ციხიდან განთავისუფლებული ცნობილი ქართველი ექიმის საქმეს სტრასბურგი განიხილავს!
2020 წლის 24 იანვარს ქუთაისის #2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე დატოვა. მას 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებოდნენ. ცნობილმა ექიმმა სასჯელის მოხდა არჩია ბრალის აღიარებას, რომელიც მას არ ჩაუდენია. იგი დღეს სტრასბურგის სასამართლოში.
აგრძელებს ბრძოლას.
თავის დროზე, აღნიშნულ საქმეს „ქრონიკა+“-მა რამდენიმე პუბლიკაცია და ჟურნალისტური გამოძიებაც მიუძღვნა. ირაკლი მერკვილაძე 2017 წლის 27 იანვარს დააკავეს. ვიოლეტა მატინოვამ საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძის კლინიკაში 2013 წელს გაიკეთა, სახლში გაწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი გარდაიცვალა. გამოძიება 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის ოჯახმა მომხდარში კლინიკის მთავარი ექიმი დაადანაშაულა. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მატინოვა კლინიკიდან გაწერის შემდეგ არასათანადო პირობებში იმყოფებოდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ფატალურად დასრულდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების მიუხედავად, ირაკლი მერკვილაძე სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას აგრძელებს. საკმაოდ საინტერესო ამბებს ჰყვება იგი „ქრონიკა+“-სთან მოსამართლეებზე, პროკურატურის მანკიერ სისტემაზე, საკონსტიტუციო დარღვევებზე.
ირაკლი მერკვილაძე:
_ 2 წელი სრულიად უკანონოდ ვიმყოფებოდი ციხეში, რასაც აუცილებლად დავამტკიცებ. ჩათვალეთ, რომ ბრძოლას ახლა ვიწყებ და მაგალითს მივცემ ყველა ექიმს, როგორ არ უნდა შეეგუონ უსამართლობას. 24 იანვარს გამოვედი თავისუფლებაზე, დადგენილ ვადაზე ორი დღით ადრე, ისიც იმიტომ, რომ შაბათ-კვირა ემთხვეოდა. თავიდან ბოლომდე მომახდევინეს სასჯელი. არადა, 8 თვის შემდეგ ვექვემდებარებოდი ვადამდე გამოშვებას, ე. წ. სამაჯურით შიდა პატიმრობას. კომისიამ უარი მითხრა ამაზე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ნახევარი სასჯელი მოვიხადე, კანონმდებლობით მაშინაც მეკუთვნოდა, მაგრამ ისევ უარი მივიღე. სულ 7-ჯერ მითხრეს უარი პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. მიზეზი იყო ის, რომ წაყენებულ ბრალს არ ვაღიარებდი და არ „ვუპრავებდი“ უსამართლობას. ყველაფერს ის საბჭო წყვეტდა, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. არადა, ციხეში ხომ ვიჯექი, კარგად ვხედავდი, როგორ აწყობდნენ საქმეებს. ერთი პატიმარი ამბობდა, რომ მე მდინარაძემ უნდა ჩამიწყოს საქმეო და მართლაც გადიოდა გარეთ. თუმცა განსხვავება ის გახლდათ, რომ ისინი აღიარებდნენ..
_ რომ გეღიარებინათ, თქვენც გახვიდოდით?
_ რაც არ ჩამიდენია, როგორ მეღიარებინა? 2 წელი კი არა, 20 წელი ვიჯდებოდი ამისთვის. პროკურატურა პირდაპირ მეუბნებოდა, თქვენი დამოკიდებულება საკუთარი დანაშაულის მიმართ არ მოგვწონსო. გესმით?!
_ რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ციხიდან გამოსვლის შემდეგ?
_ პირველ რიგში, ჩემს მფლობელობაში მყოფი კლინიკის მართვას დავუბრუნდი. სანამ ციხეში ვიჯექი, იქ პრობლემები შეიქმნა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუ გარკვეული რაოდენობა ვერ შეასრულა კლინიკამ, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსებიდან გთიშავს. მე რომ გამოვედი, გეგმა პირველ აპრილამდე უნდა შეგვესრულებინა და რაღაც ორი თვე რჩებოდა. თუ მშობიარობა 60 იყო, 80-90 უნდა გვქონოდა. გამოვედი და გადავლახეთ ეს ზღვარი. არა მგონია, ვცდებოდე, მაგრამ ერთადერთი სამშობიარო ვართ რეგიონში, სადაც მშობიარეთა რაოდენობა იმატებს, მაშინ როდესაც ყველგან იკლებს. ჩემი გამომძიებელი, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა ციხეში ჩემს ჩასასმელად, ორჯერვე ჩემი ნაკეისრალია და მისი ოჯახი მლოცავდა. არა უშავს, მართალ კაცს მადლი არ დაეკარგება. ჩემი კლინიკა მთელი დატვირთვით მუშაობს მაშინ, როცა ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში 40%-ით შემცირდა ქორწინება, რაც თავისთავად შობადობაზეც აისახება. 2019 წელს, მაგალითად, 3700-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა.
