ქობულეთში იპოთეკით დაზარალებული ბეჟანიძეების ოჯახი ქუჩაში რჩება
თამარ სანაძე
ქობულეთში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ ბეჟანიძეების ხუთსულიან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გასახლება ემუქრება. საბანკო დავალიანების გამო ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი „პროკრედიტ ბანკმა“ აუქციონზე გაყიდა. ქვრივი ქალი, ნაილი ბეჟანიძე, სამი შვილიშვილით და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილით ქუჩაში რჩება. მეორე გამოსახლებისას ოჯახის უფროსი ინსულტით გარდაიცვალა.
ნაილი ბეჟანიძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ თავდაპირველად თავისი საცხოვრებელი სახლი ვინმე გიორგი სლანოვზე იყო გაფორმებული, ახლა კი ქონება ბესარიონ ბალავაძის სახელზეა. ორივე მათგანის, სლანოვისა და ბალავიძის უკან, დგანან „ლიდერბეთის“ მეწილე ქართლოს დიასამიძე და დავით ჩხიტუნიძე. ბეჟანიძეები მათ ორასი ათას დოლარს სთავაზობენ, თუმცა სახლის ახალი მეპატრონეები საცხოვრებელს არ თმობენ, მოლაპარაკებას არ თანხმდებიან და მათ გასახლებას ითხოვენ.
ცნობისთვის: ბეჟანიძეების ოჯახის გასახლების პროცედურა 9 ნოემბერს ჩაინიშნა. ოჯახის მეპატრონე აცხადებს, რომ ის იძულებულია, უკიდურესს ფორმას, თვითმკვლელობას მიმართოს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩენია.
ნაილი ბეჟანიძე:
_ 2015 წელს „პროკრედიტ ბანკმა“ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N90-ში, აუქციონის წესით გამიყიდა საცხოვრებელი სახლი. როდესაც ეს აუქციონი ჩატარდა, ვინც იყო სახლის მფლობელი, ჩემი შვილი, მას საბუთები არ ჩაბარებია, ჩემმა მეუღლემ აიღო. ახლა ჩემი მეუღლე გარდაცვლილია. მაშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენი სახლი გავიდა აუქციონზე და გაიყიდაო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ვერ გადავიხადეთ კრედიტი. ჩვენ 2005 წლიდან ვთანამშრომლობდით „პროკრედიტ ბანკთან“ და 2014-2015 წლებში შეგვექმნა პრობლემა სესხის გადახდასთან დაკავშირებით. ვეღარ გადავიხადეთ კრედიტი. ქობულეთში სესხი არის სეზონური, მთელი წელიწადი არ ვიხდით და 9 თვის მერე ვფარავთ, როცა სეზონია, აგვისტოსა და სექტემბერში ვიხდით. აგვისტოში გადავიხადე ის, რაც გადასახდელი მქონდა და სექტემბრის თანხა ვეღარ გადავიხადე, ვეღარ შევაგროვე. ჩვენი სახლი გაიყიდა აუქციონის წესით. ჩაგვენიშნა პირველი გამოსახლება, რომელიც ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო გადაიდო. 2019 წელს კიდევ ჩაგვენიშნა მეორე გამოსახლება და ჩემი მეუღლის ავადმყოფობის გამო ისევ გადაიდო. მან ინფარქტი მიიღო და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დავრჩით მარტო მე, ჩემი ქალიშვილი და 3 შვილიშვილი. რამდენჯერმე მივმართე ჩვენი სახლის მყიდველს, ამ შვიდი წლის მანძილზე ვთხოვ შეხვედრას და ყოველ ჯერზე უარს ამბობს. ამ ადამიანის ადვოკატი არის გელა ფერაძე. მე ჩამოვდიოდი სისტემატურად თბილისში და ვთხოვდი მოლაპარაკებას. იქნებ, რაღაც საერთო ენა გამოგვენახა და არც მე და არც სახლის მყიდველი არ დავზარალებულიყავით. წელიწადი და შვიდი-რვა თვე იქნებოდა გასული, საჯარო რეესტრში შევედით და ჩვენი სახლი სხვის სახელზეა, სხვა არის მესაკუთრე. ახალმა მეპატრონემ ჩანიშნა გამოსახლება. ეს არის ბესარიონ ბალავაძე, რომელიც გვასახლებს. 