შაქრო ტერტერაშვილი: „ოცნების“ რღვევა დაწყებულია“

15 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებს. „ნაციონალური მოძრაობისწევრი შაქრო ტერტერაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ აქციის ჩასატარებლად სწორი დრო შეარჩია. მისი თქმით, ხელისუფლებაში აშკარად შეინიშნება პანიკა, ასევე ოცნებისაქტივი ძველებურად ომახიანი ვეღარ არის და რეგიონებში მათ გასამხნევებლად თბილისიდან აგზავნიან ხალხს. ტერტერაშვილი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

რა ხდებაოცნებაში“? რას აბრალებს ხალხი ხელისუფლებას? რა აქვს ჩაფიქრებული ოპოზიციას? რა აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს? როდის გამოვა ნიკა მელია? _ ამის შესახებქრონიკა+“- შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება:

_ ოპოზიცია რეგიონებში გადის და 15 მაისის აქციისთვის იწყებს სამზადისს. თქვენ კახეთს წარმოადგენთ და იცით ამ რეგიონის განწყობა. რას ფიქრობს ხალხი და რამდენად გამართლებულია 15 მაისამდე აქციის გადადება? სხვა თუ არაფერი, შესაძლოა, პანდემიის გამო ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს.

_ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ოპოზიციამ, თავის მხრივ, პასუხისმგებლობა გამოიჩინა, როცა აქცია 15 მაისისთვის დანიშნა. მოგეხსენებათ, უცხოელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ჩვენ არ გვინდოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეთქვა, ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებს დგამსო. 15 მაისს ჩვენ მასშტაბურ აქციას ვაპირებთ და ამას სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. ამასთან, ქვეყანაში უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვაქცინაცია პანდემიას ცოტა შეასუსტებდა. ამ მომენტების გათვალისწინებით შევარჩიეთ 15 მაისი, თორემ ჩვენი მომხრეები დღესვე მზად არიან, აქციაზე გამოვიდნენ. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ. ჩვენს საქმიანობას უყურებს მთელი მსოფლიო. ასეთ დროს ყველა ნაბიჯი ასჯერ უნდა გავზომოთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვათ.

_ გასაგებია, რომ ოპოზიციას სურს, დასავლეთის თვალში კარგად გამოჩნდეს, მაგრამ რას მიაღწიეთ? _ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ევროპამ ოპოზიციასაც დაგაკისრათ პასუხისმგებლობა.

_ მოლაპარაკებები მიდის ორ მხარეს შორის. ევროპელი დიპლომატები სიფრთხილით გამოირჩევიან. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულებდნენ მარტო ერთ მხარეს. მათი განცხადებები იყო დიპლომატიური. თუმცა მათ შეფასებებში ხაზგასმული გახლდათ, რომ ყველაფერზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხის. ამით ყველაფერია ნათქვამი.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ დასავლეთმა მხოლოდქართულ ოცნებასდააკისრა პასუხისმგებლობა?

_ ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას დააკისრეს. სხვანაირად ვერ იქნებოდა. იმ ექვს პუნქტზე, რომელიც შეთანხმებაში ეწერა, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია ვერ დანიშნავს. ოპოზიციას არც პოლიტიკური ნიშნით დევნის შეჩერება შეუძლია, არც საარჩევნო რეფორმის გატარებაა ჩვენზე დამოკიდებული. ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ მიდგებოდა საქმე, მაშინ ოპოზიციასაც დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებების მისაღებად პარლამენტში შესვლა იქნებოდა საჭირო.

_ შევიდოდა ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია პარლამენტში?

_ საკონსტიტუციო ცვლილებებამდე თუ მივიდოდა საქმე, საჭირო ხმების მოსაგროვებლად ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ნიკა მელია პატიმრობაში რომ არ უნდა იყოს, ამას ოპოზიციის ძალისხმევა რად უნდა? უბრალოდ, ხელისუფლებამ პროკურატურასა და სასამართლოზე უნდა მოხსნას წნეხი და ნიკა მელია ერთ საათში იქნება გარეთ.  ათას სისულელეს რომ გვეუბნებიან, მელიას პარლამენტში შეჭრა უნდოდაო, სად არის ამის მტკიცებულებები?! რატომ გააქრეს პარლამენტის გარე პერიმეტრის ჩანაწერები?!  შეჭრის მცდელობა მართლა რომ ყოფილიყო, ეს ჩანაწერები მთავარი მტკიცებულება იქნებოდა.

