„ფუნჯი ავიღე ხელში და ხატვა დავიწყე“ – როგორ უმკლავდება პანდემიას მხატვარ-დიზაინერი თეა გუნთაიშვილი?

„ყველას ძალიან მძიმე და დიდი დარტყმა მოგვაყენა პანდემია, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს დრო გაჩერდა“, – ამბობს მხატვარ-დიზაინერი თეა გუნთაიშვილი „ქრონიკა +“-სთან ინტერვიუში.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ისევე როგორც სხვა ხელოვანი ადამიანები, საკმაოდ მძიმე და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში დაწესებულმა და ლოგიკადაკარგულმა შეზღუდვებმა გაანადგურა უამრავი ადამიანის ფსიქიკა, ხალხს დააკარგვინა სამსახურები და, ფაქტობრივად, განადგურდა ყველა ის სფერო, რომელიც აქამდეც დახმარებასა და სახელმწიფოს ხელშეწყობას საჭიროებდა.

თეა გუნთაიშვილი:

_ ეს მდგომარეობა, სხვა რიგით პრობლემებთან ერთად, ძალიან უარყოფითად აისახა ფინანსებზე, სამსახურებზე, ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია უარის თქმა. ეს რეალობა ფსიქოლოგიური დარტყმაა, განსაკუთრებით კულტურის სფეროსთვის. გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ ეს ერთგვარი სტრესია, არ გაქვს ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობა, რომელიც დამთრგუნველია. ალბათ, ყველაზე მეტად გაგვიმართლა მხატვრებს, სულიერი მღელვარება შეგვიძლია ავსახოთ ტილოზე ან ფურცელზე, ჩვენს ნამუშევრებში. 

_ და დაიწყეთ ხატვა…

_ დიახ, სახლში ყოფნის დროს ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდი, დიდი ხნის წინათ დადებული ფუნჯი ავიღე ხელში და ჩემი ემოცია გადმოვეცი. ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე და ხატვა დავიწყე. რა თქმა უნდა, ჩემს ნახატებსაც კი ეტყობა ეს ყველაფერი, ვხატავ განწყობის მიხედვით. ყველაფერი გადამაქვს ტილოზე და ამით ბედნიერად მივიჩნევ თავს, რომ მე ეს შევძელი. ნახატებთან ერთად ვქმნი მინიატურებს _ ერთ პატარა ყუთში ვყვები ამბავს ისე, როგორც ტილოზე. ხატვას სიმშვიდე მოაქვს და ამ სულიერ სიმშვიდესთან ერთად უკვე დავაგროვე ბევრი ნამუშევარი: ნახატები, მინიატურები, თოჯინები. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაივლის და დავუბრუნდებით ცხოვრების აქტიურ წესს, რის შემდეგაც გავაკეთებ პერსონალურ გამოფენას, სადაც გამოჩნდება, თუ რა ემოცია მქონდა ამ პერიოდში.

_ თეა, რამდენი ნახატი შექმენით ამ დროის განმავლობაში?

_ 50 ცალი ფერწერული ნამუშევარი დამიგროვდა, ასევე მინიატურები და თოჯინები. პირველი ჩემი სტრესი ეხება იტალიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობას. იქ მყოფი ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ იტალიურ ამბებს, გავაკეთე ქართულ-იტალიური ემიგრანტების ჩაკეტილი ეზო-მინიატურა, სადაც ავსახე ჩემი მძაფრი ემოცია და მხარდაჭერა მათდამი. ეს იყო პირველი პანდემის პერიოდში. ემოციური ნამუშევარია, მას შემდეგ არ გავჩერებულვარ და სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ. ყოველი დილა იწყება ხატვით. განსხვავებული თემების მიხედვით მაქვს ნამუშევრები. სერიები გავაკეთე.

კიდევ მინდა აღვნიშნო ერთ ყველაზე მძიმე ემოციაზე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ეს არის ხანძარი გაგრაში, რომელსაც ვხედავდით ტელევიზიის საშუალებით. ჩემთვის ურთულესი იყო ამის ყურება, აფხაზეთში ხომ ბავშვობას ვატარებდი და დღემდე მახსოვს ის ულამაზესი ბუნება. ეს ემოციები ტილოზე გადავიტანე და ამით გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულებისადმი და მათი ტკივილი. ხატვის დროს ჩემს კუთხეში ვარ, უკვე იქ ვიკეტები, ვბლოკავ ყველა ინფორმაციას და შინაგან ემოციას ავსახავ ხოლმე. გავდივარ იმ სტრესისგან, რაც მძვინვარებს ჩვენ ირგვლივ. მაგრამ ამის გაგრძელება შეუძლებელია. კი შეიქმნა ბევრი ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლია შენი ნამუშევრები განათავსო და რეალიზაცია გაუკეთო, მაგრამ ეს ძალიან სტრესულია. არსებობა ხომ გინდა ადამიანს…

_ როგორ ინარჩუნებთ სიმშვიდეს?

_ ეს მდგომარეობა არის ჩემი დაბრუნება სულიერ სამყაროში, სადაც გავატარე წლები და ვატარებ კიდეც, მეტი დრო მაქვს, ჩემი თავის რეალიზაციისთვის. ეს ჩემი პროფესიის დამსახურებაა. წარმოშობით გურული ვარ და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ჩემი ემოციური ხასიათი. ცოტა უკვირთ, რატომ ვარ ასე მშვიდად, მაგრამ პასუხი მარტივია: ხატვა და ჩემი ხელსაქმე მინარჩუნებს სიმშვიდეს.

მინდა აღვნიშნო ბავშვებთან ურთიერთობა, რომელც მაქვს ამ პერიოდში: ვასწავლი გამოყენებით ხელოვნებას ბორჯომის ტრენინგცენტრში, ვარ „არტ სახელოსნოს“ პედაგოგი. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა ბავშვებს ცოდნას გადასცემ და მათ სულიერ განვითარებაზე მუშაობ. სულ ვსწავლობ, პროფესიულად ვვითარდები, ამ პერიოდში ჩართული ვარ ბევრ ონლაინ ტრენინგში, რათა ჩემი მიმართულება პიარის კუთხითაც მეტად განვავითარო, კრიზისების მართვა უფრო კარგად შევძლო და მაინც: ყველაზე კარგი თერაპია არის „არტ თერაპია“, რამაც ეს მდგომარეობა გადამატანინა. ეს ჩემი პროფესიის დამსახურებაა.

მადლობა თქვენ, მედიას, ჟურნალისტებს, რომ სტიმულს გვაძლევთ და ინტერესდებით ხელოვანი ადამიანების შემოქმედებით, ჩვენი მდგომარეობით, რაშიც ახლა ვიმყოფებით.

გიორგი საკარული