„შელაპარაკება“ და ეროვნული დეგრადაცია
მთელი საქართველო კიდევ ერთმა მკვლელობამ შეძრა. სავარაუდოდ, მკვლელობამ – ამ წუთისთვის მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს – ყველაზე მძიმე და უკურნებელ, ტრადიციულ ქართულ დაავადებას – „შელაპარაკების ნიადაგზე გაჩენილ დაპირისპირებას“ – კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა.
დღეს ეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა – სუსტ ეკონომიკაზე, გაჩერებულ ქარხნებზე, დაბალ შემოსავლებზე, მიგრაციაზე დიდი. ეს ის პრობლემაა, რომლის გამოც მთელი ქვეყანა დადის ყოველდღიური რისკის ქვეშ – „შელაპარაკება“ შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილზე აგეკიდოთ – პურის საყიდლად ჩასული, შესაძლოა, 5 წუთში მრავლობითი ჭრილობით საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.
ეს არის დაავადება, რომელიც ღრმა საბჭოურ პერიოდში დაიწყო – ის რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ წარმოშვა, მათ შორის, მთავარი ქურდული გაგება იყო, რომელიც დაუნდობლობასა და ყველასთვის ყველაფრის გამო პასუხის მოკითხვას ქადაგებს.
ის უსაქმურობას, სიზარმაცეს, გადაჭარბებულ პატივმოყვარეობას, სწრაფი და იოლი გამდიდრების სურვილსა და დაუსჯელობის სინდრომს დაემატა.
ამ დაავადებამ ყველაფერი გადაიტანა და ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა – ამ ათწლეულების მანძილზე საქართველოში რა აღარ მოხდა – ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ომები და შიმშილი გადაიტანა, ფასეულობების სისტემაც რადიკალურად შეიცვალა.
თუმცა „შელაპარაკების ნიადაგზე გაჩენილმა დაპირისპირებამ“ ყველაფერს გაუძლო – სააკაშვილის ეპოქასაც კი, როდესაც კრიმინალის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ციხეები ქურდებითა და ყაჩაღებით აივსო, გადარჩენილი კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა – თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი „კაი ბიჭები“ ერთმანეთის დაუნდობლად და, ფაქტობრივად, უმიზეზოდ ხოცვას აგრძელებდნენ.
ნუ უსმენთ წინა ხელისუფლების მომხრეებს, რომლებიც „შელაპარაკების“ სისხლიან ფენომენს „ქართულ ოცნებასა“ და მისი მხრიდან კრიმინალისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას აბრალებენ. გარკვეულწილად, ასეც არის, თუმცა, „ნაციონალების“ ხანაშიც კი, „გარჩევები“ და მკვლელობები, ისევე როგორც დღეს, მაინც ხდებოდა.
2004-2012 წლებში დამნაშავეობასთან ბრძოლამ დაუნდობელი მკვლელების ფენა საგრძნობლად შეამცირა – და ამიტომაც ასეთი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. დღეს „შელაპარაკების“ ფენომენი გაცილებით სუსტია, ვიდრე, თუნდაც, 70-80-იან წლებში იყო – 90-იანებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამიტომაც ასეთი შემზარავი ფაქტები რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება და არა _ ყოველდღე.
თუმცა ეს მაინც პრობლემაა, რადგანაც რისკი შემცირებულია, მაგრამ რეციდივი გარდაუვალია.
სტატისტიკურად საქართველოში მაინცდამაინც ბევრი მკვლელობა არ ხდება – 100 000 ადამიანზე, საშუალოდ, წლიურად 2,5-2,8 შემთხვევა. ეს თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში, თუმცა ნაკლები, ვიდრე შტატებში (3,5), რუსეთსა (9) და ლათინურ ამერიკაში – 6-დან 100-მდე).
სტატისტიკას რომ ვენდოთ, არაფერი საშინელი ქვეყანაში არ ხდება. თუმცა ციფრების მიღმა სულ სხვა რეალობა იმალება – საშინელება ისაა, რომ ვერც ერთი მშობელი ვერ გრძნობს თავს მშვიდად – ნებისმიერი გასვლა გარეთ, ნებისმიერი ფეხბურთის თამაში ეზოში, ნებისმიერი დაბადების დღე ან წვეულება შესაძლოა, თქვენი შვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
თქვენი შვილი შეიძლება, ისეთ წვრილმანს შეეწიროს, რის გამოც ნორმალურ, ფსიქიკურად ჯანმრთელ ერში, მაქსიმუმ, 5 წუთი წაიკამათონ. ამის გააზრება და მიღება სრულიად აუტანელია ნებისმიერი მშობლისთვის.
ამ სურათს ერთი გარემოებაც ამძიმებს – არაპროგნოზირებადობა.
