საქართველოს ეკლესიის ფარული დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის

„…ღვთისმოსაობის მცველი არის ეკლესია, ანუ ღვთისმოსაობის მცველი არის ხალხი“.
(იერუსალიმის პატრიარქების 1848 წლის ენციკლიკა)

ჩვენ დამოუკიდებლობა არ მოგვიპოვებია ეროვნული და ისტორიული იდენტობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოებული ბრძოლის საფუძველზე. იგი გვერგო ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში განვითარდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, სადაც არავის წარმოუთქვამს სიტყვები, _ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. როდესაც ვამბობ გვერგო, ვგულისხმობ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეროვნულ შემადგენელს და არა იმას, რომ არავის უბრძოლია, სისხლი არ დაღვრილა. ვგულისხმობ დამოუკიდებლობის ფილოსოფიურ გააზრებას, თორემ „ჩაი და ბორჯომი გვარჩენს“, _ ყველას გვაქვს მოსმენილი.

დიახ, გვერგო და ამიტომაც ვეპყრობით ასე უდიერად, არც მისი ფასი გვაქვს გააზრებული და დაკარგვის შიშსაც ვერ განვიცდით. ჩვენში კვლავ ცხოვრობს საბჭოთა ადამიანი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვცდილობთ, მომავალი თაობაც „იმ“ პრინციპებით აღვზარდოთ. თავისუფლება ვერ განვიცადეთ, ვერ შევიგრძენით და ამ თავისუფლების შეზღუდვის უფლებას ვაძლევთ ყველას: ზოგს კანონის სახელით, ზოგს _ ტრადიციის, ზოგს _ რწმენისა და ზოგსაც იმიტომ, რომ ჩვენზე ძლიერია. ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში მისი მოსახლეობა ტიპურ მაზოხისტად იქცა, რომელსაც ცხოვრება არ შეუძლია, თუ მასზე არ ძალადობენ ან თუ თავად არ ძალადობს. ვინ უნდა დახმარებოდა ყველაზე მეტად ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის შეცნობაში და თავისუფლებისთვის თავგადაკლულ ბრძოლაში, თუ არა ეკლესია? _ დიახ, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია, ინსტიტუცია, რომლის იდეოლოგია, ანუ სწავლება ამ ქვეყანაში არსებობის 1685 წელს ითვლის. შეიძლება, უფრო მეტსაც, მაგრამ ამ დეკლარირებული და კარგად ცნობილი თარიღიდან (337 წელი _ ივანე ჯავახიშვილის მიხედვით; რომაელი ისტორიკოსი სოზომენე უთითებს, რომ „ქართლის გაქრისტიანება მოხდა 325 წლის (ნიკეის პირველი საეკლესიო კრება) ახლო ხანებში“) ავითვალოთ.

***
საქართველოს, თავისი ბედუკუღმართი ისტორიის განმავლობაში, ჰქონდა ეპოქები, როდესაც მართლმადიდებლურ სწავლებაზე დაფუძნებული ავტოკეფალიური ეკლესია მისი სახელმწიფოებრივი იდენტობის განმსაზღვრელი და განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს უფრო ხანგრძლივი დროის არსებობის მქონე არც ერთი ინსტიტუცია. ინსტიტუცია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს საუკუნეებს გადმოყოლილი უამრავი წესი, ტრადიცია, სწავლება და გააჩნია მემკვიდრეობითობა. ამიტომ სასაცილოც კია ხელისუფლებების ზერელე დამოკიდებულება „წვეროსნებსა“ და „მოხუცებთან“, რომლებიც „სულ რაღაცას ითხოვენ“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ბრიყვია ყველაზე ძლევამოსილი ხელისუფალიც კი, რომელიც ასე ფიქრობს. არა იმის გამო, რომ მოწიწება არ გააჩნია ღვთისმსახურის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია იფიქროს, _ ეკლესიას მართავს და მეუფეებსა თუ მამებს საკუთარ ჭკუაზე ატარებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენების, ცალკეული ჭიდილის, დაპირისპირების, ხილული თუ ვარაუდებზე დაფუძნებული პრობლემების ფონზე ამ ინსტიტუტის როლისა და მისიის, მისი ამოცანებისა და მიზნების, ქმედებების შესახებ საუბარს ისინიც კი გაურბიან, რომლებიც სიღრმისეულად არიან ჩახედულნი საკითხის არსში. საკმაოდ ბევრი სასარგებლო იდიოტი, რომელიც უხვად გვყავს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, ეკლესიას ისე უყურებს, როგორც ერთ ჩვეულებრივ „ენჯეოს“. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს ინსტიტუტი საუკუნეებია არსებობს, აქვს მემკვიდრეობითობის ტრადიცია, რაც, საერთოდ, თუნდაც სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით არ გააჩნია ქვეყნის საერო ხელისუფლებებს. მემკვიდრეობითობა კი წარმოშობს იმ კოდს, რომელიც მას თვითგადარჩენის ინსტინქტს კი არ უვითარებს მხოლოდ, არამედ სხვა თვისებებსაც (კარგსაც და ცუდსაც) ჰმატებს საბაზისო ინსტინქტებს. ამ თვისებების რეალიზების მიზანი სულაც არ არის ხელისუფლების კარგად ყოფნა ან მეტიც _ ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევა. მიზანი საკუთარი ინტერესების რეალიზებაა. ეს ინტერესი სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე სხვადასხვაა _ თვითგადარჩენიდან დაწყებული, გავლენის გაფართოებითა და ძალაუფლების (ხელისუფლების) კონტროლით დასრულებული. პროცესი ერთგვარად სპირალის პრინციპსაც კი ემსგავსება, მაგრამ თითოეული ისტორიული ეტაპი _ ეპოქა _ უდიდეს გამოცდილებას სძენს ინსტიტუციას და ყოველი შემდგომი თვითგადარჩენა, გავლენის მოპოვება-გაფართოება და ძალაუფლების (ხელისუფლების) კონტროლი უფრო დახვეწილ მეთოდებს ემყარება.

