სოსო ხახუტაშვილი: „ეს ადამიანები „ქრონიკა+“-ის მეშვეობით შეიტყობენ, რომ არარად ცნობის საფუძვლით დავა უნდა განაახლონ და ქონება დაიბრუნონ“
პირებს, რომლებსაც კერძო აღმასრულებლებმა ქონება ჩამოართვეს, ახალი შესაძლებლობა, შანსი აქვთ, თავიანთი კუთვნილი ქონება დაიბრუნონ, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში აუდიტორულ-იურიდიული კომპანია „ჩემი ექსპერტის“ დამფუძნებელი, იურისტი სოსო ხახუტაშვილი აცხადებს.
იგი ასევე გაგვაცნობს ადმინისტრაციული სამართლის კონკრეტულ საქმეს, სადაც გამოვლინდა ნოტარიუსისა და აღსრულების ბიუროს დარღვევები, გენერალური ინსპექციის უუნარობა და აღსრულების ბიუროს ზემოქმედება სასამართლოზე. იურისტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანერგილი მანკიერი პრაქტიკა, რომ სასამართლო აღსრულების ბიუროს ზეგავლენის ქვეშ არის, ახლაც გრძელდება.
„ქრონიკა+“ სოსო ხახუტაშვილს ესაუბრა:
_ დავიწყოთ, კონკრეტულად, ზაირა გუგეშაშვილის საქმეზე საუბრით: რა დარღვევები გამოვლინდა ამ საქმეში?
_ იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, ზაირა გუგეშაშვილის ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, მოვალედ მითითებული გახლდათ ზაირა გუგეშაშვილი, წარმომადგენელი კი იყო მისი მეუღლე თამაზ გუგეშაშვილი, რომელმაც ნოტარიუსთან ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, თამაზ გუგეშაშვილი იყო მხოლოდ წარმომადგენელი და არა მხარე, ის არ ყოფილა მოვალე. ზაირა გუგეშაშვილი კი სანოტარო აქტის გაფორმებას არ დასწრებია. სანოტარო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსს არ ჰქონდა იმ ფაქტის დადასტურების უფლება, რომ ზაირა გუგეშაშვილს გადაეცა თანხა. იპოთეკის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ იპოთეკარმა თანხა გადასცა მესაკუთრე ზაირა გუგეშაშვილს, რაც არ მომხდარა. იპოთეკის ხელშეკრულება _ ეს არის ფაქტი, რომელიც ნოტარიუსით დამოწმდა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მას შემდეგ, რაც „თანხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა“ შეიქმნა, იპოთეკარმა ნოტარიუსს მიმართა და სააღსრულებო ფურცელი მოითხოვა, სადაც მოვალედ ზაირა გუგეშაშვილი აღარ იყო მითითებული, რადგან ნოტარიუსმა იცოდა, რომ ზაირა გუგეშაშვილი, ფაქტობრივად, ნოტარიუსის გაფორმების დროს არ იმყოფებოდა და პირდაპირ მოვალედ სააღსრულებლო ფურცელში თამაზ გუგეშაშივილი მიუთითა. იპოთეკის ხელშეკრულებით კი დგინდება, რომ თამაზ გუგეშაშვილს თანხა არ გადასცემია. თუმცა, სხვა გარემოებიდან გამომდინარე, არასწორად მიუთითეს. ფაქტობრივად, ნოტარიუსმა კანონი დაარღვია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ნოტარიუსმა კანონი დაარღვია. რას გულისხმობთ და იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება?
_ როდესაც საჯარო რეესტრში ხელშეკრულება რეგისტრირდება, ეს ნიშნავს, რომ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელი უნდა გამოეცა მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. როდესაც ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა, საჭირო იყო დაეწყოთ სააღსრულებო საქმის წარმოება, ეს კი იწყება მაშინ, როცა აღმასრულებელი მიდის ბინაში, აღწერს ბინას, შეაფასებინებს შემფასებელს და გაფრთხილების ფურცელს გასცემს, რომ თუ თანხას არ დაფარავენ, იძულებითი აუქციონი დაიწყება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აღმასრულებელი მიდის ბინაში, არ აკეთებს აღწერა-დაყადაღების აქტს, ასევე აღსანიშნავია, რომ ბინაში არ მიჰყავს ქონების შემფასებელი, რომელმაც, წესით, აღწერა-დაყადაღების დროს უნდა შეაფასოს ქონება. დოკუმენტებშიც ჩანს, რომ აღმასრულებელი, დაახლოებით, 20 დღის შემდეგ მიმართავს შემფასებელს, აღწერა-დაყადაღების აქტზე 2 ადგილას ზაირა გუგეშაშვილის ხელმოწერა გაყალბებულია. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თვითონ აღმასრულებელმა მოაწერა ზაირა გუგეშაშვილის ნაცვლად ხელი თუ სხვა ვინმემ, თუმცა ფაქტია, რომ ხელმოწერა ზაირა გუგეშაშვილს არ ეკუთვნის. რეალურად, ყალბი საბუთია, ამ აღწერა-დაყადაღების აქტის გარეშე კი არანაირი სააღსრულებო წარმოების დაწყება არ შეიძლებოდა. ე. ი. ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. ამის ორგანიზება გააკეთა აღმასრულებელმა.
