„ძალიან მინდოდა, შვილი მყოლოდა“ _ ჩვილი ბავშვების მორიგი სკანდალური საქმე
გიგა გელხვიიძე
მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან 2000-იანების დასაწყისში, მაშინ როცა უმეტესად ბნელოდა და მოსახლეობა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორი იქნებოდა მომდევნო დღე, რამდენი ხანი მოუხდებოდათ დგომა პურისა და ნავთის რიგში, საქართველო ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ზონა იყო, თუმცა არა რაიმე რიგითი წარმოების, არამედ _ ბავშვების!!!
სწორედ ამ პერიოდში საქართველოს შიდა ტერიტორიაზე ასობით ათასი ბავშვი გასხვისდა, უკვე 2000-იანებში კი ქართველი „ბავშვების ბაზარი“ გასცდა საქართველოს ფარგლებს და ქართველი ბავშვები უკვე იყიდებოდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში.
ალბათ მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება მშობელმა შვილი გაყიდოსო? თუმცა ასეთი შემთხვევები რეალურად თითზე ჩამოსათვლელია, რადგანაც უმეტესწილად ბავშვები უკვე დაბადებამდე იყვნენ გაყიდულები, ყველაფერი კი ექიმსა და მყიდველს შორის თანხმდებოდა. რაც შეეხება მშობელს, მას ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი დაიბადა ჯანმრთელობის პრობლემებით და გარდაიცვალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ბავშვის არც ნახვის საშუალებას აძლევდნენ და მით უფრო არც მათი დაკრძალვის. სამშობიაროების ექიმების განცხადებით, ისინი გარდაცვლილ ჩვილებს სამშობიაროს კუთვნილ სასაფლაოზე კრძალავდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა გარდაცვლილი ჩვილის ცხედრის ნახვას, ყოველთვის ჰყავდათ მორგში რამდენიმე გარდაცვლილი ჩვილი, რომელსაც აჩვენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს მათი შვილი იყო.
წლების შემდგომ, როდესაც ქვეყანაში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, მათ, ვინც გაიგო, რომ გაშვილებულები იყვნენ და ბიოლოგიური მშობლების ნაცვლად იზრდებოდნენ ადამიანებთან, რომლებიც მათი გამზრდელი მშობლები იყვნენ, დაიწყეს ბიოლოგიური მშობლების მოძიება. ერთ-ერთი ასეთი იყო ჟურნალისტი თამუნა მუსერიძეც, რომელმაც თავისი ბიოლოგიური მშობლების ძებნის პარალელურად შექმნა ჯგუფი „ვეძებ“, სადაც გაერთიანდნენ ის ადამიანები და მათი ახლობლები, რომლებიც ეძებდნენ თავიანთ გაშვილებულ შვილებს ან შვილები _ ბიოლოგიურ მშობლებს. ჯგუფში ამჟამად 260 600 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული.
ჩვენი სტატიის მთავარი გმირი, თამარ ლაბაძე, ფიქრობს, რომ ის ერთ-ერთია იმ ასობით ათას დედას შორის, რომელსაც შვილი გაუყიდეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია თამარ ლაბაძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოგვაწოდა.
კორკოტაძის მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ თამარ ლაბაძის შვილების საქმეში საკმაოდ ბევრი შეუსაბამობაა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ გახმაურებულ ფაქტებს, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხანია ცნობილი გახდა ჯგუფ „ვეძების“ მეშვეობით.
ნათია კორკოტაძე, თამარ ლაბაძის ადვოკატი:
_ ქალბატონო ნათია, რა ტიპის ინფორმაციის შეგროვება მოხერხდა აღნიშნული საქმის შესახებ?
_ თამარ ლაბაძემ, რომელიც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში დავით ჯუმბერის ძე ყიფშიძესთან, გააჩინა სამი ბავშვი: 1986 წლის 9 სექტემბერს _ ნანა გიორგის ასული ლაბაძე, 1988 წლის 12 მარტს _ თეონა დავითის ასული ყიფშიძე და 1990 წლის 12 ივნისს _ დავით დავითის ძე ყიფშიძე.
