ყველას რაღაც გვაქვს საამაყო
ამ ქვეყანაში ყველა ყველაფრით ამაყობს. ამაყობენ იმით, რაც მართლა საამაყოა, ოღონდ ზოგს აქვს ეს საამაყო რამ (თვისება, ნიჭი და ა. შ.) ან სრულიადაც არ მოეპოვება, მაგრამ თავი მოაქვს, რომ აბადია. ამაყობენ იმით, რაც არც საამაყოა, არც _ სამარცხვინო. მეტიც, ამაყობენ იმით, რაც არათუ საამაყო, დასამალი და სამარცხვინოცაა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბოზობა სამარცხვინო იყო და ამ ბოლო წლებში აღვირახსნილმა ქალებმა, ვითომ თავისი გულწრფელობით, ნელ-ნელა საამაყო გახადეს.
იმ „გარყვნილ“ ევროპაში თავის პირადსა და რომანებს არც ჩქმალავენ, არც სირცხვილით იწვიან, მაგრამ არც თავს გაჭამენ _ არიქა, ნახეთ, რა მაგრები ვართ, ვბოზობთო _ კაცებს კაცებზე ისე ვიცვლით, გრძნობები კი არა, ხან ფეხებიც ვეღარ ეწევაო. ამ ქვეყანაში კი ამით სწორედაც რომ ამაყობენ. თუ არ გჯერათ და უყურეთ შოუებს.
დიახ, ამ ქვეყნაში ამაყობენ ყველაფრით. ამაყობს ყველა, მაგრამ როგორც გასულ კვირას გაირკვა, ეს უფლება მთლიანად ჩამორთმეული ჰქონია ისედაც მოქალაქეობა წართმეულ მიხეილ სააკაშვილს.
გენეტიკური ტესტი გაიკეთა და პასუხი გამოაქვეყნა. მისი პოსტი იწყებოდა ბრჭყალებში ჩასმული გალაკტიონის უკვდავი სტრიქონებით: „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული“. თან იქვე ამბობდა, _ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ამერიკაში პოპულარული გენეტიკური ტესტი გავიარეო.
რა არის გასაკვირი, რომ ადამიანს, რომელსაც ცხოვრება გაუმწარეს, ხან რა ჯიშისას ეძახდნენ, ხან რა ეროვნებისას, დააინტერესა, როგორც თავადვე ამბობს, სძლია ცნობისმოყვარეობამ და ტესტი გაიკეთა. გამოაქვეყნა პასუხები და ატყდა სრული ისტერიკა, ვისაც კი სადმე რაიმე ბალანი ჰქონდა _ ამოიპუტა, ამოიწვა, ამოიშანთა. ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ მიხეილ სააკაშვილის ღია და დაუფარავი, თან დაუძინებელი მტრები, მისი მხარდამჭერები, მისი ყოფილი თანამებრძოლები და მისგან აღზევებულები, აი, ისინი, ვისაც ცხოვრების გემო გაასინჯა, თვალში გამოახედა, ჩააცვა და დაახურა, მარაქაში გარია და ასპარეზზე გამოიყვანა.
ყველამ, ვინც კი სააკაშვილს თავს დაესხა, სრული ლუსტრაცია გაუკეთა საკუთარ თავსაც, თავის ინტელექტსაც და გენეტიკასაც.
ყველა, ვინც გაჰკივის, ეს როგორ თქვა სააკაშვილმა, ჩემში წვეთი სისხლი არაა არაქართულიო, პირდაპირ ვიტყვი, სრულიად უწუგნური რეგვენია! დიახ, ბატონებო, ადამიანი, რომელსაც წიგნიერებაზე კი არა, ელემენტარულად წერა-კითხვის ცოდნაზე აქვს პრეტენზია, გალაკტიონის სტრიქონები უნდა ეცნო! თუ გალაკტიონის არა გაეგება რა, ბრჭყალებს მაინც უნდა ეთქვა მისთვის რამე! თუ არც გალაკტიონი გსმენია, არც სასვენი ნიშნების გაგეგება, ვიღაცა ხარ, უწუგნური, ვის მოძღვრავ და რას მოძღვრავ?
