ფინანსური პირამიდა თუ ხელისუფლების მიერ გაკოტრებული „საფინანსო კომპანია საქართველო“
სკანდალი, რომელიც შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ირგვლივ 2016 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. დაუფარავი ვალები, რომელიც კომპანიის სახელზეა, დაზარალებულებს დღემდე არ აუღიათ, თუმცა ამ ყველაფერში მეანაბრეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ფერაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
რას ემსახურებოდა „საფინანსო კომპანია საქართველო“?
შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“, სარეკლამო რგოლების მიხედვით, მოსახლეობას ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა. აღნიშნულ კომპანიას 33%-იანი წლიური სარგებელი ჰქონდა, თუმცა მის ფინანსურ კრიზისს 2 ათასზე მეტი მეანაბრე ემსხვერპლა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, სამეწარმეო რეესტრში შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ სახელით ორი კომპანიაა რეგისტრირებული, შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრის ინფორმაციით კი ორივე კომპანია მოქმედია.
ერთის, კერძოდ, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 2008 წლის 20 ივნისია. ამ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია 206332191, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ მერაბ ფერაძის და, ლამარა ფერაძეა, დირექტორი კი _ მერაბ ფერაძე. 2011 წლის 23 მარტიდან 29 აგვისტომდე ამ კომპანიის დირექტორი გიორგი რაზმაძე იყო, 29 აგვისტოდან დღემდე კი _ თამაზ ლობჟანიძე.
მაღალი საპროცენტო სარგებლის გამო „საფინანსო კომპანია საქართველოს“ კრედიტორების რაოდენობა არ აკლდა _ დაზარალებულებს კომპანიაში, დაახლოებით, 10 000 აშშ დოლარიდან ზემოთ ფარგლებში აქვთ ანაბრები გახსნილი.
შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ ფინანსურ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სესხის აღება, გაცემა და სალომბარდე მომსახურებაა.
მერაბ ფერაძე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხში, როგორც დამოუკიდბელი კანდიდატი, კენჭსაც იყრიდა. მან სულ 543 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 1.94 მეასედ პროცენტს შეადგენს. ფერაძის მფლობელობაშია ასევე შპს „განთიადი“, რომელიც სპორტული აქტივობებითაა დაკავებული და წყლისა და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ჰერეთი“. მან საპარლამენტო არჩევნებამდე ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც ფერაძე მისი, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენისა და მაჟორიტარობის კანდიდატის, ხელშეშლაზე საუბრობდა.
„ქრონიკა+“ მერაბ ფერაძის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მე გახლავართ მერაბ ფერაძე, 51 წლის, დაბადებული და მცხოვრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. 1983 წლის შემოდგომიდან 2012 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში. როდესაც შემისრულდა 45 წელი, 2012 წელს ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ჩემი სამშობლო და შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილებისა და ინვესტიციის საქართველოში დაბანდება. შევქმენი ქართული ოჯახი და დღეს ვარ ოთხი შვილის მამა. დავფუძნდი ჩემს კუთხეში და გადავწყვიტე, ბიზნეს-საქმიანობა გამეგრძელებინა ჩემი კუთხის ასაღორძინებლად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან როცა რაიონში ჩამოვედი, ბევრი უმუშევარი იყო და მოსახლეობას გვერდით დგომა სჭირდებოდა. ჩამოსვლისთანავე დავიწყე ბიზნეს-საქმიანობა, დღესდღეობით 15 სახეობის ბიზნესს ვაერთიანებთ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, სპორტული კომპლექსითა და საავადმყოფოთი დამთავრებული.
დასაქმებული მყავს 300-ზე მეტი ადამიანი. მეგონა, ჩემ მიერ დახარჯული ფინანსური და ადამიანური რესურსები ქვეყანას სჭირდებოდა და მას წარმატებამდე მიიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი საქმიანობა და აქტიურად დაიწყო ხელის შეშლა. წარმოებისთვის მესაჭიროებოდა შენობა-ნაგებობები, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბ-ნ კარლო ჯამბურიასა და კახეთის რეგიონის გუბერნატორ ბ-ნ ირაკლი შიოლაშვილის ხელის შეშლით ვერც ერთი შენობა-ნაგებობა დღემდე ვერ დავარეგისტრირე. ძალიან დიდ წინაღობებს ვაწყდები ადგილობრივ სასამართლოებშიც.
