უჩა ნანუაშვილი: საქართველოში სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ცენზურა და ის ჰგავს ავთვისებიან სიმსივნეს

გიგა გელხვიიძე

საქართველოში კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. ბოლო რამდენიმე დღეა, ეს სიტყვები ყველა ნიუსში, ყველა სიუჟეტსა თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში შეგხვდებათ.

კესარია აბრამიძე პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელმაც თავის იდენტობაზე ღიად ისაუბრა და, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან გახსნა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემა საქართველოში, რომელსაც ლგბტქ+ თემი და მათი პრობლემები ჰქვია.

კესარიას გამოჩენისთანავე აღნიშნული საკითხის შესახებ აზრები ორად გაიყო. პირველ ეტაპზე უფრო მეტი იყო აღშფოთებულები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს დაუშვებელი იყო, რომ არ არსებობდა ქართველი გეი… თუმცა კესარიას მაგალითმა უკვე ბევრს მისცა იმის საშუალება, რომ ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთ პრობლემაზე და იმ ყოფაზე, რომელშიც მათ საქართველოში უხდებოდათ ცხოვრება.

საქართველოში კ, ცხოვრება რიგითი ჰეტერო ადამიანებისთვის არ არის მარტივი, ლგბტქ+ თემის წევრებისთვის კი ის ორმაგად მძიმეა, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი იდენტობის გამო, პირველ რიგში, სამსახურის პრობლემა უდგათ, რადგანაც თითქმის ყველა დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ მისი ადგილი რომელიმე სამსახურში არ მოიძებნება.

კესარია აბრამიძემ ძალიან ბევრი იბრძოლა და მიაღწია იმას, რომ იყო მოდელი და მსახიობი. ის სასურველი სტუმარი გახლდათ ყველა სატელევიზიო გადაცემისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მან საბოლოო ჯამში ყველას დაუმტკიცა, რომ ის არის სრულფასოვანი ქალი და მისი არსებობის აღიარება მოუხდა საზოგადოებას, აღმოჩნდა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ქალების რიგში, რომლებზედაც გამუდმებით ძალადობენ, ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს და უკრძალავენ თავისუფლად სუნთქვასაც კი. ამის შესახებ თურმე ცნობილი ყოფილა მისი ახლო გარემოცვისთვის, რამდენჯერმე პოსტიც გამოაქვეყნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდანაც იყო წასული, თუმცა საბოლოოდ მაინც დაიწერა: კესარია მოკლეს!..

მოკლეს და თან როგორ! _ სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომლებითაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კესარია აბრამიძე მოკლეს 18 სექტემბერს, ზუსტად ერთი დღის შემდეგ იქიდან, რაც „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა მეორე რუსული კანონი მიიღო _ კანონი ლგბტქ+ პროპაგანდის წინააღმდეგ, ამის ფონზე კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც და სახელისუფლებო მედიებიც გამუდმებით ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რომლებიც ისედაც მძიმე ფონის მქონე ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს რეალობას და ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კესარია აბრამიძის მკვლელი, 26 წლის ბექა ჯაიანი, ერთ-ერთია, რომელიც მმართველი პარტიის ზონდერჯგუფს წარმოადგენს და რომელმაც აპრილში გმირთა მოედანზე მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს ახალგაზრდები სცემა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს, ის არ დააკავეს, რამდენიმე თვეში კი მან უკვე მკვლელობა ჩაიდინა.

საქართველოში ლგბტქ+ თემის მიმართ არსებულ კანონებსა და კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:

_ ბატონო უჩა, ბოლო შემთხვევით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი, – ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი შეიძლება გამხდარიყო მაპროვოცირებელი კესარია აბრამიძის მკვლელობის ან შემდგომში გახდეს სხვა ტიპის მკვლელობების პროვოცირების მიზეზი?

_ რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი მიზანმიმართული კამპანია გარკვეული ჯგუფების მისამართით და ეს უკვე ცხადია, რომ უმცირესობათა ჯგუფებს შეეხება; როდესაც იღებენ სპეციალურ კანონსა, ხდება ამ ჯგუფების მარგინალიზება და როდესაც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება სხვადასხვა განცხადება, კამპანიები ამა თუ იმ ჯგუფის მისამართით, ეს არ ეხება მხოლოდ იმ კანონს, რომელიც მიიღეს ლგბტქ+ პროპაგანდის შესახებ, მანამდეც იმ კანონს, როგორიც არის რუსული კანონი და რომლითაც იყოფა საზოგადოება აგენტებად და თავისიანებად, როდესაც ასეთი კამპანია მიმდინარეობს სისტემატურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რაც კვებავს სიძულვილს, ზიზღს. ყოველი ასეთი მიღებული გადაწყვეტილება, ყოველი ასეთი კანონი, ყოველი ასეთი განცხადება მაღალი ტრიბუნიდან, რა თქმა უნდა, არის მიზეზი იმისა, რომ შემდგომ, ყოველდღიურ რეჟიმში, შეიძლება მოხდეს ასეთი ტრაგედიები. ეს ტრაგედიები ასე არ იქმნება და ადამიანებს არ უჩნდებათ სურვილი მსგავსი რამის ჩადენის. მეორე მხრივ, ეს არის ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ქვეყანაშია. მანამდეც არაერთი დანაშაული გვახსოვს, როდესაც დღემდე არ არიან დასჯილები. თუნდაც იგივე 2021 წელს მომხდარი შემთხვევა, თავდასხმა 50-მდე ჟურნალისტზე, თავდასხმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გასულ წელს და რამდენი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც მოძალადე ჯგუფებს ახალისებენ. ეს თავის შედეგს პოულობს. ამიტომაც ვამბობ, რომ ასეთი მკვლელობები არ არის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მკვლელობა. ასევე ფემიციდის შემთხვევები, ქვეყანაში იყო უამრავი შემთხვევა და სამართალდამცველების რეაგირება არაეფექტიანია. როდესაც გვაქვს ასეთი მზარდი ტენდენცია, პოლიტიკაც უნდა იყოს შესაბამისად გამკაცრებული, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი იცვლება. ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება. ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს სიძულვილის გაღვივებას და ეს აისახება სხვადასხვა ფორმით. ჰოლოკოსტი არ მომხდარა ხომ ერთ დღეში? დაიწყო ნელ-ნელა ასეთი ჯგუფების გარეკვით ფაშისტურ გერმანიაში, იყო რამდენიმე ჯგუფი გამოყოფილი და შემდგომ რაც განხორციელდა რეალურად, ეს იყო ტექნიკური ნაწილი, მომზადდა დიდი ხნით ადრე, სწორედ ასეთი კანონებით, კამპანიებით და სიძულვილის გაღვივებით.

_ კანონი, რომლითაც „ქართული ოცნება“ იცავს იდენტობას, ადათ-წესებსა და ქართველობას, როგორც ისინი ამბობენ, რეალურად რასთან მოდის წინააღმდეგობაში?

_ პირველ რიგში აწესებს ცენზურას. გაუგებარი არის და ბუნდოვანია ეს ყველაფერი, როგორ იქნება  გამოყენებული პრაქტიკაში და რის აკრძალვას მიიჩნევს საჭიროდ სახელმწიფო, ეს უცნობია. ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენ დღეს გვაქვს არა მხოლოდ ნიშნები ცენზურის, არამედ უკვე შემოდის მთლიანად ცენზურა. ეს არის ასევე დისკრიმინაცია, წინააღმდეგობაში მოდის სხვა კანონებთან, კონსტიტუციასთან, დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონთან. ამ კანონით მთელი უმცირესობათა ჯგუფი ირიყება, კანონგარეშედ ცხადდება. ეს ცალკე გამოყოფილ თანასწორობის უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით, შეიძლება ითქვას, რომ არღვევს. ამ კანონს უფრო მეტად აქვს რეპრესიული მიზანი, რომ შემოვიდეს ცენზურა და რაღაც ჯგუფები აიკრძალოს ქვეყანაში, ვიდრე ის, რომ შეიძლებოდა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის გამოყენებული ყოფილიყო უკვე არსებული კანონი. ამას არ აკეთებენ. ეს ეხება თუნდაც არასრულწლოვნების ჩართვას აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა ზეგავლენისგან დაცვისთვის კანონმდებლობას, მაგრამ არ არის გამოყენებული და მის აღსრულებაზე არავინ ფიქრობს. თუ ასეთი მიზანი ჰქონდათ, შესაძლებელი იყოს ასეთ კანონებში გაწერილიყო ის, ვიდრე შემოღებულიყო კანონი, რომელიც ყველაფერში ეწინააღმდეგება ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან. გაწევრიანების, ასოცირების შეთანხმებას, ყველა იმ დოკუმენტს, სადაც გაწევრიანებული არის საქართველო და ეფუძნება ადამიანის უფლებებს, თანასწორობას, ყველაფერთან მოდის წინააღმდეგობაში და თავისთავად საქართველოს კონსტიტუციის მიმართაც. იმედი მაქვს, რომ გამოიყენებენ შესაბამისს ზომებს.

_ გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია ვიხილოთ კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან მიმართებით?

_ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ასეთი, ცალსახად დისკრიმინაციული კანონი არ ამოქმედდეს ქვეყანაში, მით უფრო მაშინ, როდესაც ერთი კანონი უკვე არის გამოყენებული და გასაჩივრებული, ასევე აუცილებელია მისი გასაჩივრება სასამართლოში და არა მხოლოდ. ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოში. იქ არის უკვე არაერთი პრაქტიკა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც იქნება გამოყენებული ბერკეტი კანონის წინააღმდეგ. ცალსახაა, ამ კანონის ბუნებიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გამოტანილი, ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს მიერ. არ ვარ დარწმუნებული, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო.

_ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ზღუდავს ლგბტქ+ თემის უფლებებს, შემოჭრილია მედიაშიც და ჩვენ უკვე შეგვეზღუდება ამა თუ იმ თემაზე მუშაობა, რადგანაც შეიძლება კონკრეტული მასალა ჩაითვალოს პროპაგანდად _ ამ ფაქტს როგორ აფასებთ?

_ მედია ისედაც არის უკვე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ. პრაქტიკულად, ეს კანონი იმისთვის მიიღეს, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ ფუნქციონირებდნენ ამ ქვეყანაში და დამატებითი ეს კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული მედიის გასაჩუმებლად. ამუშავებული იქნება შესაბამისი რეპრესიული მექანიზმები ჯარიმების სახით, რაც შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს და, რა თქმა უნდა, მედიამ უნდა იბრძოლოს ყოველი მასალისთვის იმის დასამტკიცებლად, ეს შეესაბამება თუ არა კანონს. მინდა აღვნიშნო, რომ იმდენად ბუნდოვანია განმარტებები კანონში, იმდენად სუბიექტურად შეიძლება იყოს აღქმული ესა თუ ის ინფორმაცია, ყველაფერი ეს ჩვენ გვაბრუნებს პირდაპირ საბჭოთა კავშირში, რა დროსაც იყო ჩვეულებრივი ცენზურა _ შესაბამისად იქ სადღაც გარეთ წყვეტდნენ, რა უნდა დაბეჭდილიყო და რა _ არა. მედიას ალბათ მოუწევს ხანგრძლივ სასამართლო პროცესებზე სიარული და თუ ეს კანონი ამოქმედდება, იქნება უმძიმესი შედეგები. ეს არის მეორე ტალთა მედიაზე ზეწოლის და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, ეს კანონი მიმართული არის მედიაზე და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ჯგუფზე არის მიმართული. საქართველოში სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ცენზურა და ის ჰგავს ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შეიძლება მოედოს მთელ ორგანიზმს. ცენზურის ყოველგვარი გამოვლინება არის მიუღებელი და ამ კუთხით მივიჩნევ, რომ კიდევ უფრო მეტი არის საბრძოლველი.

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს საქართველოდან კიდევ უფრო მეტად გადინებას ახალგაზრდების და თემის წარმომადგენლების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში ისინი კიდევ უფრო დაუცველები გახდნენ?

_ რა თქმა უნდა, აქამდეც იყო საკმაოდ მძიმე ფაქტები, რომლებიც არ გამოძიებულა, შესაბამისად, სახელმწიფო მხარს უჭერს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას. ამ კანონის მიღებით პირიქით, კიდევ უფრო მეტად ირიყება თემი, უფრო მეტად მარგინალიზდება და სტიგმატიზდება, შესაბამისად, ეს კანონი ლგბტქ+ თემს საქართველოში კრძალავს, ანუ ცხოვრების საშუალება არ აძლევს თემის წევრებს. ამიტომაც არის ანტიკონსტიტუციური და არ უნდა ამოქმედდეს. მისი ამოქმედება ნიშნავს გადინებას, დევნას, კვლავ არაერთ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს და ყველაფერ იმას, რაც ხდება ქვეყანაში, ამ ყველაფრის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით გავრცელებას და ეს არ უნდა დავუშვათ. 

_ გაქვთ თუ არა პირადად თქვენ კითხვის ნიშნები კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის შესახებ? ამ შეკითხვას გისვამთ იმიტომ, რომ ვერსიები და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ლოგიკას სცდება. ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ძალიან არის აცდენილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დრო და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჯაიანის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

_ რა თქმა უნდა, არის კითხვის ნიშნები. თუნდაც დროსთან დაკავშირებით, _ მაინცდამაინც რატომ ემთხვევა ამ კანონის ამოქმედებას? მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ საქმეს, რომ გვქონდეს ინფორმაციები, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება გამოძიება და სადამდე მივა ის. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ გამოძიებას და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის კითხვის ნიშნები.

_ ბოლოს გკითხავთ სასამართლოსთან დაკავშირებით კესარია აბრამიძის საქმეზე. უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ის?

_ ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო ინტერესი არსებობს და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, რათა საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილდეს, მათ შორის, სასამართლო პროცესების მიმართ.