თავიდან ყველა ერთად და ყველაფრისთვის ერთად დებდა მიშას შავ მიწაში _ ტესტის გაკეთებისთვისაც, პასუხების გამოქვეყნებისთვისაც და იმ მინაწერისთვისაც, რაც გააკეთა.
შემდეგ, როდესაც მათ ისტერიკას სხვებმა პასუხი გასცეს, ზოგმა უკან დაიხია და საბოლოოდ, მიშას მიწაში ჩადების რამდენიმე ვარიანტი გამოიკვეთა. შესაბამისად, გამოიკვეთა მიშას მგმობელ-განმკითხავთა რამდენიმე კატეგორია.
პირველი კატეგორია _ ფაფარაყრილები. ამ კატეგორიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიშას არც ეს პოსტი არ უნდა დაეწერა, არც პასუხი დაედო და მეტიც, საერთოდ არც ტესტი უნდა გაეკეთებინა. არც უნდა ისუნთქოს. უნდა აიღოს და შუბლში ტყვია იკრას, თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ჩუმად ეგდოს და ისმინოს, როგორ ეძახიან ქართველის გარდა ყველასა და ყველაფერს: სურენას, სააკიანს სააკოვსა და ათას ჯანდაბას;
მეორე კატეგორია _ დალალდაშლილები. ამ კატეგორიის წარმომადგენლებსაც ღრმად სწამთ, რომ მიშას არც ეს ტესტი უნდა გაეკეთებინა, არც შედეგი გამოექვეყნებინა და არც ეს მინაწერი დაედო. ამ კატეგორიისთვის მიუღებელია ყოველგვარი საქციელი და ქმედება თუ განცხადება, რაც ენჯეოშნიკურ „მსოფლშეგრძნებაში“ არ ჯდება;
მესამე კატეგორია _ თავდაჭერილები. ამ კატეგორიის წარმომადგენლები, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ამგვარ ტესტს არაერთი ცნობილი ადამიანი იკეთებს, მიხვდნენ, რომ დაუკრეფავში გადასვლა გამოუვიდათ, დაამუხრუჭეს და გამოსავალიც იპოვეს. მათი თქმით, მიშას, ცხადია, შეეძლო ამგვარი ტესტის გაკეთება, მაგრამ ამ პასუხების გამოდება არ იყო მიზანშეწონილი, იმიტომ რომ, თურმე, ნუ იტყვით და საკუთარი ქართველობით სიამაყე სხვა ეთნოსის წარმომადგენლების თვალში არაა ლამაზი, გულს ტკენს მათ;
მეოთხე კატეგორია _ დელიკატურები. ამ კატეგორიის წარმომადგენელთა აზრით, მიშას, ცხადია, ტესტის გაკეთებაც შეეძლო, პასუხის გამოქვეყნებაც, მაგრამ აი, პოსტი და ის მინაწერი აღარ იყო საჭირო, თურმე, არავინ უნდა გააღიზიანო.
ამ ბოლო კატეგორიაში ბევრი ისეთიც გადანაწილდა, ვინც მიშა სააკაშვილის მხარდამჭერთა შორის მოიაზრებს თავს. რეალურად კი ისინი მიშა სააკაშვილს კი არ უჭერენ მხარს, არამედ ისეთ მიშას, როგორიც თვითონ მოსწონთ. ამ ტიპის მხარდამჭერები უკვე ქრონიკულად უტევენ და განიკითხავენ მიშას, ამუნათებენ და აბულინგებენ. აიძულებენ, რომ მათ ტყვეობაში იყოს, აკეთოს არა ის, რასაც თავად მიიჩნევს სწორად, არამედ ის, რაც მათ _ მის მხარდამჭერებს მოსწონთ. პოლიტიკოსი, ცხადია, უნდა ითვალისწინებდეს ელექტორატის, მით უფრო, მხარდამჭერთა აზრს, რომ არ დაკარგოს ეს მხარდაჭერა, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათი შეხედულებებისა და განწყობების ტყვე იქნება და ვერც გაინძრევა, რაღაში სჭირდება ის მხარდაჭერა? პოლიტიკოსს მხარდაჭერა სჭირდება სწორედ იმისთვის, რომ თავისუფლად იმოქმედოს! და თუ გასაქანს არ დაუტოვებ, ის შენი მხარდაჭერა შეახვიე ძონძებში.
