უწყება ინფიცირებულ პაციენტებს აშინებს – რა ხდება ციხეებში?!
რამდენიმე დღის წინ ციხეში პანდემიის გავრცელებასა და კოვიდით გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით პირველად ინფორმაცია „ქრონიკა+“-მა გააჟღერა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა, აღნიშნული ფაქტი დაედასტურებინა.
„ქრონიკა+“-სთან ადვოკატი ლიკა ფანცულაია აცხადებს, რომ უწყებამ პატიმრები გაწირა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პატიმრებს აშინებენ და უფლებას არ აძლევენ, ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედია საშუალებებს მიაწოდონ.
„ქრონიკა+“ ადვოკატ ლიკა ფანცულაიას ესაუბრა:
_ უახლესი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ: ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დამირეკეს, შემატყობინეს, რომ პატიმარს ზუსტად 1 თვეა, აღენიშნება მაღალი სიცხე და იგი არსად გადაუყვანიათ. დღეს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და მხოლოდ ახლა გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში. პატიმარს თანდაყოლილი დაავადება აქვს. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია მისი მდგომარეობა. ხვალ ვეცდები, დეტალურად გავარკვიო ყველაფერი. 1 თვე მხოლოდ იმიტომ არ გადაიყვანეს კლინიკაში, რომ მისი ინფიცირების შესახებ არავის შეეტყო.
ამჯერადაც ღიად დავასახელებ და ამ ინფორმაციას ვერ უარყოფენ! – ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, D3 კორპუსში, პაატა კელენჯერიძემ და მასთან ერთად რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყეს. მათ უკვე აცნობეს ამის შესახებ ადმინისტრაციას. მათ კორონავირუსის გავრცელების ეშინიათ და ამნისტიას ითხოვენ, კონკრეტულად კი სასჯელის 1/4-ის მოკლებას. იმ საკანში თითქმის ყველა პატიმარს ქრონიკული დაავადება აქვს, ზოგს დიაბეტი, ერთს კი _ ტუბერკულოზი…
ცალკე გამოვყოფ ასევე გლდანის ციხეს, სადაც გუშინ შევედი, რადგან პატიმრებმა მთხოვეს შეხვედრა. გლდანის ციხეში უკვე 2 კვირაა, მსჯავრდადებულები შიმშილობენ. გუშინ, როცა შესვლა მთხოვეს, წარმოუდგენელი ამბავი მითხრეს: ციხის მთავარ ექიმს, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იმყოფებოდეს და არ უნდა გადიოდეს დაწესებულებიდან, ვირუსი დაუდასტურდა. ამ ექიმთან შემხებლობა გვქონდაო, _ მიყვებიან პატიმრები. მიუხედავად ამისა, არანაირი ზომები ადმინისტრაციას არ მიუღია.
_ რამ გამოიწვია შექმნილი მძიმე მდგომარეობა?
_ მარტიდან შეეზღუდათ პატიმრებს ყველაფრის უფლება, უარი ეთქვათ მოკლევადიან და გრძელვადიან პაემანებზე, ადვოკატსა და პროკურორსაც კი მინის მეორე მხრიდან ხვდებიან და ტელეფონით ესაუბრებიან. მათთან მხოლოდ ციხის თანამშრომლებს აქვთ კონტაქტი. მინისტრი გვეუბნება, რომ ციხის თანამშრომლები ციხეს არ ტოვებენ და ისინიც დაწესებულებაში რჩებიან. გვაქვს ლეგიტიმური კითხვა, – პატიმრები ოჯახებსაც ვერ ხვდებიან, პროკურორიც კი ვერ შედის მათთან, პირად კონტაქტზე არ არიან არავისთან. ჩვენ, უფლებადამცველებს, ეს არ გაგვიპროტესტებია, რადგან ამით პატიმრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფდით, შესაბამისად, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს მინის მეორე მხრიდან ტელფონით ვესაუბრებოდით. უკვე ერთი წელი ხდება, რაც ამ მოცემულობაში ვართ. ციხის თანამშრომლები დაწესებულებას არ ტოვებენო და როგორ გავრცელდა ვირუსი ციხეებში? წერილიც მივწერე პენიტენციურ სამსახურს და პასუხი არ მიმიღია. სასჯელაღსრულების სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარ თავზე აიღეს პატიმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მაგრამ ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა. ახლა უკვე ტელეფონის ნომრების დაბლოკვა დაიწყეს, ვეღარ მირეკავენ ქალთა დაწესებულებიდან, ორი ნომერი მაქვს და დღეს მხოლოდ მეორე ნომერზე შეძლეს დარეკვა ქსნისა და გლდანის ციხეებიდან. პატიმრები ვერ უკავშირდებიან ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს. ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს აშინებენ, რომ თუ კორონავირუსით პატიმრების დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟონავს, მათ დახურულ დაწესებულებებში გადაიყვანენ… ამიტომ მსჯავრდადებულები ინფიცირების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ ვერ აჟღერებენ. რეალურად კი ისინი გაწირეს. ქალთა დაწესებულებაში 23 პატიმარია ინფიცირებული. ვინმეს სჯერა, რომ სხვებიც არ არიან დაავადებულები?! გარდა ამისა, რესურსიც არ გააჩნიათ, რომ ინფიცირებულების იზოლაცია უზრუნველყონ. 1 თვის წინთავად ვიყავი ცუდად და სასწრაფო ვერ მოვიყვანე. წარმოიდგინეთ, უფლება შეზღუდული პატიმრები რა მძიმე მდგომარეობაში არიან.
_ რამდენად არის შესაძლებელი სამარტოო საკანში ინფიცირებული პატიმრის იზოლაცია?
_ რა თქმა უნდა, არანაირი იზოლაცია არ ხდება. სიცრუეა! როცა პატიმართან მივდივარ და მინის მეორე მხრიდან ტელეფონით ვესაუბრები, ვხედავ, რომ ყველანი, პატიმრებიც და ციხის თანამშრომლებიც, პირბადის გარეშე დადიან. არანაირი იზოლაცია. ციხის სულ ერთი საავადმყოფოა, სადაც კორონავირუსით დაავადებულები რომ მოათავსონ, სხვას ვეღარ მიიღებენ. რომც მიიღონ, მხოლოდ 40 საწოლია და რამდენს ეყოფა? რა თქმა უნდა, არანაირი ბოქსირებული პალატები იქ არ არის. მეტიც: მაქვს ინფორმაცია, რომ ქსნის ციხეში, სადაც 1500 პატიმარია, უმეტესობას უკვე აქვს სიმპტომები. სად უნდა გადაიყვანონ 1500 პატიმარი?! ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილის საკანში ვინც იყვნენ, იმათგან ერთი ძალიან მძიმედაა და არც ის ვიცით, სად გადაიყვანეს და საერთოდ გადაიყვანეს თუ არა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მერამდენე დღეა, სიცხიანი წევს და მასთან ერთად საკანში კიდევ 4 პატიმარია! არანაირი იზოლაცია!
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ, ფაქტობრივად, პატიმრები გაწირეს. რა არის ახლა გამოსავალი და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ, თუ უწყება შესაბამისს ნაბიჯებს არ გადადგამს?
_ ამ მოცემულობით კატასტროფის ზღვარზე ვართ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალთა დაწესებულებაში საერთოდ დაუბლოკეს ტელეფონები პატიმრებს. იქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამი პატიმარია და ვერც ერთი ვერ მიკავშირდება.
ნენე ინჯგია