***
ისტორიულ სიღრმეებში ძალიან შორსაც არ წავიდეთ და რაც გვახსოვს, კიდევ ერთხელ ის გავიაზროთ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა ერთი უმთავრესი მიზანი _ თვითგადარჩენა. ეს „ეპოქა“ ძალიან გაიწელა, მაგრამ „ეკლესიის“ სასახელოდ უნდა ითქვას, _ ეს მიზანი წარმატებით შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ეპოქაში გაუჩნდა მას საკუთარ წიაღში საბჭოთა აგენტურა და ამის უარყოფას ეკლესიის მხრიდან აზრი არ აქვს. სწორედ ამ პერიოდში გაფერმკრთალდა და ნიველირდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეა და თან იმ ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც ფორმალურად უკვე ჰქონდა დეკლარირებული საკუთარი დამოუკიდებლობა _ ავტოკეფალია. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიის როლზე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში სამომავლოდ, ალბათ, ბევრი დაიწერება, თუმცა ისიც ნათელია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ იქცა იმ ადგილად, სადაც გამოიძერწებოდა და რეალიზდებოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა. ის უფრო თავშესაფარი და, ცალკეულ შემთხვევებში, შეკრების ადგილი იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე საეკლესიო მოღვაწე ინტენსიურად ედგა გვერდით ეროვნულ ძალებს, სხვები ან თამაშობდნენ ამ გვერდით დგომას, ან საკუთარ „კეთილგანწყობას“ ეროვნული მოძრაობის ლიდერების დისკრედიტებისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმირებულობისთვის იყენებდნენ. ნუ გაგვიკვირდება ეს ქმედებები, რადგან ესეც თვითგადარჩენის გეგმის ნაწილი იყო. საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი მღვდელმთავრებისთვის ლაფის შესხმის, მათი იზოლირების, განკვეთის, ეკლესიის მხრიდან ამ ადამიანების მიმართ ანტაგონიზმისა და რეალურად გაწირვის, გარდაცვალების შემდეგ კი ხარისხში აღდგენის ამბებს არ მოვყვები _ ეს ფაქტები მხოლოდ დაინტერესებული პირებისთვის როდია ცნობილი. ასე თუ ისე, მაშინ ეკლესიამ საკუთარი მიზანი შეასრულა.

***
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ კარგად დავაკვირდებით და სწორად გავიხსენებთ ფაქტებს, ერთ უტყუარ რამეს აღმოვაჩენთ _ ეკლესია მუდამ დასამარცხებლად განწირულთა წინააღმდეგ, გამარჯვებისთვის „განწირულთა“ მხარეს დგება. ასე იყო გამსახურდიას ხელისუფლების ჟამს და თუ რატომ, ამის განვრცობას ახლა არ დავიწყებ. ამ პროცესის პიროვნული შემადგენელი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, ეკლესიის „მოღვაწეობა“ ამ „ეპოქაში“ ყველასთვის ცნობილია _ პიროვნულიდან პოლიტიკურ მოტივებამდე. მაშინ ეკლესია ისევ თვითგადარჩენის რეჟიმში „მუშაობდა“ და კვლავაც იძულებული იყო, საბჭოთა თუ რუსული სპეცსამსახურების დავალებები შეესრულებინა. ვაღიაროთ, რომ ეს „ეპოქაც“ ეკლესიამ მისთვის წარმატებით დაასრულა. მკითხავთ, _ ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის საზიანოდო? გიპასუხებთ: ამ ქვეყანს მურვან ყრუსა და ჯალალედინისთვის გაუძლია, უამრავი შიდა ღალატი უნახავს, ათწლეულები დედაქალაქიც ვერ უმართავს, ჩვენს ეპოქაში სამოქალაქო ომიც გადაიტანა. ასე რომ, ეკლესიამ იცოდა _ ქვეყანა არსად წავიდოდა! რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი განცდის გენეტიკური კოდი ამ ინსტიტუტს საბჭოთა პერიოდში საბოლოოდ დაუჩლუნგდა. შესაბამისად, მის მიზნებში, იმ ეტაპზე, „სახელმწიფო“ კი არა, მხოლოდ თვითგადარჩენა და ახალი გეზი შედიოდა.