არც ის მესმის, რატომ ადარებენ ერთმანეთს 20 ივნისის ღამესა და ამერიკაში კაპიტოლიუმში შეჭრას? 6 იანვარს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა ეცნოთ. კაპიტოლიუმში შეჭრილმა ხალხმა ამ პროცესის ჩაშლა სცადა. მელიას 20 ივნისის ღამეს პარლამენტში თავისი მომხრეები რომც შეეყვანა, რა მოხდებოდა? _ არც არაფერი.

„გავრილოვის ღამეს“ პარლამენტის შენობა იყო ცარიელი და რანაირად იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა? ან, იქნებ, იმას ფიქრობს ვინმე, რომ პარლამენტში შევიდოდა თუ არა ოპოზიცია, ავტომატურად ჩაირაზებოდა ყველა სახელმწიფო უწყების კარები. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი არის აბსურდი. მართლა თუ იყო რამის მცდილობა, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ჩვენც გვაინტერესებს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს დავუბრუნდები. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოაშოროს სუსი საარჩევნო პროცესებს. დღეს რეალურად სუსი არჩევს საარჩევნო კომისიის დასანიშნ წევრებს. ჩვენ სუსს ამას ვერ ავუკრძალავთ, იმიტომ რომ ოპოზიცია ვართ. ხელისუფლება ამას ძალიან მარტივად გააკეთებს. სუსს ეტყვიან, საარჩევნო კომისიებს შეეშვი და ის გააკეთე, რაც რეალურად შენი საქმეაო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაა. სუსმა უნდა უზრუნველყოს, რომ პატარა ბავშვები არ გადაიპარონ საზღვარზე და შემდეგ ისლამური სახელმწიფოს რიგებში არ აღმოჩნდნენ. სუსმა უნდა დაიცვას ქვეყანა ისეთი ტერორისტების შემოსვლისგან, როგორიც თუნდაც ახმედ ჩატაევი იყო.

სუსს ქვეყნის უსაფრთხოება საერთოდ არ აინტერესებს. მათ პირველი პირებისგან სხვა დავალებები აქვთ მიღებული. კერძოდ, უნდა გაარკვიონ, ვინ ხელისუფლების მომხრეა და ვინ _ ოპოზიციის. ოპოზიციის მომხრეებს ღამე სახლში უნდა მოაკითხონ. ისინი ან უნდა გადაიბირონ, ან ისე შეაშინონ, რომ არჩევნებზე საერთოდ არ წავიდნენ.

ოპოზიცია უკვე წლებია, სუსს ვეუბნებით, რომ თავი დაგვანებონ და საკუთარ საქმეს მიხედონ, მაგრამ არ გვეშვებიან. ეს ასე იქნება მანამ, სანამ ამაზე მითითებას ივანიშვილი არ მისცემს.

იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება განიმუხტოს, რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. ყველა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ჩვენი ჩარევა მხოლოდ მაშინ იქნება საჭირო, თუ  საკონსტიტუციო ცვლილებებამდე მივა საქმე. სხვა შემთხვევაში ყველაფერი „ოცნებამ“ უნდა გააკეთოს.

_ იციან, მაგრამ არ აკეთებენ.

_ რატომ გააკეთებენ? ეგრე იმის აღიარებაც მოუწევთ, რომ არჩევნები გაყალბდაო. ახლა გაიძახიან, თუ დადასტურდა, არჩევნები 1%-ით მაინც გაყალბდა, ამას და ამას ვიზამთო. 1%-ზე საუბარი ძალიან სასაცილოა.

_ სასაცილო რატომ არის?

_ 1% იცით, რამდენია? 200-კაციან უბანზე სუსმა ოპოზიციის ერთი მომხრეც რომ გადაიბიროს, ეგაა 1%-იანი გაყალბება. თქვენი აზრით, რატომ არჩევს საარჩევნო კომისიებში დასანიშნ ხალხს სუსი? იმიტომ, რომ კომისიის წევრებმა არჩევნებზე ვიღაცებს ბიულეტენი გაუბათილონ. გამაგებინეთ, სუსს საერთოდ რა ესაქმება არჩევნებზე?! ან სამხედროები და პოლიციელები რატომ მოიყვანეს და რატომ ატარებდნენ უბან-უბან? იმისთვის ნამდვილად არ ჩამოუყვანიათ, რომ ოპოზიციისთვის მიეცათ ხმა. ჩამოიყვანეს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. „ოცნებას“ არჩევნებში ყველა ის პირი ჰყავდა ჩართული, ვისაც კანონის ძალით ეკრძალება აქტივობა არჩევნების დღეს.

