შვილმოკლული მამები _ „ოცნების“ უსამართლობის სიმბოლო


„ოცნება“ სამართლიანობის სასაფლაოდ იქცა, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის საქმეებიც ნათელყოფს. არადა, ეს პოლიტიკური გუნდი პოლიტიკურ არენაზე ზუსტად სამართლიანობის აღდგენის, ქეისით გამოჩნდა და მაშინ ყველას ეგონა, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან წავიდოდა და „ოცნება“ აიღებდა მართვის სადავეებს, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებდა.

ისე, „ოცნების“ წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ სამართლიანობა ვერ აღადგინეს. ისინი ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი უკანონობა იყო ჩადენილი, რასაც გამოძიება სჭირდება და, შესაბამისად, სამართლიანობა ეტაპობრივად აღდგება. ეს, სხვა თუ არაფერი, ცინიზმია. ასევე ისიც ცინიზმია, რომ მთავარ პროკურატურაში ე. წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ის მოახერხა, რომ „ნაციონალების“ დროს წართმეული ავტომანქანები დაუბრუნა მფლობელებს.
ერთი შეხედვით, სამართლიანობის აღდგენა შესაძლოა, მართლაც, რთულია, მით უმეტეს, როცა დანაშაული წლების წინათ არის ჩადენილი და ერთგვარი ხანდაზმულობაც მოქმედებს, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ „ოცნება“ იმ უკანონობაზეც ხუჭავს თვალს, რაც ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ მოხდა და ამის ნათელი მაგალითები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეებია.
დიახ, ეს ორი საქმე, ანუ შვილმოკლული მამების სიმართლისთვის ბრძოლა „ოცნების“ უსამართლობის სიმბოლოა და ამის შესახებ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ ძალებთან ერთად, მახვილს სვამენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორებიც.
ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის მარტის პირველ ნახევარში გამოქვეყნდა.
19 წლის პანკისელი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი ანგარიშის იმ ნაწილშია, რომელიც პიროვნების ხელშეუხებლობის დაცვას, მათ შორის, სიცოცხლის თვითნებური მოსპობისგან მის დაცვას ეხება.
„წლის განმავლობაში იყო ერთი ბრალდება სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლების მიერ უკანონო მკვლელობის შესახებ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, მას უშიშროების ძალებმა ესროლეს.
მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ამტკიცებდა, რომ მკვლელობა უკანონო იყო.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმეზე დაწყებული გამოძიება ერთიანობის არარსებობის გამო გააკრიტიკეს“, _ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებულ ანგარიშში.
ამის მიუხედავად, „ოცნება“ თავზე ნაცარს იყრის და მაჩალიკაშვილის საქმის არათუ ობიექტური გამოძიების სურვილი აქვს, არამედ ცდილობს, ისე გამოიყვანოს, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია.
„მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის.
თქვენ ხან გოგაშვილის, ხან ვიღაცების გვარებს ამბობთ. ეს თქვენ დაადგინეთ?! მე ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაც დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ასე გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებსა და გვარებს.
ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად… დამიბარეთ და კითხვები შეიმუშავეთ…
თუ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისია შეიქმნება, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ, თუ იძიებთ“, _ ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში მისი მოღვაწეობის შვიდწლიანი ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წულუკიანი „ოცნების“ ხერხემალია, გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთელი ხელისუფლების პოზიცია გაახმოვანა, თუმცა ეს პოზიცია აქამდეც ნათელი და ცნობილი იყო.
წულუკიანის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ ამ განცხადებას თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გამოეხმაურა:
„თეა წულუკიანმა იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული?!
მან იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი?!
თეა წულუკიანმა იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე, მწოლიარე ბავშვი მომიკლეს?!
წულუკიანმა იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს?
თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი.
თეა წულუკიანს მე ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ!“
გასახსენებელი კი მალხაზ მაჩალიკაშვილს, ასევე ზაზა სარალიძესაც ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. უმრავლესობამ, რომელიც მაშინ, ჯერ კიდევ, საკონსტიტუციო იყო, ანუ ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძეს, გედევან ფოფხაძესა და კიდევ რამდენიმეს „ოცნების“ რიგები არ ჰქონდა დატოვებული, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას დუმილით შეხვდა.
ამიტომაც შვილმოკლულმა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პარლამენტის 150 წევრს განცხადებით მიმართა. უფრო კონკრეტულად, მაჩალიკაშვილმა 150-ივე დეპუტატს წერილობითი განცხადება სახელობითად გაუგზავნა.
„გამეცით პასუხი _ მძინარე მოკალით თუ ეღვიძა?
ამას ვითხოვ და ერთი წელიწადია, ყურები დაყრუებული აქვთ, სირაქლემის პოზიციაში არიან და პასუხს არ მცემენ.