მივყვეთ კარგად ნაცნობ ისტორიას: გვახსოვს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ედუარდ შევარდნაძის მეორე მმართველობისას „მოპოვებული“ სიკეთეებიც _ მიწები, ქონება, პრივილეგიები, პატივი, დიდება… საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის დღის წესრიგი _ მიზანი ამ ეპოქაში შეიცვალა და გავლენის მოპოვების რეჟიმში გადავიდა. შევარდნაძის „ვალმა“ ეკლესიის, კონკრეტულად, პატრიარქის მიმართ, განსაზღვრა მისი დამოკიდებულებაც და მიმბაძველმა, ხარბმა და გამორჩენაზე ორიენტირებულმა ადამიანებმაც არ დააყოვნეს. შევარდნაძის ხელისუფლების სრული ვერტიკალი მუხლზე დგომით აძლიერებდა საპატრიარქოს და ღვთის შიშით (ფარისევლობის შემადგენელზე არაფერს ვამბობ) თუ მოდას აყოლილნი (ლენინიდან ქრისტემდე ერთი ნაბიჯია), გუნდრუკს უკმევდნენ სასულიერო პირებს. სწორედ ამ დამოკიდებულებამ განსაზღვრა ეკლესიის მიზნის შეცვლა, თვითგადარჩენის პროცესი დასრულებულად ჩაითვალა და ახლა ეკლესიის მიზანი გავლენის მოპოვებისთვი ბრძოლის დაწყება იყო.
და უცებ, 2003 წლის 22 ნოემბერს, პარლამენტის იმ ცნობილ სხდომაზე, პატრიარქი არ მივიდა _ საკუთარი „ნათლული“ და ლამის ძმადნაფიცი, რომლის საქართველოში დასაბრუნებლად ქვეყნის ნახევარი მოსახლეობა გადაიმტერა, მიშას და რევოლუციონერებს შეატოვა. ცხადია, იმ სხდომაზე პატრიარქი დარბაზში რომ ყოფილიყო, არავინ გაბედავდა იქ შეჭრას და პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად განვითარდებოდა _ კარგად თუ ცუდად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, სხვაგვარად! ეკლესია ყველაზე კარგად გრძნობს, სად უნდა დადგეს და როდის. მან იგრძნო, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი და ცვლილება გარდაუვალი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გამარჯვებისთვის „განწირულ“ რევოლუციონერებს მიმხრობოდა.
ახლა მრევლის მიერ უღმერთოებად შერაცხული „ნაცების“ ეპოქაც გავიხსენოთ. სწორედ „ნაცებმა“, „ლიბერალებად“ გამოცხადებულმა პოლიტიკოსებმა _ „უღმერთოებმა“ აქციეს პატრიარქი და საპატრიარქო საეკლესიო ძალის ცენტრად. ამ ფაქტის გახსენება „ღმერთიანებს“, რატომღაც, არ სურთ ან როგორც ხდება ხოლმე, ზერელედ უყურებენ და არც „ჩავლილი“ საშიშროების განცდა აქვთ. სააკაშვილის, ჟვანიასა და ბოკერიას ზავმა „ზვიადისტებთან“ _ პირველი პრეზიდენტის ცხედრის გადმოსვენებამ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნამ _ დააბრუნა ტაძრებში „ზვიადისტები“, რომლებიც პატრიარქის გადახაზული ფოტოებით აწყობდნენ მსვლელობებს, აქციებს, მიტინგებს. ეს ფოტოები ყველა საპროტესტო აქციის (შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს) განუყოფელი ატრიბუტი იყო. ისიც კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო გადატრიალებიდან ათი წლის შემდეგაც კი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში „მოღალატე, „კაგებეს“ აგენტი პატრიარქი“ აქტუალობას არ კარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცების“ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გარედან კი არა, შიგნიდან იცნობდნენ (თუნდაც უგულავა), მათ საბოლოოდ ვერ შეძლეს ეკლესიასთან ურთიერთობის „დალაგება“. რატომ? „ნაცების“ ხელისუფლებამ ეკლესიასთან საურთიერთოდ არასწორი სტრატეგია აირჩია. იმ სიკეთეების პარალელურად, რასაც ეკლესია ხელისუფლებისგან იღებდა, ეს ინსტიტუტი აშკარად გრძნობდა, რომ ძალიან დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე არა მხოლოდ წარსული ცოდვებით, არამედ ახალ-ახალი ფაქტებით. ეს გარემოება თავად ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ პროცესს ის წარმართავდა, ანუ ეკლესიას თავად მართავდა. ამ მართვის საფუძველს სასულიერო პირების „პირადი საქმეები“ და ის ანკეტები წარმოადგენდა, რომელიც კუდის კომპიუტერებში ინახებოდა; ის „ქეისებიც“, რასაც ღვთისმსახურნი სპეცსამსახურის თანამშრომლებს აწვდიდნენ. დიახ, ჯიპებისა თუ სხვა პრივილეგიების პარალელურად, ღვთისმსახურების ნაწილი აქტიურად _ საკუთარი ნებით თუ იძულებით _ თანამშრომლობდა სპეცსამსახურთან და განა, სამშობლოს, ეროვნული ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პერსონების ბედ-იღბლის გასანადგურებლად და მოსასპობად. ამ პერსონებისა და მათი გამაუბედურებლების სიაც არსებობს, კარტოთეკაც და „დამსახურებების“ კონკრეტული აღწერაც. მოკლედ, „ნაცების“ ხელისუფლებამაც ბევრი რამ გასცა საკუთარი ხელისუფლების ინდულგირებისთვის, მაგრამ უანგაროდ _ ნამდვილად არა. იმის მიუხედავად, რომ ეკლესიამ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიზიანა საკუთარი თავი, ეს სირცხვილი (თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან) „გარეთ“ არ გამოსულა. ამის, ანუ კუდის ფილიალად გადაქცევის აფიშირება არც ეკლესიას აწყობდა და არც _ ხელისუფლებას, რომელიც მას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების დროს საკმაოდ ეფექტურად იყენებდა. როდესაც ეკლესია დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ცოდვებს არ გაუბაზრებდა, საკმაოდ წარმატებულად გაგრძელდა მიზნისთვის _ გავლენისთვის ბრძოლა, მაგრამ იყო უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, განსაკუთრებით კი კუდები კუდში. ამ პრობლემის გააზრებისას ეკლესია მიხვდა, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლების ვერტიკალში იყვნენ ადამიანები, რომლებიც თუნდაც ფარისევლურად არ აღიარებდნენ ეკლესიას, როგორც სახელმწიფოში გავლენის ძალის ცენტრს და დაიწყო ხელისუფლებაში ავტორიტეტების ძებნა, შიდა დაპირისპირების წახალისება და გამორჩეულთა გაფეტიშება. თუ გვარ-სახელებამდე დავკონკრეტდებით, ეკლესიისთვის მოუთმენელი იყო „ნაციონალების“ ხელისუფლების უმთავრესი ფიგურები _ მერაბიშვილი და ადეიშვილი, რომლებიც სახელმწიფოს აბსოლუტურად სხვა განზომილებაში იაზრებდნენ. ეს ორი პერსონა და რეალურად, მმართველი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოში უპირველესი ავტორიტეტი ხელისუფლებაა. უტრირებულად თუ ვიტყვი, სწორედ ასე: კანონი არის კანონი და ხელისუფალი _ არანაირად „კანონიერი ქურდი“, არანაირი სასულიერო პირი და არანაირი „ღვთის ნება“. უფრო თუ დავაკონკრეტებ: სახელმწიფოში ღმერთი უნდა იყოს კანონი და ხელისუფლება, ანუ ეს იყო ერთი ძალის ცენტრის არსებობის პრინციპი _ ხელისუფლების პრიმატის უპირობო აღიარება. პოლიტიკური პრაგმატიზმისა და შინაგანი პატიოსნების გათვალისწინებით უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პროცესისკენ სავალ გზაზე დაშვებული შეცდომები, რაოდენ ტრაგიკულიც უნდა იყოს ისტორიულ პრიზმაში, საკმაოდ ფერმკრთალია, რადგან თავად იდეა არის სწორი. განა, სხვა რამეა დემოკრატია?
თემას დავუბრუნდეთ: სწორედ ამ დროს მოძებნა ეკლესიამ „ნაცების“ ხელისუფლებაში სხვა ძალის ცენტრი _ ახალაიები. ერთი მხრივ, მათთან ახლობლობა იმის გარანტია იყო, რომ „დოსიეები“ (ანკეტები) გარეთ არ გამოვიდოდა, მეორეც _ „ახლობელთან“ „მეგობრობა“ სულაც არ არის „თანამშრომლობა“ და ამ სირცხვილის შეფერება შეიძლება. პატრიარქის მიერ ძმები ახალაიების მამის დაჯილდოება, მით უფრო, იმ პოლიტიკური პროცესების დროს, როდესაც ეს მოხდა, არა მხოლოდ „მეგობრობისთვის“ გადახდილი ვალი იყო, არამედ, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის გამო, ლამის მუხლის მოყრა (ამ ფაქტზე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ) და მადლიერების გამოხატვა (ეკლესიის მიერ მანიპულირებადი პერსონები, ალბათ, ვერც კი იაზრებენ ბოლომდე ბევრ რამეს). თან ეს იყო მინიშნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ლამის მუდარა: „არ დაიჭიროთ!“ არ ვიცი, თავად ახალაიები რამდენად ათვითცნობიერებენ, თუ როგორ გამოიყენა ისინი სათავისოდ ეკლესიამ, მაგრამ მათ ნამდვილად არ ვადანაშაულებ, რადგან უფრო გამოცდილი ადამიანები გამოუყენებია ამ ინსტიტუტს საკუთარი მიზნებისთვის. მოკლედ, ის „ეპოქა“ მაინც ეკლესიის წარმატებით დასრულდა. მან განამტკიცა საკუთარი ავტორიტეტი და გავლენა, რომელიც ჯერაც არ იყო უკიდეგანო, მაგრამ იმდენად დიდი იყო, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლების გასაწირად და მასთან პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად დასაპირისპირებლად საკმარისი აღმოჩნდა.