ასეთ დროს ძალიან უხერხულია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი გვეუბნება, 1%-იანი გაყალბება მაინც თუ დადასტურდაო. 1%-იც დადასტურდება და 20-იც. ამ ხელისუფლების გასტუმრების მომსწრენი ძალიან მალე გავხდებით. მერე ვნახავთ, თუ რა საზიზღრად გააყალბეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

_ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას მალე გავისტუმრებთო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მათი გაშვება მალე არ მოხერხდება. აშკარაა, რომ ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ.

_ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან მალე გავაცილებთ. კარგად მახსოვს, რა განწყობა ჰქონდათ „ოცნების“ წარმომადგენლებს რამდენიმე წლის წინათ და ვხედავ, რა განწყობა აქვთ ახლა. როცა ვამბობ, რომ ხელისუფლებას მალე გავუშვებთ, ეს იმას არ ნიშნავს, ხვალ გავიღვიძებთ და მთელი „ოცნება“ სახლში იქნება წასული. ვიღაცები უკვე მიდიან პარტიიდან. „ქართული ოცნების“ რღვევა დაწყებულია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს რეგიონებში.

_ სამეგრელოს რეგიონში საკრებულოს წევრები მართლა ტოვებენქართულ ოცნებას“. ეს უფრო გახარიას წასვლას უკავშირდება. კახეთის რეგიონშიც მსგავსი სიტუაციაა?

_ განწყობები კახეთშიც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებები, ჯერჯერობით, არავის მიუღია.

_ განწყობების შეცვლა როგორ გამოიხატება?

_ ყველანაირად: ძველი შემართებით აღარ უჭერენ მხარს პარტიას. ჯერ კიდევ გუშინ ვიღაცებს შეეძლოთ, ივანიშვილის გამო ტყვიისთვის მიეშვირათ მკერდი. დღეს ეს ასე აღარ არის.

_ ჩინოსნებზეა საუბარი თუ მხარდამჭერებზე?

_ ვსაუბრობ პარტიულ აქტივზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დასაქმებული. განწყობები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ეს ცვლილებები მათი საუბრებიდანაც კი შეინიშნება. თავს მყარად ვეღარ გრძნობენ, მომავლის ეშინიათ.

_ მომავლის რატომ ეშინიათ?

_ უკვე გრძნობენ ცვლილებებს და იციან, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება და რაღაცებზე მოუწევთ პასუხისგება. კახეთის რეგიონში ბევრ ადამიანს ვიცნობ. მათ შორის არიან ხელისუფლების მომხრეები და სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულებიც. აქამდე ისინი ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი. პირად და პარტიის მომავალსაც ფერადი სათვალით უყურებდნენ. ახლა ასეთი ბედნიერები აღარ არიან. ყველა ცვლილების მოლოდინშია.

დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელისუფლების რღვევა რომ იწყება, ეს, პირველ რიგში, რეგიონებში იჩენს ხოლმე თავს. რეგიონებში რღვევის ნიშნები უკვე არის.

_ ოპოზიცია მარტო ამ რღვევის ნიშნების იმედად არ უნდა იყოს. მათ გასაკეთებელს მაინც არავინ გააკეთებს.

_ ჩვენ არც ვართ არავის იმედად, მაგრამ არაა პატარა ამბავი, როცა „ქართული ოცნების“ პარტაქტივში განწყობები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ვეღარ მალავენ, რომ საქმე კარგად არ აქვთ. რაც დრო გადის, ეს სულ უფრო ცხადი ხდება.

2 აპრილს თელავსა და ახმეტაში ჩამოსული იყო პუტჩისტი და ამჟამად მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი. ის შეხვდა ახმეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს. ამბობდა, მათ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვესაუბროო. რამდენადაც ვიცი, ამ შეხვედრაზე არც ერთ საჭირბოროტო საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, ქადაგიშვილი ახმეტაში სულ სხვა მისიით იყო ჩამოსული.

_ რა მისიით უნდა ჩამოსულიყო?

