ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილს გაცნობიერებული აქვს, რომ არჩევნების გაყალბებას არავინ აპატიებს“
ირინა მაკარიძე
რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება? რატომ არ უნდა დარჩეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? რა გზა არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე: .
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა იშნავს ერთპარტიული მმართველობის ჩაბეტონებას, მიტაცებულ სახელმწიფოსა და რუსული გავლენების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების შეცვლა იქნება დემოკრატიული წყობილების დაბრუნება ქვეყანაში. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს არის გასაკეთებელი.
_ იმ ვითარებაში, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ძალას მნიშვნელოვანი დარტყმები აქვს მიღებული და მის წინააღმდეგაც არსებობს ის არგუმენტი, რომ არაფორმალურად იმართება, როგორ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ის იქნება უკეთესი ძალა?
_ ცუდია, როდესაც ეს კონტრასტი არ არის. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია, რადგან არაფორმალურად იმართება და იმავეს ხედავს ადამიანი მეორე მხარეს, ეს, რა თქმა უნდა, არყევს ნდობას. არ მგონია, განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეს ამ ფაქტს დანარჩენ ოპოზიციაზე. ხმები, რომელიც დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას“, აუცილებლად განაწილდება იმ მიმართულებით, სადაც ადამიანები დაინახავენ კონტრასტს. ზოგადად, თუ ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ეს კონტრასტი არ იქნება, ძალიან გაჭირდება ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. თუ ხალხი მიიჩნევს, რომ იქაც იგივეა, რაც აქეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი.
_ როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ ამომრჩევლის დარწმუნება, რომ აღარ იყოს ეს დამოკიდებულება, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“?
_ ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივია: პირველ რიგში, ეს უნდა იყოს არაფორმალური გავლენებისგან განთავისუფლება _ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა ჩადიოდეს სადმე, სადაც ვინმეს მითითებებს იღებდეს. მეორე _ ძალიან მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს დაფინანსება და ასევე ის, რომ ვინც აფინანსებს პარტიას, არ ერეოდეს პოლიტიკურ პროცესებში. ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს ნამდვილად არ უნდა აწუხებდეს დამფინანსებელს და არც შეიძლება ჩაერიოს ამ საკითხში. რადგან „ქართული ოცნება“არ მოგვწონს, იმის კონტრასტი _ ალტერნატივა უნდა იყოს ოპოზიციური ძალა.
_ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის დამფინანსებლები ხდებიან დეპუტატები და გავლენას ახდენენ პარტიაზე… როგორ წარმოგიდგენიათ ამისგან გათავისუფლება?
_ ამ შემთხვევაში დეპუტატიც არ არის ის ადამიანი, რომელიც გავლენაც ახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ (საუბარია დავით კეზერაშვილზე). მე აღარ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იფიქროს, უნდა თუ არა ასეთი პარტია ჰქონდეს. ეტყობა, ეს მოსწონთ, როგორც ჩანს, ეს მიშასთვისაც მისაღებია. რაც არ მომწონდა, იმ პარტიას გამოვეცალე, ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივია.
_ თქვენს როლს სად ხედავთ 2024 წლის არჩევნებში? როგორია თქვენი გეგმები და დაკავშირებულია თუ არა ის ნიკა მელიას პარტიასთან, რომელიც მოკლე ხანში უნდა შეიქმნას?
_ ვნახოთ, ეს მოლაპარაკებები არსებობს სხვადასხვა ადამიანთან, ნიკა მელიასთანაც, მათ შორის. საჯაროდაც დავადასტურე, რომ ვურთიერთობთ ნიკა გვარამიასთან, ნიკა მელიასთან. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მალე გაირკვეს, თებერვალში უკვე უნდა გამოჩნდეს ძალიან აქტიურად.
_ რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნებს დააკვირდებიან ევროკავშირის დამკვირვებლები, რათა პროცესები წარიმართოს სწორად, ძალადობის გარეშე. რამდენად ექნება ამას გავლენა „ქართულ ოცნებაზე? ელოდებით თუ არა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?
_ არჩევნები სამართლიანად თუ არ ჩატარდა და არჩევნების აღიარება არ მოხდა, როგორც თავისუფალი არჩევნების, ძალიან სერიოზული პრობლემა გვექნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემა, ამას არავინ აპატიებს.
_ ეს შეაჩერებს „ოცნებას“, როდესაც სასწორის ერთ პინაზე არის ძალაუფლების დაკარგვა და მეორე მხარეს _ ევროკავშირი?
_ მგონი, აჩერებს ეს ბიძინა ივანიშვილს. მას სანქციების ეშინია. ეს გამოჩნდა არაერთხელ. მან იცის, ეს შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა იყოს მისთვის პირადად.
_ ვხედავ, თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი…
_ ვნახოთ, ძალიან რაციონალური ადამიანი ვარ, მათ შორის, პოლიტიკაში, ფატალისტურად არ ვუყურებ არაფერს. მინდა, ქართველ ხალხს მივცეთ არჩევანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე.
_ ხშირიად ოპოზიციის მხრიდან ელექტრონული არჩევნების მიმართ გამოითქმება შეშფოთება გაყალბების რისკებთან დაკავშირებით. რამდენად შეუწყობს ხელს ეს ამომრჩევლის აქტივობას? რატომ უნდა შეიწუხოს, ვთქვათ, ამომრჩეველმა თავი და წავიდეს არჩევნებზე, ხშირად საკმაოდ მოშორებით, თუ მას წინასწარ ეტყვიან, რომ შედეგი მაინც არ იქნება და არჩევნები გაყალბდება?
