შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილს ვურჩევ, დაიხუროს ქუდი და მოგვცილდეს“

„ქრონიკა+“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ დროა ოფისებიდან გამოვიდნენ, ქვეყნის განვითარებისთვის რეალურ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა და დაასრულონ ივანიშვილის ბატონობა საქართველოზე:

_ ბატონო შალვა, საუბარი მინდა დავიწყო დავითგარეჯის თემით: თქვენ პირდაპირ ადანაშაულებთ ივანიშვილის და ამბობთ, რომ „ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავითგარეჯა მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ალიევს“.
რას გულისხმობთ და როგორ შეაფასებთ იმ მოვლენებს, რაც ისტორიულ მიწაზე ხდება?
_ გეოპოლიტიკურ შეფასებას თუ გავაკეთებთ, აქ ჩვეულებრივ გრძელდება ბედკრული ისტორია ქართლისა. მეზობელი იმპერიები, სახელმწიფოები და სასულთნოები ყოველთვის ახდენდნენ გარიგებას ქართველი ხალხის, ტერიტორიებისა და სალოცავების ხარჯზე. თუ კონკრეტიკა გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ეს ამ შემთხვევაში, აქ ფაქტორთა კომპლექსია. მხოლოდ ერთი გარიგება არ არის, ეს არის ალიევის, პუტინისა და ერდოღანის გარიგება. ვგულისხმობ ბაქო-ყარსის რკინიგზას, რომელზედაც დიდ იმედებს ვამყარებდით. პუტინს სურს, რომ იგი რუსულიც გახდეს. რუსეთმა ვერ მიაღწია გზის გახსნასა და ტვირთების გადატანას აფხაზეთიდან, იმის გამო, რომ ჩვენ მუდმივად ვაპროტესტებთ. ახლა ზურგიდან შემოგვიარეს და ანკარაში დაიდო გარიგება იმის თაობაზე, რომ საქართველოს გარეშე რუსეთი აქტიურად ჩართულიყო ამ ყველაფერში, რისი უფლებაც, წესდების მიხედვით, არ ჰქონდათ ე. წ. სტრატეგიულ პარტნიორებს _ თურქეთსა და ბაქოს. სწორედ ამიტომ, დასავლეთის რეაქცია მწვავე რომ არ ყოფილიყო, ეს ყველაფერი ალიევმა ზეწოლის ფაქტორად გამოიყენა. ალიევი მუდმივად იყენებდა დავითგარეჯის თემას, როგორც კი მოხდებოდა ხელისუფლებებთან უთანხმოება ნავთობის ტარიფებსა თუ სატრანზიტო გადაზიდვებიდან გამომდინარე მილიონების გაყოფაზე. ეს მეორე ფაქტორია. მესამე ფაქტორი გახლავთ ივანიშვილის ენერგომაფიოზური და ალიევის ენერგომაფიოზური კლანების მუდმივი ქიშპი, მუდმივი თანამშრომლობა და კონკურენცია ენერგორესურსების მითვისებასა და ათვისებაში. აქაც მოხდა დაპირისპირება, სადარბაზოს ვირთხას რომ ჰგავს, ივანიშვილის დეიდაშვილ მამაცაშვილსა და ალიევის კლანს შორის და განრისხებულმა ალიევმა ისევ დავითგარეჯით იყარა ჯავრი. აღსანიშნავია შიდა აზერბაიჯანული ფაქტორებიც: მოგეხსენებათ, იქ დიქტატურაა და ნავთობი არ აკეთილშობილებს არც პიროვნებას და არც არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, აზერბაიჯანში არის ცოლ-ქმრის დიქტატურა. მინდა, ხაზი გავუსვა ჩემს სიმპათიას აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ, სწორედ ამ ხალხის რისხვის ეშინია ოლიგარქს, ყარაბახიც ვერ დაიბრუნეს. აზერბაიჯანელი ხალხი ყველაფერს პატიობდა იმ იმედით, რომ ყარაბახს დაიბრუნებდა. დღეს ისე გამოვიდა, რომ ვერავითარი ყარაბახი ვერ დაიბრუნეს და ახლა უნდა, რომ სერიოზული ულუფა მისცეს ელექტორატს _ მორალური! ყარაბახი ვერ დავიბრუნე, მაგრამ საქართველოს დავითგარეჯა წავართვი. აქ არის ფაქტორთა მთელი კომპლექსი და ფაქტორთა მთელ ამ კომპლექსში ჩვენ ვართ ყველა