ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა უნიკალური კოლექციით და დაუმსახურებელი პრობლემებით

მაშინ, როცა ქვეყანაში ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას. ამ მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საგამოფენო სივრცეებს, რომლებიც, დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც მრავლადაა.

 

ქუთაისში რამდენიმე მუზეუმია. ისინი გასულ საუკუნეში სხვადასხვა დროს შეიქმნა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც 1922 წელს დაარსდა. აქ დაცულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ. წ. IX-XII საუკუნეებიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. თუმცა არასაკმარისი ფართისა და საჭირო ფინანსების გამო, ექსპოზიცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი არ არის, რის გამოც დამთვალიერებელთა მიზიდვა არც თუ ისე ადვილია. ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, რომელიც 1976 წელს, მაშინდელი ქალაქკომის პირველი მდივნის, სოლიკო ხაბეიშვილის ინიციატივით დაარსდა. საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ქალაქის ცენტრში 1890 წელს აგებული, კლასიცისტური ელემენტებით შემკული შენობა გამოიყო. იგი წლების განმავლობაში მდიდრდებოდა ნამუშევრებით და სწორედ ამიტომაც დღეს აქ უნიკალური კოლექციაა დაცული. გალერეამ უმძიმესი წლები გამოიარა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში, უსაფრთხოების მიზნით, რათა ტილოები არ დაეტაცათ, ექსპოზიცია სხვადასხვა უწყებაში გაიტანეს. მართალია, დღეს ყველა ნამუშევარი გალერეის შენობაშია, მაგრამ მათი ხილვის საშუალება დამთვალიერებელს, არსებული უმძიმესი პირობების გამო, არ ეძლევა. სამწუხაროდ, წლებია, კოლექციის ძირითად ნაწილს საცავის კედლები არ დაუტოვებია.

 

„ქრონიკა+“-ს გალერეაში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრება გალერეის დირექტორი _ ელისო ჩოგოვაძე:

 

_ ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოში არსებულ მუზეუმებს შორის, აქედან გამომდინარე, იგი არის როგორც შემოქმედებითი, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება და საზოგადოების განვითარების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუცია. აქ ინახება საქვეყნოდ ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები, დაახლოებით, 3000-მდე ექსპონატი, თუმცა აქედან გამოვარჩევთ ოქროს ფონდს, რომელშიც შედის ძველი და ახალი თაობის ქართველი კლასიკოსი მხატვრები: გიგო გაბაშვილი, ნიკო ფიროსმანაშვილი, ელენე, ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, იაკობ ნიკოლაძე და მრავალი სხვა. მოკლედ, ქართული ქანდაკების ფუძემდებლები და დაზგური მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ჩვენი საგანძური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და დიდია დაინტერესება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებლების მხრიდან, თუმცა ნამუშევრების დაცვის პირობები არაადეკვატურია. მაშინ, როცა ტურიზმი ვითარდება, გალერეას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ჩვენი ქალაქი და არა მარტო ქალაქი, ნამდვილად უნდა ამაყობდეს, რომ არსებობს ასეთი მდიდარი კოლექციით გაჯერებული კულტურული დაწესებულება. ამ დიდ საჩუქარს უნდა ვუმადლოდეთ სოლიკო ხაბეიშვილს, რომლის უშუალო ინიციატივით დაარსდა გალერეა.

ბუნებრივია, საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ჩვენი კოლექციის რაოდენობითა და სიდიდით ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენს გალერეას აქვს თავისი უნიკალური მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ აქ ინახება ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მას შეუძლია საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს მომავალ თაობას  საერთაშორისო პლენერებისა და რეგიონული მხატვრობის განვითარების თაობაზე.

_ რამდენად საკმარისია დღეს არსებული სივრცე?

_ ნებისმიერ მუზეუმში განსაზღვრულია, რამდენი უნდა ეკავოს საგამოფენო ფართს, რამდენი საცავს, ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. ყველა მუზეუმი შეიძლება არ იყოს მზარდი, მაგრამ სახვითი ხელოვნების გალერეა მუდმივად მზარდია.