აქედან ორი დაიბადა ქუთაისის #1 სამშობიაროში და ერთი თბილისში _ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო-კვლევით ინსტიტუტში. სამივე შვილი გააჩინა საკეისრო კვეთით.
ჩემ მიერ თამარ ლაბაძის სამი ჩვილი ბავშვის მოპარვის ფაქტის შესახებ შეგროვდა შესაბამისი საარქივო საბუთები მისი მშობიარობის რიგითობის, ბავშვების დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების შესახებ.
სამივე შემთხვევაში, დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მშობლებს გამოუცხადეს, რომ ბავშვები დაიღუპნენ, ვინაიდან მათ ვითომდა ჰქონდათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო თანდაყოლილი დაავადებები.
პირველი შვილის დაბადების შემდგომ ქუთაისის პირველ სამშობიაროში მშობლებს დააწერინეს ხელწერილი ბავშვის გაყვანაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან გინეკოლოგმა ზურაბ მურღულიამ, რომელიც იყო და დღესაც არის თამარ ლაბაძის ყოფილი მეუღლის, დავით ყიფშიძის მეზობელი ქუთაისში, უთხრა მათ, რომ თითქოსდა ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი ზურგის ტვინის მწვავე შეშუპება და ურჩია მათ მშობლებს, არ გაეყვანათ ბავშვი, რადგან ის იქნებოდა ურთულესი მოსავლელი და დაიტანჯებოდნენ. იმდენად დიდი იყო თამარისა და მისი მეუღლის ნდობა გინეკოლოგ ზურაბ მურღულიას მიმართ, რომ არც მათ და არც ნათესავებს ბავშვი არ უნახავთ, ტექსტიც არ წაუკითხავთ, ისე მოაწერინეს ხელი რაღაც ფურცელზე.
მშობიარობიდან მე-7 დღეს თამარ ლაბაძეს გამოუცხადეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. მისთვის არ მიუციათ გარდაცვალების მოწმობა და არც მიცვალებული გამოუტანებიათ.
რაც შეეხება მეორე შვილს, თეონა დავითის ასულ ყიფშიძეს, რომელიც დაიბადა 12.03.1988 წელს ქუთაისის პირველ სამშობიაროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობის თანახმად, იგი გარდაცვლილებში არ იძებნება.
მესამე ბავშვი, დავით დავითის ძე ყიფშიძე, დაიბადა 1990 წლის 12 ივნისს თბილისში, ჩაჩავას სახ. სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში. დაბადებიდან მე-5 დღეს კი უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა და წარმოუდგინეს 10-ფურცლიანი დასკვნა ჩვილის დაავადებების თაობაზე. ჩვილის ცხედარი ოჯახისთვის არ გამოუტანებიათ და არც გარდაცვალების მოწმობა მიუციათ.
_ ქალბატონო ნათია, რა იწვევს ეჭვს ამ ფაქტებიდან, რომლის საფუძველზეც გადაწყდა, რომ საქმე საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ?
_ ყველაზე დიდ ეჭვს ამ ისტორიაში იწვევს ის, რომ მშობიარობამდე შვიდი თვით ადრე, წინა ორი ბავშვის დაღუპვის გამო, შეშინებულმა დედამ გადაწყვიტა, წამოსულიყო თბილისში და აღრიცხვაზე დამდგარიყო „ჩაჩავას სახელობის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან“ არსებულ ქალთა კონსულტაციაში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული. 1990 წლის 4 ივნისს შევიდა სამშობიაროდ ჩაჩავას კლინიკაში, სადაც ასევე აკვირდებოდნენ და 12 ივნისს საკეისრო კვეთით გააჩინა ბიჭი. კარგად იყო ბავშვი მაშინაც, როცა დედას მიუყვანეს და მან ის ფანჯრიდან დაანახა ნათესავებს.
ჩვენ გამოვითხოვეთ თამარ ლაბაძის მიმართ შედგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე, გამოვითხოვეთ აღნიშნული დოკუმენტაცია ქუთაისის პირველი ქალთა კონსულტაციიდან, რაზედაც მივიღეთ პასუხი, რომ „აღნიშნული დაწესებულებების საარქივო დოკუმენტაცია სამინისტროს საუწყებო არქივში არ არის დაცული.
მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ არქივიდან გამოთხოვილ ნანა გიორგის ასულ ვაშაძისა და დავით დავითის ძე ყიფშიძის გარდაცვალების აქტებში არის მრავალჯერადი გადასწორება, ნანას გარდაცვალების მოწმობა აღებული აქვს ვინმე რევაზ ვალერიანის ძე კობერიძეს, რომელიც ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ცხოვრობს, აღნიშნული პიროვნება მუშაობდა ქუთაისის საგამოძიებო იზოლატორში.
დავით დავითის ძე ყიფშიძის გარდაცვალების მოწმობა აღებული აქვს ვინმე გორდელაძეს (სახელი არ იკითხება) თბილისის მაშინდელი კალინინის რაიონის მმაჩის განყოფილებაში გარდაცვალების დროდ მითითებულია 1990 წლის 19 ივნისი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს _ რეალურად დედას ბავშვის დაბადებიდან მე-5 დღეს გამოუცხადეს მისი გარდაცვალება (დავით ყიფშიძე დაიბადა 1990 წლის 12 ივნისს).
აღსანიშნავია ისიც, რომ დედას არცერთი ბავშვისთვის სახელი არ დაურქმევია და არცერთი მათგანის გარდაცვალების მოწმობა არ აუღია.
_ ქალბატონო ნათია, თუ გაქვთ ინფორმაცია, რას ამბობს თამარ ლაბაძის ყოფილი მეუღლე?
_ როგორც მამასთან (დავით ყიფშიძე) საუბარმა აჩვენა, ის, რომ ბავშვები ცოცხალია, მას არ სჯერა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არ უნახავს და არც დაუკრძალავს, ბავშვების დაბადების მოწმობები აიღო ისე, რომ თამარ ლაბაძესთან არც სახელები და არც გვარები არ შეუთანხმებია. მეტიც, თამარმა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებული საბუთების მოძიების შედეგად გაიგო მიმდინარე წლის მარტში, რომ მის შვილებზე გაცემულია დაბადების მოწმობები და ორი გარდაცვალების მოწმობა. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გაცემა მოხდა უცხო პირებზე, ხოლო მეორე ბავშვი გარდაცვლილებში საერთოდ არ იძებნება.
მისმა მეუღლემ ის საქმის კურსში არ ჩააყენა და ამ ტრაგედიებით გამოწვეული დეპრესიების შედეგად ისინი საბოლოოდ ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ.
საინტერესოა ის, რომ მამამ პირველ ბავშვს დაარქვა ნანა და არ მისცა მას საკუთარი სახელი და გვარი (საბუთებში იკითხება, რომ ნანას მამა არის ვინმე გიორგი ლაბაძე), მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა თამართან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მან ეს პირად საუბარში ახსნა იმით, რომ ოჯახს შერცხვა „ავადმყოფი ბავშვის შეძენა“ და ამით ერთგვარად შენიღბა მისი მამობა.
გარდაცვალების აქტის თანახმად, ნანა გიორგის ასული ყიფშიძე გარდაიცვალა 1986 წლის 16 სექტემბერს, მაშინ რანაირად გაიცა მასზე 1986 წლის 16 სექტემბერს დაბადების მოწმობა?
მეორე ბავშვს მამამ დაარქვა თეონა და რატომღაც მისი დაბადების მოწმობა აიღო არა ქალაქ ქუთაისში, სადაც ცხოვრობდნენ და იყვნენ დარეგისტრირებულები, არამედ ქალაქ ხონში. აღნიშნული მან ახსნა იმით, რომ ეს ბავშვიც იყო „ავადმყოფი“, ამის ძალიან შერცხვა ოჯახს და მამამისი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ხონის მილიციის განყოფილების უფროსად, დაეხმარა, ხონში აეღოთ დაბადების მოწმობა.
თამარ ლაბაძე ამტკიცებს, რომ მას ხუთი დღის შემდეგ აცნობეს თეონას გარდაცვალების შესახებ, ანუ 17 მარტს, დაბადების მოწმობა კი აღებულია 19 მარტს.
