სოსო გოგაშვილის მეუღლემ ბათუმში ბინა შეიძინა

ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  ყოფილი პირველი მოადგილ იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით კონკრეტული ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა, თუმცა მომდევნო წლების დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხებოდა  200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთი.

იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა.

საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახში 4 წევრი იყო  და 102 ლარს იღებდნენ, ამის შემდეგ, ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა,  5 წევრი იყო და 126 ლარს იღებდნენ“, – ამბობდა ჭიაბერაშვილი.

იოსებ გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი, 2012 წელს არსად მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად;  2014 წელს იგი იმავე სახელმწიფო საწარმოს დაქვემდებარებულ სს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად;  2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს. უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2014 წლების დეკლარაციების მიხედვით, იოსებ გოგაშვილის ოჯახს რაიმე სახის ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა.

2015 წლისთვის იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში იყო დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში (შირაქი) მდებარე 12 502 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. გარდა ამისა, მის შვილ ნიკოლოზ გოგაშვილს ასევე სოფელ ზემო მაჩხაანში ერიცხებოდა 3 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენდა 1 715 მ2-ს. აღსანიშნავია, რომ იმავე წლის მონაცემებით, იოსებ გოგაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა დანაზოგი 85 000 ლარის, ხოლო მის მეუღლეს – 25 000 ლარის ოდენობით.

2017 წელს დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 75 000 აშშ დოლარად შეიძინა ქალაქ თბილისში, ავთო ვარაზის ქ. №91-ში მდებარე 161 მ2 ფართობის საცხოვრებელი ბინა მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის რემონტიც 60 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ამასთან, იოსებ გოგაშვილმა შეიძინა 25 000 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი და საოჯახო ტექნიკაც, ხოლო მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა – 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, რომელშიც 37 400 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონების შესაძენად იოსებ გოგაშვილმაც და მისმა მეუღლემაც საბანკო სესხი აიღეს.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში გადაფორმდა 105 ათასი კვ.მ. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში; 350 ათასი კვ.მ. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.მ. და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა. ცნობილია, რომ გოგაშვილის ცოლისდა მკერავია და იმ პერიოდში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.

იოსებ გოგაშვილი უკვე ორ წელზე მეტია, თანამდებობას აღარ იკავებს. ასევე უცნობია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების ბედი საქართველოს პროკურატურის მისამართით, სადაც პარტია გოგაშვილის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებდა.

დღევანდელი მდგომარეობით,  საჯარო რეესტრის მონაცემებით,  გოგაშვილის ოჯახის ქონება კვლავ იზრდება, კერძოდ კი იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა 2019 წელს ქალაქ ბათუმში ბინა შეიძინა.

მაკა მოსიაშვილი