ამჟამად შენობა, რომელშიც გალერეაა განთავსებული, 1029 კვ.მ. ფართობს შეადგენს და 2 სართულს მოიცავს. ქვედა დარბაზი, იქ არსებული მდგომარეობისა და ხანგრძლივი უმოქმედობის გამო, საგამოფენოდ, ამ ეტაპზე, გამოუსადეგარია. კედლებიდან ბათქაში ცვივა, განათების სისტემა მთლიანად მოშლილია, ჰაერის ცირკულაცია არ ხდება, მოკლედ, დრომ დარბაზს თავისი კვალი დაატყო. იქ ამჟამად საგანგაშო მდგომარეობაა.  წინა ხელისუფლების პერიოდში ზედა დარბაზი გაკეთდა და საგამოფენოდ მოწესრიგდა, თუმცა არა კაპიტალურად. არც იქაა კონდიცირება და ახალი (თანამედროვე) განათების სისტემა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საგამოფენო სივრცისთვის. მოკლედ, გალერეაში ელგაყვანილობიდან დაწყებული, ყველაფერი ამორტიზებულია. ყველაფერს ხომ ექსპლუატაციის ვადა აქვს.

ამჟამად ზედა დარბაზი ოქროს ფონდს ეთმობა, რომლის ძალიან მცირე ნაწილია გამოფენილი, რადგან არასაკმარისი სივრცეა. იმის გამო, რომ არ ვართ აქტიურ საგამოფენო რეჟიმში, გადავწყვიტეთ, მთელი ყურადღება სხვა მიმართულებით გადავიტანოთ. ამჟამად  ფონდებში მეტად მნიშვნელოვან საქმეს ვახორციელებთ _ მიმდინარეობს 3000-მდე ექსპონატის პასპორტიზაცია-ინვენტარიზაცია, რომელსაც დიდი ხელშეწყობა სჭირდება მიმდინარე პროცესში (სტელაჟების მოწესრიგება, ოთახების დეზინფიცირება, ფართი დასუფთავებული ნამუშევრების დასაწყობად…).

გალერეის სრულფასოვანად მუშაობისთვის აუცილებელია მისი იურიდიული სტატუსი, რომლის მეშვეობითაც საკანონმდებლო დონეზე განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, დაამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს, იქნება დამოუკიდებელი პირთან მოლაპარაკებაში და ა. შ. როცა უცხოელ პარტნიორს ესაუბრები და რაღაც წინადადება გაჩნდება, ვერ შეაჩერებ და ვერ ეტყვი, რომ ვიღაცას უნდა შეეკითხო. აუცილებელია, მართვაში ავტონომიური იყო, საკუთარი ფინანსები გქონდეს და თავადვე განსაზღვრო, რამდენია საჭირო სახელფასო ფონდისთვის, საგამოფენო საქმიანობისთვის, ნამუშევრების შეძენისთვის, რესტავრირებისთვის და ა. შ. ჩვენ კი უკვე 6 წელია, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალი ვართ.

_ ე. ი. გალერეა გათანაბრებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და იგივე პირობებშია მოქცეული?

_ დიახ, ასეა. ამ დღეებში გაერთიანებიდან შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები მივიღეთ, რომელიც ყველა მასში შემავალ ფილიალს უნდა მოერგოს. შრომის კანონი რომ ყველგან დასაცავია, ამაზე არ ვკამათობთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული ვართ და სხვა ფილიალების სპეციფიკას უნდა მოვერგოთ, მართებულად არ მიმაჩნია. ჩვენ საგამოფენო დაწესებულება ვართ, მუზეუმიც და უფრო მეტი ლავირება არის საჭირო. აქ ზარი არ ირეკება, მოსწავლე არ შემოდის 9 საათზე და მასწავლებელი 5 საათზე არ ამთავრებს მუშაობას. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. კონკრეტულად ამ დაწესებულებაში მატერიალური პასუხისმგებელი ვარ და ამისთვის ბერკეტები მჭირდება, რათა ორგანიზაცია ეფექტიანად ვმართო.

_ რა ხდება უშუალოდ საცავებში, რამდენად არის იქ დაცული მიკროკლიმატი და, ზოგადად, პირობები, რომ ნამუშევრები არ დაზიანდეს?

