საქართველოში ყველა ონკოპაციენტი 25 000 ლარით დაფინანსდება
თამუნა მჭედლიშვილი
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები. მათ შორის იქნებიან ისეთი პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
ონკოპაციენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა ფინანსდება როგორც საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. დაფინანსებისა და თანადაფინანსების მოპოვება შესაძლებელია გამგეობიდან, მერიიდან ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან. საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, სრულად ფინანსდება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია; ასევე რადიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ქიმიოთერაპიის ან ჰორმონოთერაპიის სამი ციკლის ჩატარების შემდგომ.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ამ კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვახტანგ კალოიანს:
_ ბატონო ვახტანგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოპაციენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო თუ პროექტი კარგა ხნით ადრე მზადდებოდა და ახლა გაიცა მისი განხორციელების შესახებ ბრძანება? რატომ ახლა და რატომ აქამდე არა?
_ როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რთული სათქმელია, მაგრამ ჩემთვის კულუარები არ არის ცნობილი და არც საინტერესოა. რატომ ახლა?! იმიტომ, რომ ხელისუფლება აქამდე ვერ ახერხებდა ხარჯების რაციონალურ განაწილებას და ვერც ახლა ახერხებს. შესაბამისად, ყველაზე პრობლემური ჯგუფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა და დიაგნოსტიკა ვერ ფინანსდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვისთვის ძალიან რთულია ადეკვატური ხარჯების უზრუნველყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასთან, ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაზღვეული და ყველა მოქალაქე ღებულობდეს იმ სერვისს, რაც მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
_ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განმარტა, რომ ახალი პროგრამა წელიწადში ერთ ონკოპაციენტს, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარს, 25 000 ლარის ლიმიტის შესაძლებლობას მისცემს. რა პროცედურებისთვის და მანიპულაციებისთვის იქნება საკმარისი კონკრეტული თანხა ონკოპაციენტისთვის?
_ რა თქმა უნდა, სრულად ვერ დაფარავს ბენეფიციარი თავის მკურნალობის ხაჯს, მაგრამ გარკვეული შეღავათი იქნება. სისტემურად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, ანუ ხარჯები უნდა გადანაწილდეს რაციონალურად. ის არ უნდა იფლანგებოდეს სხვადასხვა არასაჭირო, არაფრისმომცემ პროექტში. შესაბამისად, უფრო მეტი თანხა დარჩება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სრულად მოვუხერხოთ მკურნალობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომობა.
_ არის თუ არა მზაობა დღევანდელ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ამ პროგრამის განსახორციელებლად? სამედიცინო ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით, ხარისხიანია სკრინინგი, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია? რით შეიძლება გამართლდეს მცდარი დიაგნოზის დასმის გახშირებული შემთხვევები ანდა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი?
_ ზოგადად გამოწვევა დიდია ხარისხთან მიმართებით ჯანდაცვაში და ამას სისტემური მიდგომა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გადაუდებელ დარეგულირებას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური დროული დიაგნოსტიკისთვის. ამ პრობლემას სისიტემურად უნდა შევხედოთ: ეს იწყება მოქალაქეთა განათლების, ინფორმირების საკითხით სკრინინგის ეტაპზე, რათა დროულად შევებრძოლოთ დაავადებას და იმ ადრეულ ეტაპზე ჩავერიოთ, სანამ ძალიან მაღალი ეფექტი გვექნება მკურნალობისა და ადამიანის გადარჩენის _ ეს იწყება აქედან და მთავრდება ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალით, რომელიც უკვე კავშირში არის ცოდნასთან, აღჭურვილობასთან, თვითონ პროცედურების ჩატარებასთან. სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად, საქართველოში ტექნიკურად ის აღჭურვილობა არსებობს, რამაც უნდა უზრუნველყოს დროული და ადეკვატური დიაგნოსტირება. უბრალოდ, ამას სჭირდება სწორი ორგანიზება, კარგი კლინიკური მართვა, სახელმწიფოს მხრიდან სწორი სტიმულების აღმოჩენა. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ჩვენი ყველა მოქალაქის, ხაზს ვუსვამ, ადეკვატური ჯანმთელობის დაზღვევის (კერძო თუ სახელმწიფო) კლინიკური შედეგებისა და რეალურად ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება. ამას, სამწუხაროდ, ციფრებიც ადასტურებს _ ჩვენ არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში.
