ქოცისტანის დედალ-მამალი მზეები
მე მივხვდი, რატომაც დაცხა ასე ძალიან! იმდენი „მზე“ ამოკაშკაშდა, დაცხებოდა, აბა რა იქნებოდა! საფრანგეთში ერთი ლუი XIV-მ, მეფე მზედ წოდებულმა თქვა, სახელმწიფო ეს მე ვარო და აქ, ამ პათოსის განცხადებებს ვისღან აღარ მოისმენ. მეფე მზემ _ ლუი XIV-მ, ვერსალი ააგო და იქ ანათებდა, ეს ჩვენი მარგველაშვილი კი მიშას აგებულ ვერსალშიც „ხოშიანად“ კაშკაშებს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, ლამის მეფე-მზე მონაგონია.
მარგველაშვილის მზეთამზეობა არ გვეყოფოდა და ზაქარია ქუცნაშვილმაც გვტყორცნა სხივები და აჩახჩახდა.
ჟურნალისტმა კვების რეჟიმზე დაუსვა კითხვა და ზაქარია-შაქარიამ შემოგვწუწუნა, _ არ ვეკუთვნი საკუთარ თავსაო. ჟურნალისტმა გაიკვირვა, _ აბა, ვის ეკუთვნითო? და ზაქარიამან მიუგო პასუხი განსაცვიფრებელ _ „ამომრჩეველს“! გესმით? ჩვენ რომ ბიძინას ზაქარია-შაქარია გვეგონა, თურმე ჩვენი საერთო საკუთრება ყოფილა! ის კი არა, ჩვენ გამო პირადი ცხოვრება თითქმის აღარ ჰქონია და მეტიც, ხშირად სადილის გარეშეც რჩება. ჩვენ გვეკუთვნის და კი არ გვეკითხება, გვინდა მისი ასეთი მსხვერპლშეწირვა თუ არა? „წადი, ბიძიკო, ისადილე“, _ ეტყვი და ეწყინება. ცალკე ამის მსხვერპლშეწირვამ მამკლა და მამინელა და ცალკე კიდევ დედალი მზის _ ენძელა მაჭავარიანის მსახურებამ _ გამოვიდა და დაგვძახა: „მე ვემსახურები იმ საქმეს, რომლისთვისაც ვარ მოსული ამ დედამიწაზე“.
აი, როგორ არ უნდა შესწირო ღმერთს მადლობა, რომ ენძელა მაჭავარიანი მაინცდამაინც ამ ჩვენს დედამიწაზე მოავლინა და არა სადმე სხვა დედამიწაზე?!
გეუბნებით, ცალკე ზაქარია-შაქარიას მსხვერპლშეწირვამ მამკლა, ცალკე ენძელას მსახურებამ და ცალკე კიდევ უსუფაშვილის თავდადებამ. გამოვიდა და ტანზე თაფლმდინარემ დაგვძახა, _ მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატიო. ისეთი პათოსით და სოუსით დაგვძახა, გეგონება თვითონ სული არ სძვრება პრეზიდენტობაზე და ჩვენ გვინდა და მზადაა, მოწყალება გაიღოს. მოდი და ნუ მოგიყვანს აღტაცებაში მისი ეგზომი თავდადება! თან რა „გულწრფელია“? მე მინდა, რომ მარგველაშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი და თუ ის არ ინდომებს, მაშინ სხვა რა გზა მაქვს, აგერ მე ვიქნებიო.
უსუფაშვილს თაფლი უსვია, ბუზი ეხვევა და არ სცალია იმაზე საპასუხოდ, რატომაა ქვეყნისთვის ასეთი კარგი და საამო მარგველაშვილის კვლავ პრეზიდენტობა? ამ პრეზიდენტობისას რა ჰქმნა, რომ იმ პრეზიდენტობისას რამე ჰქმნას? ან თავად რა გააკეთა, როდესაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო? რა გააკეთა გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო სახსრებით ბიძინა ივანიშვილის სახოტბო წერილი გამოაქვეყნა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ფასიან ფურცლებზე? მათი წარმატების მგონი ერთი თინას სჯერა და მეორე კიდევ სალომე ზურაბიშვილს: „ერთი არის პრეზიდენტი, მეორე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რატომ არ უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანი, ვერ გავიგე“.