ასპექტით, ისევ და ისევ, დაზარალებული. ეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ბრალია, რომელმაც ქართული სახელმწიფო ჩამოშალა და იმ დონეზე მოსპო, რომ უცხოეთში არავინ დარჩა, ვინც საქართველოში რომელიმე რეალურ პოლიტიკურ ფიგურას დაელაპარაკება. თვითონ ივანიშვილიც თაგვივით ჩამძვრალია სოროში, პრემიერ-მინისტრს კი არავინ დაელაპარაკება. პარლამენტის თავმჯდომარე ხომ საერთოდ ანეკდოტის დონეზეც არ არის. პრეზიდენტზე საუბარიც აღარაა, ის არის პუტინის სამეფო კარზე მოცეკვავე ქალბატონი, ამ რანგში გადის და მისი განცხადებაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის პროვოცირებული იყო. მათ უნდოდათ გარეჯის ჩაბარება ჩუმად აღდგომის წინა პერიოდებში და ზურაბიშვილს დააწყებინეს განცხადებების გაკეთება, ჩაიყვანეს ადგილზე და სელფებიც გადაიღო. იქ აზერბაიჯანს უზარმაზარი სამხედრო ბაზა აუშენებია, მსგავსი მოცულობის რუსებსაც არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როცა ამხელა სამხედრო ბაზა შენდებოდა, ხომ ცხადი იყო, რომ კარგი მიზნებისთვის არ შენდებოდა?! ამაზე იმ დროს უნდა ატეხილიყო ამბავი. ახლა აპირებდნენ დელიმიტაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რაც ნიშნავს, მინიმუმ, გარეჯის სამხრეთ ფერდობის გადაცემას და სწორედ ამის საშუალება არ მივეცი, როდესაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს კი არა, პირადად ალიევის რეჟიმს ჩავუვარდი და სათქმელი ვუთხარი, რომ მათ არც ისტორიული, არც კულტურული და არც მორალური უფლება არ აქვთ დავითგარეჯაზე, რომ ადამიანურადაც ამორალურია ალიევის მოქმედება, _ ხედავს, რა დღეში ვართ, მთავრობა ჩამოშლილია, პუტინი ყოველდღე გვიღობავს სოფლებსა და ქალაქებს, ტრაქტორებით დადის ჩვენს ტერიტორიაზე და ახლა დაგვარტყა, ჩოქბჯენში რომ ვართ. კაცობაშიც და კავკასიურობაშიც ამას ძალიან ცუდი სახელი ჰქვია.
_ როდესაც ეს საკითხი გააქტიურდა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან სრული მდუმარება იყო, მხოლოდ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გააკეთა განცხადებები _ რატომ?
_ ზოგიერთი პარტია დაკომპლექსდა, რომ ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს დაპირისპირებაში არ ჩათვლოდა. საქართველოსა და აზერბაიჯანს აპირისპირებს ორი რეჟიმის _ ალიევისა და ივანიშვილის დანაშაულებრივი მოქმედებები. ხალხი არაფერ შუაშია, ის ისევ გააგრძელებს ურთიერთობას, როგორც ათასწლეულები, ეს ერთი და მეორე, _ ალიევი აფინანსებს ქართულ პოლიტიკურ ელიტას, პირდაპირ გეტყვით, რომ რუსეთი არ აფინანსებდა ქართულ პოლიტიკურ ელიტას ასე მასობრივად, რუსეთი აფინანსებს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ და რამდენიმე ექსტრემისტულ დაჯგუფებას. ალიევი აფინანსებს მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ვისაც კი რაიმე სიტყვა ეთქმის საქართველოში _ პოზიციასაც და ოპოზიციასაც. აბა, ახლა რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა გამოდის ოპოზიციის ფრაქციაში მყოფი ვინმე აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს. რა უნდა საქართველოს პარლამენტში ასეთ ადამიანს? სად პოულობენ საქართველოს მოღალატეებს? რამდენი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში!..
