში ამბობენ, პარტია სადაცაა, ორად გაიხლიჩება.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფრთხეს ხედავს ამ პარტიის წევრი ჯელალ ქიქავა. მისი თქმით, დღეს პარტიისა და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია და იგი მიხეილ სააკაშვილია. ქიქავა ამბობს, რომ თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, ოპოზიციის პროტესტი შედეგს არ გამოიღებს, რადგან ხალხი მას არ გაჰყვება. მისი აზრით, მიშას ჩამოუსვლელობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, დაიშლება.
რატომ არის აუცილებელი საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება? რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მესამე პრეზიდენტს? რა ელით იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შევლენ? არის თუ არა განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“? რატომ დუმს ხალხი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ესაუბრება:
_ ბატონო ჯელალ, რას იტყვით ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ?
_ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივესალმები და იმედია, ოპოზიცია ბოლომდე დარჩება თავის პოზიციაზე. ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მარტო უნდა დავტოვოთ და მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ამ რეჟიმის ნამდვილი სახე.
_ ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, ვიღაცებმა დამოკიდებულება შეცვალეს და მზად არიან, შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში.
_ არ ვიცი, ვინ რა გადაიფიქრა, მე ის ვიცი, რომელი ოპოზიციონერიც პარლამენტში შევა, მოღალატე იქნება, მოღალატეები კი ყოველთვის ისჯებიან. მათ ქართველი ხალხი დასჯის. ხალხს მოღალატეები არ უყვარს. ვფიქრობ, ოპოზიციას ხალხის რისხვის შეეშინდება და პარლამენტში შესვლას არავინ გაბედავს.
ხალხზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა შევეხო იმ მოთხოვნას, რაც ბოლო დროს გაჩნდა. ხალხი მიშას ჩამოსვლას ითხოვს და ეს მოთხოვნა სააკაშვილმა აუცილებლად უნდა შეასრულოს.
_ სააკაშვილის ჩამოსვლას ხალხი არ ითხოვს, მის დაბრუნებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ.
_ მერე რა, ეგენი ხალხი არ არის? მიშა მათ მოთხოვნას ყურადღებით უნდა მოეკიდოს და საქართველოში დაბრუნდეს. თუ არ დაბრუნდა, ჩათვალეთ, რომ ყველაფერს დაკარგავს.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ყველაფერს დაკარგავს?
_ ხალხის მხარდაჭერასაც დაკარგავს და პარტიასაც. მისი დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია ბევრად ქმედუნარიანი გახდება. ივანიშვილიც გაცილებით ადრე აღიარებს დამარცხებას.
_ თქვენს მოსაზრებას ბევრი არ გაიზიარებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის დაბრუნება სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. ექსპერტთა აზრით, ახლა ოპოზიციური ერთობის გადარჩენა სააკაშვილს შეუძლია და ესეც იმ შემთხვევაში, თუ არ დაბრუნდება.
_ და რა, მერე თუ ეს ოპოზიციური ერთობა დაიშლება? ჩემთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიშა სააკაშვილის დაბრუნება. მის გარეშე ამ ბრძოლას მაინც ვერ მოვიგებთ.
_ თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ოპოზიციური ერთობა თუ დაიშლება?
_ ჩემთვის მთავარი ამოცანა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. ამას მიშას გარეშე ვერ გავაკეთებთ. დაბრუნდეს მიშა და სულ არ მაინტერესებს, რას იტყვის დანარჩენი ოპოზიცია. შეუძლიათ, პროტესტის ნიშნად პარლამენტშიც შვიდნენ. ეს დიდი დანაკლისი არ იქნება, თავიდან ბოლომდე 10 კაციც კი არ არიან. პირადად მე იმაზე ვდარდობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ელისაშვილი შევა თუ არა, რა ჩემი საქმეა. ან რა მაგის საქმეა, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა.
მოდით, ალალად ვთქვათ, ოპოზიციის აქციებზე, ძირითადად, სააკაშვილის მხარდამჭერები დადიან. ყოველთვის დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ჯარისკაცი ვარ.
სინანულით მინდა ისიც ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ცოტა ურევს, როცა სააკაშვილზე იწყებს ლაპარაკს. ურევენ და მაგიტომაც არ მიჰყვება ეს ხალხი.
_ რას ნიშნავს, ურევენ? რა აურიეს?
