ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოსწავლეს სცემა, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

გიგა გელხვიიძე

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 10 სექტემბერს ცეკვის მასწავლებელ მერაბ დოლიძის მიერ 12 წლის მოსწავლის (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ცემის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები იკვეთება.

„ქრონიკა+“-ს ნაცემი მოსწავლის მამიდა, მერი მელაძე დაუკავშირდა, რომელმაც იმაზე მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა, ვიდრე ცნობილი იყო.

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში, რომელიც თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაასაჯაროვეს, კარგად ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად მცირეწლოვან ბავშვს მერაბ დოლიძე, თუმცა მერი მელაძის მონათხრობით ირკვევა, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა დოლიძის მხრიდან მოსწავლის ცემის ფაქტზე. მეტიც, მერი მელაძე „ქრონიკა+“-თან იხსენებს, რომ როდესაც მისი ძმისშვილის ცემის ფაქტის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მივიდა, მერაბ დოლიძემ მის მიმართაც სცადა ძალის გამოყენება და ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც რამდენიმე ადამიანი შეესწრო:

_ ქალბატონო მერი, როდის გახდა თქვენთვის ცნობილი მერაბ დოლიძის მიერ ბავშვის ცემის შესახებ?

_ ნახავდით, ალბათ, კადრებს, მშობლებს წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ 65 წლის კაცი ასე გაუსწორდებოდა 12 წლის ბავშვს. როდესაც ბავშვი მოვიდა სახლში, ჰქონდა საშინელი თავის ტკივილები და ტიროდა. თქვა, რომ მასწავლებელი სასტიკად გაუსწორდა და ა. შ. დედამისმა მთხოვა, რომ წავყოლოდი მასწავლებელთან და გაგვერკვია, რა მოხდა. ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო ბავშვი თავადაც აზვიადებდა რამეს.

_ გქონდათ ამ ყველაფრის შემდგომ რაიმე სახის კონტაქტი დოლიძესთან?

_ ამ დღეს დავურეკე თავად მერაბს და ვკითხე, რა დააშავა ასეთი, რომ ბავშვი ასე სასტიკად გიცემია?! ბავშვმა მითხრა ყველაფერი-მეთქი. რამდენჯერ გთხოვეთ თქვენც და ხათუნასაც (მისი მეუღლე), რომ ბავშვს ნუ ურტყამთ-მეთქი! მერაბმა ყველაფერი უარყო და მითხრა: მერი, რა სისულელეა, თქვენს ძმასაც ვუთხარი ადრე (მაშინ თავში დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით ვიყავით მისული, ჩემმა ძმამ ძვირადღირებული სასმელიც მიართვა და სთხოვა, რომ ცემის ფაქტი არ განმეორებულიყო), მე როდის იყო, ბავშვს თავში ვურტყამდი და მით უფრო ასე სასტიკად? მე ბავშვს არანაირად არ გვალახავდიო ვუპასუხე, _ კარგი, ხვალ მოვალ და გავისაუბროთ-მეთქი. 

_ როგორი მდგომარეობა დაგხვდათ, როდესაც მიხვედით ადგილზე?

_ რატომღაც, ალბათ, ელოდა, რომ მარტო მივიდოდი და ჩვეულებრივად დასრულდებოდა ეს თემა მისი ტყუილებით, როგორც ადრე. მივედით მე და ჩემი რძალი. ჩემმა რძალმა კარზე დააკაკუნა მობოდიშებით და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა შესვლა. როცა შევედით და გაიგო, რომ იყო იმ ბავშვის მშობელი, რომელსაც მან სცემა და სურდა გასაუბრება მასწავლებელთან, მაშინვე მოსთხოვა ჩემს რძალს, რომ დარბაზი დაგვეტოვებინა, თან სასტიკი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა: თქვენი დეგენერატი და უზრდელი ბავშვის გამო მე გარეთ რატომ უნდა გამოვიდეო? ხომ გითხარით, რომ არ მცალიაო. მაშინ მე ვუთხარი, რომ გუშინდელი ამბიდან გამომდინარე, ხელი რომ დაგირტყამს ბავშვისთვის, თან გესაუბრეთ, როგორ შეგიძლია, რომ ამხელა ასაკის ქალს ასე შეურაცხმყოფლად მიმართო-მეთქი?! იქვე ვუთხარი, რომ ვაპირებდი მიმემართა დირექციისთვის და პოლიციისთვის და ასევე ვაპირებდი იმ კადრების ამოღებას, რომელიც ჰქონდა სავარაუდოდ დაფიქსირებული კამერებს. ამის შემდგომ ჩემკენ წამოვიდა, როგორც პატარა ბავშვისკენ, როგორც მათ (პატარებს) სცემდა, ალბათ უნდოდა, რომ მეც ისე გაველახე. ჩემი რძალი და სხვა ადამიანები რომ არ ჩამდგარიყვნენ შუაში, ალბათ, მეც ჩამარტყამდა თავში ხელს რამდენჯერმე. გავგიჟდი ამ ყველაფრისგან, _ რას აკეთებ, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ და საერთოდ, ბავშვებს როგორ ურტყამ-მეთქი?! ტელეფონი გამაგდებინა ხელიდან, რომელიც შემდგომ აღმოვაჩინე, რომ გატეხილი იყო. ავიღე ეს ტელეფონი და ვთქვი, რომ უკვე უნდა დავრეკო პოლიციაში, რომ მიიღონ ზომები, რადგანაც ჩვენ ვერაფერს გავხდებით-მეთქი. მისმა ცოლმა ძალით წამაგლიჯა  ტელეფონი ხელიდან, არ დარეკოო, რაზედაც ვუთხარი, რომ ტელეფონი დაებრუნებინა, თორემ მასაც ვუჩივლებდი. ძლივს დამიბრუნა.