_ რა თქმა უნდა, არ არის დაცული, მაგრამ დროებით ჩარევას, ანუ თუ არ იქნება 24-საათიანი ვენტილაცია, უკეთესია ისე იყოს, როგორც არის. ნამუშევრები ამჟამად ბუნებრივ პირობებშია და თუკი ჩვენ დროებით ღონისძიებას გავატარებთ, მათ უფრო დავაზარალებთ.

_ სიტუაციის შეცვლას ელით?

_ მოლოდინი ყოველთვის არის. ძალიან დიდი იმედი გვქონდა ქალაქის ამჟამინდელი მერის, რომელმაც, ერთი შეხედვით, გულთან მიიტანა ჩვენი პრობლემა. მწამს, იგი მართლაც მოწადინებული იყო, მაგრამ შედეგი არ არის. ბატონი შოთა გვპირდებოდა, რომ გალერეას რეკონსტრუქციის პროგრამაში ჩართავდა. ეს განსაზღვრულია გეგმითაც, რომელიც მერიამ შეიმუშავა, მაგრამ გაურკვეველია, პროცესი როდის დაიწყება.

_ ბოლო წლებში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია არა მარტო არსებული ფართის რესტავრაციაზე, არამედ დამატებითი სივრცის მშენებლობაზეც კი.

_ ნამდვილად იყო საუბარი ამაზე. მეტიც, არქიტექტურული კონცეფცია გვაქვს, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქალაქის თანამედროვე გალერეა. გარდა იმისა, რომ აუცილებელია ფონდებისთვის საჭირო ფართის გაზრდა, აუცილებელია არსებობდეს დამატებითი საგამოფენო სივრცეებიც; ასევე ინფრასტრუქტურა, სადაც პერსონალს სრულფასოვანი სამუშაო გარემო ექნება, ხოლო დამთვალიერებელი თუ დაინტერესებული ადამიანი კომპლექსურ მომსახურებას და ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებს. უნდა არსებობდეს სათადარიგო სივრცეები საკონფერენციო დარბაზით, მაგრამ ჩვენ სათადარიგო სივრცე კი არა, აუცილებელი სივრცეც კი არ გაგვაჩნია, რომ გამოვიტანოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ და აქ დაცული საგანძური საზოგადოებას ვაჩვენოთ.

დღეს ბევრს საუბრობენ, რომ არსებული კრიზისის გამო აუცილებელია გაკეთდეს ეკონომია, მაგრამ არის სფეროები, სადაც ეკონომიის გაკეთება დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს და ამის გამო გაცილებით მეტი დავკარგოთ, ვიდრე ვზოგავთ. საფრთხეები სიღრმისეულად უნდა დავინახოთ. სამწუხაროდ, ამ წვდომას ვერც ერთ დონეზე ვერ ვხედავ. მალე არჩევნები იქნება, შეიცვლება ხელმძღვანელობა და იმედი მაქვს, _ მიდგომებიც.

გალერეა ჩვენთვის დიდი საჩუქარია და თუკი ეს საჩუქარი ქალაქს მოვუსპეთ, პასუხს გვაგებინებენ და გაგვასამართლებენ. მარტო ჩემი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, რადგან დღიდან მოსვლისა უამრავი წერილი გავგზავნე. რა თქმა უნდა, პრობლემებზე წერა არ მიხარია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ გავახმოვანე, სამწუხაროდ, სხვა არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია ამ ყველაფრის მოსავლელად. იძულებული ვხდები, ხმამაღლა ვთქვა სათქმელი და განგაში ავტეხო. აქ დამთვალიერებელს ერთსა და იმავე გამოფენას აჩვენებ, რადგან საშუალება არ გვაქვს, საზოგადოებას სიახლე შევთავაზოთ. გამოფენა ჯადოსნური ჯოხით არ კეთდება. ექსპოზიციის მოწყობა მარტო ნამუშევრების კედელზე ჩამოკიდება არ არის.