_ ის რეალურად იმიტომ ჩამოვიდა, რომ პარტაქტივი შეეგულიანებინა.

_ ისეა საქმე, რომოცნებისმომხრეებს უკვე შეგულიანება სჭირდებათ?

_ სჭირდებათ და ქადაგიშვილიც ჩამოვიდა მათ გასამხნევებლად. სხვა რეგიონებსაც ასე დაივლიან გუბერნატორები და მაჟორიტარები. მხარდამჭერებსა და პარტაქტივს ეტყვიან, საქმე კარგად მიდის და ნუ გეშინიათო.

_ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და იქნებ, ამის მოსამზადებლად იყო ქადაგიშვილი ჩამოსული? მამუკა მდინარაძემ თქვა, მალე გავალთ რეგიონებში და საარჩევნო კამპანიას დავიწყებთო.

_ ჩემი აზრით, ამას საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან კავშირი არ აქვს. ხელისუფლებას ჯერ არ დაუწყია ეს კამპანია. „ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ჯერ ადრეა და რა დროს კანდიდატების დასახელებააო?  ქადაგიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრის ფოტოებს რომ დავხედე, მაშინვე მივხვდი, იქ სხვა რაღაც ხდებოდა. ისეთი ხალხი იყო იმ ფოტოებზე, რომელიც არჩევნებზე სასაუბროდ არ მოცდებოდა. პარტაქტივს ამხნევებენ. შეუძლიათ, მთელი ქვეყანა შემოიარონ, მაგრამ ესენი მომხრეების გამხნევებას ვეღარ შეძლებენ. ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ხელისუფლებაში რღვევის პროცესი დაწყებულია.

_ ისევ ოპოზიციის აქციას დავუბრუნდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, აპრილის ბოლოს დანიელსონი შეიძლება კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს. ამის გამო ოპოზიცია კვლავ ხომ არ გადადებთ აქციას?

_ აპრილის ბოლოს თუ ჩამოვა დანიელსონი, 15 მაისის აქციის გადადება რატომ უნდა მოგვიწიოს? არა მგონია, დანიელსონი აქ ორი კვირა დარჩეს. მოლაპარაკებები ამდენი ხანი არ გაგრძელდება. ეს თარიღი იმიტომ შევარჩიეთ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა არ დაებრალებინათ. ხელისუფლებამ ერთხელ უკვე სცადა ჩვენთვის დაებრალებინა, თითქოს მოლაპარაკებების ჩაშლა გვინდოდა.

იმ დღეს, როცა ევროპელების მედიაციით დაიწყო მოლაპარაკებები, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან  მშვიდობიანი აქცია გამართეს. ხელისუფლების რუპორები მაშინვე გამოვარდნენ და  ყვირილი დაიწყეს: _ შეხედეთ, როგორი დესტრუქციულია ოპოზიცია, მოლაპარაკებებია საჭირო, ესენი კიდევ აქციას აწყობენო! არადა, სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ აქციას და ძალიან კონსტრუქციულად იქცეოდნენ.

მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ხელისუფლებისთვის საბაბი არ მიგვეცა და აქცია 15 მაისისთვის გადავიტანეთ. ხელისუფლებას არც ეს მოეწონა და ახლა ამაზე ატეხა ყვირილი, _ 15 მაისისთვის რატომ გადაიტანეს აქციაო?! ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, ოპოზიცია ხალხს ვერ აგროვებს და ამიტომ გადაიწია აქციის თარიღიო.

_ ირაკლი კობახიძე უფრო შორს წავიდა და თქვა, ოპოზიცია არათუ ქუჩას, შალიკოს ფანჩატურსაც კი ვეღარ ავსებსო.

_ ამაზე რა უნდა გიპასუხოთ? ირაკლი კობახიძე ბოლო დროს ძალიან გაკომიკურდა და მისი განცხადებების სერიოზულად კომენტირება მიჭირს.

_ გაკომიკურებული ეძახეთ და კი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

_ ეგ პარტიის ისეთი თავმჯდომარეა, როგორი პრემიერიც ირაკლი ღარიბაშვილია. ერთსაც და მეორესაც პატრონმა მისცა ეს როლები და ისინიც ასრულებენ. ხვალ ივანიშვილი თუ იტყვის, რომ კობახიძემ და ღარიბაშვილმა ზებრას უნდა აჭამონო, წავლენ და აჭმევენ. თუ იტყვის, რომ ზებრის თავლა უნდა დაასუფთავონ, წავლენ და ამასაც უპრობლემოდ გააკეთებენ.

