„ყოველ ღამე გვეშინია, რომ ხვალინდელი დღე აღარ გაგვითენდება“
„ქრონიკა+“-ს დახმარების თხოვნით დაუკავშირდა ლელა კალანდაძე. იგი შვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობასა და ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
_ ქალბატონო ლელა, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები თქვენი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?
_ 18 წლის წინ ჩემი შვილი გახდა ავად, მივიყვანეთ ექიმთან, დასკვნა იყო თირკმლების მწვავე უკმარისობა. 4 წელი ვიბრძოლეთ და არაფერი გამოგვივიდა, 4 წლის შემდეგ დაუწყეს დიალიზი. 11 წელი მკურნალობდა საქართველოში. სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, ასევე _ მეც: ისრაელიდან ჩამომქონდა წამლები. ამ ბრძოლასა და შვილის ჯანმრთლეობისთვის ზრუნვას შეეწირა ჩემი სახლი ბათუმში.
პოლიციის მაიორი ვარ, 11 წელი ვმუშაობდი ორგანოში, ჩემთვის ყველაფერი 33 წლის ასაკში დამთავრდა.
_ რატომ გახდა საჭირო, რომ თქვენი შვილი ქვეყნიდან წასულიყო?
_ 11-წლიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული გავხდით, წასულიყო ქვეყნიდან, რადგან სრულფასოვანი დიალიზი გვინდოდა ან გადანერგვა. როგორ იქნა, მოვაგვარეთ ყველაფერი, გავუშვი ავსტრიაში. იქ ჩასულ ადამიანს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებიან, მისცენ თუ არა თავშესაფარი. ამ ერთი წლის განმავლობაში ექიმები აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ და დაიწყეს მკურნალობა.
_ თქვენს ისტორიაში შსს რა შუაშია?
_ ერთი წლის შემდეგ ვიღაცამ დამირეკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მითხრა: „მე ვარ შსს-ს ოფიცერი“. გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. მეუბნება, რომ თქვენს შვილებს აუცილებლად გამოვაგდებთ ავსტრიიდანო… ჩემი პასუხი იყო, რომ მე ერთი შვილი მყავს ავსტრიაში, რომელიც ავად არის და იქ მკურნალობს. მან მითხრა, _ თავაძე გურამი და გუგა კალანდაძე თქვენი შვილები არ არიანო? მე ავუხსენი, რომ ეს არის ერთი და იგივე პიროვნება, ჩემს შვილს ჰქონდა მიზეზი, რომ შეეცვალა სახელი და გვარი, ეს გააკეთა აბსოლუტურად კანონიერად, ძალიან მძიმე პაცინეტია და არის ავსტრიაში. მისი პასუხი იყო, რომ ჩემს შვილს აუცილებლად უკან დააბრუნებდნენ. გავოგნდი! _ როგორ შეიძლება, უკან დააბრუნოთ, ძლივს გავუშვი, ძლივს შევაგროვე ფული, სახლის გაყიდვა დამჭირდა. ამას რომ თავი დავანებოთ, დღეს რომ ის ცოცხალია, ავსტრიული დიალიზის დამსახურებაა-მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ აუცილებლად დავადეპორტებინებთო და გამითიშა ტელეფონი.
_ ქალბატონო ლელა, თქვენ რა მოიმოქმედეთ, იყავით თუ არა შესაბამის უწყებაში, რომ მოგეკითხათ კონკრეტული მიზეზი და აგეხსნათ თქვენი მდგომარეობა?
_ კიბოიანი დედა მეწვა სახლში და ვერ მივაქციე ამ ამბავს შესაბამისი ყურადღება. ჩამოვედი თბილისში, მოვიძიე საბუთები რეესტრში: ყველაფერი აბსოლუტურად, დაბადების მოწმობიდან დაწყებული, რატომ შეიცვალა სახელი და ა. შ. ეს ყველაფერი გავამზადე, დავანოტარიუსებინე და გავგზავნე. ჩემს შვილს ვუთხარი, რომ ეს წარედგინა სასამართლოში. მიიტანა ადვოკატთან და პირველივე შემთხვევაზე სახელმწიფო ადვოკატი მოუხსნეს. უთხრეს, _ თუ გინდა, კერძო ადვოკატი აიყვანეო. 15 000 ევრო გადავიხადეთ ადვოკატებში.
_ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო ამ პერიოდში?
_ მისი იქ ყოფნის დროს გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვები შეეძინა, სიარული შეძლო და დაიწყო ნორმალური ადამიანივით ცხოვრება.