იცით, რატომ არ მცემენ? იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხი; იმიტომ, რომ დღემდე ცდილობენ, საქართველოში ერთი ადამიანი მაინც ნახონ, რომ თემირლანზე უარყოფითი თქვან.
დღესაც ვერ უშოვიათ ის ერთი ადამიანი. დღესაც გრძელდება გამოძიება.
საწოლში მძინარე ბავშვი მოკლეს, შემდეგ გამოძიება დაიწყეს, ტერორისტად გამოაცხადეს. რატომ გამოაცხადეს ტერორისტად? _ იმიტომ, რომ ყველგან დამბლოკონ.
„ტერორიზმი“ _ ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც მზარავს და ნორმალურ ქვეყანაში ტერორიზმს ყველა ასე უყურებს.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ღირსება საერთოდ დაკარგა“, _ განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში ზემოხსენებული განცხადების შეტანისას.
სხვათა შორის, მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიბრძანებული იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა, ანუ ქალბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ამ კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხი თავად დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.
დავუშვათ, მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება და ამის თქმის საფუძველს ხორავას საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაც იძლევა, ანუ დათუნა სარალიძის მკვლელობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა.
ეს კომისია, როგორც მოგეხსენებათ, უმეტესად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რბილად რომ ვთქვათ, დაადგინეს, საქმე არასწორად არის გამოძიებულიო და რეკომენდაციებიც გასცეს, მაგრამ უმრავლესობამ კომისიის ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
მეტიც: პარლამენტის თავმჯდომარემ ეს კომისია სუბიექტურობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებდა, თუმცა ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს, რაც ძალიან სამწუხაროა.
კომისიამ საკუთარ თავს თავიდანვე ამბიციური ამოცანა დაუსახა, რომ ჭეშმარიტებას დაადგენდა ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პრეტენზია, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე ვერ გახსნეს საქმე და ბოლომდე ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს.
კომისიამ ამოცანად დაისახა ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც ეჭვს აჩენს, რომ რასაც გამოძიება ამბობდა, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მართალი იყო. კერძოდ ის, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას.
გამომდინარე აქედან, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ზედმეტია და არის მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი.
„კომისიამ დაადგინა, რომ გამოძიების პროცესში ჩართულ სამართალდამცველ ორგანოთა (შსს, პროკურატურა) წარმომადგენლების საქმიანობაში გამოიკვეთა არაერთი დანაშაულის ნიშანი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი გულგრილობა; მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის საქმეზე; გამოსაკითხი პირის ან მოწმის დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა ან ცრუ ჩვენების მიცემაზე, ან მიწოდებული ინფორმაციისა და მიცემული ჩვენების შეცვლაზე; სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვისთვის ხელის შეშლა.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გამოძიების პროცესში შესაძლო სისხლისსამართლებრივი დარღვევები ჩადენილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სხვადასხვა თანამდებობის პირთა უშუალო ჩართულობით, მითითებითა და თანხმობით“, _ ეს არის ამონარიდი ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 78-გვერდიანი დასკვნიდან.
ზოგადად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას, შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული ძალა არ აქვს, ანუ ეს დასკვნა კონკრეტული უწყებებისთვის რეკომენდაციაა.
რეკომენდაციის გათვალისწინება კი ადრესატის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ანუ, შეიძლება, პროკურატურა, შსს თუ სხვა უწყება ვირზე შეჯდეს და რეკომენდაციები სანაგვეში მოისროლოს, თუმცა კვალიფიციური იურისტები ასე არ ფიქრობენ.
მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია სამართლებრივი რეაგირების საფუძველს იძლევა:
„დასკვნაში რეკომენდაციების ნაწილი პირდაპირი მავალდებულებელი იურიდიული ძალის მატარებელი ვერ იქნება და თავად რეკომენდაციაც, თავისი არსით, იმას ნიშნავს, რომ ის რეკომენდაციაა, თუმცა დასკვნის აღწერილობით ნაწილში მოყვანილი ინფორმაცია უკვე შეიძლება იყოს ამ საქმეზე სამართლებრივი რეაგირების საფუძველი _ ან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, ან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები შესრულდეს“.
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის დროებითი საგამოძეიბო კომისიის რეკომენდაციები და დასკვნები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
სხვათა შორის, იმ დროს, როცა კომისიამ აღნიშნული დასკვნა დადო, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას საქმის მთვარ „გამყალბებლად“ მიიჩნევა, უკვე დაპატიმრებული იყო. შესაბამისად, „ოცნებამ“, როგორც ჩანს, თავი ამით დაიდინჯა, _ აი, ბატონო, სუბელიანი, რომლის მიმართაც ზაზა სარალიძეს პრეტენზიები ჰქონდა, მანამდე გავუშვით „ტუტუსკაში“, სანამ კომისია შეიქმნებოდა და მეტი რა ვქნაო, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რომ მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, რასაც საერთო სახალხო მღელვარება მოყვა, ანუ განაჩენის დადგომამდე კარგა ხნით ადრე, რამდენიმე თვის განმავლობაში, შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს საჯაროდ სდებდა ბრალს, რომ ხორავას მკვლელობის საქმისა და მტკიცებულებების გაყალბებაში არათუ მონაწილეობდა, არამედ ყველაფერი მისი დავალებით და მითითებით მოხდა.
