საქართველოში „კორონავირუსის“ საწინააღმდეგო ვაქცინები არ შემოვა
არ შემოვა იმიტომ, რომ, უბრალოდ, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ ასეთი რატიფიცრებული ვაქცინა არ არსებობს.
გლობალური ინიციატივა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ დაგეგმარების ფაზაშია. საკითხი ეხება ფარმაზედამხედველობის გაძლიერებას უშუალოდ ვაქცინების წარმოების პროცესში.
ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური ინიციატივა ( GVSI ) 2012 წლის თებერვალში შეიქმნა ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური პროგრამის განსახორციელებლად. ხსენებული პროგრამის სტრატეგიული მიზანი სამ მიმართულებას მოიცავს:
- დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მოსახლეობის ვაქცინირებას იწყებს უსაფრთხოებისა და რისკის შემცირების მიზნით;
- უსაფრთხოების პოტენციალის შესწავლა იმ ქვეყნებში, სადაც ახალი ვაქცინა პირველად შედის და გამოიყენება;
- საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით მხარდაჭერის ვაქცინაციის ფაზაში შესული ქვეყნებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა და დაგროვილი ინფორმაციის გაცვლა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროგრამის კონცეფცია და სტრატეგიული მიზნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტთა ჯგუფის მიერ იქნა რატიფიცირებული. პროგრამას თავისი კოდიც მიენიჭა _ უსაფრთხო ვაქცინების ათწლეულის გლობალური ჩარჩო.
დაგეგმარების ჯგუფი საერთაშორისო ექსპერტებისგან შეადგინეს. იმ ექსპერტებისგან, რომლებიც „ჯანმოს“ მმართველ საბჭოს კონსულტირებას უწევს პრიორიტეტების განსაზღვრაში. მუშაობის გეგმა მოიცავს რვა ძირითად მიმართულებას. ამ მხრივ ძალიან საინტერესო სტრატეგია შემუშავდა. კერძოდ, ვაქცინების უსაფრთხოების შემუშავების თემაში აბსოლუტურად ყველა იმ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება და პასუხისმგებლობა აქვს ამ სფეროში. მთავარი სხდომა ჩანიშნულია 22-23 ნოემბერს და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალურ დონეზე.
ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური კომიტეტი 1999 წელს შეიქმნა.
თუ რას აკეთებს ხსენებული კომიტეტი, 23-ე სხდომის პროგრამას გაგაცნობთ, რომელიც ჟენევაში გაიმართა და სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს:
• როტავირუსის წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ნაწლავების ინვაგინაციის წარმოშობის რისკები;
• ახალი მონაცემები პანდემიური გრიპის A (H1N1) ვაქცინაციის შესახებ;
• ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება აიფ-დადებით პირებში;
• სამი ქვეყნის გამოცდილება და ახალი მონაცემები A ჯგუფის მენინგიტის საწინააღმდეგო კონუგირებული ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ.
როგორც ხედავთ, აქ ჩამოთვლილია რამდენიმე დასახელების ვაქცინა ფართოდ გავრცელებული ინფექციებისა და ვირუსების წინააღმდეგ. თითქმის ყველა მათგანში გვერდით მოვლენებზეა საუბარი, ვინაიდან სისტემატურად მეორდება სიტყვა _ უსაფრთხოება.
ის შეკრება, რომელსაც მიმდინარე წელს ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური ინიციატივა ( GVSI ) შეიმუშავებს, ის იქნება იმუნიზაციის განმსაზღვრელი უახლესი 8 წლის განმავლობაში. ის შეადგენს გეგმას ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომელიც გზამკვლევი იქნება მსოფლიოში მილიონობით სიკვდილის აღმოსაფხვრელად. აქვე შეგახსენრბთ, რომ მანამდე 2010-2020 წლების პერიოდი ათწლეულად იყო გამოცხადებული, თუმცა „კოვიდის“ გამოჩენის შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა და საინიციატივო საბჭოს პრიორიტეტების გადანაცვლება მოუხდა. მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, სიტუაცია იმდენად უკონტროლო გახდა, რომ სახელმწიფოების მიერ ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა გახდა საჭირო, კერძოდ, სამართალდამცველი ორგანოების.