რა ვერ გაიგო ზურაბიშვილმა, მართლა ვერ გავიგე და ვერც ის გავიგე, რანაირადაა კონკურენტუნარიანი მისდღემში 2-პროცენტიანი რესპუბლიკელი და ახლა კიდევ არც კი 2-პროცენტიანი „შენების მოძრაობის“ ლიდერი? ან მარგველაშვილი როდის აქეთაა კონკურენტუნარიანი? ერთიც და მეორეც ხელისუფლებაში მოიყვანა ივანიშვილმა. ერთიც მისი გიქორი იყო და _ მეორეც. ერთიც ივანიშვილმა გამოიყენა და _ მეორეც, ერთიც ივანიშვილმა დაიქნია და _ მეორეც. ერთიც პოლიტიკური საჭურისი გახლდათ ივანიშვილის პოლიტიკური ჰარამხანიდან და _ მეორეც. ისე, ჩვენში დარჩეს და, ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც საჭურისებს ხელში ჩაუგდიათ ძალაუფლება, მაგრამ ისინი პირდაპირი გაგებით საჭურისები იყვნენ და არა პოლიტიკურად საჭურისები.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბატონ მარგველაშვილს თავი მზე ჰგონია და სხივებს კეკლუცად ივარცხნის _ ერთკვირიან ვადას ითხოვს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით. მარტო ეს რომ წაეკეკლუცა, რა უჭირდა. ეს კეკლუცობაც დაგვამადლა, _ არ გავცემ პასუხს კითხვას, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი და ამ პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციასო.
„ოცნება“ მე მელოდება და კანდიდატს იმიტომ არ ასახელებსო. თუ მე ვიტყვი, რომ არ ვიყრი კენჭს, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, იმიტომ რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება პრეზიდენტობისას, არც არავის შეეპასუხება, არც ვეტოს გამოიყენებს და აქაც არ იქნება, ექსკურსიაზე თუ მოიყვანს ვინმეო. მოკლედ, თუ მე არ ვიყრი კენჭს, ერთ ვინმეს გლახას და საპყარს დააყენებენ კანდიდატად, მაგრამ მე თუ მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებენო. მე მელოდებიანო! „ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს“.
მერმე კიდევ უფრო ჩაგვიშალ-ჩაგვიანალიზა, _ ესაო, ჩემი პოლიტიკური თამაშისა და სტრატეგიის ნაწილიაო, ბუნდოვანებით „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებ, უფრო ძლიერი კანდიდატი დაასახელოსო.
მარგველაშვილმა მთელი ამ პრანჭიკუდობით, ვითომ რომ „ოცნებას“ ესვრის კენჭებს, რეალურად ოპოზიციურ კანდიდატებს გლიჯა ქვა და ღორღი. რანაირად? იმნაირად, რომ ბრძანა, თუ მე მონაწილეობას არ მივიღებ, „ოცნება“ სუსტ კანდიდატს დააყენებსო. ასე არც გრიგოლ ვაშაძე, არც შალვა ნათელაშვილი და არც დავით ბაქრაძე ძლიერის კონკურენციას არ საჭიროებენ, მათ ნებისმიერი სუსტი კანდიდატი მოუგებს და მხოლოდ მაშინ დასჭირდება „ოცნებას“ ძლიერი კანდიდატი, თუ მე მივიღებ მონაწილეობასო. ანუ თავისი თავი ათი თავით მაღლა დააყენა გრიგოლ ვაშაძეზეც, დავით ბაქრაძეზეც და შალვა ნათელაშვილზეც.
რა აუვარდა თავში? მე თუ მკითხავთ, სასახლეში ცხოვრება. დიახ, სასახლის ინტერიერი და ექსტერიერი დამღუპველი აღმოჩნდა მისთვის.
პრეზიდენტს, რომელიც ქსოვითა და კარტოფილის მოყვანით იქცევდა თავს და იქარვებდა ამსოფლიურ სევდას, სამიოდე თვეში ყავლი გასდის და მაგ სასახლესაც გამოემშვიდობება. მისი და სასახლის ურთიერთობა ფრიად სენსიტიური იყო. სწორედ სასახლის არდატოვებაში გამოიხატა სხვა მხრივ პლასტელინის უდრეკობა. ცოცხალი თავით არ დასტოვა სასახლე. მის შემყურეს აუცილებლად გაგახსენდებოდა ის, გიჟი რომ ქორწილში შევიდა და გამოსვლა არ უნდოდა, _ ჩემს სახლს ესა სჯობიაო.
გაკერპდა, გაქვავდა და სასახლიდან არ გამოვიდა. მისმა ამ გაქვავ-გაკერპებამ ერთი ის ქნა სიკეთე, რომ ქვეყანას პრეზიდენტის სასახლე შეუნარჩუნა, თორემ იმ სასახლეში მის პარპაშს ქვეყნისთვის სხვა ხეირი არ მოუტანია. და ვიმეორებ, ვგონებ, არც თავად მარგოს არგო იქ ცხოვრებამ. აშკარად აწყინა სასახლეში ცხოვრებამ. როგორც ჩანს, მან მართლაც დაიჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტია. ისევე არჩეული, როგორც, თავის დროზე, აირჩიეს ზვიად გამსახურდია, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი. მან დაიჯერა, რომ თვითონაც მათი რანგისა და მხარდაჭერის პრეზიდენტია და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მუთაქასავით მიტანილი და დადებული სასახლეში!