_ ჩვენს გამოცემასთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ სასჯელი კი მოიხადეთ, მაგრამ სასამართლო დავა გრძელდება. ეს როგორ?
_ ხონელიძეს დაქირავებული ჰყავს ადვოკატები, რომელთაც ჩემ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმე აღაძვრევინა. მოითხოვეს, რომ ირაკლი მერკვილაძემ აუნაზღაუროს დაზარალებულს მორალური ზიანი 200 000 ლარის ოდენობით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ საწყალი გოგოს დაღუპვიდან 6 თვის თავზე ჩემზე ფინანსური შეტევა გადაწყვიტეს. არ არის მათთვის საკმარისი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაქსიმალური ვადა მოვიხადე. ბევრი ექიმი ამას ვერ გაუძლებს ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად. არა უშავს! ჩემი ნერვული სისტემა ყველაფერს გაუძლებს. ციხეში უსტარი მომივიდა, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სამოქალაქო საქმე.
_ 200 000 ლარი რაში უნდა გადაიხადოთ?
_ ვითომ დედა რომ დაეღუპა ამ ბავშვს, ბებიამ რამდენიმე დღეში აუყვანა ძიძა და მას თვეში უხდიდა 900 ლარს. არ დაგავიწყდეთ, ამ ოჯახს ძალიან უჭირს და მაგიტომ დაიღუპა ეს გოგო. ჩემს ადვოკატებთან ერთად დავიწყე გამოძიება და გავარკვიე, რომ ბავშვის ე. წ. ძიძა პარალელურად მუშაობდა თბილისში დამლაგებლად. კიდევ ის გავარკვიეთ, რომ გასამართლებულია თაღლითობის გამო. მივმართეთ ასევე საგადასახადოს _ ამ ხნის განმავლობაში თუ დაზარალებულის ოჯახს ძიძისთვის მოუწია 56 ათასი ლარის გადახდა, 20% სახელმწიფოსთვის ხომ უნდა გადაეხადა? საგადასახადოში არავითარი თანხა არ არის გადახდილი. არადა, მათი განცხადებით ძიძასთან ხელშეკრულება 2013 წელს შედგა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართე, რათა დამედგინა, იყო თუ არა ეს საბუთი შედგენილი 5 წლით ადრე და არა _ ერთი წლის წინ. სამხარაულმა მითხრა, ჩვენ მაგას ვერ დავადგენთო. ამის შემდეგ მოთხოვნა გავაგზავნე საფრანგეთში, სადაც უკვე დედანი მომთხოვეს. დედანს არ მაძლევენ. სასამართლო შეწყვეტილია და ერთი წელია, აღარ მიმდინარეობს.
_ დედნის არმოცემის მიზეზად რას ასახელებენ?
_ ჯერ ამბობენ, არის დედანი, მერე _ არ არისო. ვეუბნები, მომეცით და მე გავარკვევ, არის თუ არ არის-მეთქი.
_ ხონელიძესთან დავა როგორ დასრულდა?
_ ხონელიძის კლინიკაში 10%-ს ვფლობდი და 600 000 ლარი ზედმეტი მიითვისა. ციხეში ვიყავი და იქიდან ვედავებოდი. პირდაპირ განვუცხადე, რომ ჩემს 10%-ს არ მოგაპარინებ-მეთქი. პარალელურად, ხონელიძესთან ბუღალტრად ვინც დარჩა, იმას ჰქონდა ჩემს კლინიკაში 10%. ესენი გავცვალეთ, ანუ იმის 10% ჩემთან გადმოვიტანე და აქ არსებული 10% ბუღალტერმა წაიღო. ხონელიძემ ასევე ჩემს სამშობიაროში მიწის ნაკვეთი მომყიდა ოფიციალურად. ეს სამი პირობა შეასრულა ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში.
_ როგორ დამთავრდა გაყალბებული დოკუმენტის თემა, რომელსაც პროკურატურა გედავებოდათ?
