ხორავას ქუჩის ტრაგედია პოლიტიკური ინტრიგების თანხლებით
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. 51-ე სკოლაში მოზარდებს შორის დაწყებული ჩხუბი დიდ გარჩევაში გადაიზარდა, რომელსაც ორი მოზარდის _ ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე შეეწირა.
ტრაგედიის ღამეს, როცა დავით სარალიძე უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს, მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის შვილის გამო დაიწყო და ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ საქმის დეტალები არ გამჟღავნებულიყო. ამ ინფორმაციის გასაჯაროების მერე მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და „ზოგიერთ უპასუხისმგებლო პირად“ გამომაცხადა, თუმცა იმის დადასტურება კი მოუწია, რომ ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი პროკურატურის მუშაკის შვილი იყო.
მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ პროკურატურის მუშაკი, არც მეტი არც ნაკლები, სკანდალურად ცნობილი პროკურორი მირზა სუბელიანი იყო, ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მირზა სუბელიანის შვილმა საქმის გარჩევაზე მისსავე დეიდაშვილს, მიკა კალანდიას დაურეკა.
ის, რომ მიხეილ კალანდია მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილია, ესეც პირველად „ქრონიკა+“-მა გაასაჯაროვა. დანაშაულის ჩადენის მომენტში მირზა სუბელიანის ქვისლი, თენგიზ კალანდია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. ის დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს კიდეც. საქმე თვეების განმავლობაში იკერებოდა. მირზა სუბელიანი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ის, როგორც არასრულწლოვნის მამა, შვილის დაკითხვასაც ესწრებოდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მითითებებს აძლევდა პროკურორებს, ჰქონდა ზაზა სარალიძესთან მორიგების მცდელობაც, მისი სიმამრი ბორის კაკუბავა სისტემატურად ეკონტაქტებოდა ზვიად კუპრავას. საზოგადოების პროტესტისა და აქციების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, სუბელიანი ციხეში გაეშვა, მოგვიანებით კი „რუსთავი 2-ზე“ გავრცელდა ჩანაწერები, სადაც სუბელიანი ხელისუფლებას პირობების არშესრულებაში ადანაშაულებდა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიებსაც გადასცემდა.
ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიება პოლიტიკური ინტრიგების პარალელურად მიმდინარეობდა. ყველა მხარეს საკუთარი ინტერესები ჰქონდა და ცდილობდა, ტრაგედია სათავისოდ და პოლიტიკური ოპონენტების ჩასაძირად გამოეყენებინა. იმ დროს მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის განსაკუთრებული საფრთხე მოქმედი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო, რომელიც სრულიად საიდუმლო ვითარებაში კორუფციულ ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმის გაყალბება, არც მეტი, არც ნაკლები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაყალბებით დაიწყო, რომელიც მაშინდელი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო ნათესავის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის, გიორგი თვაურის პატრონაჟით მიმდინარეობდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროების მერე ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ღიად დაგვიპირისპირდა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც კი გვიჩივლა, ქარტიამაც შესაშური ოპერატიულობით გაგვამტყუნა, მაგრამ ზუსტად სამ დღეში ქუმსიშვილს თანამდებობის დატოვება მოუწია.
კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის გადადგომამდე კი იყო პოლიტიკური რევანში მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეზე. მას თითქმის დასრულებულ გამოძებას არ პატიობდნენ. კვირიკაშვილის დაჯგუფებამ პირველი მსხვერპლი ალავიძის გადადგომით სიტუაციის დალაგებას შეწირა, მაგრამ ძიების პროცესი მაინც ვერ შეაჩერა. საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არც აქციის მონაწილეებს, არც ჟურნალისტებს ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდათ.
სამოქალაქო საზოგადოება ერთმა კადრმა შეძრა _ შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის რკინის ღობეზე თავმიდებული ტიროდა. ეს იყო კულმინაცია და ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
პრემიერმა კვირიკაშვილმა შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოთხოვა. დღის ბოლოს შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
საპროტესტო აქციებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. საპარლამენტო უმრავლესობას დათმობაზე წასვლა მოუწია და პარლამენტში ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნა. კომისიამ ფასდაუდებელი შრომა გაწია მომხდარი დანაშაულის დროს დაშვებული შეცდომების გამოსააშკარავებლად. სწორედ კომისიის მუშაობამ აჩვენა მოქმედი მაღალჩინოსნების არაპროფესიონალიზმი და სრული არაკომპეტენტურობა.