მესამე ბავშვის, დავით დავითის ძე ყიფშიძის გარდაცვალების თარიღად აქტში მითითებულია 19 ივნისი, 1990 წელი, ბავშვის დაბადების მოწმობა კი გაცემულია 1990 წლის 21 ივნისს.
აქაც ისმის კითხვა, _ ვის დასჭირდა ბავშვის დაბადების მოწმობა მისი ვითომდა „გარდაცვალების“ შემდეგ?
_ ქალბატონო ნათია, ხონის შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ, სამართლებრივად სწორად არის გაცემული დაბადების მოწმობა?
_ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოციალური სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხით ირკვევა, რომ, ვციტირებ: „მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ 09.03.1971 წლის #133 დადგენილების მე-11 მუხლის საფუძველზე, „თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაშინ ბავშვის დაბადების ადგილის გრაფაში მითითებული უნდა იქნას მშობლების საცხოვრებელი ადგილი“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არც თამარ ლაბაძე და არც დავით ყიფშიძე ხონში არ ცხოვრობდნენ და იქ დარეგისტრირებული არ იყვნენ. გამოდის, რომ დაბადების მოწმობა ქალაქ ხონში აღებულია კანონის დარღვევით.
„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა თამარ ლაბაძეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება და იქიდან ცდილობს იპოვოს თავისი დაკარგული შვილები:
_ ქალბატონო თამარ, როდის გაგიჩნდათ პირველად ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, თქვენი შვილებიც ისევე გაესხვისებინათ, როგორც სხვა შემთხვევაში გვსმენია?
_ როდესაც თამუნა მუსერიძემ აქტიურად დაიწყო ძებნა და ვისმენდი ამბებს, რომლებიც ძალიან ჰგავდა ჩემსას და რომ მივხდი, რომ ეს მხოლოდ მრ არ დამმართია და არ ვარ მარტო და არის ძალიან ბევრი დედა, რომელსაც ისევე ატყუებდნენ, როგორც მე, გამიჩნდა ეჭვი. მეორე მიზეზი იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც „წამაქეზა“, რომ იქნება ცოცხლები არიან შენი შვილებიო და როგორც ყველა მოტყუებულ დედას, მეც მინდოდა ჩემი შვილების მოძებნა და სიმართლის გარკვევა. ამის შემდგომ საბუთები გამოვითხოვეთ.
_ ქალბატონო თამარ, თქვენს შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გაქვთ რეზუს უარყოფითი სისხლი, რაც შესაძლოა დასახელებულიყო მიზეზად იმისა, რომ ბავშვები არ დაიბადნენ ჯანმრთელები. თუ გითხრეს რომელიმე მშობიარობის შესახებ, რომ რაღაც არ ვითარდებოდა ისე, როგორც წესია და ელოდით თუ არა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო გართულებები?
_ დავიწყებ იქიდან, რომ პირველ ფეხმძიმობაზეც და მეორეზეც მიმტკიცებდნენ, რომ მაქვს უარყოფითი რეზუსი, სინამდვილეში კი არ მაქვს თურმე უარყოფითი რეზუსი. მესამე მშობიარობის დროს მითხრეს, რომ უარყოფითი რეზუსი არ გაქვთ და დადებითი გაქვთ, ამ დროს კი პირველ და მეორე ოპერაციაზე (იგულისხმება საკეისრო კვეთა) დედაჩემის უარყოფით სისხლს მისხამდნენ. რომ იტყვიან, ბეწვზე ვარ გადარჩენილი სიკვდილს. ალბათ იმან მიშველა, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ჯანმრთელი. იმის გარდა, რომ თბილისშიც მითხრეს ეს, აქაც გავიკეთე ანალიზი და მაქვს საბუთი, რომ დადებითი რეზუსის მატარებელი ვარ, თუმცა ახლა უკვე საქმე ხანდაზმულია და იმ ექიმებს პასუხს არავინ მოსთხოვს.
