ფარული ჩანაწერების ანატომია
ის, რომ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ, ახალი ნამდვილად არაა. იმის ეჭვი გვქონდა, რომ ამ კუთხით დაცულები არც უმაღლესი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები იყვნენ. ჰოდა, ეს ეჭვი „ტვ პირველის“ ეთერში გასაჯაროებულმა ფარულმა ჩანაწერმა დაამტკიცა, რომლის ფიგურანტები თვით ბერა, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე არიან. ვის ანგარიშსწორებას გეგმავს სამეული? _ ამ დეტალებში არ შევალ და, უბრალოდ, ბოლო წლებში აგორებული ე.წ. ფარული ჩანაწერების ერთგვარ ანატომიას შემოგთავაზებთ.
ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ანუ მაშინ, როცა საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, საქვეყნოდ იყო ცნობილი, რომ ყველაზე უწყინარ ადამიანსაც უსმენდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერები საჯარო არასოდეს გამხდარა, ანუ შესაძლოა, კონკრეტულ პირს პირადი ცხოვრების ჩანაწერს აჩვენებდნენ და ამით აშანტაჟებდნენ, მაგრამ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელით მსგავსი მარაზმი არასოდეს გავრცელებულა.
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გასაჯაროება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო _ ე.წ. ციხის კადრებმა დიდი თუ პატარა, ერი თუ ბერი ფეხზე დააყენა და იმ ხელისუფლებას ზოგიერთი ერთგული მხარდამჭერიც კი განუდგა. მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, _ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვსო.
ჰოდა, ამ ციხის სკანდალის მერე დაიწყო და დაიწყო _ „ფარულები“ სულ ბითუმად ქვეყნდებოდა, ანუ „ციხის კადრებს“ უკვე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება მოყვა.
ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი იყო, რომელიც, თავის დროზე, „ნაციონალების“ წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა…
შემდეგი ფარული ჩანაწერის გასაჯაროება კიდევ უფრო ამაზრზენი გახლდათ და იცით, რატომ? _ იმიტომ, რომ „კადრების შტურმის“ ობიექტი _ არც მეტი, არც ნაკლები _ „ოცნების“ ხელისუფლების იმდროინდელი მინისტრი იყო.
კი დაიწყეს „ქოცებმა“ „გაპრავება“, ყველაფერი მიშას დროს არის გადაღებული და ჩაწერილიო, მაგრამ ბოლომდე „გაპრავება“ მაინც არ გამოვიდა და აი, რატომ: დავუშვათ, რომ პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას „ნაცები“ ადევნებდნენ თვალს, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყოფილ ხელისუფლებას ეს სიბინძურე სახალხოდ არ გამოუფენია. აი, „ოცნების“ დროს კი… მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენისა და ამასთან, ადამიანის ღირსების დაცვის ეგიდით მოვიდა, მაგრამ ეს დაპირება ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორიც, მაგალითად, ხუთი მილიონი ყველა სოფელს.
საერთოდ, პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორია, ტერორი, რომელმაც ადამიანი შეიძლება, არ მოკლას, მაგრამ ისე გაანადგუროს, რომ ცხოვრების ხალისი საერთოდ დაკარგოს.
ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ფარულ კადრებს ყველა დროისა და ყველა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს, თუმცა ეს მეთოდი, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ყველაზე კარგად საბჭოთა უშოშროებას ჰქონდა „დამხეცებული“.
სპეცსამსახურის ყოფილი თანმშრომელი „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ საბჭოთა „КГБ“ ფარული ჩანაწერების მეთოდს განსაკუთრებით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების გადასაბირებლად და ასევე ე.წ. კაპიტალისტური ქვეყნებიდან ჩამოსული დიპლომატების დასაშანტაჟებლად იყენებდა.
„მახსოვს, ერთხელ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდა. ჩვენს ბიჭებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ეს ადამიანი „იმნაირი“ იყო. ჰოდა, ერთ-ერთ ჩვენს მეკავშირეს, რომელიც ქალებთანაც ერთობოდა და კაცებთანაც, დავალება მივეცით, რომ ეს ადამიანი „დაეკერა“ და სასტუმროს ნომერში ყველაფერს ფოტოფირზე აღვბეჭდავდით.
ერთი სიტყვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა _ ამ ბიჭმა ის უცხოელი „შეაბა“, რესტორანში დალიეს კიდეც და ის, რაც სასტუმროს ნომერში მოხდა, გადავიღეთ. მერე, ამ უცხოელთან მივედით და ვუთხარით, თუ საბჭოთა უშიშროებასთან არ ითანამშრომლებ, ამ ფოტოებს შენს ცოლს გავუგზავნითო. უცხოელს გაეცინა და მოგვიგო, რა პრობლემაა, გაუგზავენთ, ჩემმა ცოლმა ისეც ყველაფერი იცისო. ასე ჩაგვივარდა „გადაბირების ოპერაცია“, _ გვიყვება ყოფილი სპეცსამსახურელი.
თუ კარგად დავაკვირდებით, დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ მეთოდს იყენებს, რაც, პრინციპში, გასაკვირიც არაა და აი, რატომ:
2012 წლიდან მოყოლებული, ოპოზიცია და ასევე ისინიც, რომლებმაც „ოცნება“ ხმაურით დატოვეს, ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი რუსულ ნარატივს ატარებს. ჰოდა, თუ ყველაფერი ეს მართალია, მაშინ ისიც არაა გასაკვირი, თუ რატომ დაადგა მმართველი ელიტა „ფარული კადრების გზას“, გზას, რომელიც შესაძლოა, ძალიან ცუდი პროცესების დასაწყისი გახდეს.