5 ოქტომბერს 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი გამოსახლების პროცესი. ძალიან ბევრი ხალხი გვერდით დაგვიდგა, ქობულეთის მერია, საკრებულო თუ ყველა აპარატის უფროსი, უბრალო საჯარო მოხელე _ მთელი ამ 9 საათის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ჩემი ქალიშვილი არის ეპილეფსიით დაავადებული, არის მწოლიარე და უფროსი შვილიშვილიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, ასევე ფსიქოლოგთან გადის კონსულტაციებს. როდესაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, ბოლოს, 9 საათის შემდეგ, აღსრულების წარმომადგენელი შემოვიდა და თქვა, რომ უკვე მესამედ გადაგვედო, არა იმიტომ რომ ხალხის ეშინია აღსრულებას, არამედ იმიტომ, რომ, უბრალოდ, კრედიტორს სთხოვა ქალაქის მერმა, გამოსახლება გადაედო. ერთი თვით გადაიდო ჩვენი გამოსახლება. შედგა ოქმიც, რომ ამ ერთი თვის მანძილზე უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება და რაღაც გამოსავალი გვენახა.
5 ოქტომბერს, როდესაც გამოსახლების პროცესი დასრულდა, ორი დღე ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ კი დავიწყე გზების მოძიება, რომ იქნებ როგორღაც დავლაპარაკებოდი. გამოვნახეთ საერთო ნაცნობი, ბესარიონ ბალავაძე თვითონ არ შემხვდა, მოვიდა მისი ახლობელი და მითხრა, რომ ქალბატონო ნაილი, აქ ბესარიონ ბალავაძე საერთოდ არაფერ შუაშია, ვერაფერს წყვეტს, მთავარი პირები არიან ქართლოს დიასამიძე და დავით ჩხიტუნიძე, ისინი არიან ამ ქონების მფლობელები და მათ შეუძლიათ ამ საქმის მოგვარება, _ ან თქვენ დაგაკმაყოფილონ ბინით, რომ 5-სულიან ოჯახს თავშესაფარი გქონდეთ, ან თქვენ გადაუხადოთ თანხა, რაც ამ სახლში გადაიხადეს და დაუმატოთ კიდევ, თუ შესაძლებლობა გექნებათ და გამოგითავისუფლოთ სახლიო. ამ ყველაფრის შემდგომ მივიღეთ ცივი უარი. ბატონი ქართლოს დიასამიძე და დავით ჩხიტუნიძე ცივ უარზე არიან. 9 ნოემბერს 12:30 საათზე მაქვს გამოსახლება და აღმასრულებლებს დაბარებული აქვთ, რომ თავით გადმოყარეთ სამი ბავშვით ეს ხალხი ქუჩაში და დატოვეთ ღია ცის ქვეშო.
ქართლოს დიასამიძე არის „ლიდერბეთის“ დამფუძნებელი და ძალიან ბევრი ბიზნესის მეპატრონე, საავადმყოფოებისა და კლინიკების მეპატრონეა, „ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელია, ფეხბურთის ლიგის დამაარსებელია, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის გენერალური დირექტორია.
მე მებრძვის ბიზნესის კლანის წარმომადგენელი, მილიონერი ხალხი მებრძვის მარტოხელა ქალს, რომელსაც 3 შვილიშვილი მყავს და სიმწრით, თითო-თითო ოთახობით მაქვს ქობულეთში სახლი შეძენილი _ აი, ამ სახლს მართმევს. კი ბატონო, კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ თვითონ ბატონი ბესარიონ ბალავაძე არ არის ამ ქონების, ჩემი სახლის მყიდველი და მეპატრონე. ჩემი სახლი იყიდა არა ბესარიონ ბალავაძემ, არამედ ქართლოს დიასამიძემ და დავით ჩხიტუნიძემ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ბესარიონ ბალავაძესთან საერთო ნაცნობი აღმოგაჩნდათ, რომელსაც ესაუბრეთ. რატომ იყო სახლის მეპატრონედ ბალავაძე გაფორმებული? რა ინფორმაცია გაქვთ ამ ფაქტზე?..