რაც შეეხება იმას, ვიყავი თუ არა გაფრთხილებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, არა. დავდიოდი ექოსკოპიაზე, ანალიზებზე და ნუთუ ასეთ მძიმე დღეში იყო 1986 წელს საქართველოში მედიცინა, რომ ბავშვის ხერხემალზე თიაქარი ვერ დაინახა ექოსკოპიამ? იმის გამო, რომ შემდგომში მითხრეს, ბავშვი ჯდომით არისო, გამიკეთდა საკეისრო კვეთა და შედეგი რა? ერთი კვირის შემდგომ მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
მაშინ 19 წლის ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა, მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ველოდებოდი, რომ გამოვიდოდი და ბავშვი მეყოლებოდა და დედა გავხდებოდი. უცებ შემოდის ექიმი, რომელიც მეუბნება, რომ ბავშვი დაიბადა ხერხემლის თიაქრით და ოპერაცია რომც გავუკეთოთ, შეიძლება ვერ გადარჩეს და რომც გადარჩეს, იქნება ინვალიდი, თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჯობია, რომ ბავშვი დატოვოთ და მომავალზე იფიქროთო, შემდგომ ჯანმრთელი ბავშვი გეყოლებათო. ნარკოზიდან გამოსულიც არ ვიყავი ნორმალურად, რომ მომაწერინეს ფურცელზე ხელი, რომელთაც ბავშვზე უარს ვამბობდი. როდესაც გამოვედი ნარკოზიდან, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა ჩავიდინე. თუნდაც ავადმყოფი ყოფილიყო ბავშვი, როგორ უნდა დამეტოვებინა ის საავადმყოფოში ისე, რომ არც მენახა, დავიწყე რეკვა საავადმყოფოში, მაგრამ მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და არ იყო ცოცხალი.
რაც შეეხება მეორე ბავშვს, ერთადერთი გაფრთხილებული ვიყავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უნდა დავფეხმძიმებულიყავი, თუმცა დავფეხმძიმდი და გადავწყვიტე, ბავშვი გამეჩინა, ძალიან მინდოდა, შვილი მყოლოდა. ორი წლის თავზე, მარტში (1988 წელი) 8 თვის ფეხმძიმეს გამიკეთეს საკეისრო კვეთა, რადგანაც მითხრეს, რომ წინ საკეისროს ნაკერები იყო გახსნილი. ოპერაციის შემდგომ რომ გავახილე თვალი, რაზედაც ვფიქრობდი, იყო ის, რომ ბავშვი მენახა და არ დამეშვა ის შეცდომა, რაც მანამდე გავაკეთე. ოთახში არავინ იყო და კედლებს გავყევი, შემდგომ ექთნის დახმარებით მივედით ბლოკთან, სადაც ბავშვები იყვნენ განთავსებული. ვნახე ჩემი შვილი, ინკუბატორში იყო და რომ ვიკითხე, როგორ არის ბავშვი, ხომ არის ჯანმრთელი-მეთქი, მითხრეს, რომ კი, ჯანმრთელი არისო. არავის უთქვამს, რომ ის ავად იყო, უბრალოდ, მეუბნებოდნენ, რომ 8-თვიანია და უნდა იყოს იქ, სადაც არის. როდესაც მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვარჩევდით სახელებს, მეშვიდე დღეს რომ უნდა წავიყვანო ბავშვი სახლში, მეუბნებიან, ბავშვი გარდაიცვალა და მომცეს დასკვნა, სადაც, სულ მცირე, ათი ფურცელი იქნებოდა, იმდენი რამე იყო ჩამოთვლილი, წარმოუდგენელია, ეს ადამიანს აწუხებდეს. თუმცა ჩემი ყოფილი მეუღლის თქმით, როგორც ჩემს მეგობარს უთხრა, განუცხადეს, რომ ბავშვი იყო ავად, თუმცა ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ.
როდესაც გავიგე, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი, მაშინვე წავედი თბილისში თავის დაზღვევის, თავდაცვის მიზნით, იმ ამბების შემდგომ, რაც ქუთაისში გადამხდა. მეგონა, აქ მაინც მიხვდებიან რამეს-მეთქი და ჩაჩავაში დავდიოდი კონსულტაციებზე. ამჯერადაც გამიკეთდა საკეისრო კვეთა და მითხრეს, ახლაც ხუთი დღის შემდეგ, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
_ გარდაცვალებისა და დაბადების მოწმობებია ძალიან საინტერესო ყველა შემთხვევაში. საკმაოდ დიდია ცდომილება თარიღებში და ეს ცნობები აღებული აქვსთ უცნობ ადამიანებს.
