უკრაინის გაერთიანებული ეკლესია ტომოსისა და პირველიერარქის არჩევის მოლოდინში
ყველაფერი დაიწყო ასე _ მოსკოვის მთავარმა, ვასილი მეორემ 1448 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მიტროპოლიტად დასვა იონა მოსკოველი, ტიტულით მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად რუსის (Митрополит Киевский и всея Руси). დეკანოზ ილია ჭიღლაძის განმარტებით, ამ არაკანონიკური ქმედებით დაიწყო ფაქტობრივი ავტოკეფალია რუსული ეკლესიისა, რომელიც არღვევდა კონსტანტინოპოლის დედა საპატრიარქოსადმი დაქვემდებარების კანონიკურ და საეკლესიო ისტორიულ ტრადიციას.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ეს არაკანონიკური ფაქტი არ ცნო და 1458 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის კურთხევით კიევის სამიტროპოლიტო საყდარზე დადგენილ იქნა გრიგოლ ბოლგარინი (ბულგარელი). ამ ფაქტის გათვალისწინებით 1461 წელს გარდაცვლილი იონა მოსკოველის მემკვიდრე, მოსკოვის დე ფაქტო სამიტროპოლიტო საყდარზე ასული ახალი მიტროპოლიტი ფეოდოსი ბივალცევი უარს ამბობს კიევის მიტროპოლიტის წოდებაზე და ღებულობს ახალ ტიტულს „მიტროპოლიტი მოსკოვისა და სრულიად რუსის“ (Митрополит Московский и всея Руси), რითაც მოსკოველებმა გააფორმეს დაწყებული სქიზმა _ კონსტანტინოპოლის დედა საპატრიარქოსგან და კიევის დედა მიტროპოლიისგან გამოყოფა, შექმნეს რა თვითნებურად ახალი საეკლესიო-ადმინისტრაციული სტრუქტურა „მოსკოვის მიტროპოლია“.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და აი, ახლა… მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა, როგორც უმაღლესმა სააპელაციო ორგანომ (იხ. ქალკედონის წმინდა მსოფლიო კრების კანონები), მოსკოვის საპატრიარქოს სადამსჯელო პოლიტ-ანათემა ყოფილი კიევის უნეტარეს მიტროპოლიტ ფილარეტ დენისენკოზე გაუქმებულად გამოაცხადა. კიევი ტომოსს და პირველიერარქის არჩევას ელოდება.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრა თეოლოგს, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივან გიორგი ტიგინაშვილს:
_ როგორ შეაფასებდი ფრიად მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს?
_ ეს არის ისტორიული სამართლიანობისა და კანონიკური წესრიგის ზეიმი. უკრაინელი ერი და მისი სახელმწიფო აპარატი თვითგამორკვევისა და საერთო თანხმობის შედეგად ნანატრი ავტოკეფალიის ღირსი გახდა. მათთვის ეს გახლავთ სულიერი, კულტურული და პოლიტიკური თავისუფლების გამომხატველი აქტი, როცა რუსეთის იმპერიალისტური, კოლონიალისტური და ექსპანსიური მდგენელი, ფაქტობრივად, განეიტრალების პირასაა. ამ მოვლენით კრემლის „დერჟავნიკული“ საცეცები იძირკვება როგორც რეგიონში, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, რაც აუცილებლად შეუქცევად და სტიქიურ ხასიათს შეიძენს. მსოფლიო საპატრიარქომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული კანონიკური უფლებები (ქალკედონის მსოფ. კრების 9,17,28 კან., _ ავტ), პრეროგატივა თუ დისკრეცია და იურიდიული ნორმების სრული დაცვით გააუქმა 1686 წლის დროებითი დადგენილება, აღადგინა სტავროპიგია და მისსავე შვილობილ ეკლესიას ავტოკეფალია უბოძა.
_ რა არის შემდგომი ეტაპი?
_ ახლა მხოლოდღა ფორმალური და სადღესასწაულო დღე უნდა შეირჩეს, როდესაც უკრაინის აწ უკვე გაერთიანებული ეკლესია _ ფილარეტისა და მაკარიოსის _ ოფიციალურად მიიღებს ტომოსს და აირჩევს პირველიერარქს.
_ რა შედეგები _ პოზიტიური და ნეგატიური _ შეიძლება გამოიწვიოს კონსტანტინოპოლის _ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებებმა?