_ ბატონო შალვა, სხვა თემაზეც გადავიდეთ. ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან და სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ… საფრანგეთში, გერმანიაში ვნახეთ, როგორც ცხოვრობენ ისინი ქუჩაში…
_ ქართველი ხალხი ვერ დაძრა საქართველოდან ვერც ერთმა დამპყრობელმა. ქართველი ხალხის ნებაყოფლობითი მასობრივი გადასახლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. ივანიშვილმა დაიწყო ის, რასაც შაჰ-აბასი აკეთებდა, როცა თურქმენულ ტომებს ასახლებდა კახეთის ტერიტორიაზე. ოლიგარქმა დაწყო ირანელებისა და არაბების შემოსახლება მისი სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის. ივანიშვილის, კალაძის, ოდიშარიასა და სულავას აშენებული კორპუსების 70%-ს ყიდულობენ ირანელები და არაბები. თუ ასე გაგრძელდა, დამერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში უმცირესობა ვიქნებით საქართველოში.
_ გამოსავალი სად არის? მოსახლეობის განწყობა ნიჰილისტურია _ მას მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის უწევს არჩევანის გაკეთება. რეალურად, ხალხის ცხოვრების პირობები არ იცვლება…
_ მსგავს პიარს მხოლოდ ეს ძალები იკეთებენ, თითქოს მარტო ისინი არსებობენ! მე არ გინდივარ? _ იმას თუ აირჩევთ, ცოცხით გაგაუპატიურებენ. ასეთი პრინციპია და ამ ძალებს აწყობთ, თვითონ იყვნენ ან მათი სატელიტი გამოყოფილი პარტიები. პირველი ძალა და მესამე ძალა საქართველოში 25 წელია, „ლეიბორისტული პარტიაა“ და ხალხი სანამ ამას არ დაინახავს, არაფერი ეშველება. ეს არის სამწუხარო რეალობა.
_ თუმცა ფაქტია, რომ ამომრჩეველი „ოცნებას“ ნდობის მანდატს ანიჭებს…
_ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე უნდა შევთანხმდეთ: საქართველოში არჩევნები არ ტარდება, საქართველოში ფორმდება ოქმები საარჩევნო კომისიებში, ამიტომ არავინ იცის, ვის რა რესურსი და რეიტინგი აქვს, სანამ არჩევნები ოდნავ მაინც არ იქნება მიმსგავსებული ადამიანურ პოლიტიკურ პროცესთან. რამდენიმე წელია ვეუბნებით ოპოზიციას, რომ მოვითხოვოთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა, როგორც ეს ნახევარ მსოფლიოში კეთდება. მერე აღარ გახდება საჭირო ფულის მიცემა, უბანზე კოორდინატორები, ვეღარ გააყალბებენ და ვეღარ გამოიყენებენ წასული ან გარდაცვლილი ადამიანების ხმებს.
_ თქვენ ყოველთვის ხაზგასმით ამბობთ, რომ ხალხი უნდა მოეგოს გონს, რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ ხალხმა ხმა არ უნდა მისცეს ფულის გამო, ხალხმა უარი უნდა თქვას ოლიგარქიის პოლიტიკურ გაბატონებაზე და ოლიგარქია უნდა მოაცილოს ხელისუფლებას, ხალხმა ხმა უნდა მოგვცეს ჩვენ _ „ლეიბორისტულ პარტიას“. სხვა ყველანაირი არჩევანი არის გზა არსაით, ანუ გზა ისევ იქ, სადაც ვდგავართ უკვე 25 წელია.