და კიდევ: თუ უსასრულოდ უკვე ამდენი რამ აღარ მოგწონს ამ მიშა სააკაშვილის, რას გადაეკიდე? რაღას უჭერ მხარს და რა შეუჭამე გული ამ შენი მხარდაჭერით? წადი და ვისაც გინდა, დაუჭირე მხარი! იმას დაუჭირე, ვინც არც ტესტს იკეთებს და არც ხმაურიან განცხადებას აკეთებს! დაგიშალა ვინმემ? აა, არავინ მოგწონს, ვერავის ხედავ და ისევ მიშა სააკაშვილს უჭერ მხარს? ერთ წამს დაფიქრდი, ეს შენი და დანარჩენი სპექტრის პრობლემა ხომ არაა, რომ სხვა არავინაა მხარდასაჭერი? რამდენად მართებულია პოლიტიკოსის ასე დაბულინგება ყველაფერზე? რაღაც მოდად იქცა მიშას მწნილად ჩადება და დამუჟუჟება.
ამ ყველაფერს გამართლებაც მოუძებნეს _ იმ იდეალებს შორდება, რომელიც გვაერთიანებდაო.
ამაში მართლა ძნელია, ვინმეს შეედავო. თუ პოლიტიკოსი შორდება იმ იდეალებს, იმ ღირებულებებს, რომლის გამოც მე ვინმეს მხარს ვუჭერდი, ეს თავისთავად გამოიწვევს მისგან ჩემ დაშორებასაც და ამაში უცხო არაფერია. მაგრამ აქ ის ხდება გასარკვევი, მიხეილ სააკაშვილი მართლა შორდება იმ ღირებულებებს, რომლითაც აქამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თუ მავანს ეჩვენება ეს ასე? თუნდაც კონკრეტულად ეს შემთხვევა ავიღოთ: დიახ, მიხეილ სააკაშვილმა იმაყა თავისი ეთნიკური წარმომავლობით, თავისი ქართველობით!
კი მაგრამ, ამით რანაირად დაშორდა იმ ღირებულებებს, რასაც აქამდე ემსახურებოდა? რა, აქამდე, ქართველობას მალავდა და სამარცხვინოდ მიაჩნდა იგი? ან საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა თავის ქართველობას?
არა, ბატონებო! მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამაყობდა ქართველობით! აქ ახლი არც არაფერია! და ეს არანაირად არ აკნინებს მას! დიახ, ეთნიკური წარმომავლობით სიამაყე არც მას და არც არავის აკნინებს და არც სხვას აყენებს ჩრდილს, არც სხვა ეთნოსის წარმომადგენელს და არც შერეული სისხლის პატრონს!
დიახ, მე ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! იცით, რატომ ვამაყობ ქართველობით? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვარ _ ქართველი! და არა იმიტომ, რომ ქართველი ვინმეზე მეტია ან ვინმეზე _ ნაკლები! რომ ვყოფილიყავი ფრანგი, ვიამაყებდი ფრანგული სისხლით! ვიქნებოდი მონღოლი? ვიამაყებდი მონღოლური სისხლით! ვიქნებოდი ბოშა? ვიამაყებდი ბოშური სისხლით! ვიქნებოდი შერეული სისხლის? არც ერთს არ დავმალავდი და ვიამაყებდი ჩემი სისხლის თითოეული წვეთით!
მე ეს ტესტი არ გამიკეთებია, უტესტოდაც ვამაყობ ქართველობით.