სამოქალაქო დავაა მიწის ნაკვეთზე, ქართველ მოსამართლეებს 4 წლის განმავლობაში ვერ გადაუწყვეტიათ, ვინ არის მტყუანი და ვინ _ მართალი. სასამართლოს სხდომებზე მოსამართლეები ისე მეპყრობიან, თითქოს მათ წინაშე უზარმაზი ვალი მაქვს, თითქოს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, არაფერს წარმოვადგენ, ჩემი უფლებები არ არის დაცული და გადაწყვეტილებას როგორც უნდათ, ისე ღებულობენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბაქაქურმა , ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, 56 000 (ორმოცდათექვსმეტი) ამერიკული დოლარი წამართვა და რუსეთის მოქალაქეს გადასცა. არსებული ფაქტებით მივმართე სახელმწიფო კანცელარიას, სახალხო დამცველის ოფისს, პროკურატურას, მაგრამ არც ერთი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. იძულებული ვარ, მოგმართოთ პირადად თქვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ თქვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ, ვინაიდან ვფიქრობ, საქართველოში მსგავს სიტუაციაში ერთადერთი არ ვარ და ბევრ ბიზნესმენს ექმნება წინაღობები. მიმაჩნია, ბაქაქურების, შიოლაშვილებისა და ჯამბურიების გამო არ უნდა ეშინოდეთ მსოფლიოს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების დაბანდება, რაც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“.
ეს წერილი ბიზნესმენმა მერაბ ფერაძემ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს 2016 წლის მარტში მისწერა, 2016 წლის დეკემბერში კი იგი დაიჭირეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ მიიჩნია.
სასამართლომ მ.ფ.-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა“, _ აცხადებს პროკურატურა.
ბრალდებულებს, მერაბ ფ.-სა და თამარ მ.-ს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, ხოლო თამაზ ლ.-ს გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში.
სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულები არ აღიარებდნენ ბრალად შერაცხულ ქმედებას.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თ.ლ.-მ საზოგადოების დამფუძნებლის – თ.მ.-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის – მ.ფ.-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.
სამივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე 2016 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გასცეს მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.
„საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე არ დაუბრუნებია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს, _ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბ ფერაძესა და თამაზ ლობჟანიძეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ქრონიკა+“-ს შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულები დაუკავშირდნენ. რა მოხდა, ვის ადანაშაულებენ და რას მოითხოვენ ისინი? რომელი პოლიტიკური პირები ფიგურირებენ აღნიშნულ საქმეში?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე მეანაბრეები გვესაუბრებიან:
ნანა გოგიაშვილი, დაზარალებულის მეუღლე:
_ ტელევიზიით გავიგე, რომ არსებობდა საფინანსო კომპანია „საქართველო“. უამრავი რეკლამა გადიოდა და ვხედავდი, რომ ეს კომპანია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. მათ შორის, აფინანსებდა „იუმორინას“, დააფინანსეს შორენა ბეგაშვილის ბავშვის ოპერაცია, ასევე ვხედავდი, რომ ამ კომპანიას ჰქონდა ლომბარდები და ძალიან ბევრი ბიზნესი. როდესაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, ჩემმა მეუღლემ იქ თანხა შეიტანა.
_ „ოცნების“ ხელისუფლება რა შუაშია?
_ „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მეტი ნდობა გაჩნდა და, შესაბამისად, ვენდეთ.
_ რა რაოდენობის იყო ეს თანხა?
_ 2015 წელს 22 ათასი დოლარი შევიტანეთ.
_ რატომ დააბანდეთ ამხელა თანხა ამ კომპანიაში?
_ რთული ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე, რადგან მაღალი პროცენტი იყო და რაღაც კონკრეტული თანხა ყოველ თვე დამერიცხებოდა. სახლი გავყიდე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და გერმანიაში მივდიოდი სამკურნალოდ. ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს და ვიფიქრე, თუ ამ კომპანიაში დავაბანდებდი ფულს, ის დარიცხული პროცენტი საჭირო მკურნალობაში ცოტა წამადგებოდა.
_ შემდეგ რა ხდება?