_ შუალედურ არჩევნებზეც მინდა გკითხოთ, მთაწმინდაზე მეორე ტურში ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან ერთმანეთს.
_ მთაწმინდელები იმის ღირსები არიან, რა არჩევანიც აქვთ შუალედური არჩევნების მეორე ტურში.
_ რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთაწმინდა და ვერა აკეთებს ყველაზე მცდარ, სუბიექტურ და ანგარებით სავსე არჩევანს. ყველა ის უბედურება საქართველოში: არჩევნების გაყალბება, ანგარებით ხმის მიცემა, სამოქალაქო ომი მოდის სწორედ მაქედან. ხალხს უფრო მაგრად შია წალენჯიხაში, ხულოსა და ლაგოდეხში, თუმცა ისინი არ არიან აცქმუტებულები ფულიანი და ძალაუფლების სუბიექტების არჩევაზე, როგორც მთაწმინდა და ვერა. მათ მაგიერ მრცხვენია, ამიტომ იმის ღირსები არიან რა არჩევანიც აქვთ: მოღალატე, ყველა მთავრობის მლიქვნელი თამადა კახაძე და სრულიად უაზრო და უსახო ვინმე შავგულიძე. ელიტების გაყიდულია საქართველო, სწორედ ეს ე. წ. ელიტა ცხოვრობს ვერა-მთაწმინდაზე, მაგათი გაყიდულია ჩვენი სამშობლო, მაგათზე მეტი მტერი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს. ერთ ქეიფზე, ერთ პრემიაზე, ერთ ბიზნესზე მათ ისე შეუძლიათ გაყიდონ გარეჯი, სვეტიცხოველი, ჯვარიც და ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. როგორ გადავრჩით ამდენი ხანი, კიდევ მიკვირს.
_ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
_ ეს არის სამართლის კომბინატი, პირდაპირ მატერიალური გაგებით, სადაც სახინკლე ხორცივით იკეპება და იბეგვება სამართალი და ადამიანთა უფლებები და მერე მისგან დამზადებულ შნიცელს ჭამს ივანიშვილი და მთელი მისი ხროვა, ეს არის მსოფლიოს სამართლისა და სასამართლო ხელისუფლებათა ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრეცედენტი, რაც ჩვენს თავზე გადატყდა. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას და პოლიტიკურ შერკინებებს ამ ჯოჯოხეთის გაკეთილშობილებაში, ყველას უნდა თავისი მოსამართლე დანიშნოს: ივანიშვილს თავისი მოსამართლე უნდა, მიშას თავისი უნდოდა, ასევე შევარდნაძეს თავისი მოსამართლე სჭირდებოდა. პირდაპირ ვთქვათ, სანამ მოსამართლეთა არჩევნები არ დაინიშნება, სადაც მათ ხალხმა უნდა მისცეს ხმა, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ედრებიან და ცდილობენ მის გზაზე წავიდნენ სიტყვით, მანამდე ჩვენი სასამართლო სისტემა ასეთი იქნება. ამიტომ ხალხმა უნდა აირჩიოს მოსამართლეები. როდესაც ეს პრაქტიკა დაინერგება და ის მოსამართლე იქნება პასუხისმგებელი ხალხთან და კანონთან, ეცოდინება, რომ ახალ არჩევნებზე ისევ მოუწევს ხალხთან მისვლა და შეიძლება მაგრად გაილახოს თუ უკანანო განაჩენს გამოიტანს, დაარღვევს ადამიანის უფლებას ან თავის ჯიბეს გადააყოლებს კანონსა და სამართალს.