არადა, სწორედ მარგველაშვილი იყო პირველი „კაცის კაცი“ ამ პოსტზე. ვერც ზვიად გამსახურდიაზე იტყოდა ვინმე, რომ ზვიადი ვინმეს კაცი იყო, ვერც შევარდნაძეზე იტყოდი ამას, შეიძლება გეთქვა, რუსეთის კაცია, მაგრამ ვერ იტყოდი, რომ ის კონკრეტულად რომელიმე პერსონის კაცი იყო და ვერც სააკაშვილზე იტყოდი ამას, რომ მიშა ვინმეს კაცია. ისინი არავის კაცები არ იყვნენ, ისინი თავად იყვნენ კაცები და იქით ჰყავდათ თავისი კაცების არმიები. ეს, მარგველაშვილი, კიდევ, კაცის კაცი გახლდათ _ ივანიშვილის კაცი იყო და სწორედ ამ ნიშნით არჩეული ამ პოსტზე, ახლა რომ კუდი ყავარზე გაუდევს იმ ყვავივით, ნეხვზე რომ ზის და ბოლოს არიდებს.
მართლაც უცნაურია, ასეთი რა ვარდი იშოვა ყვავმან, თავი რომ ბულბული ჰგონია?
ვიმეორებ, მე მაინც ისევ პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრებას ვაბრალებ მის ასეთ გაყოყოჩებას და საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენის შექმნას. როლში შევიდა და მგონი, ჩარჩა როლში. ჰგონია, რომ თუ კენჭს იყრის, ხმები ისევ ისე ბითუმად მიუვა, როგორც 2013 წელს მიუვიდა.
რა მიაჩნია თავის ღვაწლად და დამსახურებად? თავისი ნათესავების უმოწყალოდ შეწყალება? ორი „მეშოკი“ კარტოფილის მოყვანა? რამდენიმე ვეტო თუ უმრავლესობასთან კინკლაობა? რეალურად, ირიბად მან გათქვა კიდეც, რასაც მიიჩნევს თავის ღირსებად. სუსტ კანდიდატს დააყენებენო, ისეთს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტობისას არც არავის შეეპასუხება, არც ვეტოს გამოიყენებს და აქაც არ იქნება, ამ სასახლეშიო.
ე. ი. თავის ღირსებად და დამსახურებად მიაჩნია _ სასახლეში გამაგრება, დადებული ვეტოები და შეპასუხება-კინკლაოებები. და იმას აღარ აკონკრეტებს, რა გვარგო ან მისმა ავლაბარში გაჯიქებამ, ან დადებულ-დაძლეულმა ვეტოებმა, ან უმრავლესობასთან უსაგნო კინკლაობამ?
ხომ ფაქტია, რომ არც ერთ გადამწყვეტ ეტაპზე მას „ქართული ოცნებისთვის“ წიხლი არ უთავაზებია მზის წნულში და მხოლოდ არაარსებით საკითხებზე უწევდა ოპონირება-მეტოქეობას. გადამწყვეტ მომენტში ის ყოველთვის ქოცობდა, არაარსებით საკითხებში ქოცებთან კინკლაობით კი შუაშისტების ბაღნარებში კრეფდა ჟოლო-მოცხარს. მარტო შუაშისტებში კი არა, სიმპათიებს „ნაცმოძრაობის“ მომხრეებშიც კრეფდა, ყოველ შემთხვევაში, თავისი ვირ თუ ზებრეშმაკობით მან მოახერხა ის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, რატომღაც, სულ ჰქონდა და მგონი, ჯერაც აქვს რაღაც მოლოდინი, რომ ის რაღაცას იზამს, მნიშვნელოვანს, გმირულს, პრინციპულს.
ასე ელიან ყველა კრიტიკულ მომენტში. ელოდნენ, რომ გამბედაობას გამოიჩენდა და შეიწყალებდა უგულავას, მერაბიშვილს, ახალაიას, რომა შამათავას.
ვიღაც ელოდა, რომ თუ არ შეიწყალებდა, მოქალაქეობას მაინც აღუდგენდა სააკაშვილს, მაგრამ მიზეზად სააკაშვილის ტონი მოიდო და თავი დაიძვრინა განსაცდელისგან. ზოგი იმასაც ელოდა, რომ გადადგებოდა, იმასაც, რომ სარალიძის აქციების დროს ღიად დადგებოდა პროტესტის მხარეს და ა. შ.
მოკლედ, მას შესწევს უნარი, გააჩინოს ის მოლოდინი, რომელსაც ის არც იმსახურებს და არც უპასუხებს. მან ზუსტად იცის, რა დოზით აუწიოს პატრუქს, რომ მისი ლამპის შუქმა მეტისმეტად არ მოსჭრას თვალი იმ ბრძენ კაცს. ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც რაღაც აიწყვიტა და აუვარდა თავში. ეს, ეტყობა, სტრესის შედეგია _ ორიოდე თვეც და სასახლეს უნდა გამოეთხოვოს.
„სანამ აფრენას არ შეეცდები, ვერ გაიგებ, ქათამი ხარ თუ ჩიტი“, _ ეს კორეული სიბრძნეა. მარგველაშვილი, როგორც ჩანს, აფრენას აპირებს. აპირებს და გაარკვევს, ბიძინას ბაჯბაჯა პინგვინია თუ მერცხალი კუდმაკრატელა.
რეზო შატაკიშვილი