_ მე ვიცი, რომ ბესარიონ ბალავაძეს გადაუფორმეს ისე, როგორც ვინმე გიორგი სლანოვს. როცა გავიგე, რომ ჩემი სახლი გაყიდული იყო და დავრეკე ბატონ გიორგი სლანოვთან, ჩავედი მასთან, სლანოვმა მითხრა, _ დედაშვილურად გეუბნები, მე არაფერს ვწყვეტ, უბრალოდ ხელისმომწერი ვარ და დანარჩენი არაფერი მევალებაო.
ახლაც ასე მოხდა, როცა გელა ფერაძეს გაუვიდა სამი წლის ვადა, სამი წლით ჰქონდა მინდობილობა გაკეთებული, ახლა გადაყიდეს სხვა პიროვნებაზე, ეს გიორგი სლანოვი და ბესარიონ ბალავაძე არიან „ლიდერბეთში“, დაცვაში თუ ზუსტად არ ვიცი, რა პოზიციები უკავიათ. ისინი არიან ჩხიტუნიძისა და დიასამიძის საქმეების დამლაგებლები. ამ ბიზნესმენებს, მათ ფიქტიურ გარიგებებს, რა თქმა უნდა, მთავრობა მფარველობს, მაღალ ეშელონებში ჰყავთ მფარველები.
ქობულეთის მერიის ყველა წარმომადგენლის მადლიერი ვარ, როგორც ოჯახის წევრს, ისე დამიდგნენ გვერდით და გადამარჩინეს გამოსახლებას. მთავრობაში რომ არ ჰყავდეთ ჩხიტუნიძესა და დიასამიძეს მფარველები და მათი იმედი არ ჰქონდეთ, ამას ხომ ვერ გააკეთებდნენ?
5 ოქტომბერს მობილიზებული იყო უდიდესი მასშტაბით აღსრულების პოლიცია და მთელი დასავლეთ საქართველოსა და აჭარის პოლიცია მოვიდა ჩემს სახლთან. ასობით პოლიციელი იდგა.
_ როდესაც მოლაპარაკება შესთავაზეთ სახლის ახალ მესაკუთრეებს, დავით ჩხიტუნიძესა და დიასამიძეს, რა პასუხი მიიღეთ მათგან?
_ შემომითვალეს, რომ 30 000 დოლარს მოგცემთ და გადით სახლიდანო. როდესაც აღსრულება მოვიდა და თქვეს, რომ ამჟამინდელი მეპატრონეები არ მოდიან არანაირ მოლაპარაკებაზე და უნდა დავიწყოთ აღსრულებაო, ვცადე თავის მოკვლა. ბენზინი მქონდა ნაყიდი, თავის დაწვა მინდოდა. თხოვნებით გადამათქმევინეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, არარაობად ვგრძნობ თავს ამ ქვეყანაში, წასასვლელიც არსად მაქვს. პატარა ბავშვებით მასახლებენ. სკოლაში იქ დადიან, იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ. სად წავიდე, არ ვიცი. მივმართე პრემიერ-მინისტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ თორნიკე რიჟვაძესაც მივმართე, რომ დამხმარებოდნენ მოლაპარაკებაში დიასამიძესთან და ჩხიტუნიძესთან. არავის ვთხოვ, ჩემი ვალი გადაიხადოს, მე გადავიხდი ვალს, ოღონდ არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც დამელაპარაკება და ისეთ გადაწყვეტილებამდე მივალთ, რომ მეც ქუჩაში არ დავრჩე და რადგანაც კეთილსინდისიერი შემძენია, არც თვითონ დაზარალდეს. ვთავაზობ, რომ აიღონ თანხა ან მე მომცენ და დამაკმაყოფილონ ისე, რომ ჩემი 5-სულიანი ოჯახი შევინახო და თავშესაფარი სადმე მქონდეს. არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ მოლაპარაკებაში დამეხმაროს. ჩემს შეთავაზებაზე პასუხი არ არის. თავად ბატონი ქართლოსი არ შემხვდა, არც ბატონი ბესარიონი შემხვდა, _ ვერ შევხვდები, მე აქ არანაირი ინტერესი არ მაქვსო. არ აქვს, მაგრამ ხომ მუშაობს ქართლოს დიასამიძესთან და ოჯახს არჩენს.