_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ქალბატონი (მასწავლებლის მუღლე) არ მუშაობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში. რა მიზნით ესწრებოდა მეუღლის გაკვეთილებს?

_ არ მუშაობს, როგორც ამბობს, ეხმარება მეუღლეს ფინანსურ საკითხებში. მაგრამ ამ ინციდენტის შემდგომ ჩემთვის ცოტა ეჭვქვეშ დადგა მისი მეუღლის იქ ყოფნის საკითხი, რადგანაც, როდესაც ბავშვებს სცემდა, მისი მეუღლე იდგა შუაში, როგორც დავაკვირდი კადრებს.

_ არასოდეს გაგჩენიათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ იქ რაღაც ხდებოდა ან ხმა არ გამოსულა ამ დრომდე?

_ ამ ინციდენტამდე ოთხი დღით ადრე ჩემი მცირეწლოვანი შვილი მივიყვანე ცეკვაზე მასთან. სამი დღე ვესწრებოდი, რადგანაც ბავშვი არ რჩებოდა დამოუკიდებლად და იმ სამი დღის განმავლობაში ყველა ბავშვს ურტყამდა, ზოგს პულტი ურტყა თავში, ზოგს გაშლილი ხელი. ეს ყველაფერი მშობლებთან ვთქვი და გავაფრთხილე ისინი, რომ მე ჩემი უნდა გავიყვანო, მაგრამ თქვენ ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს-მეთქი, მაგრამ აი, ეს ადამიანი დადის და ამ მშობლებზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. აცოდებს თავს და ეუბნება: არ დამღუპოთ, მე მაინც გავდივარ ცეკვიდანო. არადა, ამ დროს დირექტორს უჩივლა, როგორ გამაგდე, რომ მხოლოდ ერთი ინციდენტი იყოო. არ ვიცი, პროკურატურა რატომ დუმს, რატომ არაფერს არ აკეთებს, 2000-ლარიანი გირაოთი როგორ უნდა გამოუშვან ადამიანი, რომელსაც ბავშვი ასე უმოწყალოდ ჰყავს ნაცემი და თან ვაფიქსირებ, რომ არაერთხელ ჰყავს ნაცემი! იქ ხომ არის რამდენიმე მოწმელ რომელიც ადასტურებს ამას. არა მხოლოდ ბიჭებს, გოგონებსაც სცემდა, მათ შორის, ჩემს გოგონაზეც აქვს დანარტყამი რეპეტიციის დროს. ეგონა, საუბრობდა და ჯოხი დაარტყა ბარძაყის არეზე, მეორეს კი (დიდი მარით მოიხსენიებს) ყური დაუტრიალა და ააგლიჯა ლამის. არ ვიცი, ამბობენ, რომ რადგანაც ასაკის მქონე ადამიანია, ამ ყველაფერს ითვალისწინებენ და უსვამენ ხაზს. თბილისში ახალგაზრდა ბავშვს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო სამი თუ ოთხ წელი რომ მიუსაჯეს, ის ბავშვი დამნაშავეა და ეს არ არის დამნაშავე?

_ რას ამბობენ სხვა მშობლები?