_ მიხეილ სააკაშვილი კიევში 29 მაისს მას შემდეგ დაბრუნდა, რაც წინა დღეს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა. რამდენიმე დღეში კი საქართველოს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებულია და გაგრძელდება. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშო, რეალური სასამართლო რეფორმა რომ გაკეთებულიყო და ხალხის მიერ არჩეული დამოუკიდებელი სასამართლო გვყოლოდა, ასევე მკაცრად გაკონტროლებული პროკურატურა და ეს რომ გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე, მსგავსი ამბავი არ დაატყდებოდა თავს. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენგანი ვქმნით საკუთარ მომავალს ჩვენი მოქმედებით და პოლიტიკით. მეორე: მას ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული კატეგორია. ვფიქრობ, რომ აქ არაფერია გასაკვირი, მესამე რაც უკვე აღვნიშნე: სააკაშვილისა და ივანიშვილის ინტერესებში შედის, რომ ორი პოლიტიკური პოლუსი იყოს ქვეყანაში და სხვა არავინ, თუნდაც ქვეყანა დაქცეულა. ამ ხაზს ორივე შეძლებისდაგვარად ახორციელებს. რაც შეეხება პროკურატურის მოქმედებას, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და ამის გამო ყველა პროკურორი, ვინც ამ საქმეებთან კონტაქტობდა, აუცილებლად პასუხისგებაში მისაცემი იქნება. ეს უკვე პოლიტიკურია და არასამართლებრივი, _ რაღაც პიჯაკებს ედავებიან, სრული იდიოტიზმია. თუ რეალურად უნდათ და უნდოდათ მოდავება, ის საქართველოში ერთი წელი იყო, როდესაც ივანიშვილმა გაიმარჯვა _ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო. შეეძლოთ, იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ, პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდათ. როგორც კი წავიდა, მერე დაიწყეს. იცი, რას მაგონებს ეს? _ გიორგაძეს ხომ დააბრალეს ტერაქტი და იმ ტერაქტის შემდეგ კიდევ მუშაობდა უშიშროების მინისტრად, ხმა არ ამოუღია არავის და როგორც კი რუსეთის სამხედრო ბაზიდან გიორგაძე მოსკოვში გაფრინდა, ერთ საათში გამოცხადდა, რომ მან ტერაქტი ჩაიდინა და საქმე აღძრულია. მსგავსი ისტორიები ჩვენს ქვეყანაში ხშირად მეორდება. სააკაშვილს კი მინდა ვურჩიო: ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. ამერიკის ვერც ერთი პრეზიდენტი მეორედ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, ვერც დაბრუნდა და არც დააბრუნებენ. ასეთ რამეს არ ითვალისწინებს მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგი. მან ხელი უნდა შეუწყოს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში და არა ხელმეორედ დაიწყოს უზურპაცია და დაემსგავსოს ივანიშვილს. ახლა ჩემთვის რომ დაეჭირათ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე გასულ წელს, რაც შეეძლო სააკაშვილს, ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ არ წავიდა. შესანიშნავი ადამიანია პიროვნულად ვაშაძე, მაგრამ პოლიტიკიდან ძალიან შორს არის. ჩემთვის რომ დაეჭირათ მხარი, დღეს არც ივანიშვილი იქნებოდა და სააკაშვილიც აქ იქნებოდა პოლიტიკით დაკავებული. მხარი რომ დაეჭირათ ჩემთვის, ახლა ნამდვილი გაზაფხული გვექნებოდა ბანდიტების გარეშე.
_ ახალხან NDI-მ პოლიტიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ხუთეულში ხართ _ ეს თქვენთვის იმედის მომცემია?