დღეს მთელ მსოფლიოში, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი ქცევის წესების დარღვევისთვის ჯარიმებია დაწესებული. ამავე დროს, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ესა თუ ის ქვეყანა მედიცინის განვითარების კუთხით რა სიმაღლეზე დგას _ „კოვიდმა“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქვე საქართველოს მაგალითსაც მოვიყვანთ:
აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ბევრად უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად კოვიდ-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის, დაავადების კლინიკური მენეჯმენტი, საქართველოში ბევრად უკეთესად აღმოჩნდა მართული. და უნდა ითქვას, რომ მთელი მსოფლიო ასე მიიჩნევს. ცნობისთვის: გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს კოვიდთან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს კოვიდთან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ის უპირობო ლიდერი, ექსპერტი კოვიდ-19-ის დარგში, პროფესორი ენტონი ფაუჩი, რომელთანაც საქართველოს 20-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, გაზაფხულზე გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში წერს: „მოხარული ვარ, რომ საქართველომ ძალიან კარგად გააკონტროლა ეპიდემია“.
აი, ასე გვაქვს საქმე „კოვიდთან“ დაკავშირებით, რომელმაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური გამოცდილება „ფეხებზე დაიკიდა“ (ბოდიში სლენგისთვის) და ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემების სტრატეგიები თავდაყირა დააყენა. ერთადერთი იმედი ვაქცინირებაზეა.
რაც შეეხება ვაქცინირებამდე მკურნალობაში დანერგილი პლაქვენილის ავკარგიანობას:
ახალი მედიკამენტებისა და მიდგომების დანერგვის პარალელურად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდებისა და მიდგომების სრულყოფას. ჩვენთან მაქსიმალურად ცდილობენ მძიმე პაციენტების ოქსიგენოთერაპიის ოპტიმიზაციისთვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ასევე სერიოზულ ყურადღებას უთმობენ კოვიდ-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. იგივე ინფექციური პათოლოგიის ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია კოვიდ-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში. სწორედ აქ, ჩვენთან შეისწავლეს „ციტოკინური შტორმის“ როლი კოვიდ-19-ის პათოგენეზში და მისი გავლენა დაავადების მიმდინარეობაზე, ასევე მისი კორექციის გზები, კოვიდ-19-ით პაციენტებში ნევროლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლებისა და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევები.
ყოველივე ამან საშუალება მოგვცა, დაავდება გვემართა, მაგრამ ეს მაინც დროებითი იქნებოდა ყველა შემთხვევაში. ეპიდემიის გაჩერების ერთადერთ ალტერნატივად დღეს მსოფლიო ვაქცინაციას მიიჩნევს.
რა ვიცით ახალი ვაქცინის შესახებ? _ არაფერი! ვიცით რა თქვა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, წინააღმდეგობრივი მონაცემები არ გვაქვსო. ეს „ჯერჯერობით“ რას ნიშნავდა, არავის აუხსნია, მაგრამ გაშიფვრა რთული არ არის _ „ჯერჯერობით“ ნიშნავს, რომ მომავალში შეიძლება სრულიად სხვა მონაცემები მივიღოთ. მთავარმა ინფექციონისტმა ისიც განმარტა, რომ საერთოდ არ არის ჯერ ცნობილი, ვაქცინა, რომელსაც შექმნიან, იქნება თუ არა ეფექტიანი და შეძლებს თუ არა ის დაიცვას ადამიანი „კოვიდისგან“?
ტოვებს თუ არა კოვიდი გამოჯანმრთელებულ ადამიანში მყარ იმუნიტეტს? _ არ ვიცით! არადა, თუ ვირუსი გადატანის შემდეგ ადამიანში მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს, მაშინ ძალიან გაძნელდება ვაქცინის შექმნა. გასაგებია, რომ მეცნიერებს გარკვეული ტექნოლოგიური ნიუანსები აქვთ, რომლითაც შეუძლიათ, ხელოვნურად შექმნილი ვაქცინა ეფექტიანი იყოს, მაგრამ ამ დროს ხდება ამ ვაქცინაში შემავალი ცილების ადიუვანტებით გაძლიერება, რომ ის უფრო იმუნოგენური გახდეს და იმუნიტეტის გამომუშავებას ხელი შეუწყოს. საუბარია ე .წ. სინთეტიკურ, ანუ ხელოვნურ ვაქცინაზე, რომელსაც გვერდითი ეფექტები აქვს. სამწუხაროდ!