_ ასე ღიად ვერ საუბრობენ. ჩემთან რამდენიმემ დააფიქსირა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო და ვერც კი წარმოიდგენდნენ მსგავსს რამეს. ალბათ, ზოგიერთს არ სურს პოლიციასა და სასამართლოში სირბილი, თან ბავშვებიც არიან მისაყვანი. მინდა, ბოლომდე მივიდეს პროკურატურამდე და სასამართლომდე ჩვენი ხმა, რომ ვითხოვთ ამ ადამიანის დასჯას კანონის შესაბამისად, რომელსაც ის იმსახურებს. არ ყოფილა ეს პირველი შემთხვევა. ადამიანი, რომელიც ქალისკენ იწევა დასარტყმელად, როგორ წარმოგიდგენიათ, ის რას უზამს ბავშვს?! როცა აცხადებს, რომ ჩვენ მას მივუვარდით, არავის მივვარდნილვართ და ეს ყველაფერი კარგად ჩანს კამერებში. კარზე დავაკაკუნეთ, ჩვეულებრივ შევედით, ვთხოვეთ, რომ გამოსულიყო ხუთი წუთით. ზღვარს სცდება მისი საქციელი.

_ პროკურატურამ საქმის გამოძიება მას შემდგომ დაიწყო, რაც ფაქტი გახმაურდა, თუ თქვენი მიმართვის მერე?

_ ოჯახმა მივმართეთ. გავიგეთ, რომ სასამართლო ჩატარდა. როგორც ვიცი, ბატონი მერაბიც თანამშრომლობდა პოლიციასთან და ამის გამო მას შეუმსუბუქეს მდგომარეობა და გამოუშვეს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. ჩვენ ისევ აქტიურად ვართ ჩართულები ამ საკითხში. არ ვაპირებდი საქმის კიდევ უფრო გამწვავებას და იმის დაფიქსირებას, რომ მას ჰქონდა ჩემზე ძალადობის მცდელობა, მაგრამ ვინაიდან გირაო შეუფარდა სასამართლომ, ამის შემდგომ დიდ გულზე ადამიანმა იქით გვიჩივლა ჩვენ, რადგანაც იცის, რომ ათი დღის თუ ორი კვირის განმავლობაში ეს ვიდეოფირები ნადგურდება. ასე აქვს ნათქვამი, რომ ვერაფერს დამიმტკიცებთო, პირადად მე მითხრა ეს. ამ დროს კი თავად წამოვიდა ჩემზე დასარტყმელად. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალმა გაიწიოს საცემრად, რომელიც არის დაბალი ტანის, იმხელა კაცის მიმართ.

_ ვიდეოჩანაწერები, რომლებიდან ამოღებული კადრებიც გავრცელდა, ხომ არის ამოღებული სრულად და ხომ ინახება სამართალდამცველ უწყებაში?

_ პოლიციამ ამოიღო მხოლოდ კადრების ფრაგმენტი, როცა მათ შეეძლოთ მთელი ათი დღის ჩანაწერი ამოეღოთ და რეალურად არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ კამერებში ძალადობის სხვა ფაქტებიც დაფიქსირებულიყო.

ამასთან, ბოლო ფაქტს რაც ეხება, ბავშვის გალახვის რეალური საფუძველი იყო მერაბ დოლიძის მეგობრის შვილიშვილსა და ჩემს ძმისშვილს შორის არსებული „დაპირისპირება“’. ის დიდი ხანია დადის ცეკვაზე, ეს კი დამწყებია და დასცინოდა ბავშვს ილეთის გაკეთების გამო. მისი ჩემკენ გამოწევის კადრებიც არსებობს, მაგრამ მე ჯერჯერობით ეს არ მინახავს. მერაბ დოლიძე იტყუება, რომ თითქოს ჩემმა ძმისშვილმა ბავშვი დაუსისხლიანა და ძლივს გამოგლიჯა ხელიდან. ვიდეოში მისი გაშველების ფაქტი საერთოდ არ ჩანს. ბავშვი უკვე ზის, აყენებს და სცემს. ის ბავშვი კი, როგორც გავიგეთ, მისი მეგობრის შვილიშვილია. ასევე „ბათუმელების“ (მედია) ჯგუფში ჰყავს „შემოგზავნილი“ მისი ახლობლები, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ყველა მათგანს იმ ბავშვის დედა პასუხობს, რომ სიცრუეა („ქრონიკა+“-მა მოიპოვა აღნიშნულის დამადასტურებელი სქრინები, რომელიც ერთვის მასალას, _ რედ.).

_ თუ მიმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ბავშვთა უფლებებს ან მუშაობენ მსგავსი მიმართულებით?

_ მივმართეთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიციას. პირდაპირ გეტყვით, რომ მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა და არ ვიცოდი, ვისთვის უნდა მიმემართა. ბოლოს გავარკვიე და „საფარს“ მივმართე, ასევე ქალთა უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით იურისტს, რომელმაც დამაკვალიანა, თუმცა პირადად მე ადვოკატი არ ამიყვანია, რადგანაც არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ასეთი დაცვა მჭირდება. ეს ადამიანი დადის და ყველაზე ახდენს ზეწოლას, რომ არ მისცენ ჩვენება.

_ ხომ არ შეიძლება, რომ ამ ადამიანს ჰყავდეს ე. წ. ზურგი, რომლის იმედადაც არის მშვიდად ამ ამბავთან დაკავშირებით?

_ ვინმეს რომ ხელი დავადო, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ეყოლება, რადგანაც ერთ დროს აღიარებული ქორეოგრაფი იყო, ტელევიზიითაც ხშირად ჩნდებოდა და თავისთავად ჰყავს ვიღაცები, მაგრამ ჩემი ეჭვიდან გამომდინარე ვერავის დავასახელებ.

_ ბევრი საქმე გვინახავს, სადაც დაუსჯელი დარჩენილან მოძალადეები ან რაიმე სახის ბრალის შემსუბუქება მომხდარა მათ მიმართ. როგორია თქვენი მოლოდინი ამ საქმესთან დაკავშირებით?

_ ჩემი მოლოდინი შემდეგნაირია: როგორც ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში კანონი კანონობს. თუ ეს ასეა, მინდა, რომ ბოლომდე აღსრულდეს ის. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, ყველა ინსტანციაში, რადგანაც სამართლის აღსრულება გვინდა. თუმცა რეალურად ვერ ვხედავთ რაიმე სახის წინსვლას. პროკურატურაც უმოქმედოა. არ ვიცი, ვერ აკეთებს რამეს თუ არ აკეთებს, თუმცა ისე ჩანს, რომ საქმე წინ არ მიდის. როდესაც სულ არის საუბარი ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ქალთა უფლებების დაცვაზე და არცერთის უფლება არ არის დაცული, სამწუხარო რეალობაა. იქნებ, დაგვეხმარონ, იქნებ, პროკურატურაც, სასამართლოც დაგვიდგეს გვერდით, რომ აღსრულდეს კანონი საქართველოში. ჩვენ ხომ არ ვართ ვინმეზე გადაკიდებული, რომ მას არ დაუშავებია რაიმე და ვინმეს ვაბრალებთ. რეალურად ვამბობთ იმას, რაც იყო. ადამიანმა გალახა ბავშვი, ჩემი თვალით დავინახე, რომ ბავშვებს ურტყამდა. არაერთი სხვა ბავშვი აფიქსირებს ამას და ადამიანი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. რაც სწორია, ისე უნდა გაკეთდეს კანონის შესაბამისად.

***

სანამ თავად მერაბ დოლიძეს დავუკავშირდებოდით, „ქრონიკა+“ შეეცადა მოეძიებინა გარკვეული სახის ინფორმაცია. ჩვენი წყაროს მოწოდებული ცნობით, დოლიძე, გარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა, საიდანაც ის ზემოაღნიშნული ფაქტის მერე გაათავისუფლეს, მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქართული ცეკვების მოყვარულთა კლუბს ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ის ფაქტი, რომ დოლიძემ სასტიკად სცემა ცეკვის გაკვეთილზე 12 წლის მოზარდს, არაფერს ნიშნავს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერაბ დოლიძეს და შევეცადეთ მომხდარის შესახებ მისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო და ასევე მოგვესმინა მისი პირადი მოსაზრებაც, თუმცა დოლიძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გაგვაფრთხილა, რომ მისთვის მეტჯერ აღნიშნულ საქმეზე აღარ დაგვერეკა:

„ხომ დაიწერა ამაზე უკვე ყველაფერი და იყო აჟიოტაჟი. არაფერი მაქვს მეტი სათქმელი ამ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი გაიმართება 26 ნოემბერს და ყველა გაიგებს ყველაფერს ამ პროცესიდან. მეტჯერ აქ აღარ დარეკოთ“, _ განუცხადა მან „ქრონიკა+“-ს.

„ქრონიკა+“-ისთვის ასევე წყაროს ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მერაბ დოლიძეს ბრალი დაუმძიმდეს, რადგანაც სხვა მშობლებმაც განაცხადონ თავიანთი შვილების მისამართით დოლიძის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.

„ქრონიკა+“ აღნიშნული თემის შესახებ მუშაობას აგრძელებს და საქმის მსვლელობის მიხედვით მკითხველს ახალ მასალებს მიაწოდებს.