_ რა მიზნით მოაწერა აღმასრულებელმა ხელი ზაირა გუგეშაშვილის ნაცვლად?
_ აღმასრულებლის მიზანი იყო, რომ აღსრულება მალე გაეკეთებინა. როგორც წესი და რიგი იყო, თამაზ გუგეშაშვილისთვის გაფრთხილებაც კი არ გადაუციათ. ამ ადამიანებს აღსრულების დაწყებასთან დაკავშირებით გასაჩივრების უფლება ჰქონდათ, ეს ყველაფერი დაირღვა. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართეთ და აღსრულება ოფიციალურად შევაჩერებინეთ. თუმცა მოსამართლემ რაღაც საბაბით სარჩელის წარმოების მიღებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ზაირა გუგეშაშვილის სახელზე ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანეთ, რომელიც მოსამართლე ილონა თოდუამ განიხილა. სასამართლო პროცესზე დავაყენეთ საკითხი, რომ თამაზ გუგეშაშვილი მითითებულია მოვალედ, ის სასამართლო პროცესზე არ იყო დაბარებული, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მიუხედავად აღნიშნულისა, პროცესი შედგა, რაც მოსამართლე ნათია ქუთათელაძემაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოში. ასევე აღვნიშნე, რომ იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით თამაზ გუგეშაშვილი მოვალე არ არის და მის სახელზე სააღსრულებო ფურცელი არ უნდა გამოცემულიყო. მოსამართლემ განაცხადა, რომ ვინაიდან ნოტარიუსი ფიზიკური პირია, ამ სააღსრულებო ფურცლის კანონიერებაზე ვერ ვიმსჯელებო, რის შემდეგაც მე განვაცხადე, რომ ეს იყო მტკიცებულება, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაეთვალისწინებინა, რაც არ მოხდა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, თუ მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად კანონი უშლის ხელს, ის ვალდებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და კანონის ცვლილება მოითხოვს _ ეს არის სავალდებულო პროცედურა. ამ შემთხვევაში მოსამართლემ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი გამოიყენა, რომელიც არ უნდა გამოეყნებინა საკონსტუტიციო სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. მხარეებთან შეთანხმებით შეეძლო ემსჯელა სააღსრულებო ფურცლის კანონიერებაზე და გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების გამოტანის დროს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით თამაზ გუგეშაშვილს ვალი ჰქონდა. ზაირა გუგეშაშვილს ბინა წაართვეს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, იძულებითი აღსრულება დაიწყება მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული და სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალედ. მესაკუთრე ბინას დებს და თანახმაა, კონკრეტული პირი გარანტორად დაუდგეს, მასზეც ვრცელდება მოვალის ვალდებულება და შესაძლებელია, ადმინისტრაციული წესით განიხილოს სასამართლომ. უკანონო სააღსრულებო ფურცლისა და ვალის არარსებობის პირობებში მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება დაირღვა. სასამართლოს გარეშე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აუქციონი იწყება, კერძო აღმასრულებელი ნიკა ელოშვილი შესაბამის დოკუმენტაციებს გადასაცემს აღსრულების ბიუროს. კანონმდებლობის თანახმად, კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმეზე მონაცემების სისწორეზეა პასუხისმგებელი. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია არ არის სწორი, აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსს დაუბრუნოს. აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო საქმეში მონაცემების სისწორეზე, რის შესახებაც მან, რა თქმა უნდა, იცოდა, ვალდებული იყო, საქმის მასალები იპოთეკარისთვის დაებრუნებინა. ასევე აღსრულების ბიუროში სპეციალური სამსახურია, რომელმაც უნდა გადაამოწმოს დოკუმენტაცია და კერძო აღმასრულებელს დაუბრუნოს საქმე, თუმცა ეს პროცედურაც არ მომხდარა. ანუ ორივე კანონით გათვალისწინებული პროცედურა დაირღვა. ყველაზე მნიშვნელოვანი: როდესაც ელექტრონული აუქციონი დამთავრდება, საქმე უბრუნდება კერძო აღმასრულებელს, მან უნდა გამოსცეს განკარგულება ქონების გადაცემაზე. ეს პროცედურა თავიდან რომ აეცილებინა, აღსრულების ბიუროს თანამშრომელმა განკარგულება გამოსცა და ქონება დარეგისტრირდა ჯანყარაშვილის სახელზე. აუქციონზე ეს ქონება მან შეიძინა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იპოთეკარი ლენა მოსიაშვილის სახელზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, თამაზ გუგეშაშვილი მითითებული იყო მოვალედ, მაგრამ ქონება არის ზაირა გუგეშაშვილის, ანუ ლენა მოსიაშვილი არის იპოთეკარი, ვინც თანხა გასცა, თუმცა, რეალურად, ასე არ მომხდარა.
