ქეთი ჩიკვილაძე: „ნაციზმის მაგალითმა და გამოცდილებამ, თურმე, არაფერი ასწავლა კაცობრიობას“
მიხეილ ხაჩიძე
ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა 115-ე დღეა, გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ამჯერად ჯაბალიდან ხან იუნისამდე ტერიტორიაა, სწორედ ის მონაკვეთები, რომელსაც ტერორისტების ციხესიმაგრედ მოიხსენიებენ. არის ვარაუდი, რომ აქ იმალებიან „ჰამასის“ ლიდერები, აქ ჰყავთ მძევლებიც.
ამასთან, „ცაჰალის“ ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი „ჰამასის“ ქსელისაგან, პრაქტიკულად, გაწმინდეს.
„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ მოგერიებასაც განაგრძობს. „ცაჰალი“ აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაჯგუფების აგრესიის საპასუხოდ, „ჰეზბოლას“ სამხედრო შტაბი და ოპერატიული მართვის პუნქტი გაანადგურეს. ყოველდღიურად ისრაელის ჯარი ათობით ტერორისტის ლიკვიდაციას ახდენს.
რა ვითარებაა ფრონტზე? რა მდგომარეობაა პოლიტიკური კუთხით? რამდენად მასშტაბური გახდა ანტისემიტიზმი? რა ვიცით „ჰამასის“ მძევლებზე და რა მოლოდინები და იმედები უნდა გვქონდეს? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა პროგრესული იუდაიზმის ცენტრ „დორ ლედორის“ თანადამფუძნებელ ქეთი ჩიკვილაძესთან. ქეთი ასევე არის ჩარლზ და ლინ შუსტერმანების ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ის აქტიურად გახლავთ ჩართული ყველა იმ საკითხში, რომელიც ისრაელის გარშემო ვითარდება საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ასევე ღრმად არის ჩახედული ისრაელში მიმდინარე პროცესებში:
_ ქეთი, ომის 115-ე დღეა, უსასტიკესი ომის, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებმა მშვიდობიანი ისრაელელების წინააღმდეგ წამოიწყეს. როგორია ზოგადი ვითარება ფრონტზე?
_ ომის 115-ე დღეს IDF აგრძელებს მნიშვნელოვანი დარტყმების განხორციელებას ტერორისტულ ბაზებზე. IDF-ში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა შეტევა ღაზაში არსებულ ათიათასობით ტერორისტულ მიმართულებაზე, როგორც ღაზის სექტორში, ასევე ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 21 ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელი ღაზის სექტორს აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც მიაქვს „ჰამასს“. განგაშის სირენები დღემდე ისმის ისრაელის ტერიტორიაზე. ომის დაწყების დღიდან ღაზის სექტორიდან გამოშვებულია 14000 რაკეტა. ასობით რაკეტა ისროლეს „ჰეზბოლას“ მხრიდან, ანუ ლიბანიდან.
_ რა ხდება ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო?
_ ღაზაში არის საკმაოდ რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც უფრო და უფრო მწვავდება. მოსახლეობას უწევს შიმშილობა, იქ არის სასმელი წყლის პრობლემაც, მიუხედავათ იმისა, რომ ისრაელის სახელმწიფო, ასევე გაერო და სხვადასხვა საეთაშორისო ორგანიზაცია ყოველდღიურად აგზავნის ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთს. 24 იანვრის მონაცემებით, ღაზის სექტორში გაიგზავნა 10 ათასზე მეტი სატვირთო მანქანა. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა გადადის „ჰამასის“ ხელში (ჩვენ ვიხილეთ არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იგდებენ ხელში ტერორისტები ამ ტვირთს).
_ სავარაუდოდ, როდის დასრულდება ისრაელ-„ჰამასის“ ომი?
_ ძალიან რთულია საუბარი იმაზე, თუ როდის დასრულდება ომი. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ყოველდღე ვკითხულობ და ვისმენ ყოველგვარ ინფორმაციას (სხვადასხვა წყაროდან), პროგნოზების გაკეთება მიჭირს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ომის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ საკმაოდ პესიმისტურ განცხადებებს, რომ ომი მალე არ დასრულდება.
_ თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომ არაბულმა სამყარომ ომში ჩართვაზე უარი თქვა?
_ მიუხედავად იმისა, რომ არაბული ქვეყნები ღიად არიან ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩემი აზრით, მათ მაინც არ სურთ ტერორისტული „ჰამასის“ მიერ დაწყებულ ომში ჩართვა, როგორც ეს მოხდა 50 წლის წინათ „იომ-ქიფურის“ ომის დროს. გავიხსენოთ ისიც, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან ისრაელს ღიად ემუქრება ლიბანიც სახმელეთო ომის დაწყებით და ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლით, თუმცა (80 ათასმა ისრაელელმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი ისრაელის ჩრდ. ნაწილში). თუმცა ფაქტი ის არის, რომ ჯერჯერობით არც ერთი არაბული ქვეყნა ომში არ ჩაერთო და არც პალესტინელი ლტოლვილები მიუღია.
_ მსოფლიოში ანტისემიტური მოძრაობები ვნახეთ… როგორია ვითარება საქართველოში ამ კუთხით, თქვენი დაკვირვებით?
_ ალბათ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ არის გააქტიურებული ანტისემიტური მოძრაობა. ამის აღმავლობა განსაკუთრებულად თვალში საცემია ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი და საწყენი იმ კუთხით, რომ ნაციზმის მაგალითმა და გამოცდილებამ, თურმე, არაფერი ასწავლა კაცობრიობას. სამწუხაროდ, საქართველოშიც მოხდა ანტისემიტიზმის აღმავლობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, ისევე როგორც არასდროს, ეს ტალღა არის საკმაოდ ძლიერი. თბილისსა და მარნეულში ჩატარდა რამდენიმე პროპალესტინური და ანტიისრაელური დემონსტრაცია. გარდა ამისა, სოციალური ქსელები სავსეა ანტისემიტური და იუდოფობიური განწყობით. ეს არის ძალიან საწყენი, საქართველოში წარსულში არასდროს ყოფილა ანტისემიტური განწყობა. მეტიც, ჩვენი ქვეყანა იყო ერთადერთი, სადაც არასდროს მომხდარა „პოგრომები“, ებრაელთა დარბევები (თუ არ ჩავთვლით რამდენიმეს, რომელიც არ სცდებოდა ყოფით დონეს). აუცილებლად უნდა გავიხსენო დავით ბააზოვის სიტყვა ფრანკფურტში, რომელიც მან წარმოსთქვა 1913 წელს ებრაელთა საერთაშორისო თავყრილობაზე. მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ ებრაელთა სასტიკი დევნისა და შევიწროების ფაქტებს. ამ დროს სიტყვით გამოდის საქართველოს ებრაელთა წარმომადგენელი _ რაბინი დავით ბააზოვი და სენსაციურ განცხადებას აკეთებს: „ქვეყანა, საიდანაც მე ჩამოვედი, შორეულ კავკასიაშია. მას საქართველო ჰქვია. ეს არის ქვეყანა, სადაც არასოდეს ყოფილა ებრაელთა რბევა. მის შვილებს არასოდეს აუწიოკებიათ ჩემი ხალხი… ტკბილად და ძმურად ვცხოვრობთ…“
უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი გაძლიერდა არა ისრაელ-„ჰამასის“ ომის დროს, არამედ უფრო ადრე. ჩემი დაკვირვებით, დაახლოებით, 6-7 წლის წინათ. უბრალოდ, ღია და გახსნილად გამოვლინდა ახლა, 2023 წლის 7 ოქტომბრის ამბების მერე. რა არის მიზეზი? ამაზე რთულია საუბარი. ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, არის განათლების ნაკლებობა და ინფორმაციის არასწორი წყაროებიდან მიღება. ჩემთვის ყველაზე უცნაური და საწყენი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმს ავრცელებს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჩართულია ხელოვნების, განათლებისა და სოციალურ სფეროში.
_ რამდენად უჭერს მხარს საქართველო ისრაელს, უფრო სწორად, რამდენად კარგად გამოიხატება ქართული სოლიდარობა ისრაელისადმი და უკეთესადაც ხომ არ შეიძლებოდა?