_ მოიცავს თუ არა ეს პროგრამა ონკოპაციენტების ჯგუფებად დახარისხებას დიაგნოზის ან გადაუდებელი ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების აუცილებლობის მიხედვით?
_ ონკოპაციენტებთან მიმართებით, ჯერეჯერობით, რაც გვაქვს ინფორმაცია, ეს ცნობილი და საჯაროა. საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება ონკოლოგიური პრობლემის მოგვარება, _ დღესდღეობით ასეა, თუმცა დადგენილება, ალბათ, მალე გამოქვეყნდება და მხოლოდ შემდეგ ბევრად უფრო ღრმა და დეტალურ განსჯაში შევძლებ საუბარს.
_ შემოთავაზებული სერვისების ჩამონათვალში ქირურგიული მანიპულაციები ვერ ამოვიკითხე. დაუფარავს თუ არა ახალი დადგენილება ამ სახის სერვისებს ონკოპაციენტებს?
_ დაუფარავს, რა თქმა უნდა. 25 0000 ლარის პაკეტში ყველაფერი იგულისხმება: ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, დიაგნოსტიკა, მათ შორის, ქირურგიული ჩარევა, ანუ ყველაფერი, რაც სჭირდება ონკოლოგიური პრობლემის მოგვარებას.
_ ეს პროგრამა არჩევნების მოახლოებასთან ხომ არ არის კავშირში, უფრო სწორად, ამომრჩევლის ხმების მოზიდვასთან?.. თუ ეს სახელმწიფოს მხრიდან თავის მოქალაქეებზე გულწრფელი ზრუნვის ფაქტორია?
_ არ მინდა შეთქმულების თეორიაში შესვლა. თუმცა „ქართულ ოცნებას“ არასოდეს რცხვენოდა, ასე ვთქვათ, სოციალური ქრთამისა და მოსყიდვის, ხატოვნად ვამბობ, გაცემა, _ იქნებოდა ეს სოციალური დახმარებები, „დასაქმება“ თუ სხვა… კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა შევიდე რაღაც მანიპულაციებში… ეს არის ფაქტი, რაც გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები სწორად განკარგონ და რეალური შეღავათი მისცენ ონკოპაციენტებს.
_ სხვათა შორის, სოციალურ ქსელში დაიდო უკვე ამ დაფინანსების შესახებ კრიტიკული და საეჭვო კომენტარები იმის შესახებ, რომ ქიმიოთერაპიებს დაუნიშნავენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სინამდვილეში ეს არ სჭირდებათ, რადგან სახელმწიფოსგან გადმოიქაჩოს დიდი რაოდენობით თანხა, რომლითაც ფინანსურად ისარგებლებენ სამედიცინო დაწესებულებები.
_ ცოტა რთული სათქმელია ამ ყველაფერთან ერთად ეს უნდობლობა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის რეალური ეს უნდობლობაც, რომელსაც განაპირობებს ხარისხი, თუმცა მაშინ საკმაოდ დიდია უსამართლობა, ანტიპიარისა და კომპრომეტირების როლი სამედიცინიო სისტემაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ხარისხის ობიექტივიზაცია!
_ კონტროლის რა და როგორი მექანიზმი გვაქვს ამ კუთხით სისტემაში ან გვაქვს კი საერთოდ?
_ სისტემურად უნდა მოგვარდეს ეს ამბავი. ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ხარისხის ობიექტივიზაცია, რათა ვიღაცის ნათქვამით თუ ჩინოვნიკის გადაწყვეტილებით კი არ შევაფასოთ პაციენტი და დავგეგმოთ მკურნალობის პროცესი, არამედ კონკრეტული ციფრებით, ზუსტად ისე, როგორც დღეს ყველა წარმატებული ქვეყანა აკეთებს _ ზრუნავს მის მოქალაქეზე პატიოსნად! შესაბამისად, უნდა მოხდეს ხარისხის ობიექტივიზაცია, გაზომვა და მერე ამის მიხედვთ დროული ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად… თორემ იმისი დიდი რისკი არსებობს, ეს რესურსიც რომ გაიფლანგოს არაეფექტიანად და მოქალაქემ ვერ მიიღოს რეალური მხარდაჭერა.