_ ექსპრეზიდენტსა და მოქმედ პრეზიდენტს შორის მურმანის ეკალივით ვიყავი, რეიტინგები ოპოზიციისთვის ოპიუმია, რაც არ უნდა მაღალი პროცენტი დაგიწერონ და რაც არ უნდა რეალური იყოს ეს მონაცემები, ივანიშვილი თავისი მილიარდებით თავზე დაგვამხობს ყველაფერს, თუ არჩევნებამდე არ დავამარცხეთ იგი. საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც მაგან ჩაიდინა, ქუჩაში რომ გამოსულიყო ის ოპოზიცია, პირველ რიგში, ვინც წააგო _ ივანიშვილს დავამთავრებდით. არ გამოვიდნენ გარეთ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც გაურკვეველია, სად აგროვებენ. უნდა გამოვიდეს ოპოზიცია ოფისებიდან, არ შეიძლება ასე! სადაც გასასვლელია, სულ ქუჩაში ვარ, _ ხან ბარში, ხან მთაში. ასეთ გლობალურ პოლიტიკურ თემაზე მარტო ერთი პარტია, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა რეიტინგული იყოს, ვერ შექმნის ამინდს და შედეგს ვერ მიაღწევს. ყველა პარტია უნდა მოვიდეს ამ აზრზე! რა დროს შუალედური არჩევნები იყო, თუნდაც ზუგდიდში ან თუნდაც მთაწმინდაზე? ქვეყანა თავზე გვენგრევა. ასეთი ამბებით ივანიშვილი სარგებლობს. ამიტომ არჩევნებამდე უნდა დავამარცხოთ ეს კობრა. ივანიშვილს „პატრიოტთა ალიანსი“ და გიგა ბოკერია ჰყავს ჯიბეში, ორი ოპოზიციური პარტია გააკეთა, ერთი პრორუსული და მეორე პროდასავლური ბოკერია. ასეთებს კიდევ გააკეთებს. ხომ დაინახეთ, ვინც გამოეყო, ვითომ რომ გავიდნენ „ოცნებიდან“ და ახალ პარტიებს ქმნიან, ბიძინაზე ხმას ვერ ამოაღებინებ, იმიტომ რომ ჩასანაცვლებლად ემზადებიან, რათა სათანადო ურთიერთობა გაუწიონ ახალ პარლამენტში. რთული ვითარებაა და სერიოზული მუშაობა მოგვიწევს საკუთარ თავთან, პირველ რიგში.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თქვენი ავტორიტეტული და პოპულარული გაზეთის მეშვეობით პოლიტიკურ პარტიებს, ვინც თავს მიიჩნევს ოპოზიციად: დავიწყოთ ძალიან დიდი სახალხო გამოსვლებისთვის მზადება და არჩევნებამდე დავამარცხოთ ქვეწარმავალი. სისტემა უნდა ჩამოვშალოთ და სისტემა არ ჩამოიშლება არჩევნების ლოდინით. ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს გამოცდილი რევოლუციონერი კოლეგებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და ხუთპარტიიანი პარლამენტი დაითხოვეს და ერთპარტიული რეჟიმით დაიწყე მოქმედება, სწორედ იმიტომ წამოეჭიმათ ივანიშვილი უფროსად, მათ შორის, ჩვენც დაგვითხოვეს… მე რა შუაში ვიყავი? მგონია, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის შიშებია, რომ არიქა, ვინმემ უჩემოდ არ იმღეროს და ვინმემ არ აჯობოს მას ქვეყანაში, ასეთ პირობებშიც ის თავის თავს დააზარალებს.
ივანიშვილი ძალაუფლებას უვადოდ ვერ შეინარჩუნებს, მისი ძალაუფლება მალე დამთავრდება. თუ შიგნით არ გვეყო რესურსი და ასე გავაგრძელეთ წუწაობა, პირობას გაძლევთ, რომ გარედან ივანიშვილს მე მოვახრჩობ, ამერიკაში ჩემი ვიზიტი იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ ძალიან მალე ივანიშვილის ქონება სანქცირებული იქნება, იმ დონემდე არის იქ საქმე მისული, სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ. ივანიშვილს ვურჩევ, დაიხუროს ქუდი და მოგვცილდეს. თუმცა ვერ მოგვცილდება, რადგან ის აუცილებლად ჩაჯდება ციხეში.

ლევან ქემოკლიძე