„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტმა ბერლინში ბუნდეს-პრესკონფერენციაზე კითხვებზე პასუხები მიიღო
მიხეილ ხაჩიძე
გერმანიის კანცლერის განცხადებამ გერმანულ გაზეთ „შპიგელთან“ ერთგვარი აურზაური და გაურკვევლობა გამოიწვია. რა თქვა ოლაფ შოლცმა ახალი ქართველების შესახებ? „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ბერლინში ბუნდეს-პრესკონფერენციას დაესწრო, მოუსმინა გერმანიის მთავრობის სპიკერისა და მთავრობის პრესისა და ინფორმაციის ოფისის ხელმძღვანელ შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებას, დასვა კითხვები და მიიღო პასუხები.
ჟურნალმა Der Spiegel-მა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. მასში განხილულია გერმანიაში არალეგალური მიგრაციის საკითხები და ომი ახლო აღმოსავლეთში.
„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება“, – ამბობს გერმანიის კანცლერი.
კითხვაზე, უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას იმას, ვინ შემოდის ქვეყანაში და ვის აძლევენ დარჩენის უფლებას, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ, თუმცა ახლა უფრო ზუსტ დიფერენცირებას განახორციელებენ:
„ერთი მხრივ, ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისინიც, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, რადგან პოლიტიკური დევნის სამიზნედ გვევლინებიან. მეორე მხრივ კი ეს ნიშნავს: ვინც არ მიეკუთვნება ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ამ რიცხვის შემცირებას, კანცლერი აღნიშნავს: „ზომების ახალი პაკეტის საშუალებით. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სამაგიეროდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენტი დაამტკიცებს ამ მექანიზმს“.
კანცლერის თქმით, გერმანიამ შემოიღო მკაცრი კონტროლი მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე, რის შესახებაც ინფორმირებულია ბრიუსელი.
„გვსურს, შევამციროთ აქ უკანონოდ დარჩენისთვის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალურ მიწებზე განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური სახით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცი ინტერვიუში განმარტავს, რომ მასშტაბური დეპორტაცია უნდა განახორციელონ მათ მიმართ, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ გააჩნია.
„ვისაც გერმანიაში დარჩენის ნებართვას, სავარაუდოდ, არ მიანიჭებენ, რადგან ვერ დაადასტურებენ დაცვის საჭიროებას, უნდა დაბრუნდნენ. ამის რეალიზაციისთვის ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ უწყვეტად, რათა ის პირი, რომელსაც ფედერალური პოლიცია დააპატიმრებს, რეალურად დეპორტირებულ იქნას. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ საიმიგრაციო ოფისის გაციფრულება – ქაღალდის ერა უნდა დასრულდეს. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებები და პირველადი გასაუბრებები მიღების პუნქტებშივე განხორციელდეს. სასამართლო განხილვებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე დეპორტაციის საქმეებზე პირველადი დადგენილებები ოთხი თვის შემდეგ მოდის, სხვაგან კი ამას 39 თვე სჭირდება. ეს დაუშვებელია. ჩვენ უფრო ხშირად და სწრაფად უნდა განვახორციელოთ დეპორტაციები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები განიხილება დაჩქარებული წესით, რაც გამოიწვევს თავშესაფარზე უარის მქონე პირთა სწრაფ დეპორტაციას.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრებათ პოლიტიკური ნიშნით დევნა. ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.
ბერლინში ბუნდეს-პრესკონფერენციაზე შოლცის განცხადებებს კომენტარი გაუკეთა გერმანიის მთავრობის სპიკერმა და პრესისა და ინფორმაციის ოფისის ხელმძღვანელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა. „ქრონიკა+“-მა მის მიმართ დასმულ კითხვაზეც მიიღო პასუხი:
„მარტივი ტექსტით რომ ვთქვათ, შოლცის განცხადება ნიშნავს შემდეგს _ ქართველები, რომლებიც გერმანიაში უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ბარდებიან ლტოლვილებად, სამშობლოში გამოდეპორტდებიან. დეპორტაციები გერმანიიდან აქამდეც სულ იყო, ღიად, მისიის ფარგლებში, თვეში 2, ხან 3 რეისიც კი ჩამოდიოდა თბილისში, თუმცა თუ აქამდე ქართველების საბუთებს ბიუროკრატიული სარჩულის გამო თვეობით, ხანაც წლობით სწავლობდნენ, და ამ პერიოდში ქართველები გერმანიაში ლტოლვილებად ცხოვრობდნენ, ახალი მიდგომით, ეს ასე აღარ იქნება. ქართველების საბუთები სწრაფად დამუშავდება და მათი გამოძევებაც მალევე მოხდება.
ვის შეეხება დეპორტაცია? _ ყველას, ვინც უსაფუძვლოდ და უსარჩულოდაა ჩაბარებული. რატომ? _ იმიტომ, რომ უსაფრთხო საქართველოდან ლტოლვილად ჩაბარების საბაბი არავის აქვს. თუ რეალურად არის პოლიტიკური დევნა ან მედია-შევიწროება და სხვა მძიმე გარემოებები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ იყოთ დევნილი თქვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში გერმანიის კარი თქვენთვის კვლავ ღია რჩება. თუმცა თუ აქამდე მარტივად ატყუებდით გერმანიას და ისიც გინახავდათ და გარჩენდათ, ახლა ეს სპეციფიკა ასე იოლი აღარ იქნება“.