_ პოზიტიური შედეგია ის, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა მაკონსოლიდირებელი საეკლესიო სუბიექტებისთვის, ანუ მათი ეპისკოპატისთვის ლეგიტიმაციისა და მადლმოსილების აღიარების გამომხატველი, რამეთუ მათი აპელაცია და პეტიციები დაკმაყოფილდა ერთობ ფილიგრანული თანმიმდევრობით. ამასთან, მიტროპოლიტ ონოფრეს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალისტთა მოძრაობას, რუსული ეკლესიიდან, სადაც 50-მდე ეპისკოპოსია, 10-ზე მეტი მღვდელმთავარი საკუთარი ნებით შეუერთდა, რაც უკვე ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს. ნეგატიურს რაც შეეხება, შესაძლოა, გარკვეული ექსცესები და ინციდენტები გამოიწვიოს რუსთაგან მიტაცებული ქონების გადაცემის პროცესმა. მაგალითად, კიევო-პოჩორის ლავრის საკითხი რუსული იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური და პრინციპულად უმნიშვნელოვანესი საგანძურია. ამდენად, მოსალოდნელია გარკვეული კონფლიქტების ინსპირირებაც, რომლის გამოყენებასაც რუსეთის სპეცსამსახურები აუცილებლად შეეცდებიან. არაა გამორიცხული, რომ სამხედრო აგრესიის განახლების მცდელობებიც ვიხილოთ გამძვინვარებული პუტინის მხრიდან.
_ ცხადია, რომ რუსეთი არ ნებდება _ პუტინმა უკრაინის ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესები ეროვნული უშიშროების საკითხად აღიარა, რა გართულებებს უნდა ველოდოთ ჩვენც და მართლმადიდებელი სამყაროც რუსული ეკლესიისა და რუსეთისგან?
_ რუსეთს აქვს სამი გზა: 1. დაემორჩილოს ახალ რეალობას და აღიაროს უკრაინის ეკლესიის კანონიერი ავტოკეფალია; 2. გაჯიუტდეს, გავიდეს სქიზმაში და ინსტიტუციოურად გადაიქცეს იზოლაციონისტურ, კვაზიორთოდოქსულ, დეგრადირებულ და ნაციონალისტურ სექტად; 3. სტატუს კვო შეინარჩუნოს ბირთვული შეიარაღებით, უკრაინის რესურსითა და ინტერვენცია-ოკუპაციის გაფართოვებით უკრაინის ტერიტორიაზე. ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა ღრმა კრიზისი, რომელიც პატრიარქ კირილის გულგოროზობამ და დესტრუქციულობამ გამოიწვია.
_ უკრიანის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამ დრომდე უცნობია, რა მოლოდინები არსებობს და არის თუ არა მიზაშეწონილი მიმდინარე ეტაპზე ამ საკითხის ფორსირება?
_ შესაძლოა, საქართველოს ეკლესია ინიციატივიანი ვერ იყოს, რადგან იურიდიული თვალსაზრისით ეს არ არის მისი უფლება და ვალდებულება, თუმცა პოზიციის არქონაც ერთგვარი უბადრუკობა და უღირსებობა მგონია, მით უფრო, ჩვენივე ისტორიული გამოცდილების ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტესტი და ლუსტრაცია, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიაში არ არსებობს კრებსითობა და სინოდალური მმართველობა და ყველაფერს უშუალოდ საპატრიარქოს ადმინისტრაციის კონსპირაციული ჯგუფის რუსიფიკატორული თვითნებობა წყვეტს და არა საღვთო სამართლის აღსრულება. სწორედ ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ორბიტა და მეხუთე კოლონა ძალიან ფესვგადგმულია იერარქიასა და სამდივნოში.
ცხადია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რუსული ფრთა, რომელსაც სათავეში მოსაყდრე შიო უდგას და საერო პირებიდან მის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვასაძე-ჩხარტიშვილის დუეტი განაპირობებს, არ ისურვებს გაუკვევლობაში დარჩენას.
_ ასეთ ვითარებაში რა საფრთხეებსა და პრევენციაზე უნდა ვისაუბროთ ქართული ეკლესიის წიაღში?
_ საფრთხე არის შემდეგი: ხსენებულმა ტანდემმა (ვასაძე-ჩხარტიშვილი) თუ სხვა ემისრებმა და რეზიდენტებმა შესაძლოა, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციად რუსული ნარატივის შემცველი გადაწყვეტილება წარმოგვიდგინონ. ამის მცდელობა უკვე ჰქონდა ბატონ ლევან ვასაძეს, რომელმაც, სამწუხაროდ, სავსებით არაკვალიფიციურად, არაკომპეტენტურად და ისტერიულად ისაუბრა თავის ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში და ფატალისტური სურათი დახატა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. თანაც ურცხვად და აგდებულად მოიხსენია მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ყველა ის ადგილობრივი ეკლესიაც, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დუჭერს. ასეთი არაადეკვატური, სოციოპათიური და მიზანთროპიული განცხადებებით მავანნი საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მათ დეზორიენტირებას ემსახურებიან. ამ ყველაფრის პრევენცია კი შესაძლებელია სპეციალისტების მხრიდან საჯარო დისკუსიებში მონაწილეობით და მყარი არგუმენტების ღია ტირაჟირებით. გასათვალისწინებელია ობიექტური ინფორმაციის გაჟღერების გზაზე მედიის როლი და პასუხისმგებლობაც.
არმაზ მეტრეველი