იკითხავთ, ალბათ, მაშინ რა ვაქცინა არის შემოსული საქართველოში და ზოგადად, რით ცრიან ევროპის მოსახლეობას? იქ, როგორც მოგეხსენებათ, „ახალი კორონავირუსის“ საწინააღმდეგო აცრები უკვე ჩაშვებულია. ეს გახლავთ „ოქსფორდის ვაქცინა“, რომელთან დაკავშირებითაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იგი კვლევის დასრულებამდე ჩაშვებულიყო წარმოებაში. თან ჩაშვებულია უზარმაზარი რაოდენობით. მსოფლიო იმაზე წავიდა, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა ჯერ დადასტურებული არ არის (მხოლოდ იმედი ბჟუტავს გვირაბის ბოლოს), უკვე ჩაუშვეს წარმოებაში. ცნობილი ეპიდემიოლოგების აზრით, ევროპა დიდ რისკზე წავიდა, რადგან თუ ამ ვაქცინამ არ გაამართლა… საერთაშორისო სკანდალი მერე ნახეთ.
საქართველოში „ოქსფორდის ვაქცინით“ არ დაიწყება აცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. ეს არ არის „კოვიდის“ საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ეს გახლავთ გრიპის ვაქცინები.
გაეროს მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ-19-ის კონკრეტული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. მთელ მსოფლიოში მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალ სხვადასხვა ვაქცინაზე. ამათგან, ორის შემთხვევაში მიღწეულია ყველაზე დიდი პროგრესი. მეცნიერები იყენებენ ვაქცინის შექმნის ინოვაციურ მიდგომებს, ნაწილობრივ ებოლასა და სარსზე რეაგირების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ კოვიდ-19-ის ვაქცინა წარმატებით შეიქმნა, ეს იქნება ისტორიაში ვაქცინის შექმნისა და ვალიდაციის ყველაზე სწრაფი პროცესი.
მკვლევრები ასევე ეძებენ მედიკამენტებს, რომლებიც შეანელებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში და შეამცირებს დაავადებულ პაციენტებში ვირუსით გამოწვეულ სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს. თუმცა ყველაზე სწრაფი მეთოდების შემთხვევაშიც კი, ადამიანებში ახალი დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების გამოყენებამდე აუცილებელია პრეპარტების გამოცდა და დარწმუნება მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი სპეციალისტის, კეტრინ სმოლვუდის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდოთ. მისი თქმით, პირველ რიგში, საჭირო იქნება იმის დადასტურება, რომ ვაქცინა საშიში არ არის ადამიანისთვის და ნამდვილად ეფექტიანია. „ჯანმო“ ავრცელებს ოფიციალურ ნოტას, სადაც წერია, რომ მთელი მსოფლიო ერთად მუშაობს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად.
ასე რომ, იგივე „ოქსფორდის ვაქცინა“, რომელიც ევროპის რიგმა ქვეყნებმა ჩაუშვეს წარმოებაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის რატიფიცირებული. არ არის გატანილი ზემოხსენებულ ვაქცინირების უსაფრთხოების საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე.
აქ საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ ამირან გამყრელიძე, რომელიც ოფიციალურად გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს. მისი საჯარო განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე გადადის და შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამტკიცდეს. ეს განცხადება გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ საქართველო „კოვიდის“ ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებსო.
ვითომ, „ოქსფორდის ვაქცინას“ უმიზნებს, რომელიც არ არის რატიფიცირებული? სხვა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს… „კრემლის“ განცხადებებს თუ არ ჩავთვლით.
თამარ როსტიაშვილი