_ როდესაც თანხა შევიტანე, ყველა ოპერატორმა ერთხმად გვითხრა, რომ მათ ეროვნული ბანკი უწევდა მეთვალყურეობას და შემოსავლის 5% ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხებოდა. გარდა ამისა, ამ კომპანიას რეკლამას უკეთებდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. მაგალითად, ნანი ბრეგვაძის ოჯახი, თემურ წიკლაური, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინო ზაუტაშვილი; კომპანია აფინანსებდა გადაცემა „სამოთხის ვაშლებს“, ასევე დიდი დოზით გადიოდა რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და, შესაბამისად, ნდობის ფაქტორი უფრო მაღალი იყო.
_ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული რეკლამა რატომ აღმოჩნდა თქვენთვის ნდობის გარანტი?
_ იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ შესაძლებელი იყო არასერიოზული და თაღლითური რეკლამის გაშვება. ჩვენ გვეგონა, რომ ამ არხზე ყველაფერი კონტროლირებადი იყო. გვეგონა, რომ სახელმწიფო აკონტროლებმა ამ არხს.
მაია ბელიაშვილი, დაზარალებული:
_ როდესაც გავიკითხეთ, რომ „საფინანსო კომპანია საქართველო“ „ნაციონალების“ დროს 4 წელი წარმატებით მუშაობდა და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა რაიმე სახის დარღვევა, ძირითადი ფული კრედიტორებმა სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში შევიტანეთ. ვიფიქრეთ, რადგან მიშას ხელისუფლება წავიდა, უნდობლობის ფაქტორმა ჩაიარა და „ოცნების“ ხელისუფლებას ამიტომაც ვენდეთ. პირადად მე 58 ათასი დოლარი შევიტანე. ეს იყო ჩემი ოჯახის გაყიდული უძრავი ქონება.
_ რატომ ენდეთ?
_ ყველგან ამ კომპანიის რეკლამები ტრიალებდა, რომ ეს იყო საიმედო პარტნიორი კომპანია. როცა პირველად მივედი, მითხრეს, რომ ამ კომპანიის უკან 16 დასახელებული ბიზნესი იდგა. კერძოდ: ქვის სამტეხლო, ასევე ასხამდნენ მინერალურ წყალს, ჰქონდათ ლუდსახარში, ლიმონათის წარმოება, სასტუმრო, კლინიკა, რომელიც დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული და ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა; ასევე ჰქონდა, ტურისტული სააგენტო, ლომბარდები, პროფილაქტიკები, ბავშვებისთვის გაკეთებული სტადიონი, მიწები, ტყე, აფინანსებდა სოფლის ბავშვებს, ყველას შეუქმნა პირობები, იჯარით აიღო ტბა, ჰყავდა ცხვრის ფარა, ძროხები, ჰექტრობით მიწა და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
_ რამდენთვიანი ხელშეკრულება დადეთ?
_ რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება მქონდა დადებული. ჩემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ კომპანია ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობდა.
მარინა ბიჭიაშვილი, დაზარალებული:
_ მე და ჩემს ოჯახს მთლიანობაში 135 ათასი დოლარი გვაქვს შეტანილი და დღეს მათხოვრებად ვიქეცით. ერთი ანაბარი არის ჩემი ძმის, რომელიც კამჩატკაზე მუშაობს, მას ბინა უნდა ეყიდა და 15 წელიწადია, დღის შუქი არ უნახავს. 7 სული მყავს ოჯახში და ხეიბარი მამა. ჩვენ ვერც ფული მივიღეთ, ვერც _ მოგება და ჩვენი მოგების თანხები ბიუჯეტში არის გადახდილი.
მედეა ჯიმშელეიშვილი, დაზარალებული:
_ მე, ყველაზე ბოლოს, 2016 წლის 27 სეტემბერს 6 ათასი დოლარი შევიტანე. საქმის კურსში ვიყავი, თუ რას საქმიანობდა ეს კომპანია და ვენდე, რადგან ბაზარზე 9 წელი არსებობდა, უამრავი დამაჯერებელი რეკლამა გადიოდა… ინსულტიანი დედა მყავდა, უმუშევარი ვიყავი და ამ ფულს წლების მანძილზე ვაგროვებდი. ჩემი ნაცნობებიც იყვნენ მეანაბრეები და სულ მეუბნებოდნენ, თუ როგორ კარგად მუშაობდა ეს კომპანია.
