„ქართულმა ოცნებამ“ დავით ოქიტაშვილი გადააგდო
საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია. როგორც „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო კულუარებში უთხრეს, მას მმართველ გუნდში დაპირდნენ, რომ კულტურის მინისტრი ის გახდებოდა. დანაპირები არ შესრულდა და კულტურის მინისტრის სავარძელში თეა წულუკიანი ჩაჯდა.
აღსანიშნავია რომ „ქართულმა ოცნებამ“ თეა წულუკიანი ამ თანამდებობის წყალობით შეინარჩუნა. არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ მას პარლამენტის თავმჯდომარეობას ან პრემიერობას ჰპირდებოდა, მაგრამ ბოლოს პარლამენტში კულტურის კომიტეტი ჩააბარეს. ამის გამო წულუკიანი ძალიან განაწყენდა. პროტესტის ნიშნად ის პარტიიდან და პარლამენტიდან წასვლასაც აპირებდა. „ქართულ ოცნებას“ წულუკიანის წასვლის ძალიან ეშინია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ულტიმატუმებს ასე არ დააკმაყოფილებდნენ. ერთხელ ასეთი ულტიმატუმი მან მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს დააყენა და მაშინაც ისე გადაწყდა, როგორც მას სურდა.
რაც შეეხება დავით ოქიტაშვილს, ის მართალია „ქართულ ოცნებაზე“ ნაწყენია, მაგრამ არსად წასვლას არ აპირებს. ის ძველებური შემართებით აგრძელებს ნაციონალების ლანძღვას. არადა ერთ დროს მათთან გადასარევი ურთიერთობები ჰქონდა.
შორენა მარსაგიშვილი