დიახ, ეკლესიის მიერ „ნაციონალებისთვის“ გამოტანილი ვერდიქტის, 2012 წელს ივანიშვილის მხარეს გადაბარგების მიზეზი ის იყო, რომ ეკლესიამ გაიარა უმნიშვნელოვანესი ეტაპი, მას არ ჰყავდა შიგნით ანგარიშგასაწევი სექტანტები, ქუჩაში უკვე არავინ დარბოდა პატრიარქის გადახაზული ფოტოებით და პირიქით _ პატრიარქის ავტორიტეტი, რასაც ეფუძნებოდა ეკლესიის ავტორიტეტი, საკმაოდ გაიზარდა. ეკლესიას აწუხებდა ის კონტროლი, რომელიც მასზე სახელმწიფოს მიერ ხორციელდებოდა და ეს კონტროლის მექანიზმი უნდა დაენგრია. ივანიშვილთან „გადასვლის“, 2012 წელს ქუჩაში გამოსული ღვთისმსახურების, ზოგადად, საპატრიარქოს _ ეკლესიის მიზანი გავლენის არეალის გაფართოება და ეკლესიაზე სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის დანგრევა იყო. აქ საუბარი იმ სიკეთეებზე, რასაც ეკლესია მიიღებდა ახალი ხელისუფლებისგან, მეორეხარისხოვანია. როგორც ვთქვი, სიკეთეები ამ ინსტიტუტს არც „ნაცების“ დროს აკლდა და არც _ „მოქკავშირის“. ნგრევის პარალელურად, დღის წესრიგში იდგა ხელისუფლებაზე, მის ინსტიტუტებზე გავლენების გაძლიერების თემაც და უპირობო ანგარიშგასაწევ ძალის ცენტრად ტრანსფორმირება. შესაბამისად, საპატრიარქომ სააკაშვილის ხელისუფლება ივანიშვილის ფულში კი არ გაცვალა, როგორც ამას სასარგებლო იდიოტები მიიჩნევენ, არამედ ივანიშვილი და შექმნილი ვითარება საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის გამოიყენა.
გავიხსენოთ 2013 და შემდგომი წლების „17 მაისი“, განსაკუთრებით, 2018 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადებები. გავიხსენოთ დეკანოზ მამალაძისთვის შეკერილ საქმეში ხელისუფლების ჩათრევა. მნიშვნელოვნად საყურადღებოა 2018 წლის 15-16 სექტემბერი (მარიხუანის თემაზე მოწყობილი პარაკლისი, ლოცვა-დემონსტრაციები) და ივანიშვილის პერსპექტიულ დამნაშვედ გამოცხადება ღია ეთერში _ ამ კანონის მიმღები დამნაშავეა ღმერთის, ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხომ არ განმარტავს საპატრიარქო, რატომ მოაწყო ლოცვები (პროტესტი), რიტუალი, მაინცდამაინც, საკრებულოს წინ? რატომ იყვნენ ამ დროს საპატრიარქოში კონკრეტული(!) რაოდენობის მღვდელმთავარნი? რამე უფრო მზაკვრული და დაფარული რიტუალის ნაწილი ხომ არ იყო ის, რაც გარეთ გამოიტანეს? ან რა უფლებით გამოუტანა განაჩენი(!) ივანიშვილს ისაკაძემ? საპატრიარქო აღიარებს თუ არა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადახდილი პარაკლისი, თავისი არსით, შეჩვენების ძველაღთქმისეულ რიტუალს ჰგავდა. გაურკვეველია და ლოგიკაში არ ჯდება იმის ახსნა, მეორე დილამდე რატომ ვერ მოიცადეს? გაიხსენეთ ისიც, როგორ დააშანტაჟეს პრეზიდენტი მარგველაშვილი საერო ხელისუფლების დახმარებით და პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუწესეს კონტროლი (ვგულისხმობ როგორც მარგველაშვილს, რომელსაც დეკანოზ მამალაძის შეწყალების უფლება არ მისცეს, ასევე ზურაბიშვილს, რომელსაც გასაკონტროლებლად ადმინისტრაციის უფროსი დაუნიშნეს). სხვა, ერთი შეხედვით, უამრავი უმნიშვნელო „დეტალი“ თვალნათლივ მეტყველებს, რომ საპატრიარქომ საკუთარი მიზანი _ ფართო გავლენის მოპოვება _ 2018 წელს პირნათლად დაასრულა.