მსოფლიოს ბევრ ქალაქში დანაშაულებიც და მკვლელობებიც ხდება, შესაძლოა, მეტიც, ვიდრე საქართველოში. თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე სარისკო ქალაქებშიც კი არის გარკვეული წესები, რომელთა დაცვა მეტ-ნაკლები სიმშვიდის გარანტიას გაძლევთ – ცუდ უბანში არ დასახლდეთ, ემიგრანტებით სავსე სკოლებში შვილები არ გაუშვათ, ბანდებსა და ნარკომოვაჭრეებს ერიდეთ…
საქართველოში ასე არ გახლავთ. არავითარი წესები ამ მხრივ არ არსებობს – ზურგში დანის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. არც კარგი და არ ცუდი უბანი, არც კარგი და ცუდი სკოლა არ არსებობს.
საქართველოში ადამიანებს კრიმინალები არ კლავენ – არც შაქარაშვილისა და არც დათო სარალიძის მკვლელები კრიმინალები არ იყვნენ, არც ერთ ბანდაში არ შედიოდნენ და მათ შორის დაპირისპირება კრიმინალური მიზეზებით არ გაჩენილა.
საქართველოში მკვლელი შესაძლოა, თქვენი კარის მეზობელი, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბიჭი გახდეს, თანაც ისე, რომ 5 წუთის წინ არავის მოკვლა არც კი ეფიქროს.
ამას კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არ შველის, რადგანაც მკვლელი პროფესიონალი კრიმინალი არაა და ადამიანს დაუფიქრებლად, სპონტანურად, ემოციური ტალღის ან სიმთვრალის ფონზე კლავს. ამის გაკონტროლება სახელმწიფოს მიერ შეუძლებელია.
კლასელმა კლასელი გოგოს გამო დაჭრა, ბიძაშვილმა ბიძაშვილი სიმთვრალეში გაჩენილი „შელაპარაკების“ მიზეზით მოკლა… ეს ყველაფერი ვინ და როგორ უნდა აკონტროლოს?
რა თქმა უნდა, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად, უშველის – ქურდული გაგების საბოლოო ამოძირკვა ახალგაზრდებში აგრესიულობას შეამცირებს, თუმცა არა მთლიანად.
„შავი გაგება“ ხომ დღეს ბევრ ახალგაზრდას ინსტინქტის დონეზე აქვს ისე, რომ ის არც ქურდულ სამყაროს ეკუთვნის, არც ქურდულ საქმიანობას მისდევს და, როგორც უკვე ითქვა, არც კრიმინალია, საერთოდ.
შესაბამისად, ცალსახა წამალი ამ უმძიმეს სენთან საბრძოლველად არ არსებობს.
„მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე“ არც მაღალი კრიმინალისა და არც ცუდი ხელისუფლების მაჩვენებელია.
„მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე“ _ არის ერის ღრმა დეგრადაციისა და გადაშენების გზაზე მტკიცედ დადგომის მაჩვენებელი.
ერი, რომელიც მზადაა, საკუთარი შვილები შესწიროს უაზრო წვრილმანებს, საბოლოოდ, ისტორიიდან გაქრება. ერს, სადაც მამაკაცების ნახევარი „ჩემი დედას შე…ცის“ ამბობს – მსოფლიო რუკაზე დარჩენის მორალური უფლება დაკარგული აქვს.
მინდა, რამით გაგახაროთ და რაღაც ოპტიმისტური გითხრათ, თუმცა ვერ ვახერხებ – უაზრო მკვლელობები გაგრძელდება და ამის საწინააღმდეგოდ არავითარი რეცეპტი არ არსებობს, უძლური ვარ.
თქვენ წარმოიდგინეთ, არც ყველაზე გავრცელებული რეკომენდაცია: „გაზარდეთ ნორმალური შვილები“ – არის საშველი. თქვენ კი გაზრდით ნორმალურს, მაგრამ მის ირგვლივ არანორმალურ სოციუმს ვერ შეცვლით. თუ გაუმართლა, ხომ კარგი, თუ არადა, ჩხუბსაც მოერიდება, თავის გზაზეც წავა, მაგრამ დაეწევიან და რკინის ხელკეტებით ჩაქოლავენ.
სამწუხაროდ, ერთადერთი რჩევა მაქვს – ვისაც ოდნავ საშუალება გაქვთ, წადით აქაურობისგან სადმე ძალიან შორის. აჩუქეთ თქვენს შვილებს ნორმალური და უსაფრთხო გარემო. ისინი გადაგვარებულ და თვითგადარჩენის ინსტინქტის არმქონე ყოფილი ერის მსხვერპლები არ უნდა გახდნენ.
თენგიზ აბლოთია