_ ქალბატონო ლელა, როგორ მკურნალობდნენ ადამიანს იქაური ექიმები, თუკი დადეპორტების საშიშროება იყო?
_ ორი ექსპერტიზა აქვს გაკეთებული და ორივეში წერია: რადგან არ გვაქვს საბუთი და უფლება, რომ იცხოვროს ავსტრიაში, ამის გამო თირკმლების გადანერგვას ვერ ვუკეთებთო. ძალიან გთხოვთ, მიეცით საშუალება, რომ გავაკეთოთ გადანერგვაო.
_ ამას ვინ წერდა?
_ პროფესორები და ექიმები, იქაურ სასამართლო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
_ იქ მაინც მკურნალობდნენ საბუთების გარეშე?
_ დიახ და ერთ-ერთი დიალიზის დროს მიაკითხეს, დიალიზიდან მოხსნეს და საქართველოში გამოუშვეს, დაყარეს აეროპორტში 2 პატარა ბავშვით და წავიდნენ. მე მეორე დღეს გავიგე, რომ თბილისში არიან ჩამოსულები.
_ ახლა როგორ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, იკეთებს თუ არა აქ დიალიზს? როგორც თქვენ თქვით, მისი ორგანიზმი ქართულ დიალიზს ვერ იღებს და აქვს უკურეაქცია.
_ ახლა კი საშინელ მდგომარეობაში ვართ, აქაური სამი დიალიზის შემდეგ უკვე დაეწყო გართულება, გამონაყარი სხეულზე. ერთხელ მყავდა სასწრაფო, ვერაფერი უშველეს. იმის შემდეგ ყოველ ღამე ასეთ დღეში ვართ. აქვს ქავილი, სუნთქვის უკმარისობა, მოკლედ, საშინელი ტკივილი. ვერაფრით ეხმარებიან, ამბობენ, რომ ეს არის მოწამვლა დიალიზითო. რესპუბლიკურშიც იყო, სადიალიზოს უფროსმა, _ ვერაფრით მოგეხმარებითო. თქვენ გინდათ, რომ ავსტრიაში გაგიშვათ უკან? ამას ვერ ვიზამთ ან რატომ უნდა ვქნათო? _ ეს გვითხრა ექიმმა.
_ იყავით თუ არა ამბის მოსაკითხად შესაბამისს უწყებაში?
_ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი არის, რომ უზრუნველყოფილი ხართ დიალიზით. არადა, ქართული დიალიზი რომ წამლავს, ამის საბუთი გვაქვს.
_ შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ იყავით?
_ არ მივსულვარ, ამ წუთშიც ძალიან ცუდად ვარ, ამ შოკმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, მარცხენა ფეხი გაჩერებული მაქვს თვე-ნახევარია. ჩემი შვილის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ მოწამვლა არის ნამდვილად დიალიზის ბრალი, დიალიზის შეუთავსებლობაა, ორგანიზმი არ ღებულობს მას. ზუსტად ის არის, რასაც წერდნენ ავსტრიელი პროფესორები, რომ საქართველოში გაკეთებული დიალიზს გუგას ორგანიზმი ვერ მიიღებდა.
_ ქალბატონო ლელა, დიალიზი ხომ აუცილებელია და მაშინ ახლა როგორ იქცევით, აგრძელებთ მის მიღებას?
_ კი, უბრალოდ, ყველა დიალიზის შემდეგ იწამლება ორგანიზმი და ველოდებით, თუ როდის ჩავარდება შოკში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ყოველ ღამე გვეშინია, რომ ხვალინდელი დღე აღარ გაგვითენდება. ამას ჩემი შეფასებით არ ვამბობ, ამ ყველაფერს გეუბნებით სამედიცინო დასკვნებით.
„ქრონიკა+“ ფაქტების გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ ავუხსენით გუგა კალანდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენთვის ასევე საინტერესო იყო, დადეპორტების შესახებ პირველი ზარი შსს-დან რატომ განხორციელდა და შედის თუ არა ამ უწყების კომპეტენციაში დადეპორტების მოთხოვნით სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მიმართონ, განსაკუთრებით კი ისეთ მომენტში, როცა საქმე ეხება ადამიანის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას იმის ფონზე, როცა ქართული მედიცინა ვერაფერს შველის.
სამწუხაროდ, გაზეთის დაბეჭდვამდე რედაქციამ შსს-სგან პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მათი აზრის გამოსაქვეყნებლად.
ზუკა ნემსაძე