_ ამ საქმეში იკვეთება თუ არა ნოტარიუსის იურიდიული ინტერესი?
_ დოკუმენტაციაში წერია, რომ იპოთეკარმა სესხის თანხა მესაკუთრეს სრულად გადასცა, მესაკუთრე კი ზაირა გუგეშაშვილია, ხოლო ხელშეკრულება ფორმდება ზაიარა გუგეშაშვილსა და ლენა მოსიაშვილს შორის. თამაზ გუგეშაშვილი მხოლოდ წარმომადგენელია და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარი ხელშეკრულების მიხედვით მესაკუთრეს თანხას გადასცემდა, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელში თამაზ გუგეშაშვილს არ მიუთითებდა. თანხის გადაცემა საერთოდ არ მომხდარა, ზაირა გუგეშაშვილი ნოტარიუსში არ ყოფილა, ნოტარიუსს ეყო „გამბედაობა“ და დაარღვია ნოტარიუსთა შესახებ კანონის იმპერატიული მოთხოვნა _ დაადასტურა ფაქტი, რომელიც არ მომხდარა. ნოტარიუსს არ აქვს უფლება, იურიდიული ინტერესი ჰქონდეს სანოტარო აქტის გაფორმეს დროს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი აქვს. ფაქტობრივად, ბინის „დათრევის“ თაღლითურ სქემასთან გვაქვს საქმე, სადაც ჩართულია კერძო აღმასრულებელი და აღსრულების ბიუროც. როგორც წესი, ქონებას ყადაღს ხსნის ის პირი, ვინც ყადაღს ადებს ან სასამართლო. ამ საქმეში ერთვება ბიუროს აღმასრულებელი, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო კერძო აღმასრულების მაგივრად. იგი სხვა სამართლის სუბიექტია, არაუფლებამოსილი პირის განკარგულების საფუძველზე ქონებას ყადაღა ეხსნება, საჯარო რეესტრი თვალებს ხუჭავს ამაზე და არეგისტრირებს ასეთ დოკუმენტს. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მასობრივად, საქმეების 60%-ში, რომელიც კერძო აღმასრულებლების წარმოებაშია და პროცედურას ასე დარღვევით აკეთებენ. განკარგულების გამოცემაზე აღსრულების ბიუროს უფლებამოსილება ენიჭება 75-ე მუხლის თანახმად, ეს მუხლი არ გამოიყენება კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმეებზე. ე. ი. ამ კუთხითაც დაირღვა პროცედურა კონკრეტულ შემთხვევაში. რეესტრში აცხადებენ, რომ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხს არ აგებენ. საჯარო რეესტრის შესახებ კანონშიც ასე წერია, მაგრამ იმაზე პასუხს არ აგებს, ხოლო დოკუმენტი უფლებამოსილმა პირმა გამოსცა თუ არა, ამაზე პასუხს, რა თქმა უნდა, აგებს. რეესტრს შეუძლია, განაცხადოს, რომ ხარვეზი გაეპარა _ არაუფლებამოსილი პირის მიერ მიტანილი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინა ქონების რეგისტრაცია და შეუძლია თვითონვე გააუქმოს რეგისტრაცია, რაც მოითხოვოს უფლებამოსილი პირისგან.
_ საჯარო რეესტრი რატომ არ აღიარებს ამ ხარვეზს და არ მოქმედებს შესაბამისად?