_ ასე არ ვფიქრობ, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება. ჩვენ გვეყოლება დამკვირვებლები, გვექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ არავინ აპატიებს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას. თუ ამას გააკეთებენ, ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდიან. ბიძინა ივანიშვილს ეს გაცნობიერებული აქვს. იცით, ასევე, რომ არჩევნები ყალბდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ მთავარია, ვიმუშაოთ, მოვაგროვოთ შესაბამისი დოკუმენტები. თუ ხალხის ნება იქნება, ხალხი გამოვა და დიდი რაოდენობის ამომჩეველი მოგვცემს ხმას, არ მგონია, რომ რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას. თუ გააყალბებენ, ამისთვის, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ.
_ პასუხისგება როგორ წარმოგიდგენიათ, გარდა იმისა, რაც 2020 წელს ვნახეთ, როდესაც ბოიკოტი გამოუცხადეთ პარლამენტს? გვახსოვს, ნიკა მელია იყო ერთ-ერთი, რომელიც წინააღმდეგი იყო პარლამენტში შესვლის. თუ ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება, თქვენ იქნებით თუ არა მომხრე პარლამენტში მუშაობის?
_ არჩევნები თუ გაყალბდება და ქართველი ხალხის ნება არ იქნება გამოხატული, ეს, საერთოდ, სხვა რამეა. არჩევნებს სჭირდება აღიარება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მეტწილად დიდი დარღვევებით ჩატარდა, მაგრამ აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორი ემთხვეოდეს ერთმანეთს, ქართველი ხალხის ნება უნდა დაფიქსირდეს. თუ გაყალბდა, ხალხის ნება არ დაფიქსირდა, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ამის საწინააღმდეგო ბერკეტები, არსებობს ქართველი ხალხის ნება, რომელიც აუცილებლად იქნება გამოხატული. ვნახოთ, რა მოხდება, ამის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხალხის ნება იყოს ასახული.
_ თქვენ წინა არჩევნებზე კენჭს იყრიდით, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და დიდი მხარდაჭერა მიიღეთ ქუთაისისგან. რამდენად ინარჩუნებთ ამ კავშირს?
_ შეძლებისდაგვარად. ქუთაისის ორგანიზაციასთან, ჩემს ყოფილ პარტიასთან, ასევე იმ ადამიანებთან საკრებულოში, რომლებმაც შემდეგ პარტია დატოვეს, მუდმივად ვინარჩუნებ ურთიერთობას. გარემოებების გამო შეიძლება ხშირად ვერ ჩავიდე, მაგრამ ძალიან მიყვარს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მაინც არის ქუთაისში მიღებული ხმები. ქუთაისი ყოველთვის დარჩება ჩემი და ჩემი თანამებრძოლების თვალსაწიერში, გამორჩეულად მიყვარს ქუთაისი, ამას ვამბობ ყოველგვარი სიყალბის გარეშე.
_ „ხალხის ძალა“ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მოქმედ თითქმის ყველა პარტიას „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს და საუბრობს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გასამართლებასა და ნიურნბერგის პროცესზე. ეს ძალა, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, ასევე ითხოვს გამოიძიებას, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ეს ხომ არასერიოზულია? ეს ხალხი არის გაბანკროტებული ძალა, ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალებით შექმნილი, მისი პირადი წარმომადგენლობა. თუ ვინმე ემსახურება რუსული ინტერესების გაძლიერებასა და ანტიდასავლურ ნარატივს, სწორედ „ხალხის ძალაა“. მის განცხადებებს განსაკუთრებულად სერიოზულად არ ვეკიდები. ყველა ერთად უნდა დამარცხდეს, „ხალხის ძალა“ იქნება ეს, „ქართული ოცნება“ თუ ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდეს პროდასავლური კოალიცია. არავითარი ყაველაშვილი ცალკე აღებული თუ სხვა, უკვე აღარ მახსოვს, ვინ არიან „ხალხის ძალაში“, ეს ადამიანები პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ, ისინი არიან პოლიტიკურად გაბანკროტებული ადამიანები, რომლებსაც არავითარი ძალა არ აქვთ ქართველ ხალხში.
_ თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ძალა ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება დამატებით ძალას შესძენს თუ არა „ოცნებას“?
_ არაფერი არ იცვლება. ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო… როგორც მართავდა ყაველაშვილებს და ვიღაც-ვიღაცებს, იმავეს აკეთებს ისევ, უბრალოდ, ერთხელ გამოჩნდა საჯაროდ. არ ვიცი, კიდევ რამდენჯერ გამოჩნდება ან გამოჩნდება თუ არა საერთოდ. არაფერი შეცვლილა ჩვენთვის. უნდა ვიმოქმედოთ და ხალხის საჯარო ინტერესები ავსახოთ პოლიტიკაში.
_ ფაქტობრივად, თავისი განცხადებით მან აღიარა არაფორმალური მმართველობის არსებობა. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ერთგვარი ლუსტრაცია, დაეხმარება ოპოზიციას გამარჯვებაში, თუ პირიქით, მისი გამოჩენა კვლავ მის მხარდამჭერებს გააძლიერებს, როგორც იყო ეს თუნდაც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს?
_ შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი რომ ასე საუბრობს, მცირედიდაც არ ასახავს ხალხის ინტერესს, არაფორმალურად მართავს და ვიცით, რა „სიბრძნეებსაც“ აფრქვევს, ასეთი ადამიანი რაც უფრო ხშირად ილაპარაკებს, ეს უფრო წაადგება საზოგადოების მიზნებს.
ყველაფერი გადალახვადია, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან გონიერი ადამიანები არიან და თუ იქნება მართლაც კონტრასტი და ხალხი მიხვდება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყნის მართვა და პასუხისმგებლობის აღება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.