_ ყველამ იცის, რომ ვერ გამტეხეს. ექიმების განწყობა იციან ჩემ მიმართ _ მთელმა საქართველომ თუ არა, იმერეთმა და ქუთაისმა მაინც. იმდენად უზნეოები არიან, რომ პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ ხმა გაავრცელა, რომ იმის გამო კი არ ზის ირაკლი მერკვილაძე ციხეში, რომ პაციენტს არასწორი დახმარება აღმოუჩინა, არამედ იმიტომ, რომ დოკუმენტი გააყალბაო. არადა, როდესაც ეს გოგო შემოვიდა 23 იანვარს კლინიკაში, ხელი მოაწერა, რომ თანახმა იყო მკურნალობაზე. ქმარმა მერე განაცხადა, ეს ჩემი მეუღლის ხელმოწერა არ არისო. პროკურატურამ დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაში გააგზავნა, საიდანაც მოუვიდათ პასუხი, რომ მასალა იმდენად მცრეა, ამას ვერ დავადგენთო. ამის შემდეგ პროკურატურამ გადააგზავნა სამხარაულში, საიდაც იგივე პასუხი მოუვიდათ, _ ვერ დავადგენთ მასალის სიმცირის გამოო. უკან შეუბრუნეს სამხარაულს ეს დოკუმენტი, გინდათ თუ არა, უნდა დაადგინოთო. ექსპერტიზამ დაუდასტურა, ამ გოგოს ხელმოწერა არ არისო. გამობრუნდნენ და 7 ადამიანი ვინც ვიყავით, ჩემი მეუღლის ჩათვლით, რომელიც მეანგინეკოლოგია, ასევე მე, თერაპევტი, ექთანი, რეგისტრატურა შეგვამოწმეს და არც ერთი ჩვენგანის ხელმოწერა არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ უკვე მე მოვითხოვე, გარდაცვლილი პაციენტის ქმარი, მაზლი, რძალი შეემოწმებინათ ხელმოწერაზე, რაზედაც მივიღე პასუხი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. მოგვიანებით, როდესაც აპელაციაზე მოვიკითხე, როგორ არის ხელმოწერის საკითხი-მეთქი? იგივე პასუხი მივიღე, _ თქვენ ეგ არ გეხებათო. სტრასბურგში რომ ვაგზავნიდი სარჩელს, მაშინაც ვეცადე მოძიებას, მაგრამ შედეგი იგივე. ანუ მე არ მეხება, მაგრამ გაავრცელეს ხმა, რომ ირაკლი მერკვილაძე გაყალბებული საბუთის გამო ჩაჯდა.
ჩემი საქმე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს სისტემა. საკანში პატიმრებსაც ვეუბნებოდი, რომ დააშავე, მოიპარე, წადი და აღიარე, გახვალ მალე! უნდა აღიარო ვაჟკაცურად, თუ მართლა რამე დააშავე.
_ სტრასბურგიდან რა პასუხი მოგივიდათ?
_ ეს ერთადერთი გამოსავალი დამიტოვეს. სტარსბურგმა ჩემი სარჩელი მიიღო და მომწერა, რომ ყველა ახალი გარემოება მათთვის შეგვეტყობინებინა. ძალიან საინტერესოდ ვითარდება დღეს მოვლენები. ციხეში ჩემი ყოფნის დროს ჩემი საქმე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შევიდა. მან მომწერა, რომ არაკონსტიტუციური იყო ჩემთვის მოსამართლის გამოცვლის შემდეგ წარმოებული საქმე. კერძოდ, ჩემი საქმის 90% განიხილა ერთმა მოსამართლემ მტკიცებულებებით, დაკითხვებით, ოქმებით და ა. შ. მერე შემიცვალეს მოსამართლე. არაკონსტიტუციური კი გახლდათ ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, _ ახალმა მოსამართლემ თავიდან უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. თუ თვითონ არ გამოიკვლია ეს მტკიცებულებები, მაშინ არ აქვს უფლება, გამოიყვანოს გამამტყუნებელი განაჩენი. როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. იმ დროს, როდესაც სასამართლო პროცესი ახლიდან უნდა დაწყებულიყო, იგივე სარჩელი შევიტანე სტრასბურგში და სტრასბურგმა მომწერა, დიახ _ არაკონსტიტუციურიაო. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლა მაქვს გადასატანი, მაგრამ ძლიერი ვარ, რადგან სიმართლე ჩემს მხარესაა.
თამარ როსტიაშვილი