_ საჯარო რეესტრმა ეს რეგისტრაცია რომ მოხსნას, ქონებაზე ყადაღა უნდა აღდგეს, ამათი გადაწყვეტილების საფუძველზე კი ყადაღის დოკუმენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია. საკონსტიტუციო სასამართლომ 77-ე პრიმა მუხლში ცვლილება შეიტანა: თუ ადრე განმეორებით აუქციონზე ქონება არ გაიყიდებოდა, ამ შემთხვევაში ქონება უბრუნდებოდა მესაკუთრეს, ეს შეიცვალა და თუ ქონება ვერ გაიყიდა აუქციონზე, მესაკუთრეს აღარ გადაეცემა, მაგრამ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ეს მუხლი კერძო აღმასრულებლებს არ ეხება. იმ ხალხმა, ვისაც ასეთი წესით ქონებები წაართვეს, რომ იჩივლონ, მათ თავიანთი ქონება უნდა დაუბრუნდეთ. ასე რომ, შესაძლებელია, ამ ხალხს ქონება დაუბრუნდეს, მაგრამ პრობლემა იმ შემთხვვეაშია, თუ ბინაში სხვა პირია შესახლებული. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, თუ ადრე პოლიციას შეეძლო გამოსახლება, ახლა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლება არ შეიძლება. დავუშვათ, მე ვარ პირი, რომელსაც მევახშეებმა ქონება წამართვეს, ჩემი რეგისტრაცია უნდა აღდგეს, თუმცა ქონებაში სხვა ცხოვრობს, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება უკავია ხელში, ე. ი. მეც მჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება, რომ ვინც ცხოვრობს, ის ძველი მესაკუთრეა, რომ დავუბრუნო კუთვნილი ქონება. სასამართლოში ვინც იდავებს, რეგისტრაციის არარად ცნობაზე უნდა იდავოს, რადგან არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დოკუმენტი ადმინისტრაციულ და სისხილის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში რეგისტრაცია უქმდება მისი წარმოშობის დღიდან, _ სულ რომ 4-ჯერ იყოს ბინა გადაყიდული და რეგისტრირებული, ყველა დოკუმენტი არარა იქნება. შესაბამისად, ქონება დაუბრუნდება მესაკუთრეს, შესაძლოა, მხარეებს შორის მორიგებაც მოხდეს.
_ ამჯერად რა ეტაპზეა ეს კონკრეტული საქმე?
_ ეს საქმე ადმინისტრაციულ წესით არის გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოში. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით საქმეები გვარების შესაბამისად უნდა განაწილდეს, მაგრამ საქმეები გადანაწილებული აქვთ თავიანთი სურვილისამებრ, რომ გაიადვილონ. თავდაპირველად უზრუნველყოფა მოვითხოვე, რომ ქონების რეგისტრაცია შეეჩერებინათ, რადგან არაუფლებამოსილი პირის განკარგულების საფუძველზე მოხდა ქონების რეგისტრაცია, თუმცა მოსამართლემ რეგისტრაცია არ შეაჩერა, რის შემდეგაც ამ კონკრეტული მოსამართლის აცილება მოვითხოვე. ამჯერად საქმე მოსამართლე თამარ ოქროპირიძესთანაა. ამ საქმესთან დაკავშირებით მივმართე იუსტიცის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს, რომელმაც საქმე პროკურატურას გადასცა. უკვე საქმე ქალაქის პროკურატურაშია, აღსრულების ბიუროს უფროსი დასაჭერი თუ არა, გასათავისუფლებელი მაინც არის. ის პირები, ვინც ველურ პოლიტიკას ემორჩილებიან და კანონის დაცვის ნაცვლად, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ, მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. ძალიან ბევრი დარღვევაა, როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ასევე _ საჯარო რეესტრში. პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება აღსრულების ბიუროს, კერძო აღმასრულებლისა და ნოტარიუსის უკანონო ქმედებებზე. ისინი სასამართლოზე გავლენას ვეღარ მოახდენენ. ეს პრობლემა, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო. მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის ზემოქმედებით სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, აღსრულების ბიუროს საჯარო რეესტრის საწინააღმდეგოდ მიეღო გადაწყვეტილება. დღესაც ასეა. აღსრულების ბიუროდან სასამართლო პროცესებზე გამოდის ეკა ახალკაცი, რომელიც 15 წელია მუშაობს. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მოსამართლეებს ეშინიათ მისი, ადრეც ასე იყო და ეს გრძელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქრონიკა+“-ში ამ კონკრეტული საქმის გამოქვეყნების შემდეგ იპოთეკით დაზარალებულებს ახალი იმედი გაუჩნდებათ. ისინი ადვოკატებს მიმართავენ, რომლებიც ეუბნებიან, რომ საქმე დასრულებულია და ხელს არ ჰკიდებენ. თუმცა ეს ადამიანები თქვენი გაზეთის მეშვეობით შეიტყობენ, რომ არარად ცნობის საფუძვლით დავა უნდა განაახლონ და ქონება დაიბრუნონ.
ნენე ინჯგია