_ იმას, რომ მიშასთან დაკავშირებით უაზრო რაღაცებს ამბობენ ხოლმე. მიშას ასეთი განცხადებები არ გაუკეთებია. ამიტომაც არის ის მაგარი და ნამდვილი პოლიტიკოსი. გახსოვთ, არჩევნების ღამეს რომ ჩაერთო გვარამიას და განაცხადა, პრემიერობაზე უარს ვამბობო? ეს იყო ნამდვილი პოლიტიკოსის განცხადება.
_ ამას ყველა აღიარებს. მან ამ განცხადებით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებას.
_ მისი დაბრუნების შემთხვევაში ოპოზიცია ბევრად უფრო აქტიური და სერიოზული იქნება.
_ მიშას დაბრუნება მართლაც რომ დადგეს დღის წესრიგში, ამას ივანიშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს და ისევ ატყდება წიოკი, _ მიშა მოდისო.
_ იწივლონ და იყვნენ. ვერც ბიძინა და ვერც სხვები ვერაფერს იზამენ, მთავარია, მიშამ გადაწყვიტოს დაბრუნება. საკმარისია, მიშამ საქართველოს ტერიტორიაზე ფეხი დაადგას, „ქართულ ოცნებას“ ერთ საათში ავატრიალებთ.
_ რას ნიშნავს, ერთ საათში აატრიალებთ ხელისუფლებას?
_ როგორც კი მიშა ჩვენს მიწაზე დაადგამს, ფეხს, სულ რომ არ მივიდეს აქციაზე და სახლში დაჯდეს, ნახავთ, რა მიმართულებით დაიძრება მთელი საქართველო. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, რავარც მიშა შემოვა, ბიძინას პოლიტიკურად დავანგრევთ.
ვიღაცამ ჩემს განცხადებას კუდები რომ არ მოაბას, აქვე განმარტებასაც გავაკეთებ, ჩვენ კანონის ჩარჩოებიდან არ გავალთ, მაგრამ ისე ვიმოქმედებთ, რომ ივანიშვილი იძულებული გახდება, ხელახალი არჩევნები ჩაატაროს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
_ ასე დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ მთელი ოპოზიცია არ ცნობს ამ არჩევნებს.
_ ცნობენ და მათი აჯობებს. ვინც ახლა ოპოზიციიდან პარლამენტში შევა, ის იქნება ქვეყნის მოღალატე და იგივე ბედს გაიზიარებს, რაც „ევროპულ საქართველოს“ დაემართა.
_ „ევროპულ საქართველოს“ რაღა დაემართა? რას გულისხმობთ?
_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ისინი ჯერ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. „ნაციონალები“ მაშინაც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ „ევროპულმა საქართველომ“ აღიარა ეს შედეგი. ახლა ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე. მიხვდნენ, თუ რა არის ღალატის ფასი? ღალატის ფასი არის გაფარჩაკება. ყველა მოღალატე ფარჩაკდება. ამის საუკეთესო მაგალითი არის „ევროპული საქართველო“.
_ „ევროპულ საქართველოს“ გაფარჩაკების რა ეტყობა?
_ რა არ ეტყობა? _ მიფარჩაკებულები არიან. ესენი არიან გაყიდულები. „ევროპული საქართველო“ 2016 წელს გაიყიდა. მათი მთავარი ამოცანა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, მაგრამ არ გამოუვიდათ. მოუწიათ პარტიიდან წასვლა და ახლა 2%-იან პარტიად გადაიქცნენ.
_ თქვენს ამ განცხადებას შეიძლება, რაღაც გაუგებრობა მოჰყვეს.
_ რატომ უნდა მოჰყვეს? მე ვთქვი სიმართლე. სულ არ მაინტერესებს, ეწყინება თუ არა ეს სიმართლე „ევროპულ საქართველოს“! მათ ღალატი თავად აირჩიეს და ახლა ამის შედეგებს იმკიან.
_ ამ რთულ წამს, როცა ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელია, თქვენგან ოპოზიციის ლანძღვა რამდენად გამართლებულია?
_ არავის ვლანძღავ, ვამბობ იმას, რაც მოხდა და რაც ხდება. ყველა მოღალატე ფარჩაკდება. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ოპოზიციამ! ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ და ნაკლებად მაინტერესებს, ამაზე რას იფიქრებენ ოპოზიციაში. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი მიშას დაბრუნებაა. ახლა რაც მე მოგახსენეთ, ეს პირადად ჩემი აზრია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას შეიძლება არ დაეთანხმონ. პარტიის სახელით არასდროს მილაპარაკია, რადგანაც რიგითი ჯარისკაცი ვარ.
_ რიგით ჯარისკაცებსაც შეუძლიათ, თავისი პარტიის სახელით ილაპარაკონ.