ჩვენ ვეუბნებით, მოვიდეს ბესო და ჩვენ მოვრიგდებით. ბესო ვერ მოდის, იმიტომ რომ მისი არაფერი არის, მისი ინტერესები არ არის და ვისი ინტერესიც არის, ის კატეგორიულია და არავის იკარებს. ვინც მივიდა, ეუბნება, რომ გამოასახლეთ, გამოყარეთ გარეთ, არ მაინტერესებს არაფერი, არაფერს ვყიდულობ, ვაძლევ 30 ათას დოლარს, თუ უნდათ, უნდათ, თუ არადა, გამოყარეთო. თან ეს სახლი, ეზო არის საგვარეულო, ბეჟანიძეების, გვერდით ცხოვრობენ მაზლი, ჩემი მეუღლის ბიძა და ჩვენს ირგვლივ სულ ბეჟანიძეები არიან. მათ შევუთვალე, რომ აქ ვერაფერს ააშენებდნენ, რადგან ჩემი მაზლისა და ჩვენი სახლი ერთი კედლით იყოფა. კედელს ვერ დაანგრევთ-მეთქი. არაო! _ მიპასუხეს, _ გავყინავ მაგ სახლს, არაფერს გავაკეთებ, მაგრამ ხოში მაქვს, რომ ეს ოჯახი გამოსახლდესო.
შეიძლება ეჭვი გაჩნდეს ამ პასუხის შემდეგ, რომ ხომ არ იყო ჩემს ოჯახსა და მათ შორის რამე პირადი ინტერესი? მინდა ვთქვა, რომ არა, ჩვენი ოჯახი მათ საერთოდ არ იცნობდა.
ამ სახლის გამო ჩემმა მეუღლემ ორი ინფარქტი გადაიტანა და შეეწირა კიდეც. ჩემმა მეუღლემ ჩვენს შვილს აჩუქა სახლი, 1/2 ნაწილი სახლისა მე მერგო წილად. ეს 1/2 ნაწილი არ გადამიფორმებია, საჯარო რეესტრში არ გამიტარებია. როდესაც 7 წლის წინ სარჩელი შევიტანე, ვითხოვდი, რომ ჩემი წილი, სახლის 1/2 დაებრუნებინათ, მე ვიყავი ყოველ წელს თანხის გადამხდელი, ჩემი წილი გადასახდელი რაც იყო, 7500 დოლარი, ჩემი სახელით გადახდილი მაქვს „პროკრედიტ ბანკში“. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თაროზე შემოდო ჩემი საქმე და ახლა გააღვიძა ივლისში. როდესაც მესამე პირად ბესარიონ ბალავაძე გამოიძახეს, ერთ კვირაში ჩამინიშნა აღსრულება. 7 წელიწადი განუხილავი საქმე იდო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. რომ არ მომსვლოდა სასამართლოდან შეტყობინება, ჩანიშნულია სასამართლო პროცესიო, არც კი მახსოვდა ჩემი წილი, შეგუებული ვიყავი, აუქციონზეა სახლი გასული და ველოდებოდი იმას, რომ მოლაპარაკებით მაინც გამოსულიყო საქმე.
არ ვიცი, ვინ დამეხმარება. მოწყალებას არ ვითხოვ, მოლაპარაკებაში მინდა დახმარება, იუსტიციის სამინისტროდან დამეხმარონ, რომ მოლაპარაკება წარიმართოს და ან მე დამაკმაყოფილონ ან გამომასყიდინონ სახლი, თანხას გადავუხდი იმათ, ვინც იყიდა.