ისე, პირადი ცხოვრების ამსახველი პირველი კადრები რომ გასაჯაროვდა, ყველას გვეგონა, ეს მარაზმი აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა _ შემდეგი მსხვერპლი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ჩვენი კოლეგა მუდამ ხაზს უსვამს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, დიახ, „ნაციონალების“ დროს გაკეთდა, მაგრამ მაშინ აზრადაც არავის მოსვლია, რომ ეს საჯარო გაეხადა. აი, ახლა კი გრიგოლიას პირდაპირ დაემუქრნენ, თუ არ გაჩერდებოდა, ანუ როგორც ჟურნალისტი თუ ლოიალური არ გახდებოდა, მის პირად ცხოვრებას მთელი საქართველო ნახავდა.
ინგა გრიგოლია არ გაჩერდა. მეტიც: ამ თემაზე საჯარო საუბარი დაიწყო და ზუსტად ოთხი წლის წინ, 2016 წლის 14 მარტს, „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა:
„დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც, სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ, გრიგოლია _ ქალი, შვილი, დედა და მეგობარი.
მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ _ ამ კადრების გადამღებიც და განმხორციელებელიც.
წლების წინათ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო სოდ-ში, თუმცა არასდროს ამაზე პირდაპირი ეთერით არ მისაუბრია.
აი, ახლა კი გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში, ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ.
მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელიც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პოლიტიკოსებთან ერთად გაიზარდა. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოყვება ამ სახელმწიფოს.
მე და ჩემი კოლეგები იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის, რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქეთ, ჟურნალი ყოფილა. თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა. დღეს 2016 წლის 14 მარტია. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ, არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი. ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟისა და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე. არსად წასვლას არ ვაპირებ, დააშანტაჟეთ და შეაშინეთ ის, ვინც შეგიშინებიათ“.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, სხვათა შორის, თინა ხდაშელსაც დაემუქრნენ. არადა, ეს ქალბატონი კარგა ხანს არათუ მხოლოდ „ოცნების“ ლიდერშიფის წევრი იყო, არამედ, როგორც ამბობენ, „ოცნების“ გარიჟრაჟზე თავად ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ რჩევებსაც აძლევდა და ამასთან, იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დასავლეთთან „ოცნების“ დაახლოებაც ჰქონდა დავალებული.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ბოლო სკანდალი, ასევე, თავის დროზე, „ოცნების“ მებაირახტრესა და ახლა „ანტიოცნებელ“ ეკა ბესელიას უკავშირდება. სხვა საქმეა, ქალბატონი ბესელია ვინმეს მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როცა ადამიანის პირადი სივრცე ირღვევა, აქ პარტიული კუთვნილება თუ პოლიტიკური სიმპათიები უკანა პლანზე იწევს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გვინდა, რომ ევროპული სახელმწიფო გავხდეთ და დასავლეთმა თავის სრულფასოვან წევრად გვაღიაროს!
ერთი სიტყვით, თუ კარგად დავაკვირდებით, „ოცნების“ დროს „ფარული კადრების“ მსხვერპლთა უმეტესობა ან „ოცნების“ ყოფილი წევრია, ან ამ გუნდთან თავის დროზე პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა. ე. ი., გამოდის, რომ „ოცნება“ ყველაზე სასტიკი მეთოდებით სწორედ მათ უსწორდება, რომლებიც მის წიაღში იყვნენ და შემდეგ, ამა თუ იმ მიზეზით, განზე გადგნენ, ანუ პოლიტიკური გემოვნება და მრწამსი შეიცვალეს.
იქნება თუ არა ფარული ჩანაწერების ახალი სერიები? _ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ ყველაფერ იმას, რაც 6 მარტს მოხდა, ერთგვარი დომინოს ეფექტი ექნება, ანუ შესაძლოა, კიდევ უფრო მძაფრსიუჟეტიანი რაღაცები ვიხილოთ და მოვისმინოთ. ყველაფერი ეს კი, დიდი ალბათობით, ხელისუფლების ისედაც დაცემულ იმიჯს კიდევ უფრო დასცემს და შესაბამისად, მმართველ გუნდში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევა.
რა არის აქედან გამოსავალი? _ იგივე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ თუ მთელი მთავრობა არა, პრემიერი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მინიმუმ, გამოძიების დამთავრებამდე გადადგნენ და გაირკვეს, სინამდვილეში რა ხდება, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში გასული მასალის გამო გამოძიება აქამდე არ დაწყებულა. არადა, ყველა წესითა და ლოგიკითაც საქმე იმ წუთასვე უნდა აღძრულიყო, როგორც კი ეთერში გადაცემის ანონსი გავიდა.
ახლა, ზოგი გამოდის და ამბობს, ადამიანის უკანონო მოსმენა და თვალთვალი დასჯადიაო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ იმ ჩანაწერებში, რაც ტელევიზიით მოვისმინეთ, პირად ცხოვრებაზე არაა საუბარი, თანაც მისი ფიგურანტები რიგითი მოქალაქეები კი არა, ის ადამიანები არიან, რომლებსაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ადრეც ეკავათ და ახლაც უკავიათ!
მოკლედ, ასეა თუ ისე, ფრთხილად იყავით, ფრთხილად იყავით, რადგან თქვენ მხოლოდ კი არ გისმენენ და გითვალთვალებენ, არამედ სოციალურ ქსელში თქვენს აქტიურობასაც აკვირდებიან და თუ რომელიმე თანამდებობის პირს, მის შვილს ან ოჯახის რომელიმე წევრს თქვენი კომენტარი ან, სულაც, „ლაიქი“ არ მოწონება, შესაძლოა, „სტრელკა“ თვით ძალოვანი უწყებების პირველმა პირებმა დაგითქვან და ერთი შეხედვით, უწყინარი ონლაინაქტიურობისთვის საკადრისადაც დაისაჯოთ!
გიორგი აბაშიძე