_ მირჩევნია, საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. პარტიის პოზიცია ლიდერებმა უნდა გააჟღერონ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მიშას პოლიტიკური ჯარისკაცი ვარ. სიტყვა ჯარისკაცის ხსენებაზე ვიღაცებს აჟრიალებს და აკანკალებს. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ყველა მიშას პოლიტიკური ჯარისკაცია, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას. ვიღაცას ჯარისკაცი სანგარში ჩამჯდარ და იარაღით აღჭურვილ ადამიანად წარმოუდგენია. 21-ე საუკუნეა, ხალხო, რა დროს თოფი და ტყვია-წამალია?! მთელი მსოფლიო კომპიუტერით აკეთებს საქმეს.
დიახ, ჩვენ ვართ მიშას პოლიტიკური ჯარისკაცები და ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს. ვინც ღალატს გადაწყვეტს და მაინც შევა პარლამენტში, გაფარჩაკდება.
_ გაფარჩაკებას „ნაციონალური“ მოძრაობაც ექვემდებარება?
_ პარლამენტში თუ შევიდა, კი… რაც არ მოხდება.
_ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ პარტიიდან ვიღაცები აპირებენ შესვლას.
_ ეს გამორიცხულია. ჩვენებიდან ყველა უარს ამბობს იქ შესვლაზე.
_ ვთქვათ და მთელი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანო იმუშავებს. თქვენ ქუჩაში დგომით რას მიაღწევთ?
_ საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა რომ დაიწყოს, იქ დეპუტატები უნდა შევიდნენ. ერთი ვნახავ, როგორ შევლენ „ქოცები“ იქ.
_ რატომ გგონიათ, რომ არ შევლენ? ფიქრობთ, რომ შერცხვებათ?
_ ამათ არაფრის რცხვენიათ. ჩვენ არ შევუშვებთ.
_ რანაირად არ შეუშვებთ?
_ პარლამენტის ბლოკირებას მოვახდენთ. ამის უფლებას კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს.
_ კანონით შეიძლება, გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ბლოკირებას ვერ მოახდენთ, ხელისუფლება არ დაუშვებს ამას. შარშან ნოემბერშიც აპირებდით პარლამენტის ბლოკირებას, მაგრამ არ გამოგივიდათ.
_ მოვახერხებთ თუ არა პარლამენტის ბლოკირებას, ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. ამაში ხალხიც უნდა დაგვეხმაროს. შარშანდელს მერე ხალხი გაჩანაგდა და განადგურდა. პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართული ოცნების“ პარპაში შეწყდეს. ესენი რომ დარჩნენ, ქვეყანა დაინგრევა და სოციალურ ბუნტს მივიღებთ. ასეთი რამე უკვე ვნახე ბათუმში, როცა მანქანები გადაწვეს და დალეწეს. ის ერთი კერა ძლივს ჩააქრეს და წარმომიდგენია, რა საშინელება იქნება, სოციალურმა ბუმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ იფეთქოს.
_ ხალხი ოპოზიციის გვერდით ახლა შეიძლება, მიშას ფაქტორის გამო არ დადგეს.
_ მე პირიქით მგონია, მიშა არის ის ერთადერთი ლიდერი, ვისაც ხალხი გაჰყვება.
_ მიშა არის ის ლიდერი, ვისი პოლიტიკაში მოსვლის ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ ისევ ეშინია.
_ ხალხს მისი დაბრუნების აღარ ეშინია. ტყუილად ამბობენ, მიშა თუ ჩამოვა, ყველაფერს წაგართმევთო. რაღა უნდა წაართვას მიშამ ამ ხალხს? ამ გაჭირვებულებს სამჯერ მეორადი „ტრუსიკები“ აცვიათ. ხალხს სჯერა მიშასი. მიშა ჰგავს იმ ყოჩს, რომელიც ფარას წინ მიუძღვის. იმ ფარას მგელი ჭამს, რომელსაც ყოჩი არ უძღვის წინ.
_ ვთქვათ, დაგიჯერეთ, რომ მიშა მართლა ასეთი ლიდერია და მის გარეშე ოპოზიცია ვერაფერს გახდება. მაშინ ის მითხარით, რატომ არ ბრუნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
_ მიშა არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ყოფილი პრეზიდენტები კი ასე თავისუფლად ვერ მოქმედებენ. აქ რაღაც საერთაშორისო ფაქტორებიც არის. ვფიქრობ, ამის გამო იკავებს ის თავს. ალბათ სწორადაც იქცევა, მაგრამ დიდხანს გაჭიანურებაც არ ღირს. ახლო მომავალში მიშა თუ არ დაბრუნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, მიშას დაბრუნების შემთხვევაშიც დაიშალოს.