ნანა გოგიაშვილი, დაზარალებული:
_ ბოლო დროს კომპანიას უკვე კრიზისი ჰქონდა. ტელევიზიით გავიგეთ, რომ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა დაიწყო. ერთი წითელთმიანი ქალი აქციაზე ძალიან აქტიურობდა. იგი თამაზ მეჭიაურის მეუღლე აღმოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელზე ამბობდა, _ ხალხო, მე დამიჯერეთ, მეჭიაურის მეუღლე ვარ და ესენი თაღლითები არიანო. ასეთი ამბები რომ ატყდა, ჩვენც მეორე დღესვე მივედით აქციაზე. ხალხი ყვიროდა, რომ ფერაძე დასჯილიყო: მოეკლათ, დაეხრჩოთ, და ა. შ. თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამ ხალხს შეეწინააღმდეგა, რადგან ასეთი მიდგომა არაფრით შეიძლებოდა. ამ ადამიანს რომ რამე მოსვლოდა, ვინ გადაიხდიდა და გადაიხდის ჩვენს ვალებს?
_ დაახლოებით რამდენი ადამიანია დაზარალებული?
_ 2 ათას კაცზე მეტი.
მარინა ბიჭიაშვილი, დაზარალებული:
_ ფინანსურმა პოლიციამ, პროკურატურამ და სამი ინსტანციის სასამართლომ დაზარლებულთა ზუსტი რიცხვი ვერ დაადგინა. აი, ასეთი გამოძიება და სასამართლო გვყავს დღეს.
_ შემდეგ რა ხდება?
_ ხალხი ერთმანეთს დაგვაპირისპირეს და ცალკე მიმდინარეობდა მერაბ ფერაძის დამუშავება. მეორე ტურის არჩევნები დამთავრდა, ეს იყო, დაახლოებით, 2016 წლის 30 ოქტომბერი და ქალბატონ ცირა შათაშვილს კონფიდენციალური საბუთი გამოაქვს ეროვნული ბანკიდან _ 20 სექტემბრის განკარგულება, სადაც წერია, რომ კომპანია „საქართველოს“ აეკრძალოს ფიზიკური პირებისგან თანხების მოზიდვა და მხოლოდ იურიდიული პირებისგან შეძლოს თანხების მიღება.
მეჭიაურის მეგობარი ქალბატონი ეროვნულ ბანკში მიდის და გამოაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამ კომპანიას შეზღუდვებს უწესებენ.
_ რაში გამოიხატება ეს შეზღუდვები?
_ კომპანიას უბრძანებენ, რომ შეწყვიტოს რეკლამა, აღარ მიიზიდოს თანხები და დაწიოს პროცენტები. 2017 წლის 25 მაისს სასამართლოზე მოდის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მერაბ შალიკაშვილი და ლობჟანიძის ადვოკატის კითხვაზე, _ ჰქონდა თუ არა კომპანიას უფლება, რეკლამა გაეკეთებინა 50%-ზე? შალიკაშვილი პაუხობს, რომ დიახ, ჰქონდა ამის უფლება. თუ უფლება ჰქონდა, მაშინ რატომ უწესებდნენ კომპანიას შეზღუდვებს? მერაბ ფერაძის კითხვაზე, _ იცოდა თუ არა მან ორი კომპანიის არსებობის შესახებ? შალიკაშვილმა უპასუხა: სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, მაგრამ მე არც ვმალავ, რომ ვიცოდი.