მთავარი პოლიტიკური ინტრიგა სწორედ რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციები იყო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ივანიშვილმა უკვე იცოდა, რომ პარტიასა და ხელისუფლებაში მის ზურგსუკან დიდი შეთქმულება დაიგეგმა, რაც ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. რუსთაველის გამზირზე აქციებს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებთან კომუნიკაცია სწორედ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ჰქონდა დავალებული. არსებობს ქუმსიშვილ-გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერიც, სადაც სწორედ აქციების გაგრძელებაზეა საუბარი.
სიტუაცია რუსთაველზე არაერთხელ დაიძაბა და ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა. ხალხმრავალი აქცია მთავრობის გადადგომას ითხოვდა. გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი გახარიას ფინტის განმეორება სცადა, აქციის მონაწილეებთან ჩავიდა, მაგრამ მას გახარიასგან განსხვავებით არათუ მოუსმინეს, ბოთლებიც ესროლეს.
და რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოჩენამ საზოგადოების მუხტი საერთოდ გააქრო, მაგრამ ხელისუფლების შიგნით დაწყებული შიდა ომი ვერ შეაჩერა. მართალია, კვირიკაშვილი ნიშნის მოგებით გვარწმუნებდა, რომ მისი ტაიმერი ჩართული არ არის, მაგრამ მიუხედავად ურჩობისა, გადადგომა მაინც მოუწია.
ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმის განხილვამ კი სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიამ მკაფიოდ აჩვენა არა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით დაწყებული დაპირისპირება, სისტემური ქაოსი სამართალდამცველ უწყებებში, გამოძიების ხარვეზები პროკურატურაში, არამედ საზოგადოების სრული დემორალიზაციაც. ხელისუფლების მართული ჯგუფების მიერ დაიგეგმა არაერთი კონტრაქცია, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა უმძიმესი შავი პიარი შვილმოკლული მამის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ გარდაცვლილ დავით სარალიძეს, პროცესს უწოდებდნენ პოლიტიკურად მართულს, რუსთაველზე კარვის გაშლის ყველა მცდელობა პოლიციასთან უმძიმესი დაპირისპირებით მთავრდებოდა, თავად ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, ბოლოს კი პოლიციაზე თავდასხმის მოტივით თავად გახდა ბრალდებული.
თითქმის ერთწლიანი განხილვის მერე სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს მკვლელობის მცდელობისთვის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ იქნა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ს მკვლელობა ჩაიდინეს გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ ჯგუფურად, თუმცა გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში და დაადგინა: 2017 წლის 01 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
ამ განაჩენის მიხედვით გ.ჯ. დასრულებულ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და თან ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე გამოძიებული არაა და დაუდგენელია პირი, რომელიც მის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი მოყვა. ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ განაჩენის სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის მერე იმსჯელებენ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა გადაწყვეტილებების მიღებაზეც.
ამასობაში მირზა სუბელიანს პატიმრობის ვადა ეწურება და ის საპყრობილეს მალე დატოვებს. არაა გამორიცხული, ძალოვანმა უწყებამ მიხეილ კალანდიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ასევე არასანდო მოწმედ მიიჩნია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასევე განიხილება სასულიერო შვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, თუმცა ხელისუფლებაში ამ პრობლემას ცოტა ფრთხილად უყურებენ, _ დამატებითი საეკლესიო სკანდალი არავის სჭირდება.
როგორც ჩანს, ხორავას ქუჩაზე სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამით დასრულდება, _ არ დასჯიან არც ერთ პირს, რომელიც საქმის გამოძიების ხელშეშლაში მონაწილეობდა, თანამდებობებს კი შეინარჩუნებენ საქმის პროკურორები და გამომძიებლები.
სააპელაციო სასამართლოში გუშინ შვილმოკლულმა მამამ ითხოვა, რომ მისი და მისი ოჯახის საქმე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული, რომ სასამართლოს განაჩენი პირველი ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის გზაზე. რიტორიკა შეცვალა „ქართულმა ოცნებამაც“, საჯარო განცხადებები გააკეთეს დეპუტატებმაც, მათთვის ზაზა სარალიძე არც „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორი და არც პარტიისგან მართული პირი აღარაა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე ობიექტური გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის მერეა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უზანაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე.
ელისო კილაძე