სამი წლის წინ ჩამოვედი თბილისში, მაშინ ბესარიონ ბალავაძეზე არ იყო ეს სახლი გაფორმებული, მაშინდელი მფლობელი გახლდათ გიორგი სლანოვი. ამდენი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადვოკატი ჰყავს ყველა მყიდველს. ადვოკატს, ბატონ გელა ფერაძეს, დავურეკე და შევხვდი. ყველა მეპატრონის, ყველა მყიდველის ადვოკატია. მას ჩამოვუტანე საბუთი, რომ ჩემი სახლის გვერდით შენდებოდა 11-სართულიანი სასტუმრო, კოეფიციენტისთვის სჭირდებოდათ მიწა, რომ 210 კვ.მ. მიწა გამოეთავისუფლებინათ მათ და მე გადამეხადა 200 ათასი დოლარი მათთვის. ჩემი სახლის გვერდით „გოლდენ პალასი“ აშენებს ამ სასტუმროს. დოკუმენტი მომცა პიროვნებამ, ვინც აშენებს _ მეზობელია. ვეცოდებოდი, მეუღლე რომ ავად იყო, ყველაფერში ხელს მიწყობდა, მითხრა, მიწას ვიყიდი და სახლს გაგითავისუფლებთო. ჩამოვედი, დაველაპარაკე ადვოკატ გელა ფერაძეს ამის შესახებ, მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად გამომიგზავნეო. გავუგზავნე, ველოდებოდი ერთი თვე, დავურეკე რამდენჯერმე, ბატონმა გელამ მითხრა, წერილობით მოგივა პასუხიო და მომივიდა მეორედ გამოსახლება. უარი გვითხრეს ფულის აღებაზე, თანხის დაბრუნებაზე. 110 000 დოლარად აქვთ ნაყიდი ჩემი სახლი, 200 ათას დოლარს ვთავაზობდი სამი წლის წინათაც და უარი თქვეს.
ქართლოს დიასამიძეს არ აინტერესებს ფული, მას მაინცდამაინც ჩვენი მიწა უნდა და გვასახლებს. თვითონ არსად ფიგურირებს, ბიზნესები სხვების სახელზე აქვს გაფორმებული.
ჩემს ოჯახს არასოდეს მტერი არ ჰყოლია და არავისთვის არაფერი გაუფუჭებია. არ ვიცი, რატომ აქვს ასეთი ღვარძლი ამ კაცს.
ქობულეთში ჩემსავით დაზარალებულია ყოველი მესამე, მეოთხე ოჯახი, ყველა ახერხებს მოლაპარაკებას, უქმნიან გრაფიკს, რომ გამოისყიდონ თავიანთი სახლები. ჩემთან არის უსაშველო. ამ კაცს მაინცდამაინც ჩემი მიწა უნდა. ვაძლევ, არ არის პრობლემა, მაგრამ დამაკმაყოფილოს, მომცეს ისეთი თანხა, რომ ხუთმა სულმა ვიცხოვროთ. დამაკმაყოფილოს და გავდივარ. დავცლი სახლს და გავდივარ. მე ის 30-დან 50 ათას დოლარამდე მთავაზობს. რომც გამომასახლოს, 50 ათას დორალს არ ავიღებ. დამცინის, ის მაკნინებს ყოველნაირად, 30-დან 50 ათას დოლარამდე მაძლევს 4-სართულიან სასტუმროს ტიპის სახლში, მაშინ როცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეს სახლი ნახევარ მილიონადაა შეფასებულიო.
მივმართავ ყველას, თუ ვინმეს შეუძლია, მომაქციოს ყურადღება, დამიდექით გვერდით, რომ მოლაპარაკება შედგეს და შემი შვილი და შილიშვილები ქუჩაში არ დარჩნენ ამ ზამთარში. ძალიან გთხოვთ, შემინარჩუნეთ ოჯახი, რათა არ დავრჩეთ ქუჩაში. მე პრემიერს მივმართე 5 ოქტომბერს, მაგრამ მისგან არანაირი პასუხი და რეაგირება არ მიმიღია.