***
ახლა ცოტა ვრცლად არსებულ ვითარებაზე: არავისთვისაა დამალული, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება რუსული გავლენის უმთავრეს ინსტრუმენტად საქართველოში და თუნდაც პრორუსი მოსაყდრისა და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებული ფაქტები თვალნათლივ მეტყველებს ბევრ რამეზე. ამის ფონზე, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, „თავისუფლების მოყვარული ერი“ და მრევლი არათუ ითმენს და იტანს, მუხლსაც კი უყრის ღვთის სახელით მოქმედ ინსტიტუციას, რომელიც საკუთარ ნება-სურვილზე ატარებს, ხშირად, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევით აპამპულებს არა მხოლოდ მრეველს, არამედ _ ხელისუფლებასაც, რადგან მას უკვე ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმაზე დიდი, ვიდრე თავად იოცნებებდა ისტორიის ამ ეტაპზე.
რამდენიმე გარემოებას მივაქციოთ ყურადღება: ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი _ სახელმწიფო ინსტიტუტების, პირველ რიგში, სპეცსამსახურების სისუსტედ და გნებავთ, ზედმეტ მორალისტობად მიმაჩნია ის გარემოება, რომ ცალკეულ პირებს მისცეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ჭორის გავრცელების უფლება _ თითქოს, არსებობს კადრები, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე აუგს ამბობს ან, გნებავთ, უხეშად მოიხსენიებს მას. სპეცსამსახურებმა კარგად იციან, რომ კადრები არ არსებობს, იციან, ვინ არის ამ ჭორის ავტორი, რა აკავშირებს მას საპატრიარქოსთან და მეტიც, იციან იმის შესახებაც, რომ ეს ჭორი მის უწმინდესობასაც გააგებინეს _ მიაწოდეს, როგორც სიმართლე. რატომ? იმიტომ, რომ პატრიარქის დამოკიდებულება ივანიშვილის _ სამებისა და სხვა უამრავი ტაძრის ამშენებელისა და აღმდგენის მიმართ მნიშვნელოვნად გაციებულიყო. არ ყოფილიყო მათ შორის პარტნიორული ტანდემი და ვითარება იმ მდგომარეობამდე მიეყვანათ, რომ თუნდაც მეუფე იაკობს ეთქვა, რომ ივანიშვილს არ გააბედინებდა გიორგი გახარიას გაპრემიერებას.
ალბათ, გახსოვთ მეუფე იაკობის განცხადება შს მინისტრ გიორგი გახარიაზე. აი, ის, რომ არ დაუშვებს გახარიას გაპრემიერებას და იქვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის „ვახოთი“ მოხსენიება. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ ეს, მინიმუმ, უტაქტობაა და მაქსიმუმ, თავხედობა _ მაღალი თანამდებობის პირის კეთილგანწყობის ცუდად გამოყენება. სიღრმეში ჩავიდეთ: საპატრიარქოს და, ამ შემთხვევაში, მეუფეს, რომელსაც დელეგირებული აქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის უფლება (აბსოლუტურად ნორმალური პროცესია ინსტიტუციურ დონეზე), როგორც ჩანს, არ აქვს გავლენა ბატონ გახარიაზე და ამ დროს აქვს კარგი, ადამიანური, თუნდაც, საქმიანი ურთიერთობა ბატონ გომელაურთან. ამ მესიჯით რა გვითხრა მეუფე იაკობმა, რეალურად, საპატრიარქომ? უფრო სწორად, რა უთხრა ამ ორ პერსონას და რა მიანიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს?
