ხელისუფლების უყურადღებობის გამო აჭარაში სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
პირველ ოქტომბერს აჭარაში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, მოსახლეობას სასიცოცხლო პრობლემა შეექმნა _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში საბედისწერო მეწყრული პროცესები განვითარდა.
მიწის მასამ თედორაძეების საცხოვრებელი სახლი ხევში ჩაიყოლა, სადაც იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და 16 წლის მოზარდი ბიჭი.
წვიმის შედეგად ასევე სხვა ლოკაციებზე _ გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ცენტრალური გზები, ხოლო პუშკინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე მაღაზია დაიტბორა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთი ხშირად იტბორება, რაშიც ბათუმის მერიას ადანაშაულებენ, რადგან წყლის შესაბამისი არხები მოუწესრიგებელია.
აღსანიშნავია, რომ უხვი ნალექის გამო წყლის მასა დაგროვდა ე. წ. ჭაობის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც, სადაც ქვეითებს გადაადგილება გაუჭირდათ.
ასევე ბენზეს დასახლებაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, 10-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება, რადგან საცხოვრებელ სახლთან მდინარემ მიწის მასა წაიღო.
მოსახლეობის თქმით, მათ ბათუმის მერიას მდინარესთან ჯებირების მოწყობის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა უშედეგო აღმოჩნდა.
რამდენიმე სოფელში მეწყერიც კი ჩამოწვა, რომელმაც წაიღო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ყველაზე რთული ვითარება კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში იყო, სადაც სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ქრონიკა+“ მეწყერში დაღუპული თედორაძეების მეზობლებსა და ახლობლებს ესაუბრა. მათი განცხადებით, ტრაგედიამდე ოჯახმა არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებას დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ.
მაშველებმა ორდღიანი რთული სამუშაოების შემდეგ მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
მაშველები მეორე ლოკაციაზე გადავიდნენ შავი ზღვის სანაპიროზე _ იქ, სადაც მდინარე მეჯინისწყალი შავ ზღვას უერთდება. მდინარე მეჯინისწყალმა ხიდზე მიმავალი ავტომანქანა გაიტაცა, მანქანაში ორი პირიდან ერთმა გადმოხტომა შეძლო, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
აჭარაში არსებული მძიმე ვითარების გამო დამატებითი სამაშველო ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
პირველ ოქტომბრს ადგილზე მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა. ისინი, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში ეძებდნენ. ადგილზე დამატებით იყო მობილიზებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ძალოვანი წარმომადგენლები. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე მდინარე სატეხიაში. იქ გადავარდნილი ავტომობილი უკვე ნაპოვნია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.
სტიქიის ღამეს აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. სამუშაოებში ჩაერთო 60 მეხანძრე-მაშველი. 2 ოქტომბერს დილით 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.
აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო საზოგადოებრი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 440 შეტყობინება შევიდა, რომელთა უმრავლესობა, ძირითადად, დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებს ეხებოდა.
ბათუმის თითქმის ყველა პრობლემურ ლოკაციაზე სერიოზული სიტუაცია შეიქმნა, რომელიც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილსა და სხვა ლოკაციებზე მოსახლეობასთან შესახვედრად გავიდნენ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე. მათ ადგილზე შეაფასეს არსებული მძიმე ვითარება.
ირაკლი კუპრაძეს ერთ-ერთ ლოკაციაზე, კერძოდ, იმედაშვილის ქუჩაზე, მძიმე ვითარება დახვდა.
„ეს არის ყოველი წვიმის შედეგად დატბორილი ბათუმი მისი ეზოებით, სახლებით. ხალხს დიდი ზარალი ადგება. გაფუჭებული ტექნიკა და ავეჯი დანაკარგის მცირე ჩამონათვალია. დარწმუნებული ვარ, არავინ აგებს პასუხს ზარალზე, რომელიც მოსახლებას მიადგა.
დღეს ერთადერთი პრობლემაა ამ მდგომარეობის სწრაფად მოგვარებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანან. არ ჩანს ასევე სამაშველო სამსახური, რომელსაც 2 საათის წინ დავურეკეთ. პასუხი მხოლოდ ერთ საკითხზე მივიღეთ: თუ ექიმი გჭირდებათ, მაშინ მოვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად დაგეხმარებითო“, _ განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით. სტიქიის დროს ის იმედაშვილის ქუჩაზე მოსახლეობას ფიზიკურად ეხმარებოდა.
გიორგი კირთაძე ბონის დასახლებაში მაქაცარიას ქუჩაზე იმყოფებოდა. ადგილზე გასულ დეპუტატობის კანდიდატს უამრავი პრობლემა დახვდა.
„ძალიან რთული ვითარება შეიქმნა! 10 ოჯახი ბედის ანაბარაა მიტოვებული. დიდი შანსია, ერთ დღეს ადიდებულმა მდინარემ მთელი ოჯახი წაიღოს. სასწრაფოდ გასაკეთებელია ნაპირსამაგრი ან ხალხი უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ“, _ განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ხვიჩა მამულაძე