კობახიძე მართლა ძალიან კომიკური ფიგურაა. არ მესმის, რატომ დანიშნა ის ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის როლის შემსრულებლად? იმდენად არასერიოზულია, რომ დმოუკიდებლად ორ კაცს ვერ მიიყვანს სახლში, რომ პრეფერანსი ეთამაშოს. როგორ ვერ გამოვიყვანთ ქუჩაში ხალხს და როგორ ვერ შევავსებთ ქუჩას, ამას 15 მაისს ვაჩვენებთ ყველას!

_ აშკარაა, რომ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი.

_ ჩემს ოპტიმიზმს რეალური საფუძველი აქვს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლება უკიდურესად არის დასუსტებული. „ქართულ ოცნებას“ პრობლემები აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რაც მთავარია, ხალხი აცნობიერებს, რომ ქვეყნის გაუბედურება ამ ხელისუფლების ბრალია. ამდენი ხანია, ხელისუფლებაში არიან და ვერაფერი გააკეთეს. ყველა მიმართულებით ჩავარდნები აქვთ.

პანდემიას რომ ვერ უმკლავდებიან, ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებ. კორონასთან გამკლავება ყველას უჭირს. იმდენად რაღაცნაირები არიან, სტუმარი ისე ვერ ჩამოიყვანეს, რომ სკანდალი არ აგორდეს. ჩამოიყვანენ ამ ხალხს რუსეთიდან, ატყდება ერთი ამბავი და მერე გაიძახიან, ჩვენ რა შუაში ვართ, ოპოზიციამ ჩამოიყვანაო. თან ამ ოკუპანტი სტუმრების დაცვაში არიან.

_ დაცვასაც დაცვა ჰქვია, პოზნერის გამო სულსტუმარმასპინძელიგვირტყეს თავში.

_ ჯობდა, თავად ერტყათ თავში „სტუმარ-მასპინძელი“. ვინც ამ ნაწარმოებზე საუბრობდა, უმეტესობას ის წაკითხული არც კი აქვს. ვინც წაიკითხა, იმან დიდი ალბათობით წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანა. ვისაც გააზრებული აქვს წაკითხულის შინაარსი, ისიც სისულელეებს ლაპარაკობს, იმიტომ რომ პარტიული დავალებაა ასეთი.

არ შემიძლია არ შევეხო ლარის კურსს. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხან რას აბრალებენ და ხან _ რას. არადა, ლარის ვარდნა პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ უმაქნისობასთან. მათ მხოლოდ თავიანთი კორუფციულ-ნეპოტისტური მიზნები ამოძრავებთ.

დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანას რაც სჭირს, ეს ხელისუფლების ბრალია. ვიღაცები ამაზე ხმამაღლა რომ არ ყვირიან, ეს იმას არ ნიშნავს, ასე არ ფიქრობენ. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. როცა ხალხი ასეთ განაჩენს გამოგიტანს და მმართველი პარტიის შიგნით რღვევაა დაწყებული, ხელისუფლება ვერაფერს შეცვლის. 15 მაისსაც გამოჩნდება, თუ რამდენი ადამიანია ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო.

_ დაველოდოთ 15 მაისს. ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა.

_ ახლავე შემიძლია გითხრათ: _ 15 მაისს ყველაფერი კარგად იქნება. იმასაც გეტყვით, რომ 15 მაისამდეც მოხდება კარგი ამბები.

_ რა კარგი ამბები უნდა მოხდეს?

_ იმედი მაქვს, ჩვენი პოლიტპატიმრები 15 მაისისთვის გარეთ იქნებიან. სულ მალე იწურება ნიკა მელიას პატიმრობის ორთვიანი ვადა. მეეჭვება, ხელისუფლებამ მისი პატიმრობა გაახანგრძლივოს. ასე მგონია, ერთი სული აქვთ, როდის გავა ეს ორი თვე, რომ ნიკა გარეთ გამოუშვან. ამით ჩვენთანაც თავს მოიწონებენ და _ უცხოელებთანაც. იტყვიან, ჩვენი სასამართლო თავისუფალია და მან მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაო.

შორენა მარსაგიშვილი