შოთა ბალარჯიშვილი: „მეც ერთ დღეს ასაფრენი ზოლიდან ცაში გავფრინდები“
მეეზოვე ბიჭი, რომელიც ტელეწამყვანად მუშაობაზე ოცნებობს
როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, ოცნებისთვის მებრძოლი 23 წლის ბიჭი დილის 06:00 საათზე დგება, ფორთოხლისფერ ფორმას ირგებს, ცოცხს იჭერს ხელში და ქალაქის დალაგებას იწყებს. ეს გზა მისი მომავლის გამკვალავია.
უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი არცთუ მცირეა. მან კი ეს თანხა თავად უნდა გამოიმუშაოს. სწორედ ამიტომაა, რომ დაუღალავი შრომით ცდილობს მთავარი ოცნების ასრულებას, _ ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებას, 15 წლიდან რომ ოცნებობს.
შოთა ბალარჯიშვილი სოფელ ქვემო ბოდბეში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. კითხვაზე, თუ რატომ და როდის შეუყვარდა ეს პროფესია, შოთა პასუხობს:
„დღემდე მახსოვს ის წუთი, საინფორმაციო გამოშვება რომ დაიწყო. თავიდან ბოლომდე ვუყურე, ძალიან მომეწონა და ამ ყველაფერთან ერთად, კონკრეტულად წამყვანის ამპლუასთან საკუთარ თავს ვაიგივებდი. გადაცემას ყოველდღე ვუყურებდი, მისი დამთავრების შემდეგ კი სარკესთან ვიდექი და ვცდილობდი, მეც ისე გამომსვლოდა ყველაფერი, როგორც წამყვანს. თავად ვიგონებდი ტექსტებს, შემდეგ უკვე რეალობაში გადავინაცვლე და სოფელში მომხდარი ამბების მოყოლა დავიწყე სარკის წინ“.
ამბობს, რომ სანამ დასუფთავების სამსახურში დასაქმდებოდა, მანამდე ბედი არაერთ სამსახურში სცადა, მცირე ხანს თითქმის ყველგან მუშაობდა, თუმცა იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ იქიდან აღებული თანხით ბინის ქირასაც ვერ იხდიდა, არათუ სწავლის საფასურს. შემდეგ დასუფთავების სამსახურს მიმართა და დიდი ხნის ლოდინიც დასჭირდა, რამდენიმე ადამიანიც შეაწუხა დამსაქმებლისთვის თავის შესახსენებლად. ბრძოლამ შედეგი გამოიღო და უკვე ერთი წელია, რაც დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. ამბობს, რომ ამ სამსახურში ხელმძღვანელებისა და რიგითი თანამშრომლების სახით ძალიან ბევრი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი შეიძინა.
ოცნებისთვის მებრძოლი 23 წლის ბიჭი იხსენებს სირთულეებს, რომელიც საოცნებო ტელეკომპანიაში მოხვედრის მცდელობას უკავშირდება: „ვცხოვრობდი სოფელ ქვემო ბოდბეში, თბილისთან არანაირი შეხება არ მქონდა. მე კიდევ ავიჩემე, რეიტინგულ და წამყვან ტელევიზიაში სტაჟიორად მუშაობა მინდა-მეთქი, ასეთი ტელევიზიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი საინფორმაციო ცენტრ 08-ში გავიგე. ერთი თვის მანძილზე ვრეკავდი, წამყვანებისა და სტუდიების დათვალიერება მინდოდა, მათ არ აინტერესებდათ, თუმცა ძალიან ბევრი ვიწვალე, არ გავჩერდი და მივედი იქ, სადაც ახლა ვარ!“ დღეს მართლაც მუშაობს სტაჟიორად იქ, სადაც ამდენ ხანს უნდოდა მოხვედრა.
დილის 07:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე უწევს სამსახურში ყოფნა, ამიტომ ძალიან უჭირს უნივერსიტეტის, საოცნებო და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამსახურების ერთმანეთთან შეთავსება, ახლაც, დამამთავრებელი კურსის ცხრილის მორგებას სამსახურზე ცდილობს. ხედავენ, თუ რამდენად აქტიური სტუდენტია თავისი ცხოვრების წესით და მაქსიმალურად ხელს უწყობენ სასწავლებელშიც.
ამბობს, რომ თავიდან სირთულეებიც ბევრი იყო: „მახსოვს, ვბრაზდებოდი, სოფელ დიღომს ვასუფთავებდი, უმრავი საქმე მქონდა მოსასწრები. ჩვევა მაქვს, მოსუფთავებულს რომ ვუყურებ, მსიამოვნებს. მუშაობის დროს დასუფთავებულ ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვი მესროლეს. ამაზე ძალიან გავბრაზდი, თუმცა უნდა გაჩუმდე, ვერაფერს ეტყვი. თავიდან პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, შემდეგ საჯარიმო სანქციების ამოქმედებამ დამაიმედა, თუმცა, ჩემი რწმენით, ამ ქვეყანაში სისუფთავეს რომ მივეჩვოთ, ამას თაობათა ცვლილება სჭირდება“.
გულშემატკივრების ნაკლებობას არ უჩივის, ბევრი ცდილობს, დაეხმაროს, რჩევა-დარიგება მაინც მისცეს. ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა. ეს ის ადამიანია, რომლის დარიგებასაც ყოველთვის ითვალისწინებს.
„დღემდე, როდესაც გულზე სევდა შემომაწვება, როცა ვიტყვი, „დავიღალე“, სარკის წინ ვდგები, ფურცლებს ვიჭერ, საინფორმაციო გამოშვების მუსიკას ვრთავ და ყველა ნიუანსის სრული დაცვით, ტექსტების კითხვას ვიწყებ. საკმარისია, 15 წუთის მანძილზე ასე ვივარჯიშო, რომ გუნება-განწყობა თავისით იწმინდება“.
რაცას 23 წლის ბიჭი ნანობს, უქმად გატარებული წუთებია. გული წყდება ბევრ რამეზე, განსაკუთრებით ადამიანებზე, რომლებიც მისი მოტივაციის შეფერხებას ცდილობენ. ერთხელ, ერთ ქალბატონს უთქვამს: „დღეს ისეთი მოტიკტიკე ახლაგაზრდები მოდიან, შენ ამ პირის აპარატით მიზანს ვერ მიაღწევო“.
„მთელ გულს, სულს ვდებ საქმეში და ირგვლივმყოფთაგან ყველაზე მეტად მაღიზინაებს დამოკიდებულება _ თუ მაღალ ეშელონებზე არავინ გყავს, არაფერი გამოვა. დღემდე არავინ მყოლია დამხარე, ყველას და ყველაფერს ჩემით ვეძებ, ადამიანებს ვაწუხებ. ჯერჯერობით, ყველაფერი გამომდის და დანებებას არ ვაპირებ“.
ფაქტობრივად, თავისუფალი დროის არმქონე ახალგაზრდა ოცნებებშიც კი მისთვის მისაბაძ წიგნის პერსონაჟებთან მოგზაურობს, ეს პერსონაჟი რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონია“. შოთა ფიქრობს, რომ ისიც თოლიაა, რომლისაც არ სჯეროდათ, უნდობლად უყურებდნენ ოჯახის წევრებიც კი. მან ბევრი იშრომა და არ გაჩერდა. იცხოვრა იმ პრინციპით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ის გაფრინდა დაუღალავი შრომით: „მეც ერთ დღეს „ასაფრენი ზოლიდან ცაში გავფრინდები“.
ნინო ტაბაღუა