ივანიშვილით დავიწყოთ _ ის ვერ შეძლებს პოლიტიკის წარმოებას თავის ნებაზე და საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას საპატრიარქოს ნების გარეშე, ანუ მასაც და საზოგადოებასაც ანახა, რომ სახელმწიფოში მთავარი ვიოლინოს ფუნქცია ეკლესიას აქვს. მით უფრო, იმ იშვიათად უტაქტო, არათავაზიანი, თავხედური ქცევის ფონზე, რაც განახორციელა საპატრიარქომ 2019 წლის 7 იანვარს (რა? _ ამას ახლა ღიად დავტოვებ, რადგან მიმხვედრი უნდა მიხვდეს). რაც შეეხება გახარიას და გომელაურს, აქ მეტად პრიმიტიული ფანდი გამოიყენა, რომ ეს ორი პერსონა ერთმანეთს დაუპირისპიროს. ორი ძალის ცენტრის ერთმანეთთან დაპირისპირებამ კი ზუსტად ის შედეგები უნდა დადოს პოლიტიკურ პროცესებში, რა შედეგიც მიიღეს ადეიშვილ-მერაბიშვილთან _ ახალაიების გაუაზრებელი დაპირისპირებისას, მაგრამ თუ მაშინ საქმე ჩუმად კეთდებოდა, ახლა ამის ღიად გამოტანის მიზეზი სწორედ „დაჩმორებული“ და მორჩილი, საპატრიარქოს ნების აღმსრულებელი ხელისუფლების დემონსტრირების მცდელობა იყო. რამდენად ეყოფათ გონიერება გახარიასა და გომელაურს, არ დაეჯახონ ერთმანეთს და მით უფრო, რამდენად ეყოფა გამბედაობა ბიძინა ივანიშვილს, იმოქმედოს საკუთარი დღის წესრიგით და არა _ საპატრიარქოს კარნახით, ამას დრო გვანახებს.

***
დღევანდელი ვითარების აღსაწერად მოხმობილი ეს მწირი ფაქტებიც კი საკმარისია იმის აღსანიშნავად, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას, რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენის გარდა, „ამ ეპოქაში“ უკვე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი გაუჩნდა _ ძალაუფლებაზე (ხელისუფლება) კონტროლის დაწესება. დიახ, ეკლესიას აქვს ახალი ფარული დოქტრინა _ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა სახელმწიფოს განვითარების ისტორიული ვექტორის შესაცვლელად. ვისთვისაა დამალული, რომ სწორედ ეკლესიაა დღეს რუსეთის უმთავრესი დასაყრდენი ამ ქვეყანაში და უხეში ძალის გამოყენების გარეშე მისი იდეოლოგიური და მენტალური ოკუპაცია სწორედ ეკლესიის მეშვეობით აქვს დაგეგმილი?
რა ხდება ამ მიზნის რეალიზების გზაზე? ან ხელისუფლება მისცემს, თუნდაც, მოჩვენებითად ამ უფლებას ეკლესიას, ან 2020 წელს „ქართულ ოცნებასაც“ ისევე გამოუტანენ ვერდიქტს, როგორც მის წინამორბედებს. ეს პროცესი რამდენად აქვს გააზრებული ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რომლის თავის ტკივილიც ასევე უნდა იყოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები, ეს საკითხი დიდად არ ადარდებს და მეტიც: დაინტერესებულია, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს (ეკლესიას) შორის ვითარება უკიდურესად გამწვავდეს. რატომ? პასუხი მარტივია, _ საკუთარი სარგებელისთვის. ოპოზიციას სჭირდება ეკლესიის მხარდაჭერა. ძალაუფლების მოპოვების ხიბლში ჩავარდნილები მუხლებზე უდგანან ღვთისმსახურებს და მთლიანად ეკლესიას, განა, რწმენის საკითხში _ საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის, მაგრამ იმდენს კი ვერ ხვდებიან, ეს მხარდაჭერა, იმათი მხრიდან, რომელმაც წინა და იმის წინა ხელისუფლებები „ამბორით“ გასცა, რა ძვირად შეიძლება დაუჯდეთ.
ზემოთ მემკვიდრეობითობის პრინციპი ვახსენე. ქართული პოლიტიკის უბედურება მერკანტილიზმი და ტრადიციის არქონაა. მესმის, ძნელი იყო ზვიად გამსახურდიასთვის რაიმე სახის მემკვიდრეობითობაზე _ პოლიტიკურ ტრადიციაზე საუბარი და კონკრეტული ქმედებები ამ მიმართულებით, მით უფრო, შევარდნაძისთვის, რომელსაც ჭირის დღესავით ეზიზღებოდა გამსახურდია, მაგრამ სააკაშვილის შეცდომა იყო, რომ კარგი ვერაფერი დაინახა ვერც ზვიადისა და ვერც შევარდნაძის პერიოდში, თუნდაც, მოჩვენებითად _ პოლიტიკური ტრადიციის ფორმირებისთვის. იმასაც ვათვითცნობიერებთ, რომ მისთვის ეს საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ _ შესაძლებელი. ამ შეცდომის გაგრძელებაა ის, რომ დღეს „ოცნებას“ ეზიზღება მიშას ეპოქა. და ეს ზიზღი მხოლოდ მიშაზე კი არ პერსონიფიცირდება, არამედ საზოგადოების უკიდურესი გახლეჩა-დაპირისპირების საფუძველია, რასაც როგორც „გამაერთიანებელი“, კარგად იყენებს ეკლესია. სტრატეგიულ საკითხებში _ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, განათლება, კულტურა და რელიგია _ ხელისუფლებების მხრიდან მემკვიდრეობითობის _ ტრადიციის არქონა სახელმწიფოს რეგრესის, მისი მისწრაფებების მარცხის ტოლფასია, რაოდენ მნიშვნელოვანი ლოკალური გამარჯვებებიც უნდა ჰქონდეს მას (მაგალითისთვის: ასეთი გამარჯვებები უხვად ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას.) ამიტომ გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში უმთავრესია პოლიტიკური ჯგუფების ნება. მაგრამ ოპოზიცია, მით უფრო ის, რომელიც ადრე ხელისუფლებაში იყო, განსაკუთრებით უნდა გრძნობდეს მემკვიდრეობითობის _ ტრადიციის ფორმირების აუცილებლობას. მოკლედ, გამგები უნდა მიხვდეს, რაც ვთქვი, თუნდაც, თემის კონტექსტში.