5 ოქტომბერს როცა გამოსახლების პროცესი დაიწყო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებადამცველები იყვნენ მოსულები, რომლებიც იცავენ იპოთეკით დაზარალებულებს. მამისა ჯაფარაშვილი, გიორგი კუხალაშვილი, თამაზ ბაკურიძე იყვნენ და ბატონი გიორგი კუხალაშილი თავად იყო წასული მოსალაპარაკებლად, მაგრამ მტკიცე უარი მივიღეთ, არ მოვალთ მოლაპარაკებაზე და მორჩაო! ქობულეთის მერი 9 საათის განმავლობაში ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ადვოკატს, რომ გადაედო გამოსახლება, ადვოკატმა მასხრად აიგდო მთელი ქობულეთის მერია, ახვეწნინა და ატარა ქუჩაში, აქ ვარ, აქ მომაკითხე, იქ მომაკითხეო.
5 ოქტომბერს ქობულეთის მერია, საკრებულო, ყველა აპარატი, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“, ყველა ერთად იდგა და იცავდა ჩემს ოჯახს, რათა არ გამოვესახლებინე აღსრულებას. ქალაქის მერიას ამ შემთხვევაში არანაირი ძალა არ აქვს. ძალა კანონშია, რომელსაც არ იღებს პარლამენტი, რომ აუქციონები გააჩერონ და მორატორიუმი გამოაცხადონ აღსრულებაზე, გააჩერონ გამოსახლებები და რაღაც გამოსავალი მოძებნონ მოსახლეობასთან. როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა სათავეში, ქობულეთში ფატი ხალვაში ჰყავდა წარმომადგენელი და ჩვენს ქუჩაზე ქალბატონმა ფატიმ პირობა მოგვცა, ნულპროცენტიანი სესხები გექნებათ, ოღონდ ხმა მიეცითო. ნულპროცენტიანი კი არა, სამჯერ გაზარდეს სესხის პროცენტები და სახლები გაგვიყიდეს. მიხეილ სააკაშვილის დროს არ იყო ამდენი სახლი გაყიდული ქობულეთში, ამდენი იპოთეკით დაზარალებული ადამიანი არ იყო. ისე გაიყიდა სახლები, რომ მოლაპარაკებასაც კი ვერ ვახერხებთ. უკვე რამდენი წელია, არასამთავრობოები ითხოვენ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და ნუ გამოყრით ხალხს საკუთარი სახლებიდანო. კი ბატონო, ყველამ უნდა იცხოვროს, შეიძინოს სახლი, მაგრამ მე რომ ქუჩაში გამაგდებენ, სად წავიდე? უცხო ქვეყანაში თავშესაფარი ვითხოვო? მხოლოდ აჭარაში ჩემნაირი არის ყოველი მესამე. მთავრობა დაპირებებით მოვიდა და შეღავათიც კი არ გაუკეთებია იპოთეკით დაზარალებული ხალხისთვის. მარტო მე არ ვარ იპოთეკით დაზარალებული. ძალიან ბევრი ხალხია. 5 ოქტომბერს ვიყავი უკიდურესობამდე მისული, თავს ვიკლავდი. 17 ოქტომბერს ჩაქვში იყო გამოსახლება და ოთხჯერ ინფარქტმიღებული კაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს, საპოლიციო გადასახლება ჩაუნიშნეს და ორივემ, ცოლ-ქმარმა, ინფრაქტი მიიღო.
ჩემი გამოსახლება 9 ნოემბერს ჩაინიშნა, პირობას ვდებ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, ამით, იქნებ, სხვას მაინც დავეხმარო, იქნებ, მთავრობამ ამ შემთხვევით დაინახოს ჩვენი გაჭირვება და ამის შემდეგ მაინც დაეხმაროს იპოთეკით დაზარალებულ ხალხს.