_ მიუხედავათ, ზემოხსენებული ანტისემიტური განწყობის ამაღლებისა, აუცილებლად უნდა აღნიშნოს პოზიტიური მხარეც.
საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს ისრაელს. ჩატარდა ისრაელის მხარდასაჭერი არაერთი კამპანია. მიხარია, რომ სკოლებში ძალიან ბევრი მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ობიექტურ და სწორ ინფორმაციას. საუბარია არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონის სკოლებზე. ჩვენი ქვეყნის საერთო გაწყობა არის პროისრაელური. თუმცა ღიად და უხეშად გამოხატული იუდოფობიური და ანტიისრაელური გამოსვლების წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად ავრცელებს მოსახლეობაში ზიზღსა და სიძულვილს ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ, არანაირი ზომები არ მიიღება.
_ რატომ ვერ მოხერხდა კატასტროფული 7 ოქტომბრის თავიდან აცილება?
_ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ჰყავს უძლიერესი დაზვერვა და ჯარი, უშეცდომო არავინ არის. ამის მაგალითად მომყავს ხოლმე 1973 წლის იომ-ქიფურის („განკითხვის დღე“) ომი (6-25 ოქტომბერი), როდესაც არაბული ქვეყნების კოალიცია ასევე მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს მისთვის ყველაზე რთულ დღესასწაულზე, „იომ ქიფურზე“, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა უმძიმესი მარხვის პროცესში იყო და ისვენებდა. იგივე მოხდა 50 წლის შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერს, როცა ისრაელელები „სიმხათ თორის“ დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
უშეცდომო არავინ არის და ისრაელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
_ შევეხოთ მძევლებსაც, რომლებიც „ჰამასს“, სავარაუდოდ, უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავს. გვითხარით, რა ვიცით მათზე, რა მოლოდინები და იმედები გვაქვს?
_ არის 136 მძევალი: ქალები, კაცები და 2 ბავშვი (1 წლის კფირი და 4 წლის არიელი). ისინი 115 დღეზე მეტია, მძევლობაში არიან. ახლახან IDF-ის ჯარისკაცებმა გვირაბში მიაგნეს ოთახს, სადაც, მათი ინფორმაციით, „ჰამასი“ სხვადასხვა პერიოდში მალავდა 20 მძევალს. ე. წ. ოთახებში სუფევდა ანტისანიტარია, არ შედიოდა ჰაერი და იყო ყველანარად გაუსაძლისი პირობები. იქვე აღმოაჩინეს ყოფილი ტყვე ბავშვის, ემილია ალონის ჩანახატებიც.
დადასტურებული ინფორმაციით, რომელიც მოგვაწოდეს ყოფილმა ტყვეებმა, „ჰამასის“ წევრები სექსუალურად ძალადობენ ქალებზე. „ჰამასი“ პერიოდულად ავრცელებს ვიდეოებს, რომლის მიზანია ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამ ვიდეოებში ისინი გვაჩვენებენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ქალებს, რომლებსაც ღიად აღენიშნებათ ძალადობის კვალი. იყო ვიდეოები, რომლის გავრცელების შემდეგაც მოკლეს ორი ტყვე, რომლებიც ასახულნი იყვნენ ამ ვიდეოებში. ჯერ კიდევ უცნობია ორი მცირეწლოვნის, კფირისა (რომელიც 1 წლის გახდა ტყვეობაში და თავისი ცხოვრების თითქმის მესამედი „ჰამასის“ ბნელ გვირაბში გაატარა და ატარებს) და არიელის, ასევე მათი მშობლების ბედი.
რამდენჯერმე იყო მცდელობა, შემდგარიყო მოლაპარაკება ტყვეების განთავისუფლების შესახებ, თუმცა „ჰამასი“ ამაზე უარს ამბობს და, შესაბამისად, უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზეც, რადგან ისრაელის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობაა ყველა ტყვის განთავისუფლება. ამით „ჰამასი“ უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს ღაზის სექტორში მცოვრებ მოსახლეობას, რაც იმას მიანიშნებს, რომ ტერორისტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ პირობებში ეყოლება საკუთარი ხალხი.