„ქართული ოცნების“ გონიერი ფრთა თუ სწორად გაიაზრებს დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, არც მისთვის უნდა გახდეს ძნელი დასკვნის გაკეთება _ უამრავი პრობლემის თავი და თავი სწორედ სტრატეგიული მემკვიდრეობითობის _ პოლიტიკური ტრადიციის ფილოსოფიის გაუაზრებლობაა. აქ სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ვინ ზის ციხეში, ან ვინ არის ჩასასმელი წინა ხელისუფლებიდან. ეს ისტორიული კვანძი არ გახლავთ. კვანძია ისტორიული მეხსიერება _ მემკვიდრეობითობა.
ისევ თემას დავუბრუნდეთ: რა ხდება საეკლესიო საკითხებში სახელისუფლებო ფლანგზე? ცხადია, რომ ხელისუფლებას მკვეთრად ჩამოყალიბებული „რელიგიური“, გნებავთ, საეკლესიო დღის წესრიგი არ აქვს. სწორედ ეს განაპირობებს ცალკეული შემთხვევების დროს ხელისუფლების მორჩილებასა და ეკლესიის თუ ღვთისმსახურთა კალთაზე ჩამოკონწიალებას _ დამოკიდებულებას ეკლესიაზე _ საპატრიარქოზე (ცუდია, რომ არაერთხელ მომიხდა გაიგივება, რადგან პროცესებს ეკლესიის სახელით სწორედ საპატრიარქო წარმართავს და ამ ინსტიტუტის წიაღში არსებული არაერთი ნათელი წერტილი ჯერაც ვერ ახერხებს შიგნით ვითარების პოზიტიურად შეცვლას).
არის კი რამე გამოსავალი, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, როგორც სეკულარული სახელმწიფო, სადაც ეკლესიას მისი ისტორიული როლის გათვალისწინებით ექნება გამორჩეული ადგილი? რა თქმა უნდა, არის! ახლა არ დავიწყებ იმაზე აპელირებას, რომ არის მას შემდეგ, რაც ჩვენ უფრო მეტად განათლებულები ვიქნებით ან გავერკვევით საკითხებში. არის! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არის იმიტომ, რომ საპატრიარქოს დღევანდელი ამოცანა შეცდომით აქვს გააზრებული და ის ქართული სახელმწიფოს საზიანოდ, რუსეთის ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებს. მიმდინარე ეტაპზე მისი ისტორიული მიზანი, _ ძალაუფლებაზე კონტროლის დაწესება, _ სწორედ რუსეთის ნაკარნახევი მიზანია. სხვა მხრივ მისი მიზანი სახელმწიფოსთან პარტნიორობა იქნებოდა და არა ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე _ სახელმწიფოზე კონტოლის დაწესება, მეტწილად შანტაჟის გზით.
დავუშვათ, ეკლესიამ თუნდაც ლოკალურ პერიოდში მიაღწიოს კიდეც წარმატებას _ ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების ხელშეწყობით, შეცდომებით, უგუნურობით, გააზრებული ღალატით _ გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის სასურველ შედეგს ვერ დააყენებს. ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს პოზიციის მიუხედავად უნდა ახსოვდეთ, რომ უმოქმედობა, მაამებლობა, „მტრის“ ჯიბრზე მტრის მტერთან შეკვრა, რომელიც სულაც არ არის შენი მეგობარი და პროცესების დინებაზე მიშვება სახელმწიფოს განვითარებას დააზიანებს.

***
დიახ, ჩვენ დამოუკიდებლობა არ მოგვიპოვებია, ჩვენ გვერგო ის და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ქურუმები, ბრმადმორწმუნე, ფარისეველი ადამიანები, რომლებიც ღმერთსა და სამშობლოს კი არ უხდიან ხარკს, არამედ _ რუსეთს და უფლის სახელით ცდილობენ, ერი, ქვეყანა და სახელმწიფო სიბნელისკენ წაიყვანონ. ვინც ბრმა არ არის, ამ ფარული პროცესის სახიერებას თვალნათლივ ხედავს.
და აქვე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს, მათი იერარქიის მიუხედავად, ამბროსი ხელაიას სიტყვებს გავახსენებ: „პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1)“.

გოჩა მირცხულავა