ზოგადად, საჯაროდ გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს, თუ ეს განცხადება საჯარო მოხელეს ეხება, მინიმუმ, მოკვლევის საფუძველი უნდა გახდეს, მაგრამ საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს, ანუ მარტო ეს ხელისუფლება კი არა, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც მისთვის არასასურველ ინფორმაციას ყურს უყრუებდა ხოლმე.
ასე მოხდა ხორავას ქუჩის საქმეშიც _ „ოცნება“ ბოლო წუთამდე მირზა სუბელიანს სასათბურე პირობებს უქმნიდა, რამდენჯერმე გამოკითხვაზეც კი დაიბარა, მაგრამ მის პასუხისგებაში მიცემას არ აპირებდა, თუმცა მაშინ, როცა ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის გვერდით დადგა, „ოცნება“ მიხვდა, რომ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ამიტომ „ერთი ბარტყის გადმოგდების“ პრინციპით იმოქმედა _ სუბელიანი დააპატიმრა.
სუბელიანის დაპატიმრებას შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც განაცხადა:
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2018 წლის 01 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი მოზარდი _ მათგან ერთი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო მეორე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული ორი და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ხუთი პირი.
დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებს.
სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც მანამდე გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ჩვენება შეცვალა. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ, პირველად სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს ჩვენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა, აგრეთვე, მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა სხვა მტკიცებულებებმა, საქმეში გამოკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, პროცესის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლისა და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტები.
სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი.
კერძოდ, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს _ ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს _ მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაჰპირდა სამართალდამცველ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს.
რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცველ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორისა და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელსაც რაიმე ფორმით კავშირი აქვს დანაშაულთან.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა საზოგადოებისთვის და მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საგამოძიებო კომისიასთან“.
ერთი სიტყვით, კრიტიკული სიტუაციის დროს ხელისუფლებამ შექმნა ილუზია, რომ ხორავას მკვლელობის გამოძიება თითქოს ხელახლა დაიწყო, მაგრამ იმთავითვე გაჩნდა მოსაზრება, რომ სუბელიანი ციხეში დიდხანს არ დარჩებოდა.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ გლდანის ციხეში გაკეთებული სკანდალური ჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება. ამ ჩანაწერიდან ბევრი რამ გახდა ცნობილი, მაგრამ ახლა დეტალებში აღარ წავალთ _ ისედაც ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, თუმცა „ოცნებამ“ ამ სკანდალსაც წაუყრუა და უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ხელისუფლება სუბელიანის დაცვას გააგრძელებდა.
ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ეს მოლოდინი ახდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ივნისში ერთი წელი გახდება, რაც სუბელიანი პატიმრობაშია. შესაბამისად, ის საპატიმროს ამ ზაფხულს დატოვებს.
ამასობაში კი რვა თვეა, შვილმოკლული მამებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ კარვები აქვთ გაშლილი და სამართალს ითხოვენ.
თავიდან ხელისუფლებას ისიც არ მოსწონდა, რომ მშობლებს, რომლებსაც შვილები მოუკლეს, კარვები გაეშალათ. ამიტომ მთელი სახელმწიფო მანქანა კარვებს ებრძოდა.
დიახ, ის კარვები, რომელიც პარლამენტის წინ არის გაშლილი, თანამედროვე საქართველოს უსამართლობის სიმბოლოა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისად, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გირგვლიანის საქმე იქცა. „ოცნებაც“, თავის დროზე, ამ საქმით აპელირებდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა ორი „გირგვლიანის საქმე“ მიიღო.
ზოგი ამბობს, ხორავას ქუჩის მკვლელობისა და გირგვლიანის მკვლელობის შედარება არ შეიძლებაო.
კი ბატონო, დათუნა სარალიძის მკვლელობაში უშუალოდ საჯარო მოხელეები არ ყოფილან ჩარეულები, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი მკვლელობაა, როცა სახელმწიფო მანქანა რეალურ მკვლელებს ხელს აფარებს და საქმის მასალების გაყალბებით არის დაკავებული!
აი, მაჩალიკაშვილის მკვლელობა კი პირდაპირ სახელმწიფოს კისერზეა და ამაზე, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის ლაპარაკი.
ასე რომ, შვილმოკლული მამები _ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე, „ოცნების“ უსამართლობის სიმბოლოები არიან!

გიორგი აბაშიძე