_ რატომ უნდა დაიშალოს? პირიქით, პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება.
_ პარტიის ნახევარს მისი დაბრუნება არ უნდა. მისი დაბრუნების შემთხვევაში ისინი პარტიიდან წავლენ.
_ წავლენ და წავიდნენ, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. „ევროპული საქართველოც“ წავიდა, მაგრამ არიან თუ არა გაფარჩაკებულები? ეგრე გაფარჩაკდებიან ეგენიც. მიშა ყველა ვარიანტში უნდა დაბრუნდეს.
_ თქვენთვის მთავარია, მიშა დაბრუნდეს და თუგინდ პარტიაში არავინ დარჩენილა?
_ პარტიაში ბევრი დარჩება და ბევრიც ახალი შემოემატება. ვიღაცებს ხომ არ ავიწყდებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას შექმნილია?! ამომრჩეველი როცა 5 ნომერს ხაზავს, ის სააკაშვილს აძლევს ხმას. ერთადერთი კაცი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, ეს არის მიშა სააკაშვილი.
_ სააკაშვილის თუ ეშინოდა, არჩევნები ასე რატომ გააყალბა?
_ იმიტომ, რომ მიშა აქ არ არის. იმიტომ გაბედა, რომ იცის, ოპოზიციის ნაწილი მას დაბრუნებაში ხელს უშლის, თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ყველაფერზე მიდის. ხომ ნახეთ, როგორ თავხედურად გაბედა არჩევნების გაყალბება.
_ გინდათ თქვათ, რომ ივანიშვილს მხოლოდ მიშასი ეშინია და დანარჩენი ოპოზიციისა და ხალხის _ არა?
_ ასეა. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეშინია. ეს აშკარაა და ამას არც „ქოცები“ მალავენ.
_ ოპოზიციისა და ხალხის რატომ არ ეშინია?
_ იცის, რომ მათთან რაღაც მაინც გაუვა.
_ რატომ გაუვა?
_ იმიტომ, რომ დიდი ფული აქვს. თან ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს საჯარო სექტორში დასაქმებული. ისინი მას უჭერენ მხარს. ესეც არ იყოს, ერთი უსიამოვნო რამე უნდა ვთქვა, _ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი იყიდება ხოლმე.
_ ეგრე პოლიტიკოსებიც იყიდებიან.
_ ვინ ამბობს, რომ არ იყიდებიან? ვინც არ ვიყიდებით, ისინი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს.
_ ნორმალურ რელსებზე დაბრუნებაში რას გულისხმობთ, მიშას ჩამოსვლას?
_ მიშას ჩამოსვლას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ამ ხელისუფლების გასტუმრებას.
_ ოპოზიცია კი ითხოვს ხელახალ არჩევნებს, მაგრამ როგორც ამბობენ, მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, რომელიც გაზაფხულზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ისინი პარლამენტში შევლენ.
_ მე ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ და არ ვიცი, რაზე საუბრობენ. არა მგონია, რომ ამას დასთანხმდნენ. პარლამენტში შესვლა გამორიცხულია. ამ ნაბიჯის გადადგმა გაყალბებული არჩევნების აღიარებას ნიშნავს.
_ პირადად მეც მომწონს, ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შედის, მაგრამ იქნებ, შესვლა სჯობდეს? იქ „ოცნება“ მარტო იქნება და გუგულებივით ტკბილად ისხდებიან. არ ჯობია, ოპოზიციამ იქ შეუქმნას პრობლემები?
_ იქ შესვლა არჩევნების აღიარებას ნიშნავს. პრობლემების შექმნა გარედანაც შეგვიძლია. ჩვენთან ერთად მათ ქართველი ხალხიც გასცემს პასუხს.
_ ვერ სცემს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას პასუხს და რა გინდათ, რომ ქნათ?
_ ამაში გეთანხმებით. ხალხი საკადრისს პასუხს რომ აძლევდეს ხელისუფლების ყველა ქმედებას, ასე არ გათავხედდებოდნენ. არჩევნები ასე გააყალბეს, გამოსვლებია ქვეყანაში და ხომ ნახეთ, კიდევ რა გაბედეს _ სტადიონზე თავად შევიდნენ მარტო და გულშემატკივრები გარეთ დატოვეს. ეს არის თავხედობა, რაც ჩვენი საზოგადოების ბრალია. როცა ხელისუფლებას ყველაფერს გაუტარებ, ის კიდევ უარესს გაბედავს.
შორენა მარსაგიშვილი