„ქუთაისის მერიის უპასუხისმგებლობამ კაცი რეანიმაციამდე მიიყვანა“ – ბიზნესმენის მეუღლე
შპს „გლობალმეტალის“ წარმომადგენელი ზაზა ნაცვლიშვილი, რომელიც ქუთაისის მერიისაგან 3 თვეა უშედეგოდ თხოვს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიღებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს.
„ქრონიკა +“-ს მისი მეუღლე მანანა ჯაბაშვილი დაუკავშირდა, რომელიც მისი ქმრის ჯანმრთელობის გაუარესებაში ქუთაისის მერიას ადანაშაულებს და პასუხს ითხოვს.
„ცუდი ამბავი შეგვემთხვა, ამ ნერვიულობის გამო აუწია შაქარმა და კომით გადაიყვანეს კლინიკაში, ამ პრობლემებს დაემატა ისიც, რომ მე მიხდება ზარებზე პასუხის გაცემა, რადგან რეანიმაციაში არ შემატანინეს ტელეფონი.
ქუთაისის მერიის უპასუხისმგებლობამ მიიყვანა ეს კაცი რეანიმაციამდე, რა გავაკეთო, არაფერი პასუხი არ გვაქვს, დაგვპირდენ, რომ ხუთშაბათიდან გადმოგირიცხავთ თანხას, მაგრამ არაფერი…
,,ვრეკავ ქუთაისის მერთან და არ მპასუხობს, შემდეგ მივწერე, ავუხსენი მდგომარეობა, მაგრამ უშედეგოდ, ამის გარდა მუშები მირეკავენ, რომლებიც თავის ანაზღაურებას ითხოვენ, კი შედიან მდგომარეობაში, ,აგრამ მათაც თავისი კუთვნილი თანხა სჭირდებათ“, – განუხადა „ქრონიკა +“-ს ჯაბაშვილმა.
ქუთაისის მერიის ტენდერში გამარკვებული კომპანიის შპს „გლობალმეტალის“ წარმომადგენელი ზაზა ნაცვლიშვილი ქუთაისის მერიასთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით „ქრონიკა +“-ს ესაუბრა. ის ქუთაისის მერიას არაპროფესიონალიზმსა და საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
ზაზა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისმა კომპანიამ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებელ ტენდერში გაიმარჯვა და სამუშაოების ნაწილი შეასრულა, თუმცა მუშაობის პროცესში ტენდერით გათვალისწინებული გარკვეული დეტალის ცვლილების საჭიროება გაჩნდა, რის შესახებაც მერიას ჯერ სიტყვიერად მიმართა, შემდეგ მისწერა კიდეც, სიტყვიერად დაეთანხმნენ, თუმცა წერილობით არ უპასუხეს.
ამის შემდეგ კომპანიამ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, შემდეგ კი შეაჩერა, რადგან მერიამ არც თანხა ჩაურიცხა და ოფიციალურად ამის არც მიზეზი განუმარტა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, მერიაში სრული ქაოსია და თავის საქმეს არაჯეროვნად ასრულებენ.
პრობლემის შესახებ მან მისწერა როგორც ბიზნესომბუდსმენს ასევე, სახალხო დამცველს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ დაარღვია სახელშეკრულეობო მოთხოვნები და ახლა გადაწტყვეტილება შესყიდვების სააგენტომ უნდა მიიღოს.
დოკუმენტების თანახმად, შპს „გლობალმეტალმა“ 2021 წლის 2 მარტს, ელექტრონულ ტენდერში (ნატ210002126) გაიმარჯვა. შპს „გლობალმეტალსა“ ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება #79, რაც ითვალისწინებდა ქ. ქუთაისში მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების მოპირკეთებით სამუშაოებს კერძოდ შესასვლელი ლითონის კარების დამზადება და მონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამზადებასა და მონტაჟს.
ირინა მაკარიძე