ცირა შათაშვილი, ფაქტობრივად, ხელშეკრულების დამრღვევია, რადგან მას ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე, სადაც წერია: მხარეთა შორის არსებული დადებული დავა გადაწყდება შეთანხმების გზით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. სად წავიდა შათაშვილი, _ სასამართლოში? რა თქმა უნდა _ არა. ის ფინანსურში მივიდა, სადაც არ წაიკითხეს ხელშეკრულება და მას არ უთხრეს, _ ქალბატონო ცირა, ხელშეკრულების პირობების შესრულება მარტო ფერაძეს კი არ ეკუთვნის, რომელიც პროცენტებს გიხდიდათ, არამედ თქვენც გეკუთვნით და მიბრძანდით სასამართლოში, ჩვენთან რატომ მოხვედითო? შემდეგ პროკურატურაში მივიდა და არც იქ წაიკითხეს აღნიშნული ხელშეკრულება და არ უთხრეს, რომ ცირა შათაშვილიც დამრღვევია. შესაბამისად, ამ ქალბატონმა ჩემი უფლებებიც დაარღვია და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე არ მინდოდა მერაბ ფერაძის დაჭერა, არც მაშინ და არც ახლა. მე დამაზარალა ამ ქალმა. როგორც ჩანს, ყველას უნდოდა ფერაძის დაჭერა და ამაში შათაშვილი გამოიყენეს.
მაია ბელიაშვილი, დაზარალებული:
_ როდესაც კომპანიაში კრიზისი შეიქმნა, კოსტავას 76-ში მეორე ოფისი ფუნქციონირებდა, სადაც მევალეთა სიებს აწარმოებდნენ. ისინი დაგვპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიჭრებოდა ჩვენი პრობლემები და ამ თანხებს გაგვისტუმრებდნენ. შემდეგ ყველა ერთდროულად მიაწყდა, ატყდა აჟიოტაჟი, ხალხი პანიკაში ჩავარდა და ამან კომპანიის კოლაფსი გამოიწვია.
_ რეალურად, რა ინფორმაციას ფლობთ, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, რატომ გაკოტრდა „საფინანსო კომპანია საქართველო“?
_ ეს კომპანია გაკოტრებული არის თუ არა, ჯერ კიდევ გასარკვევია. მართალია, მერაბ ფერაძე, მისი მეუღლე და კომპანიის დირექტორი დაიჭირეს, მაგრამ თვითონ კომპანიას განაცხადი გადახდის უუნარობაზე არ დაუფიქსირებია. კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით განაცხადი არც დამფუძნებელს და არც დირექტორს სასამართლოში არ შეუტანიათ, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ კომპანია გაკოტრებულია. ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება.
_ თუ არ არის გაკოტრებული, მაშინ რა მოხდა?
_ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამ კაცის (მერაბ ფერაძე) დაჭერა და კომპანიის („საქართველო“) გაჩერება ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ქმედება იყო, რადგან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარამენტის უფროსმა მერაბ შალიკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ეს კომპანია საფინანსო ბაზარზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უშლიდა ხელს. კონტროლირებადი ბიზნესიდან, ანუ ბანკებიდან, თანხები გაედინება არაკონტროლირებად სფეროში, ანუ ფერაძის „კანტორაშიო“. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კომპანია გაეჩერებინა. ეროვნულმა ბანკმა 20 სექტემბრის განკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც კომპანიას ფიზიკური პირისგან ეკრძალებოდა თანხების მოზიდვა და მხოლოდ იურიდიული პირებისგან შეეძლო ამ ოპერაციის განხორციელება.
გავარკვიეთ და აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელსაც 19 სექტემბრის განკარგულებით აკრძალვები დაუწესდა, იყო ძველი კომპანია, რომელიც 2008 წელს ლამარა ფერაძეზე (მერაბ ფერაძის და) იყო დარეგისტრირებული. როცა აჟიოტაჟი შეიქმნა, კომპანიაში მივედით და გვითხრეს, რომ ჩვენ არ ვიყავით ამ კომპანიის კლიენტები. შესაბამისად, არანაირი აკრძალვები და შეზღუდვები არ ჰქონდა დაწესებული, რადგან სხვა საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა. გვითხრეს, რომ მდგომარეობა ცოტა ხანში გამოსწორდებოდა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა.
_ ეჭვობთ, რომ მერაბ ფერაძე სპეციალურად დაიჭირეს?
_ რა თქმა უნდა.
_ რატომ აწყობდა მერაბ ფერაძის დაჭერა ხელისუფლებას?
_ მერაბ ფერაძე 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. შესაბამისად, ეს არ აწყობდა ხელისუფლებას. პოლიტიკურად არ მოსწონდათ და უნდოდათ, რომ მთელი ეს ქონება მისთვის წაერთმიათ.