როგორ შეიძლება, გალერეაში მუშა არ გყავდეს?! ხელფასები კი იმდენად დაბალია, რომ პროფესიონალი კადრის დამაგრება რთულია. ენთუზიაზმზე უწევთ ადამიანებს საქმიანობა და ამხელა სიმდიდრის დაცვა. დანაშაულია, არ დაუფასო ამაგი უდიდეს პროფესიონალს, ბატონ გოგი ლომთაძეს, რომლიც ჩვენ გვერდით დგას და საქმიანობს, ასევე ქალბატონ ეკატერინე კაკაბაძეს, რომლის ხელშიც შეიქმნა ეს ფონდი.

საქართველოში როდესაც პიკასოს ნამუშევრები ჩამოიტანეს, ძალიან მინდოდა ქუთაისშიც გამოფენილიყო, მაგრამ გადაუარა ქუთაისს და ბათუმში გამოიფინა. ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან დავიწუწუნე ამის გამო და მან აბსოლუტურად სამართლიანად მიპასუხა, რომ ჯერ კლიმატური და ნამუშევრების დაცვის პირობები მოაწესრიგეთო.

_ როდის შეიძინეთ ბოლოს ნამუშევარი?

_ ეს იყო 7-8 წლის წინათ. გეთანხმებით, გალერეამ ჯაჭვი არ უნდა გაწყვიტოს და მუდმივად უნდა შეიძინოს ახალი ნამუშევრები, რათა არ ჩამორჩეს მხატვრული კულტურის განვითარების პროცესებს, ეტაპებს. სამწუხაროდ, პესიმისტურად ვარ განწყობილი და ეჭვი მეპარება, ამ პირობებში კოლექცია გავამდიდროთ.

 

კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი _ ელისო ქაროსანიძე:

_ მიმდინარე ეტაპზე არსებული ბიუჯეტი არ იძლევა მასშტაბური სარემონტო სამუშაოების წარმოების საშუალებას.

შენობა სრულად საჭიროებს რეკონსტრუქციას. ვიდრე ახალი ბიუჯეტი არ დაიგეგმება და არ დამტკიცდება, წინასწარ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. გაერთიანების გასული წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 900 ათასი იყო, მაშინ როცა მხოლოდ სახელფასო ფონდისთვის მჭირდებოდა 3 მილიონ 100 ათასი და აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ გაგვეკეთებინა რეკონსტრუქცია, რომელიც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, ფიზიკურად წარმოუდგენელია. აუცილებელ წვრილმან სამუშაოებს ვახერხებთ. მასშტაბურ რემონტს ბიუჯეტის გაზრდა სჭირდება. სამწუხაროდ, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ვერაფერი დაიგეგმება.

რამდენადაც ვიცი, გალერეის ხელმძღვანელს ჩვენგან დამოუკიდებლად ჰქონდა წარდგენილი პროექტი, სადაც გრძელვადიან დროზე იყო საუბარი. კერძოდ, 2020 წლამდე უნდა მოხდეს რაღაც.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა, გალერეა არ იყოს ა(ა)იპის შემადგენლობაში და ის წარმოადგენდეს დამოუკიდებელ სტრუქტურას?

_ ეს ჩემი ზემდგომის, თვითმმართველობის გადასაწყვეტია. 2011 წელს, როცა გალერეა ა(ა)იპში შევიდა, აი, მაშინ უნდა ატეხილიყო განგაში. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გალერეა უნდა იყოს ქალაქის სახე. ბუნებრივია, რაც შემეძლება, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, მხოლოდ ხელს შევუწყობ მის განვითარებას.

 

არ შეიძლება არ დაეთანხმო ელისო ქაროსანიძეს, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ა(ა)იპის ბიუჯეტით რაიმე სახის რეკონსტრუქციის განხორციელება ნამდვილად შეუძლებელია. გალერეის ბედი, მხოლოდ და მხოლოდ, ქალაქის მერიის ხელშია, რომელიც ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების როლსაც უნდა ხედავდეს. ვიდრე მაღალჩინოსანთა მზერა მაღალ ხელოვნებას გაუსწორდება, მანამდე ქუთაისის მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები ფიზიკურად და არა კოლექციით კონკურენტუუნარო დაწესებულებებად რჩებიან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევ გაურკვეველია, როდის დადგება ის დრო, როცა საცავებიდან ექსპონატები თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ დარბაზებში გადაინაცვლებს.

ხვიჩა ვაშაყმაძე