ალბათ, მეც წამძლევს ცნობისმოყვარეობა და მეც გავიკეთებ მაგ ტესტს და რა სისხლი და რა გენეტიკაც აღმომაჩნდება, აი, იმით ვიამაყებ.
დიახ, მიშა კი არაა სამარცხვინო, ეთნიკური წარმომავლობით რომ ამაყობს, ეს თქვენ ხართ სამარცხვინოები, ვისაც თქვენი წარმოშობა გესირცხვილებათ, _ ზოგი გვარს იცვლით, მალავთ თქვენს ეთნიკურ წარმოშობას, ქართველობას ეფარებით და იგესლებით. თქვენს წარმოშობასთან, გენეტიკასთან გაქვთ პრობლემები და სხვას ლანძღავთ.
მიშა აქამდეც ამაყობდა ქართველობით და ახლაც ამაყობს. ამაში ახალი არაფერია. ახლა, უბრალოდ, დოკუმენტი ააფარა ყველას, ვინც მთელი ეს წლები დიახაც, ამ თითქმის 99%-ით ქართულ სისხლს უწამლავდა ცილისწამებით, რომ ის ქართველი არ იყო! დიახ, ბატონებო, თქვენ ამაყმა მიშამ გადაგიყვანათ ჭკუიდან!
და იმან, რომ დაგაშამათათ, ზედ საჭადრაკო დაფაზე გაგაფარჩაკათ.
„ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა, ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“… _ აი, ამან გააგიჟა ძალიან ბევრი მიშას დაუძინებელი მტერი.
მიშამ მტრები დააშამათა და კივილი ისევ მიშას „მხარდამჭერებმა“ დაიწყეს. უკაცრავად, ხომ კარგად ხართ?
და კიდევ: ერთი რამ ვერ გავიგე, თავის დროზე, ევროსაბჭოში რომ გვიღებდნენ, ზურაბ ჟვანიამ თქვა, _ მე ვარ ქართველი, მაშასადამე _ ევროპელიო.
ეს სიამაყე ყველას მოგვეწონა. ამ სიამაყით დღემდე თავს ვიწონებთ და რაღა მიშას სიამაყე გეტაკათ ეკლად? იმიტომ, რომ ზურაბ ჟვანიამ ქართველში „საქართველოს მოქალაქე“ იგულისხმა და არა ეთნიკური ქართველობა? ერთი რამ გამაგებინეთ, რა ღობე-ყორეს ედებით და რა ისტერიკა გჭირთ, რატომ გინდათ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს „ქართველობა“ დააბრალოთ? ეს, ერთი მხრივ, ბევრს აღიზიანებს კიდეც და მხოლოდ მათ აძლევს ხელს, ვისაც საკუთარი ეთნიკური წარმოშობის რცხვენია.
და კიდევ, რაკი ჟვანია ვახსენე, მისი ის საამაყო განცხადება გამახსენდა, როდესაც მას სომხობა წამოაძახეს, ამაყად განაცხადა, _ დედაჩემი სომეხია და მე ვამაყობ ამით!
პასუხი იყო ღირსეული და დიახაც, საამაყო. მაგრამ მაშინ მისმა სიამაყემ რაღაც არავინ გადარია და ახლა მიშას სიამაყემ რა გველი შეგიწვათ?
მოკლედ, ყველას რაღაც აქვს საამაყო, ვისაც რა ეამაყება, იმით ამაყობს. მიშას ეამაყება ქართველობა და ამაყობს. თქვენ თქვენი გენეტიკით იამაყეთ, გინდა წმინდა სისხლით, გინდა ამღვრეულით!
ამ ქვეყანაში ყველა ეკაბესელიობს, ყველა მამუკახაზარაძეობს! აი, მიშა არავინ არასდროს არაა! არც ცდებიან, ალაბათ. ალბათ, თავად უკეთ იციან, რაც დადგება მათგან.
რეზო შატაკიშვილი