დღეს რა მოცემულობა გვაქვს? _ ჩემმა მეზობელმა თქვა, იმან თქვა… ასე რომ ვილაპარაკოთ, თურქეთშიც რამდენი შემთხვევა მოხდა, სადაც მცდარი დიაგნოზები ჩამოვიდა ან დადასტურდა? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ამა და ამ კლინიკას, ამა და ამ ექიმს რამდენი პაციენტი ჰყავს გატარებული? რა შედეგები აქვს? რამდენი სიკვდილობა დაფიქსირდა, რამდენი გართულება?.. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა აღირიცხოს.
_ რამდენადაც ვიცი, აქამდე მსგავსი მონაცემთა ბაზა არ არსებობდა და არც კვლევა…
_ დიახ, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი ხდებოდა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არც ახლა აპირებს ამის გაკეთებას ჯანდაცვის სამინისტრო. რეალურად, მთელი ეს კონტროლის ისტერიკა და ნებართვები, შესვლა და შემოწმება არ ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს. მერე მოვა ვიღაც ბიუროკრატი, რომელიც საკუთარი შეხედულებით გადაწყვეტს, კარგია ეს თუ ცუდია და დაამთავრებს. შეიძლება ის საავადმყოფო, რომელსაც კარგი მარკეტინგი აქვს, სულაც არ არის კარგი და ციფრებით მას ცუდი შედეგები აქვს, შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გავზომავთ ხარისხს, ციფრებში არ გამოვხატავთ ამ ყველაფერს, პრობლემები სულ იქნება. ამის მეთოდი არსებობს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იყენებენ. სანამ ხარისხს არ გავზომავთ, მანამდე რეალურ შედეგს ვერ დავინახავთ და ვერც მივიღებთ.
_ სულ ახლა ონკობავშვებისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ. ვგულისხმობ საზღვარგარეთის სამი ქვეყნის ჩართულობასა და ბენეფიციარების მშობლების მხრიდან არჩევანის გაკეთებას, რომელ ქვეყანაში გაივლის მკურნალობას მათი შვილი.
_ რამდენადაც ვიცი, ამ პროგრამის პროცედურული დამუშავება მიმდინარეობს. რამდენიმე კლინიკასთან დაიდო ხელშეკრულება და პროცესი რეალურად დაწყებულია. აქაც რესურსს სწორად თუ არ გამოვიყენებთ, შედეგი არ დადგება.
_ პატარების მშობლები ნერვიულობენ, შერჩევითი არ იყოს რიგში გადაწევა ან თანხების ჩარიცხვა _ პაციენტების მომსახურება „ქართულ-ჯიგრულ პონტში“.
_ ამის რისკიც არსებობს, რა თქმა უნდა. ამიტომაც ვამბობდი და ვამბობ, რომ კარგ გამართვას საჭიროებს სისტემა. მხოლოდ ბიუროკრატიული ღონისძიებებით, აკრძალვა-დაშვებით, პრობლემა ვერ მოგვარდება. თუ სწორი სისტემა არ შემუშავდა, არაფერი გამოვა. ყველაზე მთავარი მაინც სისტემაა.
_ საქართველოში ონკოპაციენტების რიცხვი წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. სად ვეძებოთ მომატებული ავადობის გაზრდის მიზეზები?
_ ობიექტური ციფრებით და მონაცემებით, მთელ მსოფლიოში შეინიშნება ონკოპაციენტების მზარდი ტენდენცია. კვლევის დაავადებათა ჩამონათვალში ლიდერობენ და პირველ-მეორე ადგილს იყოფენ კარდიოვასკულარულ დაავადებებთან ერთად. ამიტომ სიმსივნე ყველაგან პრობლემა არის. ჩვენთანაც ამის გაგრძელებაა და არაფერი სპეციფიკური აქ არ ხდება. რაც შეეხება ჩვენი პაციენტების საზღვარგარეთ ხშირად მოხვედრის მიზეზს, ერთი არის მარკეტინგული კამპანია, რომელსაც აწარმოებენ უცხოელი კოლეგები, მეორე ფაქტორია _ ობიექტური ხარისხის პრობლემები ქვეყანაში, ასევე სისტემის მიმართ ნდობის პრობლემები და მესამე, ეს არის მაკომპრომეტირებელი კამპანია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღია, საჯარო ობიექტური მსჯელობა უნდა დავმალოთ ან შევაჩეროთ. ამას სჭირდება ზუსტად ხარისხის ობიექტივიზაცია.