_ პირველ შემთხვევაშიც და მესამე შემთხვევაშიც ის პირები, რომლებმაც აიღეს ჩემი შვილის გარდაცვალების მოწმობა, ჩემთვის უცნობია. ერთადერთი რაც ვიცი და შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ იმ პერიოდში ჩემი მეუღლეც მუშაობდა ციხეში და გავიგე, რომ ეს კაცი იქ მუშაობდა (საუბარია პირველ შემთხვევაზე). წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ არსებობდა ბავშვების დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები. მეორე შემთხვევაში ჩემმა მამამთილმა და მეუღლემ ხონში აიღეს დაბადების მოწმობა და ჩემამდე არ დადის, თუ რა საჭირო იყო ეს. როგორც ამბობდნენ, მიზეზი იყო ის, რომ ბავშვები იბადებოდნენ ავადმყოფები და არ უნდოდათ სახელის გატეხა. პირველი შვლის დაბადების მოწმობის შემთხვევაში მამის გრაფაში საერთოდ სხვა, მოგონილი ადამიანის სახელი და გვარი წერია (გიორგი ლაბაძე), მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ხელი გვქონდა მოწერილი.
_ ბავშვების ცხედრების დაკრძალვის შესახებ თქვენც იგივე გითხრეს, რასაც ყველას ეუბნებოდნენ, რომ თავად დაკრძალავდნენ?
_ დიახ, მეც იგივე მითხრეს.
_ დნმ-ის ტესტი თუ გაქვთ გაკეთებული?
_ კი, როგორც კი დავიწყეთ ძებნა, გავიკეთე დნმ-ის ტესტი, თუმცა ჯერჯერობით ვერავინ ვიპოვე.
ქალბატონი თამარის ისტორია არის იდენტური ყველა იმ ისტორიისა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გაცხადდა: სადაც ფიგურირებს ავადმყოფი ბავშვები, სამშობიაროს ეზოში არსებული, მოგონილი საავადმყოფო და უგზო-უკვლოდ გამქრალი ჩვილები, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ თამარ ლაბაძის შვილები ცოცხლები არიან, თუმცა ისინი სამშობიაროდან გაყიდეს და სხვა ოჯახში იზრდებიან.
„ქრონიკა+“ შეეცადა დაკავშირებოდა აღნიშნული ისტორიის სხვა მონაწილეებსაც, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი ინფორმაციით, თამარ ლაბაძის ყოფილ მეუღლეს, დავით ყიფშიძეს, ამაზე საუბარი არ სურს. რაც შეეხება ექიმს და იმ პირს, რომელმაც არქივიდან გამოთხოვილი საბუთების მიხედვით, თამარ ლაბაძის პირველი ბავშვის გარდაცვალება აიღო, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
დაკარგული ბავშვების მოძებნის ყველაზე კარგი საშუალება დნმ ტესტის ჩაბარებაა, თუმცა, ე. წ. მონაცემების ბაზა არის ამერიკაში და ალბათობა იმისა, რომ შენს რომელიმე შვილს ჰქონდეს ეს ტესტი ჩაბარებული და მისი მონაცემები იყოს ბაზაში, არც თუ ისე დიდია. თუმცა ცნობილი ხდება, რომ მალე საქართველოშიც იქნება დნმ-ის ბაზა, რომლის შესახებაც პარლამენტმაც იმსჯელა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, ამ შემთხვევაში კი დაკარგულ შვილებს, მშობლების, მშობლებს კი შვილების პოვნა უფრო გაუადვილდებათ.
ისტორია, რომელიც ამ მასალაშია, აღწერილი, განმტკიცებულია შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც თან ერთვის სტატიას.
თუ ვინმეს გეცნობათ ამ სამი ისტორიიდან რომელიმე და გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია, დაგვიკავშირდით გაზეთის ბოლოს მითითებულ ნომრებზე. ვინაობის დაფარვის სურვილის შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო ანონიმურად დარჩება.