მედეა ჯიმშელეიშვილი, დაზარალებული:
_ 2016 წელს, არჩევნების წინ, როდესაც კომპანიაში კრიზისული პერიოდი იყო, მერაბ ფერაძე სასამართლო პროცესზე ყვება (მაშინ მოსამართლე ლილი მსხილაძე იყო), რომ მის სახლში ლუკა კურტანიძე მივიდა, რომელმაც უთხრა, _ პარტიამ („ქართული ოცნება“) გამომგზავნა შენთან და საარჩევნოდ ფული უნდა გვაჩუქო, „ნაცებს“ ხომ 2 მილიონი მიეცი, ახლა ჩვენ 3 მილიონი დოლარი გვინდა, ოღონდ ეს ამბავი არავინ უნდა გაიგოსო. ფერაძემ უთხრა, რომ ეს ხალხის ფულია და 3 მილიონს ვერ მოგცემო. მოკლედ, საბოლოო ჯამში, კურტანიძემ ფერაძისგან 2 მილიონ-ნახევარი დოლარი მაინც წაიღო. მეორე დღეს კი ფერაძე პროკურატურაში წავიდა და იჩივლა, _ ფული გამომძალესო!
მაია ბელიაშვილი, დაზარალებული:
_ გარდა ამისა, ფერაძე სასამართლოზე ასევე ახსენებდა ვინმე გულვას, რომელიც ვარკეთილის გამგეობაში მუშაობდა. ეს ადამიანიც სთხოვდა საარჩევნოდ თანხებს. მან ასევე ახსენა ღარიბაშვილის სიმამრი თამაზაშვილი, რომ ე. წ. კახურ მაფიას მისი ჩაძირვა სურდა.
მარინა ბიჭიაშვილი, დაზარალებული:
_ პროცესიდან გამოსულ პროკურორ ოქროპირიძეს ვეკითხები, _ ბატონო ვანო, ამ წუთში პატიმარმა ფერაძემ ლუკა კურტანიძე თანხის გამოძალვაში ამხილა და ეს თანხა ჩვენი ფული იყო-მეთქი. მან გვიპასუხა, _ ეს კაცი დამნაშავეა და შეიძლება, ყველაფერი თქვასო.
_ საქმე რა ეტაპზეა?
_ საქმე დასრულებულია, სასამართლოს სამი ინსტანცია გაიმართა. მოსამართლეებმა ლილი მსხილაძემ, ნათია ბარბაქაძემ და პაატა სილაგაძემ არ განიხილეს ამ დაზარალებული ადამიანების საქმე. ერთი დაზარალებული მტკვარში გადახტა, ერთმა თავი ჩამოიხრჩო შიმშილისგან. მე თუ მკითხავთ, მერაბ ფერაძე დიდ საქმეს აკეთებდა ქართველებისთვის, ბევრი შიმშილს გადაარჩინა. რვაასმა კაცმა ხელი მოვაწერეთ, რომ საპროცესოთი გამოეშვათ ეს ადამიანი, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ და პროკურატურამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა.
ნანა გოგიაშვილი, დაზარალებული:
_ საბოლოო ჯამში, „საფინანსო კომპანია საქართველო“ ყველა სხვა საფინანსო კომპანიასა და ბანკებს კონკურენციას უწევდა. მერაბ ფერაძის წარმატებული ბიზნესი არავის აწყობდა. კრედიტორებში მუსირებს აზრი და გვაჯერებენ, რომ ამ საქმეში პირადად ბიძინა ივანიშვილია ჩარეული და არაფერი გამოგვივა, _ შეეგუეთ გაკოტრებასო. ერთ დღეში ჩაძირეს მთლიანი კომპანია.
_ ფიქრობთ, რომ მერაბ ფერაძე ივანიშვილის პირადი პატიმარია?
_ დიახ, რადგან ამ ქვეყანაში სამართალს ვერ მივაღწიეთ.
_ დაბოლოს, რას მოითხოვთ დღეს და რას აპირებთ?
_ საქმე ძიებაში ხელმეორედ დაბრუნდეს. თუ ფერაძე დამნაშავეა, მას ყველა ის ადამიანი მიუსხდეს, ვინც ჩვენს დაზარალებაში მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში, დაზარალებულების ინტერესები უნდა იყოს დაცული და სახელმწიფომ აგვინაზღაუროს ეს დავალიანება.
გიორგი საკარული